ომი, მიშა და კაბელი - კვირის პალიტრა

ომი, მიშა და კაბელი

ომი სამეზობლოში, ევროპელების უარი კანდიდატის სტატუსზე­ და სანუგეშოდ დატოვებული ევროპული პერსპექტივა, ქართულად გაგებული დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია, ქართულ პოლიტიკურ ველზე მომრავლებული ანტიდასავლური განცხადებები და სააკაშვილის ფაქტორი - ეს იმ ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც 2022 წელს ქვეყნის პოლიტიკურ წესრიგზე დიდი გავლენა იქონია. ამ ამბების შესახებ უფრო დაზუსტებით ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვიამბობს:

ომი უკრაინაში

qali-1671965737.jpg

- წლის მთავარი ამბავი უკრაინაში ომის დაწყებაა. ეს არის გლობალური მოვლენა, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, და რომელზეც სამყაროს, მათ შორის საქართველოს მომავალია დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესში მაინცდამაინც კარგად ვერ გამოვიყურებით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენი იდენტობა არ გამოკვეთილიყო. მათი ქმედება კოლაბორაციონისტულ ელემენტებს შეიცავდა. ძნელია პოზიტივზე საუბარი მაშინ, როცა ამხელა ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გაგვიხსნა - დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის საშუალება მოგვეცა. უკვე პირდაპირი განაცხადი კეთდებოდა როგ­ორც ევროსტრუქტურებში გაწევრებისთვის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოხვედრაზე. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი უკუღმა შეაფასა და ახალ შესაძლებლობად რუსეთის ეკონომიკური პრობლემები მიიჩნია. რუსული ბაზრის იაფად ათვისება სცადეს. რუსულმა ფულმა ქართულ ეკონომიკაში მცირე სარგებელი­ ნამდვილად მოიტანა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დამანგრეველი ეფექტი ექნება. ძნელია იმის გარკვევა, ეს ყველაფერი უნებური შეცდომა იყო თუ ქვეყნის მიზანმიმართული ღალატი. ასეთი საკითხები საიდუმლოს კატეგორიაში გადის. თუმცა შედეგის თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ქვეყანას შეცდომებით ავნებ, სიბრიყვით, შიშით თუ კიდევ სხვა ფობიებით, შედეგი ყველა შემთხვევაში ერთნაირად დამაზიანებელია.

უუნარო ოპოზიცია

ხელისუფლებამ იმის მტკიცება დაიწყო, რომ დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა უნდოდა, რომ სააკაშვილი ზელენსკიმ გამოგზავნა საქართველოში შიდაარეულობის მოსაწყობად. ირაკლი კობახიძისგან ისეთ უცნაურ განცხადებებს ვისმენთ, რუსულ პროპაგანდასაც კი არ ეყოფოდა ფანტაზია ასეთი რამეების გამოსაგონებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტის ანალოგიად წარმოაჩინა. ესე იგი, დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეჭრა სეპარატისტულ მოძრაობასთან გაათანაბრა. ერთი შეხედვით შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, როგორ შეიძლება ხელისუფლებას ასეთი ანტიდასავლური განცხადებები გასდიოდეს, როდესაც ქართველი ხალხის 85% ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მარტივად დაალაგა ყველაფერი - იცის, რომ საზოგადოებაში პროტესტი არის, მაგრამ მხოლოდ სამზარეულოში. პროტესტი რომ გარეთ გამოვიდეს, ამისთვის ლიდერია საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ოპოზიცია დისკრედიტირებულია და ხალხი მას არ მიჰყვება,­ თავს მშვიდად გრძნობენ. "გათიშე და იბატონეს" პრინციპით მოქმედებს და სასურველ შედეგსაც იღებს. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა და ხელისუფლების კოზირი. "ქართული ოცნება" უკვე თავსაც აღარ იწუხებს დაამტკიცოს, რომ კარგები არიან, ევროპელები... პირდაპირ გვეუბნებიან, ჩვენ ვართ აქაურობის ბატონ-პატრონი და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. ჩემი ალტერნატივა ჩემზე უარესიაო. სამწუხაროდ, ხალხი მართლა ვერ ხედავს ალტერნატივას ოპოზიციაში. ამიტომ არის ცუდად, გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, მაგრამ ზის სახლში.

სააკაშვილის ფაქტორი

misha-1671965737.jpg

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა გვაქვს როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სააკაშვილის თემა ახერხებს გადაფაროს ყველა და ყველაფერი. თითქოს სხვა არფერი ხდება ქვეყანაში. ამ ამბით ძალიან დიდ კომფორტშია ხელისუფლება - ნაცვლად იმისა, ხალხისა და პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებზე უწევდეს პასუხების გაცემა, ჩართული არიან სააკაშვილთან დაკავშირებულ გაუთავებელ იწილობიწილოში. რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ დილით სააკაშვილს ვუზომავთ სიცხეს და ყოველ საღამოს ვუმოწმებთ ძვლებს. ამას ვაკეთებთ უწყვეტად. ხელისუფლებას აქვს შექმნილი მატრიცა - ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის მისაღები და გაჰყავთ დრო. ამიტომ არ ეთმობათ, ამიტომ არ უშვებენ უცხოეთში არაფრის ფასად. არც გაუშვებენ, იმიტომ, რომ პოზიტიური დღის წესრიგი არა აქვთ, რა უნდა ქნან, რაზე უნდა ელაპარაკონ საზოგადოებას, სააკაშვილის ფაქტორი რომ არ იყოს? სხვა ისეთი ალტერნატივაც არა ჰყავთ, ვის დემონიზებასაც შეძლებდნენ და ააგ­ებდნენ ნეგატიურ დღის წესრიგს. მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოსინჯეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვინაიდან სააკაშვილის თანაზომადი ფიგურები არ არიან. არ იციან, რა ქნან, როგორ გამოვიდნენ სიტუაციიდან და დინებაზე მიუშვეს პროცესი. ისე უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, რომ არაფერზე აიღონ პასუხისმგებლობა, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღონ. ეს არის მათი მართვის თეორია. ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, სააკაშვილის საკითხს უკვე აღარც სამართლებრივ ჭრილში აღარ განიხილავდა და აღარც პოლიტიკურში. ეს ჰუმანიტარული საკითხია. რაზეა საუბარი? მის ჯანმრთელობაზე. მედიცინის წარმომადგენელი არა ვარ, მაგრამ ფიზიკურ მდგომარეობაზე მეტად მისმა ფსიქიკურმა მდგომარეობამ შემაშფოთა. მეც კი დავინახე მასში დემენციის ნიშნები. კონცენტრაცია უჭირდა,­ აზრი უწყდებოდა... ძალზე ცუდ დღეში იყო. ერთმა ფაქტორმა შემაშფოთა­ - როდესაც ხედავ, ადამიანი, თუნდაც დამნაშავე, ასეთ ცუდ დღეშია და მის მიმართ თანაგრძნობა არა გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენ ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებებისთვის კი არა, შურისძიებისთვის მოხვედი. ესე იგი, "ქართული ოცნება" იმისათვის მოვიდა ხელისუფლებაში, რომ შემდეგ თავად ეძალადა. სააკაშვილის უმწეო მდგომარეობის დანახვის შემდეგ ისევ სიმულაციაზე საუბარი, ჩემი აზრით, სადიზმის გამოვლინებაა. ისიც აღსანიშნავია, რომ ხალხიც სასტიკი გახდა, თითქოს კანი გაისქელა. მოდი, სიმართლე ვთქვათ, მათ შორის, ვისაც ახლა სააკაშვილის სისხლი სწყურია,­ ძალიან ცოტაა "ნაციონალური რეჟიმის" დროს დაზარალებული. თალაკვაძესა და კობახიძეს ერთი დღე არ უბრძოლიათ სააკაშვილის წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ზოგი "ნაცმოძრაობაში" იყო ინტეგრირებული, ზოგიერთი კი ბუჩქებში იჯდა და თავის დროს ელოდა. მათი ერთადერთი ფასეულობა ძალაუფლებაა. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ამის შენარჩუნებას ახლა სააკაშვილის შესახებ სიძულვილით საუბარი სჭირდება. სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული მე ვარ, მაგრამ მას უკვე გამოტანილი აქვს პოლიტიკური ვერდიქტი, ციხეშიც იჯდა. შესაბამისად, აღარ მაქვს ბრაზი, მით უფრო მისი სიკვდილი არ მინდა. უპირველესად იმიტომ არ მინდა, რომ სახელმწიფოსთვის იქნება ძალიან ცუდის მომტანი. სააკაშვილის სიკვდილი ქართულ ციხეში ჩვენი ქვეყნის ისტორიული მარცხი იქნება. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისტორიაში პრეზიდენტის მკვლელების სტატუსით შევლენ.

"აბა, ომი გინდათ?! "

ომის საფრთხეზე საუბარი წმინდა პოლიტტექნოლოგიური საკითხია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" კარგად ამუშავა. ომი ხომ მართლა არავის უნდა?! ხელისუფლებამ კი საზოგადოების რაღაც ნაწილი დაარწმუნა, რომ ოპოზიციისა და ხალხის ნაწილი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომზე საქართველოს ხელისუფლებისგან პრინციპული პოზიციის გამოხატვას ითხოვს, ომი უნდა. სინამდვილეში რუსებთან ენის მოჩლექით საუბარზე უარის თქმას და სავიზო რეჟიმის დაწესებას არანაირი ომი არ მოჰყვება. ჩვენზე ბევრად პრინციპულ პოზიციას აფიქსირებს 40-ზე მეტი ქვეყანა. ბოლოს და ბოლოს, იარაღს აწვდიან, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის არ გამოუცხადებია რუსეთს ომი. მოლდოვას, რომელიც ჩვენზე უარეს დღეშია, სხვა თუ არაფერი, ფრონტის ხაზზეა, საკმაოდ პრინციპული პოზიცია აქვს. ისედაც დიდ გასაჭირში ჩავარდნილ რუსეთს ახალი პრობლემები არ სჭირდება. შესაბამისად, ომის დაწყების არავითარი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლებამ შეძლო და საზოგადოების დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ თუ რუსეთს ბაბაიას არ დავუძახებთ, ომს დაგვიწყებს. ნახეთ, რას ამბობს - რუსეთი ძალიან საშიშია, ამიტომ არ უნდა გადავდგათ არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პუტინს არ მოეწონებაო. ხალხში რუსეთის შიშს ნერგავს. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ყველანაირად ვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ გვეშინია. უამრავი რუსი შემოვუშვით ქვეყანაში, სასათბურე პირობები შევუქმენით. კაცმა არ იცის, რა ხალხი შემოვიდა და რა საქმეში დებენ ფულს. ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მოსკოვს აწყობს. საქართველოში დღესაც ზუსტად ისეთი სიტუაციაა, როგორიც 1920 წელს, მეთერთმეტე არმიის შემოსვლის წინ იყო. გაიხსენეთ მარო მაყაშვილის ცნობილი წერილი...

kabeli-1671965737.jpg

გამოსავალი

პოლიტიკაში გარდატეხა უნდა მოხდეს. კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ ჩვენი ვექტორი დასავლურია. დასავლეთი­ ჩვენგან ითხოვს სინქრონიზაციას­ და არა ომში ჩართვას. თუ გვინდა მათთან თანაც­ხ­ოვრება, უნდა დავიცვათ ის წესები, რომლებიც მათ ოჯახშია მიღებული. თუ იმ ოჯახში გინდათ ცხოვრება, სადაც არ ეწევიან, შენ ვერ იტყვი, სულ არ მაინტერესებს, მე მაინც უნდა გავაბოლოო.­ თუ ასე იტყვი, არ შეგიშვებენ. ეს ხელისუფლება ჩვენ დათქმის საფუძველზე ავირჩიეთ - უკეთესი ცხოვრება, მეტი დემოკრატია და ევროინტ­ეგრაცია გვინდოდა. ახლა საზოგადოება უნდა ვაიძულოთ, დაკვეთა შეასრულოს. თუ არ შეასრულებს, ისევე უნდა შევცვალოთ, როგორც ცუდი მუშაობისთვის შევცვლიდით დაქირავებულ ხელოსანს ან მენეჯერს...

ცოტა ხნის წინ უკრაინაში მებრძოლი­ ქართველების დისკრედიტაციას შეეცადნენ. ემტერებიან ყველას, ვინც პოტენციურად, თეორიულად უქმნის საფრთხეს მათ ძალაუფლებას. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება­ მოხდეს, მამუკა მამულაშვილი და ყველა ის მებრძოლი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში­ წყდება, ერთ დღეს აქ რომ დაბრუნდეს. ფიზიკურად­ ეშინიათ იმ ხალხის. იმიტომ კი არა, აქ რომ დაბრუნდებიან, ვინმეს ესვრიან, ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არასდროს უბრძოლიათ, ბუჩქებში ისხდნენ და ისე ელოდნენ­ თავიანთ მომენტს. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის უმრავლესობა ტალახში ამოსვარა, ყველას დისკრედიტაცია მოახერხა. ხალხი გმირს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. უკრაინაში მეომარი ქართველები აქ რომ ჩამოვიდნენ, სულ მცირე, ამ ხელისუფლების ოპოზიციაში იქნებიან. ბიძინას მათი ტალახში გასვრა ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მათ პოტენციურ საფრთხედ თვლიან. მათ შეიძლება მართლა გაჰყვეს ხალხი. რა ქნას მერე ბიძინამ? დღეს ის ძალაუფლებას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ გმირები აღარ გვყავს. როგორც კი ჩვენს საზოგადოებაში გმირები გაჩნდებიან, მისი ძალაუფლება მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კარგი და პერსპექტიული ამბავი?

მთელი 2022 წლის განმავლობაში ერთადერთი კარგი ამბავი ევროკავშირთან დამაკავშირებელი კაბელის შავ ზღვაში ჩადებაა. ევროპაში დემოკრატიით ვერ მიგვიღეს და პირდაპირ კაბელით გვაერთებენ. ჩვენი ხელისუფლების იმედზე დიდად არ ვარ, მსგავსი პროექტების ჩაგდების მწარე გამოცდილება გვაქვს. თუნდაც ანაკლიის მაგალითი რად ღირს, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენს ხელისუფლებას საქმე არა აქვს ხაზარაძესთან, რომელსაც სასამართლოში აღუძრა საქმე. "ქართულ ოცნებას" ამჯერად საქმე ექნება დიდ მოთამაშეებთან - აზერბაიჯანსა და რუმინეთთან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ხელს ისე ჩაჰკიდებენ, როგორც ბავშვს, და წაიყვანენ ამ გზაზე.

ხათუნა ბახტურიძე