„ქვეყნის მთავარი პრობლემა „ოცნება“ და მისი ავტოკრატიული მმართველობაა“ - კვირის პალიტრა

„ქვეყნის მთავარი პრობლემა „ოცნება“ და მისი ავტოკრატიული მმართველობაა“

პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მიიჩნევს. ევროკავშირი მზადაა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს გაწევრების განაცხადზე ევროკომისიის მოსაზრებაშიც არის დაფიქსირებული. "ასეთ რამეზე ადრე ვერც ვიოცნებებდით, ახლა კი ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მიეცეს ევროკავშირის წევრობის შანსი, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე და ქვეყანაში განვითარებულ წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე, ახალი, 2023 წლის პერსპექტივებზე, ასევე პარტიის ახალ სტრატეგიაზე გვესაუბრა:

- სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მმართველობის ხელში ჩვენ არ გვეძლევა იმ შესაძლებლობების შესაბამისად გამოყენების საშუალება, რომლებიც ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგად შეიქმნა. მართალია, ევროსაბჭომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად სტატუსი არ მოგვანიჭა, მაგრამ არც ევროპული პერსპექტივა იქნებოდა ურიგო, ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს. სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდი მიზანმიმართულად ამბობს უარს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე.

- "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ყველა რეკომენდაციას ასრულებენ, რის საშუალებასაც აძლევს ოპოზიცია. თქვენი შეფასებით, ამ 12 რეკომენდაციიდან კონკრეტულად რომელი პუნქტია ძნელად შესასრულებელი?

- არც ერთი პუნქტი არ არის ძნელად შესასრულებელი. პრობლემა ის არის, საამისო პოლიტიკური ნება არ არსებობს. ხელისუფლებას რომ უნდოდეს ოლიგარქიული მმართველობის გაუქმება, გააუქმებდა კიდეც და მის ნაცვლად ძლიერ ინსტიტუციებზე დაყრდნობილი მმართველობა შეიქმნებოდა.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა არ არის.

- დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ არის. თქვენც ხომ იცით, რომ არის, ხელისუფლებამაც იცის, მაგრამ არ აღიარებს, ისევე როგორც არ აღიარებს ბევრ სხვა რამეს.

ხელისუფლება არც იმას აღიარებს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, მაგრამ ხომ არის?! 12-პუნქტიანი რეკომენდაციები იმ რეფორმების ერთობლიობაა, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოუდგენელია, ევროპამ თავის ოჯახში მიგვიღოს. მეორე მხრივ, ამ რეფორმების გატარება "ქართული ოცნებისთვის" ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. აი, ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სრულდება და არც მომავალში შესრულდება ეს რეკომენდაციები.

საარჩევნო რეფორმის შესახებაც ანალოგიურად დგას საკითხი. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, ნაწილობრივ არის გათვალისწინებული რეკომენდაციები. საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არასრულია. "ლელომაც" იმიტომ დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს, რომ პოზიტიურად მივიჩნიეთ. თუმცა ვამბობთ, რომ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულად მივიჩნიოთ.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ წელს პარტია "ლელოს" პოლიტიკური დღის წესრიგი და სტრატეგია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

- სწორად შეგინიშნავთ. ეს განპირობებული იყო კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობით. ევროსაბჭოს რეკომენდაციები ჩვენთვის პრიორიტეტი გახდა და ამან, რა თქმა უნდა, ჩვენი დღის წესრიგიც შეცვალა.

- "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და ხოშტარიას პარტია ერთობის შექმნას ცდილობდნენ, "ნაციონალურ მოძრაობასთანაც" კი სცადეს ზოგიერთ საკითხზე შეთანხმება. მთელ ამ ამბებში არ ჩანდა "ლელო". როგორ გა­ვიგოთ ეს, დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ პოზიციონირება?

- ჩვენი ამოცანაა დამოუკიდებლად განვითარება და ისეთი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელიც დაარღვევს ორპოლუსიანობას. თუმცა ზოგიერთ საკითხზე კოორდინირების პრობლემა არ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი დაბრკოლება, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, დაიძლიოს. საამისოდ უპრობლემოდ ვითანამშრომლებთ სხვა ოპოზიციურ ძალებთან.

- რას მიიჩნევთ მთავარ დაბრკოლებად?

- "ქართულ ოცნებასა" და მის ავტოკრატიულ მმართველობას, რის გამოც ქვეყანას ძალიან ბევრი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა ტოვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები საკითხია, რადგან თუ პროცესი შეუქცევადი გახდა და ის ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობაში უნდა მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გავლენ, ძალიან მალე შეიცვლება ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული სურათი. ასევე დიდი პრობლემაა ანტიდასავლური განცხადებები, რომელთაც ყური ძალიან შევაჩვიეთ. "ქართული ოცნება" ანტიდასავლურად ადრეც იქცეოდა, მაგალითად, ფეხქვეშ გათელა ევროსაბჭოს პრეზიდენტის მეცადინეობით მიღწეული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება. ახლა უკვე ყოველგვარი ზღვარი გადალახეს, სიტყვიერადაც დაიწყეს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა.

- როგორ გგონიათ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტორები "ქართული ოცნებისადმი" ხალხის დამოკიდებულებას შეცვლის?

- ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაზე" მოსახლეობის აზრი უკვე მკვეთრად არის შეცვლილი. ქართველი ხალხის 85% პროდასავლურია და მათი დაკვეთა ევროინტეგრაციაა. უკვე დიდი ხანია ცხადი გახდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ დაკვეთას არ ასრულებს. შესაბამისად, ხალხის განწყობა შეცვლილია და ეს აუცილებლად გამოჩნდება არჩევნებზე.

- ფიქრობთ, რომ ამასობაში "ლელომ" მეტი მხარდამჭერი შეიძინა?

- კი, რატომაც არა! ხალხი ხედავს ჩვენს უპირატესობას - ჩვენ გვყავს გამოცდილი კადრები ბევრ დარგში, გვაქვს ქვეყნის, ერთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გაერთიანების ინიციატივა, არა ვართ შურისძიებაზე ორიენტირებული. ქვეყანა უნდა გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი რაც შეიძლება მალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება.

- რა მოლოდინით ხვდებით 2023 წელს?

- ვფიქრობ, რთული წელი იქნება. შეუძლებელია სამოქალაქო დაპირისპირება მალე დასრულდეს. თუმცა მინდა ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვო, რომ ახალმა წელმა მშვიდობა და განვითარება მოგვიტანოს.

ხათუნა ბახტურიძე