"ჩემი საოცნებო სამშობლო როგორია და - ძლიერი საქართველო ძლიერი კავკასიის შუაგულში"
„მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებების იმედი უნდა გვქონდეს, თორემ ვიდგებით და ვიდგებით ზღურბლთან ატუზულები“
"ახალი წლის მოახლოება ადამიანს ყოველთვის ახალი იმედებით აღავსებს, იმ რწმენით, რომ: მომავალი წელი უკეთესი იქნება ჩავლილთან შედარებით და უარესი - მომდევნოსთან შედარებით. და რაკიღა ხალხური სიბრძნე შეგვაგონებს: კაცი იმედით იხარებს, დააჭკნობს უიმედობაო, ერთმანეთს ვუსურვოთ, რომ: არ დავჭკნეთ და ნიჰილიზმმა არ შეგვიპყროს. და გვეიმედებოდეს, რომ: 2023 წელი უკეთესი იქნება 2022 წელთან შედარებით, და უარესი - 2024 წელთან შედარებით. უპირველესად - დიდი ზნეობრივი ფერისცვალებით, რაც მოგვიტანს ყველა სიკეთეს. რა არის მაინც ეს დაუმცხრალი ოპტიმიზმი!.." - ასე დაუმცხრალი ოპტიმიზმით ასრულებს ჩვენთან ინტერვიუს მეცნიერი და მწერალი როსტომ ჩხეიძე, მიუხედავად იმისა, რომ ეპილოგამდე წუხს, "ავგიას თავლას რომ დაგვამსგავსეს" და "დიდი ძალისხმევა, ჰერაკლესებური ძალ-ღონე და შეუდრეკელობა რომ დაგვჭირდება მის გასაწმენდად"...
- ბატონო როსტომ, როდისაა დუმილი ოქრო და როდის დანაშაული?
- დუმილი რომ ოქროა რჩეული და მეტყველება კი - ვერცხლი, საუკუნეებს გამოჰყვებოდა წარუვალ სიბრძნედ, და იგულისხმებოდა, რომ: ამოთქმული სიტყვა ის აღარ არის, რაც ფიქრში გამოკვეთილი და გულში გამოტარებული, რაღაც აკლდება, რაღაცით ფერმკრთალდება და უსახურდება...
ასეა რელიგიურ აზროვნებაშიც, ასეა ფილოსოფიაშიც და მხატვრულ წარმოსახვებშიც, ამოთქმა რომ გენანება, რაკიღა გამჟღავნებული ფიქრი მხოლოდ ასლია და არა პირვანდელი ძალითა და ცეცხლით დამუხტული.
მართალია, სიტყვამ შექმნა სამყარო, მაგრამ ის ღვთიური სიტყვა გახლავთ, ადამიანურ სიტყვას კი - როგორც უნდა იყოს ზეციდან მონაბერი - ამგვარი ძალმოსილება და ზემოქმედების უნარი აღარ შესწევს. თუმც ამის გამო არც ღვთისმსახურებაზე აუღიათ ხელი და არც ფილოსოფიური ან მხატვრული აზროვნების გადმოტანაზე ფურცლად თუ ზეპირმეტყველებად.
ასე რომ არ იყოს და მხოლოდ რჩეულ ოქროს იყო მინდობილი ადამიანი, მარტოოდენ ფიქრსა და გულში იტევდეს სათქმელს, კაცობრიობა ვეღარც გააგრძელებდა არსებობას და თავის თავში ამოიხრჩობოდა. სამოქალაქო ცხოვრებისათვის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სინამდვილისათვის სწორედ რომ სიტყვაა არამცთუ აუცილებელი, არამედ სასიცოცხლო, და თუნდ სხვანი ოქროდაც დადუმდნენ, გირჩევნია, რომ ვერცხლად ილაპარაკო.
არის ეპოქები, როდესაც გამოჩენილი ადამიანის დუმილს თავისი მნიშვნელობა ენიჭება, ეს ის ხაზგასმული და მკვეთრი პოზაა, რამაც შესაძლოა არაერთი ადამიანი აიყოლიოს და სამოქალაქო აქტიურობისათვის აღანთოს. დღეს ჩვენში საამისო ფუფუნება არა გვაქვს და დუმილმა, თუნდ თვალსაჩინო პიროვნებისა, შეუძლებელია რაიმე სასიკეთო მოუტანოს ქვეყანას.გარდაუვალი ცვლილებების დროა, საამისოდ კი არამცთუ სიტყვაა აუცილებელი, ზარების რეკვაც უნდა შემოეშველოს და გაამძაფროს სიტყვის ზემოქმედება, თორემ დრო აღარ გვაცდის და ვაითუ სიმწრით ნაგები ქვეყანა ხელში ჩაგვეფშხვნას. და მერე ერთმანეთსაც რომ ვაბრალოთ, რაღა ხეირი, საუკუნის წინათ ემიგრაციაში გადახვეწილი მთავრობა და პოლიტიკოსები ერთიმეორეს რომ ძრახავდნენ, არა ასე ჯობდა ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა და არა ასეო; და ერთმანეთის ძრახვაში აღმოხდათ სული. ასე რომ: ახლა დუმილი - დანაშაულის თქმას მაინც მოვერიდები და - გაუმართლებელია.
- მძიმე ჟამი უდგას სამყაროს რუსეთ-უკრაინის ომის გამოისობით. როგორი გამოვა სამყარო ამ ომიდან?
- უკრაინის მიწა-წყალზე არსებითად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს არა მხოლოდ ორი ქვეყნის ბედი, არამედ სამყაროს ახალი წესრიგი შემოგვთავაზოს. უკრაინის გამარჯვება - რაც სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საომარ მოქმედებათა პანორამიდან - კაცობრიობას ახალ გზებზე გაიყვანს, სასიკეთო, ღირსეულ, ბუნებრივ გზებზე, რუსეთის წარმატებას კი - რასაც უკვე ვეღარ ეღირსებიან - მოჰყვებოდა მსოფლიოს ჩაძირვა ჭაობში, საიდან თავდაღწევასაც დიდი დრო დასჭირდებოდა.და რაკიღა უკრაინელთა ჰეროიკამ უნდა გადაწყვიტოს მსოფლიოს ბედი, საქართველოსაც გადმოსწვდება ეს მადლი და მშვიდობიანი გზით აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც და აღდგენილ სახელმწიფოში ყველა ხალხს მიეცემა ბუნებრივად ცხოვრების საშუალება და მათი თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის განვითარებას ოდნავაც არაფერი დაემუქრება. ამიტომაც ის ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინელთა მხარდამხარ იბრძვიან, იარაღით ხელში იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც. და მათგან ვინც დაიღუპა ამ სასტიკ ბრძოლებში, ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეეწირა. რუსეთის იმპერიული მისწრაფებანი, ადრე თუ გვიან, უსათუოდ აღიკვეთებოდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრამ მათდა უნებურად დააჩქარა იმპერიის კატასტროფა და არა შორეულ მომავალში, არამედ მალევე ვიხილავთ დამხობილ იმპერიას, რუსეთის ფედერაცია ისევე რომ დაიშლება, როგორც სამი ათეული წლის წინათ საბჭოთა იმპერიამ დაღაფა სული. და სამყარო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამოვა ისეთი, რომ: ვიხილავთ ახალ მიწასა და ახალ ზეცას!..
- გასული წელი შევაფასოთ... საკმაოდ ხომ არ დაგვიგროვდა ნეგატივი და პირადად თქვენთვის რით იყო ის გამორჩეული?
- საკმაოდ დრამატული წელი აღმოჩნდებოდა ეს 2022: ომი ომად შეაზანზარებდა ქვეყნიერებას. და საქართველო იმ გადაულახავი ბარიერის წინაშე აღმოჩნდებოდა, ევროკავშირის კარი რომ ჩაგვეკეტებოდა. მოსალოდნელი გახლდათ, განა არა!..
დასავლეთი კანთიელად განასხვავებს საქართველოსა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, როგორც ორ საპირისპირო პოლუსს, მაგრამ როგორ გაეხსნათ გზა ქვეყნისათვის, რომლის მთავრობაც კოლაბორაციონისტულია და გამოირჩევა ანტიხალხური პოლიტიკით, ქვეყანას დასავლეთის ნაცვლად ჩრდილოეთისაკენ რომ მიაქანებს?! და დასავლეთის მხრივ ჩვენი ხელისუფლების დასჯა უნებლიეთ გამოიწვევდა საქართველოს დასჯასაც, რაც მიგვანიშნებს, რომ:ამ მთავრობის პირობებში იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს ევროკავშირში შესვლა-დამკვიდრებისა. ჩვენი ქვეყანა უსათუოდ გახდება დასავლური სივრცის სრულუფლებიანი წევრი, ეგ არის, ძალიან გვიგვიანდება, რადგანაც ხელისუფლება აქამდე აბსურდის თეატრად რომ წარმოგვიდგებოდა, უკვე ამ ზღვარსაც გასცდებოდა და აბსურდის აბსურდის თეატრად მოგვევლინებოდა.თეატრალურმა ხელოვნებამ არ იცის ამგვარი სტილისტიკა თუ მიმართულება: აბსურდის აბსურდი - თუმც რაც თამაშდება ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ყოფაში, უთუოდ უბიძგებთ მწერლებსაც და რეჟისორებსაც სწორედ ამ სტილისტიკის სპექტაკლების შექმნას, და ეს იქნება სრული სიახლე მსოფლიო დრამატურგიაშიც და სცენაზეც.
ერთი რამით არის სანუგეშო ეს უმძიმესი ვითარება: კრიზისსაც აქვს თავისი მიჯნა და იმას რომ მიადგება ადამიანი თუ ქვეყანა, იწყება შემობრუნება - დრამატიზმსა და ტრაგიზმში იფარება სიკეთის მარცვალი, რომელიც თანდათან გაღივდება, მომძლავრდება და უკეთესი რეალობისაკენ წაიყოლებს ქვეყანასაც და მის მცხოვრებთაც.
ეს წუთისოფლის ის ღრმა კანონზომიერებაა, რაც გიფარავს, თუმც ხელიც უნდა გამოიღო, თორემ კაცობრიობის ისტორიამ არაერთი იცის გამქრალი სახელმწიფო, საკმაოდ გავლენიანიც, არამცთუ ჩვენსავით მოკორიკე და აცურებული მყარი ნიადაგიდან.
მე, როგორც ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ჩემი ქვეყნისა, უშუალო მონაწილე ვარ ამ გარემოში გათამაშებული ყოველგვარი დრამატიზმისაც და ტრაგიზმისაც და სხვა არსებობა არც გამაჩნია. და ცხადია, უშუალო მონაწილე ვიქნები უფსკრულიდან თანდათანობით ან ერთბაშად ამოღწევისაც. დიახ, ერთბაშად და უეცრადაც შეიძლება მოხდეს სასიკეთო ძვრები.
რაღაც თითქოსდა შეუვალი მოჩანს, მაგრამ მყიფე ფეხებზე მდგარი ერთბაშად ჩამოიმზღვლევა და შვებითაც ამოგვასუნთქებს, რაკიღა ჩვენი უბედური ქვეყანა ბუნებრივი განვითარების გზას დაადგება.
- ალბათ, ქვეყანა იგულისხმეთ და, მინდა გკითხოთ, "მათ, ვისაც ოთახის გასაღები აქვთ", რა დრო დასჭირდებათ ამ ოთახის დასალაგებლად?
- აბა, რა მოგახსენოთ, ამის რეცეპტი მე არ გამაჩნია, და არც არავითარი რეცეპტი. მე მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, ჩემი ფიქრი გაგიზიაროთ, ჩემი ეჭვები, ჩემი სატკივარი და სადარდებელი. და საიდან შეიძლება ვიცოდე, რა დრო დასჭირდება ჩვენი ქვეყნის - ცხადია, "ოთახი" ამ შემთხვევაში ქვეყანას გულისხმობს - დალაგებას. საერთოდაც მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომელთაც მზამზარეული რეცეპტები მოეპოვებათ და დაუღალავადაც გირიგებენ. ორაკულები დელფოში აღარ არიან და საქართველოში საიდან შეიძლება აღმოჩნდნენ?!
ისე, ოთახს ვინ ჩივის, ავგიას თავლას უფრო დაგვამსგავსეს და დიდი ძალისხმევა, ჰერაკლესებური ძალ-ღონე და შეუდრეკელობა დაგვჭირდება მის გასაწმენდად.
- "არაფერი იცვლება ამ ცისქვეშეთშიო", - ეკლესიასტემ, ალბათ, მარტოოდენ სურვილი არ კმარა, ყველანი უნდა შევიცვალოთ... რა განსაზღვრავს ჩვენს უკეთეს მომავალს და ამის პერსპექტივას? რასაც გარშემო შეჰყურებთ, რეალური იმედოვნების საფუძველს თუ იძლევა?
- არაფერი რომ არ იცვლება ცისქვეშეთში, ეს ნიშნავს, რომ: არ იცვლება კრიზისიდან თავდაღწევის გარდაუვალობაც ანუ ეკლესიასტესებურად რომ ითქვას:
არის ჟამი უილაჯობისა და არის ჟამი ძალთა მოკრებისა. და ახლა სწორედ ძალთა მოკრების პროცესში ვიმყოფებით და პერსპექტივაც ამან უნდა გაგვიხსნას. მთავარია დიდი და პატარა სახელმწიფოებრივად ვაზროვნებდეთ - ჩვენ-ჩვენი უნარის შესაბამისად, მაგრამ სახელმწიფოებრივი იდეალი მიგვიძღოდეს წინ და ისე ვიცხოვროთ, თითქოს თვითეული დღე ჩვენთვის უკანასკნელი იყოს და რაც შეიძლება მეტის მოსწრება გვევალებოდეს წინაპართაგანაც და შთამომავალთაგანაც. და გვყავდეს ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ხელისუფლება, სულიერი მემკვიდრე ზვიად გამსახურდიას მრწამსისა და არა ნოე ჟორდანიასი, 9 აპრილის იდეალების უშუალო აღმსრულებელი - ის, რაც სამხედრო გადატრიალებამ არ აცალა ჩვენს პირველ პრეზიდენტს, ის გზასავალი გადმოვიბაროთ და გავყვეთ იმ ერთგულებითა და თავგანწირვით, რომ ვიყოთ ღირსნი მამა-პაპათა ჩვენთანი!.. ღირსნი კი იმით ვიქნებით, თუ ჩვენს ეროვნულ ენერგიას ვიწამებთ და არცერთი ქვეყნის კუდიმდევრობას არ შევეგუებით - მხოლოდ თანაბრად სხვა ერთა შორის!..
- ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის ზღურბლთან და მისი ოჯახის წევრობის მოლოდინში... რისი იმედი გაქვთ?
- აკი მოგახსენეთ: ამ ხელისუფლების მმართველობისას არავითარი იმედი არ ჭიატებს. ის რეკომენდაციები, რომელთაც ევროკომისია შესთავაზებდა "ქართულ ოცნებას", არსებითად მძაფრი კრიტიკული შენიშვნები გახლდათ: რეფორმების ნაცვლად ცრურეფორმები რომ გატარდა, კარგად ვხედავთ და აღარ გინდათ ფარისევლობა, თვალში ნაცარს მაინც ვერავის აყრითო!..
შეასმინეს რაიმე?! რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად კვლავ სიცრუის აბლაბუდას ახვევენ და ჰგონიათ, ახლა მაინც შეიყვანენ ვინმეს შეცდომაში. ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდესო, ერთ-ერთ მუხლად ამასაც რომ ჩაუწერდნენ და ოცნებელები რა ხრიკს აღარ მიმართავდნენ, ოღონდ ნამდვილი ოლიგარქი დაეფარათ, დასავლეთი ახლა პირდაპირ გვარ-სახელით მოიხსენიებდა ბიძინა ივანიშვილს!.. პასუხად ამას გამოძებნიდნენ ჩვენი ხელისუფალნი: ბიძინა ივანიშვილს კი ამბობთ, მაგრამ ხომ ვიცით, რომ გიული ალასანიას გულისხმობთ, დავით კეზერაშვილს და კიდევ ვის აღარ, გარდა ბატონი ბიძინასიო. და ახალ კანონსაც ამ მტკიცებას მოარგებდნენ. და ვეღარ გაგიგია, ეს ყოველივე უფრო სასაცილოა თუ უფრო სატირალი... ალბათ, ერთიცა და მეორეც. ზღურბლიღა რომ დაგვრჩენია, ეს ზღურბლია სწორედ კედელივით აღმართული და... მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებების იმედი უნდა გვქონდეს, თორემ ვიდგებით და ვიდგებით ზღურბლთან ატუზულები...
- თქვენი საყვარელი მწერალი და წიგნი, რომელმაც თქვენზე გავლენა მოახდინა და, ასე ვთქვათ, სულს ცხოვლად დააჩნდა...
- ასეთი მწერალიც და წიგნიც უამრავია და, თუკი გამორჩევას მომთხოვს ვინმე, სხვადასხვა დროს შესაძლოა სხვადასხვა სახელი და სათაური გავიხსენო - იმწუთიერი განწყობილების კვალობაზე. და ყველას შთაბეჭდილება გაუნელებლად მომყვება, ეგ არის, ხან ერთი უფრო წამოიწევს, ხან მეორე, ხან მესამე...
ამწუთას პირველ რიგში წამომაგონდა: ქართველებიდან - ილია ჭავჭავაძის "სომეხი მეცნიერნი და ქვათა ღაღადი", მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" და პავლე ინგოროყვას "გიორგი მერჩულე". უცხოელთაგან - უოლტერ სკოტის "აივენჰო", ჩარლზ დიკენსის "დავით კოპერფილდი" და ონორე დე ბალზაკის "შაგრენის ტყავი". გულს დამაკლდა ქართველებიდან... და გულს დამაკლდა უცხოელებიდან... არა, ასე ვერასოდეს მოვრჩები, ამიტომ ამჯერად ეს ვიკმაროთ. ადვილად მიმიხვდებით, ქართველ ავტორთა ამ ქმნილებათაგან მოგვრილი მძაფრი შთაბეჭდილება მომავალი საქართველოს ხილვამ რომ გამოიწვია, საერთაშორისო პროცესებში ჩართული სახელმწიფოსი, რომლის იდეალიც ამ თხზულებაში ასე კანთიელად წარმოდგება... და კიდევ კონსტანტინე გამსახურდიასა და ლევან გოთუას ისტორიულ რომანებში... თუმც აკი მოგახსენეთ, ამჯერად ეს ვიკმაროთ-მეთქი.
- თქვენი ნათქვამია, ჩვენი განათლების სისტემა და კულტურა წყალს მიაქვსო. მაინც რა საფრთხეს გვიქადის მათი "წყალწაღებულობა", ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენი უმეტესი პრობლემის თავიდათავიც ესაა?
- პასუხი თქვენს შეკითხვაშივეა: ყველა ჩვენი პრობლემის თავიდათავი სწორედაც ამაშია - განათლების სისტემის მოუგვარებლობაში. ისეთ მძიმე დღეშია, მკვეთრი გარდაქმნა ესაჭიროება, თორემ პატარ-პატარა სასიკეთო ჩარევები სრულიად არ შეეტყობა. თანაც ცალკე განათლების სისტემა ვერ გამოირჩევა, მთელი მმართველობა უნდა გარდაიქმნას, რაკიღა ყველა სფერო ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთიმეორეს განსაზღვრავს, თორემ წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ის ხავსი განა როდემდე გაუძლებს?!
- "მაგრამ სამშობლოს ნაცნობ გზებით ვეღარ მოაგნებ და აღარც გახსოვს: გქონდა იგი, თუ მოგაგონდა" - რა არის ასეთი ნიჰილიზმის მიზეზი, მაინც როგორია თქვენი საოცნებო სამშობლო?
- რას ამბობთ, ნიჰილიზმი რა შუაშია!.. სამშობლოს რომ ნაცნობი გზებით ვეღარ აგნებ და აღარც გახსოვს, გქონდა იგი თუ მოგაგონდა, უღრმეს ინტიმს უფრო გულისხმობს საქართველოსთან, გალაკტიონ ტაბიძეს როგორც ჩაეთქვა და კიდეც უნატიფესი და პარადოქსული ფორმით მოიტანდა მკითხველამდე, რათა მისთვისაც განეცდევინებინა ეს უღრმესი ინტიმი, შინ დაბრუნების მღელვარება და მოლოდინი იმ საოცნებო სამყაროს ხილვისა, ფიქრსა და ოცნებაში რომ განივთებულიყო და, ადრე თუ გვიან, ყოფით რეალობაშიც უნდა გადმოსულიყო. დაკარგული სამშობლოს პოვნის სიხარული. დაკარგული ფესვების მიგნების ნეტარება. ხოლო ჩემი საოცნებო სამშობლო როგორია და: ძლიერი საქართველო ძლიერი კავკასიის შუაგულში - ზოგადკავკასიური პოლიტიკის განმსაზღვრელიც და ერთგული და თავგამოდებული დამცველიც. სხვაგვარად ჩვენი სრულფასოვანი არსებობა შეუძლებელი იქნება და ყოველთვის სხვას თუ მივაჩერდებით წყალობის მოლოდინში.
- მწერლის მოვალეობა მუდმივად ოპოზიციაში ყოფნაა, ხოლო ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი კალმოსნები მწერლებად არ ითქმიანო, ამბობთ. მაშ, რად იწოდებიან ისინი?
- მწერლობა სხვა არაფერია, თუ არა ხალხის გვერდით დგომა, ხელისუფლება კი - თვით ყველაზე ჰუმანურიც და კეთილშობილიც - მეტ-ნაკლებად დაშორებულია ხალხს, ასე რომ, თუ მწერალი ხარ, გინდა-არ გინდა, მთავრობასთან ყოველთვის ოპოზიციაში აღმოჩნდები. ჯონ სტაინბეკი რომ იმყოფებოდა საქართველოში, ნობელიანტთაგანაც ერთ-ერთი რჩეული, მწერალთა სასახლეში მიიწვევდნენ და სხვა კითხვებთან ერთად ამითაც დაინტერესდებოდნენ: როგორია მწერლისა და ხელისუფლების ურთიერთობა ამერიკაშიო? და გაიოცებდა "მრისხანების მტევნების" შემოქმედი: ეს რა შეკითხვაა, ამერიკაშიც ისეთივეა, როგორიც ყველა ქვეყანაში უნდა იყოს - მწერალი ოპოზიციაშია ხელისუფლებასთანო, ხოლო ვინც ხელისუფლებასთან დაახლოების გზებს ეძიებს, ისინი პარტიული პროპაგანდისტები არიან და არა მწერლები, ალამაზებენ და აყალბებენ რეალობას, ნაცვლად ხალხის ნამდვილი ტკივილების, სადარდებლის, საფიქრალის გამოხატვისა.
- ორპოლუსიანობა და გახლეჩილობა ქართველებს ტრადიციად გვექცა, რაც ძალზე მტკივნეულია საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის. პოლარიზაცია მიზეზშედეგობრივ კავშირში რისი მაქნისია...
- გეთანხმებით, ტრადიციად გვექცა, ორპოლუსიანობასა და გახლეჩილობას თვით ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელიც რომ ვერ დააღწევდნენ თავს და მათი პოლემიკა სამოქალაქო ომში გადაიზრდებოდა. მიზეზი ის არის, რომ: აწყობილი სახელმწიფოებრივი სისტემა არ გაგვაჩნია და ცალკეულ პიროვნებებს ვანიჭებთ ერთადერთობის მისიას: ერთნი ერთს, მეორენი მეორეს... და მათ შორის შეურიგებელი დაპირისპირება გარდაუვალია, რაკიღა სახელმწიფოს მოწყობის სხვადასხვა გეგმა აქვთ, მათ დაპირისპირებას კი თავისთავად მოსდევს საზოგადოების გახლეჩაც და შეურიგებელი ჭიდილიც.მთავრდება ერთი ბრძოლის პროცესი და... იწყება მეორე... მთავრდება მეორე და... იწყება მესამე... და გინდა-არ გინდა, ამ პროცესის მონაწილე ხარ, ან აქტიური, ან პასიური, მაგრამ მაინც მონაწილე.რაკიღა მიზეზი აშკარაა, მისი აღმოფხვრის გზაც ეს და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს: სახელმწიფო სისტემის მოწყობა ისე, დასავლეთის ქვეყნებისთვის რომ არის ნიშანდობლივი, განსაკუთრებით მაინც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, სადაც ხელისუფლების ცვლილება ხდება ადვილად, ყოველგვარი გართულების გარეშე, და ახალი მთავრობა წინა მთავრობას არ დასდევს დასაჭერად, არც წინამორბედ პრეზიდენტს იმეტებენ ციხეში გამოსაკეტად და სულაც წამებისა და სასიკვდილოდ განწირვისათვის. ის, რაც მიხეილ სააკაშვილს დაატეხეს თავს, შორსაა ჰუმანიზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან, დაცლილია ზნეობრიობისაგან და მის მიმართ ამ პოლიტიკის გამტარებელ ხელისუფლებას როგორ შეიძლება ენდო, სხვა ათასი ცოდვა და დანაშაულიც რომ არ მიუძღოდეს ამ ათი წლის განმავლობაში.
- როგორ ფიქრობთ, რაშია პოლიტიკური კლასის, ასევე საზოგადოების პრობლემა? იმაში ხომ არა, მუდმივად მესიას და ლიდერებს რომ ვეძებთ და საკუთარ მისიასა და პასუხისმგებლობას არ დავეძებთ?
- რასაკვირველია, უნდა გაიზარდოს საზოგადოებაში პიროვნული პასუხისმგებლობა, შეგნება თვითეული ჩვენგანის მოვალეობისა. ყველას ხომ ჩვენ-ჩვენი მისია გვაქვს, ზოგს მეტი და ზოგსაც ნაკლები, მაგრამ მისია, და მისი გაცნობიერება მიგვიყვანს ზნეობრივი ფერისცვალების აუცილებლობამდე. მანამდე კი კვლავინდებურად დავრჩებით ამა თუ იმ ლიდერის იმედად, ან ახალ მესიას დაველოდებით... და იმედგაცრუებას ერთმანეთს გადავაბრალებთ, ჩვენივე თავში კი არ დავიწყებთ იმ მთავარი მიზეზის აღმოფხვრას, რაც ჩვენი მოვალეობის შეგნებას გულისხმობს.
- რას უსურვებთ მკითხველს 2023-ში და თქვენ რას ელით მისგან?
- ახალი წლის მოახლოება ადამიანს ყოველთვის ახალი იმედებით აღავსებს, იმ რწმენით, რომ: მომავალი წელი უკეთესი იქნება ჩავლილთან შედარებით და უარესი - მომდევნოსთან შედარებით. და რაკიღა ხალხური სიბრძნე შეგვაგონებს: კაცი იმედით იხარებს, დააჭკნობს უიმედობაო, - ერთმანეთს ვუსურვოთ, რომ: არ დავჭკნეთ და ნიჰილიზმმა არ შეგვიპყროს. და გვეიმედებოდეს, რომ: 2023 წელი უკეთესი იქნება 2022 წელთან შედარებით, და უარესი - 2024 წელთან შედარებით. უპირველესად - დიდი ზნეობრივი ფერისცვალებით, რაც მოგვიტანს ყველა სიკეთეს. რა არის მაინც ეს დაუმცხრალი ოპტიმიზმი!..
ნანა ფიცხელაური