"უფალს ყოველთვის უნდა ადამიანის შველა, მაგრამ თუ გადარჩენა გვინდა, ჩვენც უნდა შევაშველოთ ხელი ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"უფალს ყოველთვის უნდა ადამიანის შველა, მაგრამ თუ გადარჩენა გვინდა, ჩვენც უნდა შევაშველოთ ხელი ერთმანეთს"

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი მეუფე საბა ინწ­კირ­ველი­ 2022 წლის მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრა.

meufesabaa.png

- ძალიან მძიმე წელი იყო ერისთვის, ბერისთვის, ყველასთვის. იმდენი პრობლემა და ნაკლი წარმოაჩინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომ შელამაზებულად საუბარი არასწორი იქნება. ჯერ "კოვიდის" გავრცელებამ არივ-დარია სამყარო, შემდეგ უკრაინის ომი მიჰყვა. ადამიანის განვითარებისთვის მშვიდობა და თავისუფლება აუცილებელი პირობაა. როდესაც ან ერთი, ან მეორე არ არის, ღვთისშვილი ვერ ვით­არდება, თანაგრძნობისა და თანადგომის უნარს ჰკარგავს. შესაბამისად, ვერც სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება, ერთმანეთისა და სხვა ერის სიყვარული და სოლიდარობა არა აქვთ... უკრაინის ომმა წარმოაჩინა, ვინ ვის მხარეს დგას. თუ ვინმე იტყვის, ქრისტიანი როგორ შეიძლება ვინმეს მხარეს იყოსო, ვუპასუხებ, მშვიდობის მხარეს ვარ, რომ კაცის კვლა არ იყოს. ამ ომის და უდანაშაულო ადამიანების ტრაგედიის მიზეზი რუსეთია, რომელიც ამ უბედურებას სპეცოპერაციას უწოდებს, მაშინ როცა უკრაინელი ერის გენოციდია. ვინც ახლა რუსეთს უჭერს მხარს, მჩაგვრელის, მოძალადის, ტირანიის მხარეს დგება. შობა-ახალი წელი მოდის და უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ როდესაც სამყაროში ამხელა ადამიანური უბედურება ტრიალებს, საზეიმო­ განწყობა ვერ გექნება. მაცხოვარი­ ამ სამყაროს მშვიდობისთვის მოევლინა. სინდისი მაწუხებს, როდესაც თავად უსაფრთხოდ ვარ, უკრაინაში კი ხალხი უსახლკაროდ დარჩა და შობის დღესასწაულს ქუჩაში უნდა შეხვდეს. გაჭირვება ჩვენი ერისთვისაც არ არის უცხო, თუნდაც უახლეს ისტორიაში რუსეთის "დამსახურებით" არაერთი ომი გადაგვიტანია, 90-იანი წლებიდან, დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან, საქართველოში ასობით ადამიანის სისხლი დაიღვარა, ოჯახური და ადამიანური ბედნიერება დაინგრა, ფუძეს მოსწყდნენ და საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ. ზოგს გაუმართლა და გადარჩა, მაგრამ ყველანი ომის დაღს ატარებენ. ახლა ამ გოლგოთის გზას უფრო დიდი მასშტაბით გადის უკრაინა და არ შეიძლება ამხელა ბოროტება შერჩეს რუსეთს. ღვთისმშობელმა იესო რომ ბაგაში შვა, იქ, სადაც ავდარში მწყემსები თავს აფარებდნენ, იმას ჰგავს ახლა უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების ცხოვრება, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გასავლელი უმძიმესი გზა. უკრაინის ომი საქართველოსაც შეეხო, ჩვენი ბევრი თანამემამულე გმირულად დაეცა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რადგან უკრაინის თავისუფლება საქართველოს, საზოგადოდ, ცივილიზებული სამყაროს ნათელი მომავალია.

- ეს წელი გამორჩეულია ქვეყნიდან მიგრანტთა გადინების ნაკადით.

- ამერიკაში როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან ემიგრანტთა შემოდინება არ წყდება. ამდენი წელია აქა ვარ და ასეთი რამ არასდროს მინახავს. მე ვესაუბრე ერთ ქართველს, რომელიც ამერიკაში პანამა-ნიკარაგუის გზით შემოვიდა. ადამიანური განსაცდელისა და ტკივილის მეტი რა მომისმენია, მაგრამ იმან რაც მიამბო, შემძრა - სიკვდილის გზა გამოუვლია. ყველას მინდა მივმართო, იქნებ ვინმემ ყურად იღოს. სანამ წამოსვლას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ნუ გარისკავთ თქვენი და ოჯახის წევრების სიცოცხლეს. მცირეწლოვანი შვილებით, ფეხმძიმე ქალებით, მოხუცი მშობლებით მოდიან, რამდენიმე კვირის განმავლობაში გზაში არიან, ჯუნგლების, დამნაშავეების კონტროლირებადი გზების გავლა უწევთ, ამას ემატება შიმშილი, სიცივე, უძილობა... ბევრს ჰგონია, რომ განსაცდელი ამერიკაში ჩამოსვლისთანავე დამთავრდება, მეორე დღესვე აქ სამსახურს და სახლს არავინ დაახვედრებთ, ვერც ცხოვრებას აიწყობენ იოლად. ბევრი საცხოვრებელ სახლს ბანკში დებს და ემიგრაციაში ვალით მოდის, სიმართლე უნდა იცოდნენ, რაზე მიდიან. ვიცი, უკეთესი ცხოვრების იმედი აქვთ, მაგრამ ზოგჯერ უარეს მდგომარეობაში ვარდებიან. ბევრს ატყუებენ. საკვირაო ქადაგებებში ხშირად ვსაუბრობ ახალ ემიგრანტებზე, ვცდილობ, როგორც შემიძლია გვერდში დავუდგე, რადგან ვიცი, თუნდაც ბინის ქირაობას რა სირთულეები ახლავს. ახალჩამოსულს თუ ვინმე აქაური, ვისაც კარგი საკრედიტო ისტორია, სახელფასო ცნობა აქვს, გვერდში არ დაუდგა, ბინასაც ვერ იქირავებს და ქუჩაში დარჩება. ზოგჯერ არც დიდი ხნის ჩამოსულ ემიგრანტებს აქვთ ცხოვრება აწყობილი, თავადაც კრედიტით ყიდულობენ სახლს ან მანქანას და ძალიან რომც უნდოდეთ, სხვას ვერ დაეხმარებიან, რის გამოც ზოგს ლანძღავენ, თავისიანს ხელი არ მოუმართაო. ბევრი უსასყიდლოდ ეხმარება, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც ახალჩამოსულების ხარჯზე მდიდრდება. თავისიანებს 200-დოლარიან ბინებს 400 დოლარად აძლევენ ქირით... გული მტკივა, როგორ არ ებრალებათ თავისი მიწის შვილი, რომელმაც ცხოვრება სასწორზე დადო.

ჩემი საფიქრალი სამშობლოა. საქართველო იცლება, რუსეთიდან წამოსულებმა კი იქ თავის დამკვიდრება დაიწყეს. მათ საკუთარი სახლები გავუღეთ, თანდათან, ალბათ, დაკეტილი სახლების ყიდვასაც დაიწყებენ. მათ არ უჭირთ, სადაც მიდიან, თავს ყველგან მასპინძლად გრძნობენ. არ ვამბობ, რომ ლტოლვილები არ მივიღოთ და გაჭირვებული არ შევიფაროთ, მაგრამ მტერ ქვეყანასთან ზომიერება გვჭირდება. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამერიკა კი ძალიან დიდი, მას მილიონობით მიგრანტის მიღება შეუძლია. მახსოვს, როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდათ ირანელების, ინდოელებისა და არაბების ჩამოსვლაზე, სახელმწიფომ მაშინ მიწების გასხვისების საკითხი გაამკაცრა კიდეც. საქართველოში კი ათასობით რუსი მოდის და ამის გამო არავინ შფოთავს. ისინი საქართველოში უსაფრთხოებას ეძებენ და როგორც ვნახე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საუბრისგან თავს იკავებენ, ისეთებიც იყვნენ, ვინც ამ ომში რუსეთს უჭერდა მხარს. ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში თავისი მოქალაქეების პროვოცირება მოახდინოს, მერე კი იმ მიზეზით, აქ ჩემს მოქალაქეებს ჩაგრავენო, მათ "დასაცავად" წამოვიდეს. ეს მეთოდი ხომ წარმატებით აქვთ აპრობირებული. ჩვენს ხელისუფლებას დაფიქრება მართებს. უნდა არსებობდეს ლიმიტი, რაოდენობა, რომლის იქითაც მეტის შემოშვება არ შეუძლია. არ ვიცით, რა ფორმით, მაგრამ ისე, რომ დისკრიმინაციად არ ჩაითვალოს, ეს ნაკადი უნდა შევაჩეროთ, თუ სახელმწიფოს გადარჩენა გვინდა. ქართველების გადინება და რუსების შემოდინება უნდა შეჩერდეს. რუსების შემოდინების კვალდაკვალ საქართველოში უძრავი ქონება გაძვირდა. ერთი დღით ვცხოვრობთ?.. ხვალ მოყვასისთვის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. შეიძლება ვიღაც მიდის და ყიდის, მაგრამ მისიანი ხომ რჩება, რომელმაც იქ უნდა განაგრძოს ცხოვრება. ხშირად ვამბობ, სიყვარულის, თანაგრძნობის უნარი დავკარგეთ-მეთქი და, ამას ვგულისხმობ. ერთმანეთი არ გვებრალება, პირიქით, ზოგი წაქცეულს ზედ გადაუვლის. მხოლოდ სოციალური ფონი კი არა, გაბრაზებული, პოლარიზებული, გათითოკაცებული საზოგადოებაც არის ქვეყნიდან გამოქცევის წინა პირობა. უმეტესად ახალგაზრდები მოდიან, ისინი, ვინც ინტელექტუალურ რესურსს ქმნიან, და გლეხები, რომლებიც შრომობდნენ, პროდუქტს აწარმოებდნენ, მაგრამ საქმე ჩაუვარდათ.

მე გურული ვარ. გურულების ერთადერთი შემოსავალი თხილია. მის მოვლას, შეგროვებას დიდი რესურსი სჭირდება, მაგრამ ისეთი სასაცილო­ ფასი აქვს, რომ უკვე აღარ ღირს წვალება. არადა, ქართული თხილი ძალიან ძვირი ღირს. კი ვთხოვთ ამ ხალხს, ნუ ტოვებთ სახლ-კარსო, მაგრამ დარჩენის სტიმული, სამშობლოს სიყვარულის გარდა, სხვა რაღაცაც უნდა იყოს, ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მარტო არ არის. უფალს ყოველთვის უნდა ადამიანის შველა, მაგრამ თუ გადარჩენა გვინდა, ჩვენც უნდა შევაშველოთ ხელი ერთმანეთს. დღევანდელი დღე უნდა იყოს ნაყოფიერი, რომ ხვალინდელი არ დაიკარგოს.

- რას ვაკეთებთ ამისთვის?

- სწორი გზისკენ გეზი აღებული გვაქვს, მაგრამ მგონია, ძალიან ნელა მივდივართ. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა პოლარიზებაა. განხეთქილებამ თავი იჩინა პოლიტიკაში, საზოგადოებაში, ეკლესიაში. როგორც კი განსხვავებულ აზრს გამოთქვამ, მაშინვე მტრად გამოგაცხადებენ. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ადამიანს ერთნაირი აზრი ჰქონდეს, მაგრამ მთავარ საკითხში, ჩვენი ქვეყნის დასავლურ არჩევანში, უნდა ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. დაყოფამ, ერთმანეთისთვის ტალახის სროლამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების იმედი თითქოს შემცირდა. პოლიტიკურმა კინკლაობამ საზოგადოებაში იმედგაცრუება გააღრმავა. ვერ შევძელით პირადი წყენის, პარტიული ინტერესების გვერდზე გადადება და ერთად დგომა... როდესაც ადამიანი ხედავს, ვიღაცები მტერთან არიან შეკრული ან უნებლიეთ, დაუფიქრებელი ქმედებით, მათ საქმეს აკეთებენ, ვერ დადგება მათ გვერდით. პირადად, მე თუ დავინახავ, რომ ჩემი გარემოცვიდან ვინმე კავშირებს რუსეთში ეძებს და დასავლეთისკენ სწრაფვაზე დაუფარავად ამბობს უარს, მასთან ვერ დავდგები. შესაძლოა ჩემი პოზიცია ვიღაცებისთვის მოსაწონი არ იყოს და გამაკრიტიკონ, მაგრამ არ ვდარდობ, რადგან ვიცი, რომ უფლის, ჩემი ხალხისა და საკუთარი თავის წინაშე მართალი ვარ - დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობა არ შეგვიძლია. ეს არის სახელმწიფო, ერი, რომელმაც თავისი მოძმე ერი არ დაინდო და დღემდე რაკეტებს უშენს მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან არ სურს ყოფნა. მას ერთი რამ სურს - ჩვენი დამონება. მე ჩემს ქვეყანას არ ვუსურვებ ასეთ მომავალს. ვიცი, ამბობენ, მეუფე ამერიკაშია და დასავლეთის გავლენა აქვსო, მაგრამ მადაგასკარზეც რომ ვიყო, ჩემს სათქმელს ვიტყვი - ყველაზე დიდი მტრობა ხალხის ნდობით ბოროტად სარგებლობა და შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა. ამბობენ, საქართველოს გადარჩენის გზა ჩრდილოეთისკენ მიდის, რადგან მართლმადიდებელი ერია, დასავლეთში კი გარყვნილებაა, მამათმავლობაა მიღებულიო, არადა, რაც რუსეთში ცოდვა და უსჯულოება ხდება, სხვისი არ უნდა უკვირდეთ, არც მათ და არც ჩვენ. მათი "სიწმინდის" გამოხატულება ვნახეთ - უკრაინაში დაუცველ ქალებსა და ბავშვებზე იძალადეს და მერე დახოცეს, აწამეს და დახვრიტეს სასულიერო პირები. ის, რასაც მედია აშუქებს, ძალიან მცირედია. ბევრად მეტი საშინელება ხდება, თუმცა ჩვენამდე ვერ აღწევს. ომში ასეთები ხდებაო, ამბობენ. ომი უკრაინას არ დაუწყია, რუსეთი დაესხა თავს და მისი გამართლება საღ აზროვნებას გაცდენილია. ამდენი მილიონი ადამიანი ებრძვის აგრესორ რუსეთს, ცხრა თვეა ლამის მთელი ქვეყანა შეაწყდა მათ რაკეტებს. რუსებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობამაც კი გმირულად იბრძოლა. ნუთუ კითხვა არ უჩნდებათ, რატომ არ უნდათ რუსეთთან?.. 21-ე საუკუნეში თითქოს დიალოგით უნდა გადაწყვეტილიყო ყველაფერი, მაგრამ რუსეთში ადამიანის სიცოცხლეს ყოველთვის ჩალის ფასი ჰქონდა, კრემლის ბინადრები ძალაუფლების შესანარჩუნებლად თავიანთ მოქალაქეებსაც არ ინდობენ. ამის ქრისტიანობის დაცვით გამართლება სინამდვილეში რწმენისთვის ზურგის შექცევაა.

- პოლარიზება ახსენეთ, რასაც ვერც ეკლესიამ აუარა გვერდი. ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია?

- ცვლილებების დასაწყისს ვერ ვუწოდებთ იმ ვითარებას, როცა ეკლესიური სამყარო მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად იყოფა. სამწუხაროდ, კომუნისტური აზროვნება ჯერ კიდევ ბუდობს ჩვენში, ამიტომაც გვიჭირს განსხვავებული აზრის მიღება. ასე აზროვნება ისევ უკან, იმ პერიოდში დაგვაბრუნებს, სადაც ვიყავით. გულახდილობა ადამიანის ღირსებაა და ამის გამო სხვა მტრად არ უნდა აქციო. როდესაც პრობლემას ხედავ, მასზე სხვაგან საუბრობ, მაგრამ ოჯახში, სადაც შენი სიტყვა მნიშვნელოვანია, ჩუმად ხარ, შენი კეთილდღეობის, გავლენის დაკარგვის შიშით თვალს ხუჭავ, ეს ფარისევლობაა. არაფერს ამბობენ, იმიტომ, რომ ეშინიათ, ვაითუ ვერ გამიგონო. მე რაღაც პრობლემაზე შეიძლება არ ვისაუბრო მედიასთან, ტელევიზიაში, მრევლთან, მაგრამ ჩემს ოჯახში, ეკლესიაში არ დავმალავ. ამის გამო ადამიანებს, სასულიერო პირებს მიაჩნიათ, რომ ეს დასასჯელია და მე მტერი ვარ, მე კი ეკლესია ამას არ მასწავლის. მოციქულებსაც ჰქონდათ თავიანთი აზრი, მაცხოვარს კითხვებს უსვამდნენ და მაცხოვარი მტრებად კი არ აცხადებდა, პასუხობდა. თუ გვინდა უკეთესობისკენ წავიდეთ, ერთმანეთი უნდა დავაფასოთ, განსხვავებული აზრის მიუხედავად. არ შეიძლება ასეთი ფორმულირება - "ისინი და ჩვენ". უკეთესობისკენ მაშინ წავალთ, თუ იქნება მხოლოდ "ჩვენ". განსხვავებული აზრი და კრიტიკა კი არ უნდა გვთრგუნავდეს, პირიქით, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გვერდიდან დაგვანახოს ჩვენი თავი, დავფიქრდეთ, ხომ არ მოვდუნდით და საქმეს რამეს ხომ არ ვაკლებთო. საკუთარი თავის დანახვა რთულია, სხვისკენ თითის გაშვერა - ადვილი. ამას ჩემს თავზეც ვამბობ. მეც მაკრიტიკებენ. ვიღაცას არ მოსწონს ჩემი სიტყვა, მეუფე საბას სხვა მღვდელმთავრებისგან განსხვავებული აზრი აქვსო, მაგრამ მათ მტრებად არ მივიჩნევ, არც ჩემი ეპარქიის მრევლს განვაწყობ მათ მიმართ ნეგატიურად. თუ მტრები ვართ, ეკლესიაში ტრაპეზის წინ როგორ ვდგავართ ერთად და უფალს ვევედრებით მშვიდობას, სიყვარულს, მოთმინებას, ერთგულებას? მღვდელმთავრები მოციქულები­ არიან და არ შეიძლება მტრები იყვნენ. წმინდა იოანე ოქროპირი და ბასილი დიდი ძმებივით იყვნენ, მაგრამ ზოგჯერ ერთმანეთს ამხელდნენ. პავლე და პეტრე მოციქულებს შორის განხილვაც იყო და კამათიც, მაგრამ ისინი ერთი ეკლესიის შვილები იყვნენ. ჩვენს რეალობაში კი რაღაც აცდენა გვაქვს - სასულიერო პირები ვპასიურობთ, მრევლს არ ვუხსნით, რომ მტრები არა ვართ. როდესაც ასეთი დაძაბულობაა, როგორ შეიძლება საზოგადოება საპატრიარქოს მომხრე და მოწინააღმდეგეებად იყოს დაყოფილი. სასულიერო პირები მრევლს დათმენას, მიტევებას, გულწრფელ სიყვარულს უნდა ვასწავლიდეთ და არა დაყოფას. არ ვიცი, ამას ერთი თაობის ცვლა სჭირდება თუ უფრო ადრე მოხდება. და კიდევ, შიშის დათესვითა და სიმკაცრით სიყვარული არ მოდის. თუ მოძღვარი მკაცრია, ეს მრევლს აფერხებს, ცოდვებზე გულახდილად უამბოს. ადამიანს მოძღვრისგან დასჯა კი არა, სიყვარული სჭირდება. ცოდვას რომ ჩაიდენს, მისი აღიარების არ ეშინოდეს, რადგან ის ღვთის წინაშე ინანიებს. უფალი პატიობს და მოძღვარი სჯის?.. ამის შეცვლას საფუძვლის მომზადება, ცნობიერების შეცვლა სჭირდება. ჩვენ ქრისტეს სულიერი შვილები ვართ. როდესაც პეტრე მოციქულს მაცხოვარი სამჯერ გამოცდის, ეუბნება, თუ გიყვარვარ, ჩემი ცხოვარი დამწყსეო - ანუ ქრისტეს მრევლს ვმწყემსავთ და არა ჩვენსას. ცოდვა ერთია, მაგრამ ასე ხდება განსხვავებული აზრის მქონე მრევლის, მოძღვრის და მღვდელმთავრის შემთხვევაში. მათ პატრიარქის მტრად რაცხავენ. სანამ ეს არ შეიცვლება, სასიკეთო წინსვლა ვერ გვექნება, პირიქით, შესაძლოა, ეკლესიის დევნის პერიოდში დავბრუნდეთ.

კრიტიკული აზროვნება ნაკითხი, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისთვის დამახასიათებელია და კითხვის დასმა აგრესიას არ უნდა იწვევდეს. დღევანდელი საზოგადოება აღარ არის ისეთი, რასაც ჩასძახებ, ის ამოგძახოს, თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, წავიდნენ თუ დარჩნენ. მრევლი კრიტიკული რომ გახდა, არ უნდა გვიკვირდეს, პირიქით, უნდა გვიხაროდეს, რადგან თავისუფლება ნიშნავს მსჯელობას, განხილვას და კამათსაც. მოძღვარმა თუ გითხრა, გადახტიო, არ უნდა გადახტე, კითხვა უნდა გაგიჩნდეს, რატომ არის საჭირო ჩემი გადახტომაო. მონური აზროვნება დიდი ხნის განმავლობაში ითესებოდა და ეს სენი ჯერ ვერ მოვიშორეთ... მძიმე პერიოდია მსოფლიოში და განსაცდელის დროს ადამიანების მოსიყვარულე მამებად უნდა ვიქცეთ, რომ მძიმე დროება გადავატანინოთ. ეს არის სასულიერო პირის მთავარი ფუნქცია. ეპისკოპოსები დირექტორები არა ვართ, რომ კაბინეტებში ჩავიკეტოთ, უფლის ხატი ვართ, რომელიც ხალხთან მიდიოდა, მათ გულისცემას გრძნობდა, მათთან ერთად პურს ჭამდა. განსაკუთრებით მათთან, ვინც ცოდვილი იყო და არა პრივილეგირებულ საზოგადოებასთან. ჩვენთვის ყველას კარი ღია უნდა იყოს. განსაკუთრებით მათთან უნდა მივიდეთ, ვინც გვაკრიტიკებს, მოვუსმინოთ და დავფიქრდეთ, იქნებ გვეკუთვნის. ხაშურის მონასტერში რაც მოხდა, მონაზონზე თავდასხმას ვგულისხმობ, წარმოუდგენელი სიმხეცეა, გამაოგნებელი დემონური ქმედებაა. მათ ეს ცოდვა მთელი სიცოცხლე ეყოფათ საზიდად, ამას უდიდესი სინანულით ვამბობ. ამ ამბავზე გული გამეგლიჯა. მსგავსი სიმძიმის ცოდვა ძნელად მახსენდება. მოძალადე ადამიანები ჩვენ, სასულიერო პირებს რომ მოგვადგნენ, მაშინ მაინც გავაცნობიერეთ, აქამდე რატომ მივედით?.. თვალები დახუჭული ხომ არა გვაქვს?.. ჩვენს ქვეყანაში ძალადობა ყოველდღე ხდება, ზოგი გამოაშკარავდა, მაგრამ დამალული რამდენია, ქმარი ცოლზე, შვილი მშობელზე, ან პირიქით, სულაც ნათესავზე ძალადობს. სტატისტიკად იქცა ადამიანის ჩაგვრა, ზოგჯერ მკვლელობაც. საბოლოოდ მივედით იქამდე, რაც ხაშურის მონასტერში მოხდა. იმ ორი მოძალადის მხეცობის შეფასება უფრო მტკივნეულია, ვიდრე თავად ფაქტი. ხალხიც დამნაშავე ვართ. კარგად ვიცით, ზოგ ოჯახში ნასვამი ქმარი ცოლზე ძალადობს, ჩვენ კი თვალებს ვხუჭავთ იმ მიზეზით, რომ სხვის საქმეში არ ვერევით, მაგრამ ხვალ ეს ძალადობა სიცოცხლის მოსპობით რომ დამთავრდეს, ამაში ჩვენი წვლილი იქნება. აღსარებაზე რომ მოდის ქალი, დედა და გეუბნება, ქმარი ძალადობსო, მოძღვარი ზოგჯერ, უმეტეს შემთხვევაში თუ არა, ეუბნება, დაბრუნდი ოჯახში, რადგან ცოლი, დედა ხარ და მოითმინეო. ასეთ მღვდლებს ვეკითხები, თქვენს შვილებს ეტყოდით, მოძალადე ქმარი აიტანეო?! სოციალურ ქსელში განსხვავებული აზრის გამო ადამიანს დაესევიან და მიწასთან ასწორებენ, შესაძლებლობა რომ მიეცათ, რეალურ ურთიერთობაშიც ასე მოექცეოდნენ. პოტენციურად ბევრი მოძალადეა პოლიტიკოსებშიც, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებში და სასულიერო პირებშიც. ამიტომ კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ჩვენი ყოველი სიტყვა და კი არ უნდა წავაქეზოთ, ან ახალი ძალადობისკენ ვუბიძგოთ, უნდა შევინანოთ და დავფიქრდეთ, რატომ მოხდა ასე. თუ საზოგადოებისთვის კარგი გვინდა, მოძალადის მხარეს დგომის ნაცვლად, უნდა ჩავერიოთ. საქმის გარჩევა სასულიერო პირის საქმე არ არის, მაგრამ არსებობს პოლიცია. ჩვენთან კი იქ დარეკვა ცუდ ტონად ითვლება... საქართველოში თუ ნასვამი ზის საჭესთან და ვინმემ ეს პოლიციას შეატყობინა, ამბობენ, ჩაუშვაო, დასავლეთში, ამერიკაში კი პირდაპირ პოლიციაში რეკავენ, რადგან მძღოლის სიცოცხლესაც უფრთხილდებიან და გამვლელისასაც. საბჭოთა წლებში მოწამლული აზროვნების გამოხატვაა, რომ პოლიციაში დარეკვა ჩაშვებას ნიშნავს. ისევე როგორც ე.წ. ძველბიჭობის ინსტიტუტი. საბჭოთა წლებმა ყველა სფეროში: კულტურა იქნება, რწმენა, ენა თუ ის თვისებები, რომლებითაც ქართველი ამაყობდა, თავისი ხელწერა დატოვა. მისი სამართალმემკვიდრეა რუსეთი. ამიტომ ბევრი მიზეზი გვაქვს, რის გამოც ევროპისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.

- ქრისტეშობამ მშვიდობა მოუტანა სამყაროს. რას უსურვებთ ქვეყანას, მსოფლიოს?..

- შობამდე, 24 დეკემბერს, პატრიარქის აღსაყდრების 45 წელსა და 90 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ორივე თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ეპარქიისთვის. ვულოცავ სიყვარულით მის უწმინდესობას, რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში გამორჩეული პიროვნებაა. განსაკუთრებულ პერიოდებში მოუწია პატრიარქობამ, უამრავი სირთულე გაიარა. ახლა ეკლესიის მართვა უფრო გართულდა, რადგან ძალიან ბევრი მღვდელმთავარი და სასულიერო პირი გვყავს, რასაც თან ერთვის პრობლემები. ეს ბუნებრივია, სადაც ადამიანები არიან, პრობლემებიც იქ არის. ეკლესია არასდროს ყოფილა პრობლემების გარეშე, რომელიც ხანდახან ძალიან მწვავდება. მისი უწმინდესობის თვისებებიდან ბევრი მაოცებს, მაგრამ რამდენიმეს გამოვარჩევ - მას შეუძლია უსაზღვრო სიყვარული, მოწყალება, მიმტევებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შეცდომა აქვს დაშვებული ან ცოდვა ჩადენილი. ბოლომდე ცდილობს შეცდომა მიახვედროს და უკან დაბრუნების შანსს აძლევს. როდესაც პატრიარქს ადამიანების, თავისი ეკლესიის წევრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, ძალიან დასაფასებელია. მას განსაკუთრებული მადლი რომ არ ჰქონდეს, ამას ვერ შეძლებდა. ის არასდროს ყოფს, ყოველთვის ცდილობს ერთობა შეინარჩუნოს, ეკლესიამ ადამიანი არ განკვეთოს, რადგან ამის შემდეგ ვეღარ დაბრუნდება. თუ განკვეთილი არ არის, ნებისმიერ დროს შეიძლება წმინდა სინოდმა იმსჯელოს და ის სასულიერო დასში დაბრუნდეს. გულსატკენია, რომ ამ ბოლო დროს პატრიარქის კრიტიკა ისმის, არადა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამდენად რთულ პერიოდში, როგორი აზროვნების ხალხის გარემოცვაში მოუწია ეკლესიის მეთაურობამ. ვფიქრობ, ეს სირთულეები რომ არა, კიდევ უფრო მეტი სიკეთის გაკეთებას შეძლებდა. თუ ვინმე იმსახურებს კრიტიკას, ეს ჩვენ ვართ, მღვდელმთავრები ზოგჯერ მასსავით შორსმჭვრეტელი და გონებაგახსნილი არა ვართ. ამქვეყნად შეუცდომელი არავინაა, მხოლოდ უფალი იყო ასეთი, დანარჩენები, პატრიარქი, მღვდელმთავრები, მღვდლები, ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. როდესაც პატრიარქი შენდობას ითხოვს ერისა და სასულიერო დასის წინაშე, ის ბოლომდე გულწრფელია. ალბათ, ფიქრობს, რომ რაღაც საკითხი უკეთესად შეეძლო გადაეწყვიტა და ამისთვის ითხოვს პატიებას. მე მისი ყოველი სიტყვის მჯერა, რადგან ვიცი, რომ გულწრფელია. ამიტომ მინდა იცოდეს, რომ მეც გულწრფელი ვარ, განსხვავებული აზრის ქონა არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს, ღმერთმა დამიფაროს ამისგან. მინდა ღმერთს შევთხოვო მისი ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე სიყვარულით, პატივისცემით.ყველას ვულოცავ ქრისტეშობას, რომელმაც მშვიდობა მოუტანა სამყაროს. პირველ რიგში უკრაინაში ომის დასრულებას, ამ ქვეყნის ღირსეულ გამარჯვებას ვისურვებ. არ შემიძლია საკუთარ თავს ვუსურვო სიკეთე მაშინ, როდესაც ჩვენს მოძმე ქვეყანას რუსული რაკეტების ცვენაში უთენდება შობა-ახალი წელი, მით უფრო, ერთი საფრთხის წინაშე ვდგავართ უკრაინა და საქართველო. ღმერთს შევთხოვ, ამქვეყნად მისი შობით მშვიდობა მოიტანოს. ჩემს ქვეყანას ვუსურვებ სტაბილურობას, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრებას, რაც ჩვენი ხალხის უმეტესობის არჩევანია და მჯერა, ერთ დღესაც ავისრულებთ ოცნებას. თუ ინტეგრაციას ვერ შევძლებთ, დავუახლოვდეთ მაინც. დასავლეთი მეტი დაცულობაა. ამ სამყაროს ბევრი კარგი აქვს, რაც უნდა გადმოვიტანოთ. ცუდიც აქვს, მაგრამ შეგვიძლია კარგი ავიღოთ - საბანკო სისტემა, ბიზნესის მართვა. გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსი, წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობდა, ჩვენი ხალხი დასავლეთში მიდის, ბევრი კარგი რამის გადმოტანა შეუძლია, მაგრამ ცუდს ნახულობენ, რაც თავადვე ბევრი გვაქვსო. თავადაც შეგვიძლია ბევრი კარგის მიცემა დასავლეთისთვის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურიდან და პრობლემების გამო ვკარგავთ. არც ჩვენს წინაპრებს ჰქონიათ დალხენილი ცხოვრება, მაგრამ ასე არ ჭამდნენ ერთმანეთს. დასავლეთში არის პოლიტიკური კულტურა, არჩევნების შემდეგ დაპირისპირებული ძალები ერთად არიან და ქვეყნის საქმეს ემსახურებიან. იმავეს გვირჩევენ ჩვენც... ვისურვებდი ერთმანეთის სიყვარული შეგვეძლოს. ილია მართალი ამბობს, ისეთი იქნება ქვეყანა, როგორიც იქნები შენო. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შევიცვლებით და როგორი დამოკიდებულება გვექნება ერთმანეთის მიმართ.

ღმერთმა დალოცოს საქართველო, უკრაინა და სრულიად სამყარო!

მშვიდობას, სიყვარულსა და გამთლიანებას გისურვებთ!