„გრიგოლ რობაქიძის ხმა „გაუმარჯოს საქართველოსო“ და მისი მზერა დღესაც თან დამაქვს“ - კვირის პალიტრა

„გრიგოლ რობაქიძის ხმა „გაუმარჯოს საქართველოსო“ და მისი მზერა დღესაც თან დამაქვს“

ანსამბლი "სუხიშვილები" ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ანსამბლია, რომელმაც "საბჭოთა რკინის ფარდა" გაარღვია, უცხოეთში წავიდა, სადაც ქართული ცეკვის ხილვით ქართველ ემიგრაციასაც სიხარული მიანიჭა. მათ შორის "სუხიშვილების" უხუცესი მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძეც იყო. უფრო მეტიც, ბატონი ფრიდონი 1962 წელს ჟენევაში მწერალ გრიგოლ რობაქიძესაც შეხვდა და დღემდე­ ინახავს "ოქროს მოგონებად". თუ როგორ გამოიყურებოდა გრიგოლ რობაქიძე და რით განსხვავდებოდა პირველი ქართული ემიგრაცია დღევანდლისაგან, ფრიდონ სულაბერიძე­ მოგვითხრობს...

- ბატონო ფრიდონ, იშვიათი მოწმე ხართ იმისა, თუ რა როლს ასრულებდა ქართული კულტურა გასული საუკუნის საქართველოს სულიერ გადარჩენაში. "სუხიშვილები" საბჭოთა­ სახელმწიფოს პრესტიჟი იყო.

- ამ მოსაზრებას ვერ შევეწინააღმდეგები. "სუხიშვილები" პირველად უცხოეთში 1948 წელს გავიდნენ, როდესაც უცხოეთში გასვლა ძალიან ჭირდა და რომ არა მათი ეფექტი, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ვერც მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოივლიდნენ. "სუხიშვილებმა" ნამდვილად გააოგნა უცხოეთი, რაც, სხვათა შორის, დღესაც ასეა - დღევანდელი სუხიშვილები­ ბრწყინვალედ უძღვებიან ანსამბლს. არავის დედამიწის ზურგზე: არც ბერძენს, არც უკრაინელს, არც ესპანელს, არც ამერიკელს, არც იაპონელს Aარა აქვს ჩვენისთანა ცეკვა. ერთხელ ამერიკაში ჟურნალისტმა მკითხა, თქვენს ქალებს კაბების ქვეშ ბორბლები აცვიათ და ამიტომ დაცურავენ სცენაზეო? მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი და ბევრჯერ მინახავს ჩვენი გოგო-ბიჭების საცქერლად ქუჩაში სპეციალურად გამოსული ხალხი. დღესაც ასეა. ბევრჯერ, ნება რომ მიგეცა, ჩვენი კონცერტის შემდეგ ფარდა თუნდაც 20-ჯერ გაიხსნებოდა და დაიხურებოდა. მაგალითად, "ლა-სკალაში" 14-ჯერ გაიხსნა და დაიხურა. სცენის წინ საორკესტრო სივრცე რომ არ ყოფილიყო, ხალხი სცენაზე ამოვარდებოდა ჩვენს შესახებად, რა და ვინ ვიყავით, რა "სულიერები"!

- იქნებ ფართო საზოგადოებამ არც იცის, მაგრამ რთულ წლებში უსახსრობის გამო ანს­ამბლის მოცეკვავეები ავტობუსებშიც კი ათენე­ბდნენ უცხოურ ტურნეებზე.

- პრობლემები ყველა დროშია და სირთულე ჩვენც ბევრი გვქონდა. ძალიან მწირ ჰონარარს გვაჯერებდნენ. თუმცა "სუხიშვილები" იყო და არის ისეთი­ სიამაყე,­ რომ მასთან შედარებით ყველაფერი უკანა პლანზეა. ჩემი დღევანდელი გადასახედიდანაც არ არსებობს სიძნელე, რომელიც ქართველმა კაცმა ამ სიამაყის გამო ვერ და არ უნდა აიტანოს. Aამ სიამაყეში "სუხიშვილების" და ქართული ემიგრაციის ურთიერთობას უზარმაზარი წილი აქვს, ხალხს, რომელსაც სამშობლო აკრძალული და მონატრებული ჰქონდა, მათ "სუხიშვილებმა" უცხოეთში სწორედ მონატრებული სამშობლო "ჩაუტანეს", თანაც ამით უთხრეს, რომ ბედისწერისა თუ რეპრესიების მიუხედავად, საქართველო არ მოკვდება. ეს რამხელა ამბავია! ბოლშევიკებისგან საქართველოს დაპყრობის შემდეგ ზოგიერთ ემიგრანტს ქართული სულიერება იმდენად განადგურებული ეგონა, გამოხედვაც არ უნდოდა სამშობლოსკენ, ქართველი მოცეკვავეების ნახვამ კი კვლავ გააღვივა სამშობლოთი სიამაყე და მხოლოდ უფროსი თაობა კი არა, შთამომავლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში.

- მწერალმა გრიგოლ რობაქიძემ სწორედ ჟენევაში "სუხიშვილების" კონცერტის შემდეგ დაწერა: "დაფრინავენ ულამაზესი გოგო-ბიჭები, ვამაყობ საქართველოთიო". მითხარით, როგორ გამოიყურებოდა რობაქიძე, რა გააკეთა თქვენთან შეხვედრისას?

- ჟენევის საკონცერტო დარბაზში დაახლოებით 2000 მაყურებელი იქნებოდა,­ რომელთა წინაშე მე და იამზე დოლაბერიძე "ქართულს" ვცეკვავდით. სწორედ­ ამ დროს გაისმა დარბაზიდან ვიღაცის ყვირილი, გაუმარჯოს საქართველოსო! იცით, რა დამემართა? კინაღამ გული გამისკდა! რატომ? მრავალი რამის გამო: ცეკვა "ქართულის" დროს დგება წამები, როდესაც თითქოს ყველაფერი ყუჩდება, დუდუკიც დაბალ ხმაზე ღუღუნებს, რათა სისხლში დაგიაროს იმ ჟრუანტელმა, ამ ცეკვას რომ ახლავს. ამ დროს ყვირილი როგორია?! თანაც, ჩვენ ხომ კონტროლზე ვიყავით აყვანილი და პირველად ვერც მივხვდით, ეს ხმა რას მოასწავებდა. კი, ნამდვილად ქართველი კაცი ყვიროდა დარბაზში, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ გრიგოლ რობაქიძე იყო! თანაც ამ შეძახილს მეორე და მესამე მოჰყვა, უფრო ომახიანი და თითქოს უფრო თავგანწირული.

- ცეკვა შეანელეთ?

- ისე გაწვრთნილი ვიყავით, ცეკვას როგორ შევანელებდით, მაგრამ ნამდვილად ავფორიაქდი. იმაზეც ვიფიქრე, რომ ვინც უნდა ყოფილიყო ის კაცი, რამდენად ძლიერად უნდა ადუღებულიყო მასში ემოცია, რომ ასე ეყვირა. მოკლედ, კონცერტის დამთავრებისა და ხანგრძლივი აპლოდისმენტების შემდეგ გასახდელში რომ შევედით, უეცრად კარი თითქოს ვიღაცამ შემოგლიჯა და საშუალო ტანის კაცი გამოჩნდა. მან შლაპა მოიხადა და დაჟინებით გვიცქერდა. ქართული აღნაგობის ულამაზესი კაცი ახლდა, ისიც ასევე დაჟინებით გვიყურებდა, თითქოს თვალის ერთი შევლებით უნდა ყველაფრის დამახსოვრებაო. როგორც მერე გავიგეთ, ერთი მათგანი, საშუალო ტანითა და შლაპით გრიგოლ რობაქიძე იყო, მეორე კი, მისი მხლებელი, ასევე ქართველი ემიგრანტი, გვარად წერეთელი.

- გითხრათ რაიმე გრიგოლ რობაქიძემ?

- ჩვენ ვერ გვეტყოდა, რადგან ცხადია, მშვენივრად იცოდა, რომ მისი ჩვენთან დაყოვნებით შესაძლოა პრობლემები შეგვქმნოდა, მაგრამ კარგა ხანს უსიტყვოდ გვიყურებდა და ასევე უსიტყვოდ გაბრუნდა უკან. ჩვენგან პირდაპირ ილიკო სუხიშვილთან და ნინო რამიშვილთან შევიდა. მე კი მისი ხმა "გაუმარჯოს საქართველოსო" და მისი მზერა დღესაც თითქოს თან დამაქვს. არ მავიწყდება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტრიალებდა მასში ქართული ცეკვების ნახვისას, როცა ამის შემდეგ სულ მალე დაწერა "ქართული გენია როკვით განფენილი", რომელიც არა მარტო ცეკვის, ვფიქრობ, ქართული ხელოვნების ჰიმნია. ის წერს, როდესაც ქართველი "ქართულს" ცეკვავს, გვერდით ვერანაირი ვერა პავლოვა ვერ გაჰყვება ქართველი ქალის გარდა, ქართული ცეკვა მხოლოდ ქართული ჯიშის ცეკვააო. ვერა პავლოვა ცნობილი რუსი მოცეკვავე იყო, რუსები მისით დღემდე იწონებენ თავს. იმიტომაც მოიყვანა რობაქიძემ მაგალითად. "ქართულს" რუსი კი არა, ქართველი ქალის გარდა, დედამიწაზე ვერავინ იცეკვებს, ვერც ფრანგი, ვერც ესპანელი, ვერც გერმანელი და ვერც სხვა ვინმე, იმიტომ, რომ ეს მართლა ქართული გენეტიკის ცეკვაა. ასე დაუწესებია განგებას.

- გრიგოლ რობაქიძე დიდი მწერალია. მას ნებაყოფლობითი ემიგრაციის მიუხედავად (საბჭოთა ლიდერებმა მისცეს უცხოეთის ვიზა), სამშობლოსთან ემოციური კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ხშირად მიფიქრია ამაზე...

- მეც მიფიქრია და მიმაჩნია, რომ არ უნდა წასულიყო. ემიგრაცია არ არის იოლი. ხშირად არ ღირს იმ ტანჯვად, რასაც ადამიანი იქ ხშირად განიცდის.

- იცით, შემხვედრია არაერთი ახალგაზრდა ქალი, რომელთაც უთქვამთ, რომ მცხეთაში გრიგოლ რობაქიძეს სანთელს უნთებენ. გახსოვთ, ალბათ, მისი ანდერძი, ვისურვებდი მცხეთაში რომელიმე ქართველმა ქალმა სანთელი დამინთოს და მომიხსენიოსო.

- მჯერა. იმიტომ ვთქვი, რომ როგორც სამშობლოს უყვარხარ, ისე ვერავინ შეგიყვარებს.

- არადა, დღეს მილიონზე მეტი ქართველია ემიგრაციაში და უმეტესად მატერიალური მიზეზით. ალბათ, თქვენს კონცერტებზე მოსული ემიგრანტები სწორედ იმით განსხვავდებოდნენ დღევანდელებისაგან, რომ ბევრის ემიგრაციის მიზეზი უმთავრესად იძულება იყო.

- სწორედ ასეა. ერთხელ ჩილეში გვქონდა კონცერტები და გარეთ რომ გამოვედი, რას ვხედავ, - ვიღაც ახოვანი ქართველი ტირის და კანკალებს. ასე აკანკალებული გაგვეცნო და გული შემეკუმშა. გვარად ზალდასტანიშვილი იყო და ფრანგი ცოლი ჰყავდა. ჩვენს კონცერტებზე სპეციალურად იყო ჩამოსული. ჩვენი ცეკვა რომ ნახა, შეიშალა კაცი, თავს ვეღარ მოერია და აკანკალდა. შინაც დაგვპატიჟა და იქაც ტირილით იხსენებდა საქართველოს. განა ეს მძიმე არ არის გადასატანად? სამშობლო დღევანდელ ემიგრანტებსაც ენატრებათ, იციან, დაბრუნებას არავინ დაუშლის და შედარებით მშვიდად არიან, მაგრამ დრო ულმობელია, ის ხომ მაინც გადის.

- თქვენ ტოტალიტარულ სახელმწიფოში­ ცხოვრობდით, უამრავი შეზღუდვა გქონდათ, თავად თქვენ ან "სუხიშვილების" რომელიმე მოცეკვავე რატომ არ დარჩით უცხოეთში? რთული იყო და იმიტომ?

- არაფერიც არ იყო რთული. თუ მოგინდებოდა, იტყოდი, უნდა დავრჩეო, და დარჩებოდი, მაგრამ არც მე და არც სხვა მოცეკვავეებს არასოდეს არსად დარჩენა არ მოგვსვლია აზრად, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შემოთავაზება გვქონდა. პირიქით, როდესაც გასტროლები ცოტა დიდხანს გრძელდებოდა, ავად ვხდებოდით, ისე გვენატრებოდა სამშობლო. რამდენჯერ გვითქვამს, როგორც კი თვითმფრინავის ტრაპიდან გადავალთ, საქართველოს მიწას ვემთხვევითო. სხვათა შორის, ასეც ვაკეთებდით. სხვას ვის აქვს ისეთი ლამაზი, ისეთი დიდგული სამშობლო, როგორიც ჩვენ? მეორე ასეთი არ არსებობს დედამიწაზე და მორჩა! ჩვენც ისე რომ ვუვლიდეთ ჩვენს ქვეყანას, როგორც სხვები უვლიან, დედამიწაზე ამნაირი სამოთხე არ იქნებოდა. ოდესმე რომ ეთქვათ, უცხოეთში უნდა დაგტოვოთ და შენს ქვეყანაში ვეღარ წახვალო, შეიძლებოდა გული გამსკდომოდა. რა თქმა უნდა, ჩვენთან ძნელია ცხოვრება, მაგრამ აქ ის არის, რაც გიყვარს, და ამ სიყვარულმა უნდა გადაგატანინოს ყველაფერი. დროებით წასვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ წლობით რომ არ ნახულობენ სამშობლოს, ეგ არ მესმის. არ მესმის და რა ვქნა!…