ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი ომი
თავდასხმა უკრაინაზე
21 საუკუნის პირველ ორ ათეულ წელიწადში მსოფლიომ უკვე რამდენიმე დიდი თუ პატარა ომი გადაიტანა, მათ შორის ერაყში, სირიაში, ჩეჩნეთში, ყარაბაღსა თუ ჩვენს საქართველოშიც, თუმცა ავღანეთის ოცწლიანი ომი 2022 წლის დაწყებამდე ლიდერობდა არა მარტო ხანგრძლივობის, არამედ მასში მონაწილე ქვეყნებისა და ძალების რიცხოვნობით.
მაგრამ ის, რაც მოხდა 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას, ყველაფერი დაჩრდილა - რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაიწყო ჩვენი საუკუნის ამ პერიოდისთვის ყველაზე მასშტაბური ომი, რომელსაც 300 დღე-ღამის აქტიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგაც ჯერ არ უჩანს დასასრული, პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია ხდება, სხვა სახელმწიფოების მასში ირიბად თუ პირდაპირ ჩართვის ძალიან ცუდი პერსპექტივით და იმის დიდი შიშით, რომ მალე მესამე მსოფლიო ომს მიიღებს ჩვენი პლანეტა - დედამიწა...
ამიტომაც რუსეთ-უკრაინის ომი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპისთვის 2022 წლის უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენაა, რომელსაც რთული გაგრძელება ექნება მომავალ 2023 წელშიც და ის შეეხება ბევრი ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის საქართველოსაც.
რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავდა პუტინის „წლის გარისკვა“ - უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა
1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის იმპერიის დაშლა წარმოუდგენელი მნიშვნელობის მოვლენად იქცა მთელი მსოფლიოსთვის, რომლისთვისაც დასავლეთი მოუმზადებელი აღმოჩნდა და მის უმთავრეს საზრუნავად და თავსატეხად იქცა მთავარი პრობლემა - რა მოეხერხებინათ საბჭოთა არმიის დაშლის შემდეგ მოკავშირე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე დარჩენილი საბჭოთა სტრატეგიული შეიარაღებისთვის - ბირთვული იარაღისა და მათი გადამტანი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისთვის, ასევე შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავებისთვის.
მაშინ ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც ჩათვალეს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ამ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში თავმოყრა, რაც, მათი აზრით, გააადვილებდა მის გაკონტროლებას, რადგან დასავლეთში სერიოზულად უფრთხოდნენ (და არცთუ უსაფუძვლოდ) ყოფილი საბჭოთა ბირთვული პოტენციალის ირანში, ჩრდილოეთ კორეაში ან სულაც რომელიმე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ხელში მოხვედრას.
ბელარუსი და ყაზახეთი იოლად დათანხმდნენ ამ ვარიანტს და მათ ტერიტორიაზე დარჩენილი საბჭოთა დროინდელი ბირთვული შეიარაღება რუსეთს გადასცეს, თუმცა უკრაინა კიდევ სამი წელი ყოყმანობდა, სანამ 1994 წლის ბოლოს ბუდაპეშტში არ გაფორმდა მემორანდუმი, რომელშიც შავით თეთრზე დაიწერა, რომ უკრაინა უთმობდა რუსეთს მის ტერიტორიაზე დარჩენილ ბირთვულ შეიარაღებას, სამაგიეროდ კი აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთის ფედერაცია გარანტიას აძლევდნენ კიევს, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრები არ შეილახებოდა და უზრუნველყოფილი იქნებოდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა...
სწორედ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის დღიდან იწყება ათვლის წერტილი - კრემლს არ ასვენებდა უკრაინის შეერთების სურვილი - მისი დაპყრობა და დაშლილი საბჭოთა იმპერიის ნამსხვრევებზე ახალი რუსეთის იმპერიის აღორძინება.
გასაგებია, რომ ამას ელცინის რუსეთი ვეღარ შეძლებდა, მით უმეტეს, ჩეჩნეთის პირველ ომში რუსეთის არმიის სამარცხვინო დამარცხების შემდეგ, მაგრამ მანამდე უცნობი პუტინის ფიგურის უსწრაფესმა აღმასვლამ რუსეთის ხელისუფლების მწვერვალზე (რის უკანაც გავლენიანი ძალები იდგნენ), ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებამ და „ჩეჩნეთის პრობლემის“ გაყინვამ რამზან კადიროვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიარდი რუბლის „ძღვნად“ გადახდით პუტინის რეჟიმს საშუალება მისცა ძალების კონცენტრაცია მოეხდინა (ნავთობისა და გაზის გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდის ხარჯზეც) და ჯერ „ჭკუა ასწავლა“ „თავწამოწეულ“ პატარა საქართველოს, შემდეგ კი ნახევრად ფარულად და ნახევრად დაუფარავად უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსია მოახდინა დონბასში ადგილობრივი სეპარატისტების ძალისმიერი მოქმედებების წახალისებით.

მაგრამ 2014 წლის "ყირიმის ტრიუმფი"“ დონბასსა და უკრაინის სხვა ტერიტორიაზე პუტინს აღარ გამოუვიდა - დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების საფარქვეშ მოქმედ რუს სამხედროებს აღარ ჰყოფნიდათ ძალა საბრძოლო უპირატესობის მოსაპოვებლად, რადგან უკრაინის არმიაც დაიხვეწა, მიიღო საბრძოლო გამოცდილება და მომძლავრდა იმისთვის, რომ რვაწლიანი პოზიციური ბრძოლების შემდეგ ეფიქრა შეტევების დაწყებაზე დონბასის გათავისუფლების დასაწყებად და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებზე გასასვლელად.
დიდი ომი გარდაუვალი ხდებოდა - ან პუტინს უარი უნდა ეთქვა თავის „ისტორიულ ჩანაფიქრზე“ - ბელორუსის, უკრაინისა და რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ძალით თუ მოსყიდვით მიერთებასა და „რუსეთის დიადი იმპერიის“ შექმნაზე, ან უკრაინასთან ფართომასშტაბიანი სწრაფი ომი წამოეწყო კიევის დაპყრობით, უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდებითა და პრორუსი მარიონეტების დასმით, რაც ბევრად ადვილად მოაგვარებდა უკრაინის პროდასავლური კურსიდან ისევ მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნებას...
ეს ომი შეიძლება უფრო ადრეც, ჯერ კიდევ 2018-ში ან 2020 წელსაც დაწყებულიყო, მაგრამ რუსეთს ჯერ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა და პუტინს არ აწყობდა დასავლეთისგან სანქციების დაწესება ჩემპიონატის წელს, შემდეგ კი ახალი კორონავირუსის პანდემია დაიწყო.
ომი გადაიდო 2022 წლის თებერვლამდე...
ჩაფუშული „რუსული ბლიცკრიგი“ და პუტინის არეული გეგმები
2022 წლის 24 თებერვლის განთიადი გახდა მომენტი, რომელმაც არა მარტო უკრაინისა და თავად რუსეთის უახლოესი მომავალი კარდინალურად შეცვალა, არამედ ევროპასა და მთელ მსოფლიოშიც უზარმაზარი ცვლილების მექანიზმი აამოქმედა.
უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთმა ცნო დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული "სახალხო რესპუბლიკების"“ „"დამოუკიდებლობა", ხოლო სამი დღის შემდეგ ოთხი ძირითადი მიმართულებიდან - ჩრდილოეთიდან კიევის მიმართულებით (მათ შორის ბელორუსის ტერიტორიიდან), ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ხარკოვისკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დონბასისკენ და ანექსირებული ყირიმიდან მატერიკული უკრაინის სამხრეთ ნაწილისკენ ერთდროული შეტევები დაიწყო.
რუსეთის გენშტაბში წლების განმავლობაში დამუშავებული ოპერატიული გეგმა ითვალისწინებდა კიევის დასავლეთით ჰოსტომელის აეროდრომზე (რომელიც კიევის ცენტრიდან 30 კმ-ში მდებარეობს) მოულოდნელი საშვეულმფრენო ტაქტიკური დესანტის გადასხმას, რომელსაც აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპყრობის შემდეგ უნდა უზრუნველეყო რუსეთის ფსკოვიდან გამოფრენილი ორ ათეულზე მეტი მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება ჰოსტომელში, რომლებიდანაც სამი ათასამდე რუსი მედესანტე გადმოვიდოდა დამხმარე ძალად, სანამ ბელორუსიდან შემოჭრილი რუსული ჯავშანკოლონები ჩერნობილის გავლით არ ჩააღწევდნენ ჰოსტომელში და ერთობლივად შეუტევდნენ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან კიევს, რის პარალელურადაც ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან შეჭრილი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები ჩერნიგოვისა და სუმის გავლით კიევს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეუტევდნენ.

რუსული გენშტაბის ოპერატიული გეგმა ითვალისწინებდა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში არა უგვიანეს 74 სთ-ის ანუ სამი დღე-ღამის შემდეგ შეღწევას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების მომენტიდან.
ისე, საინტერესოა, რატომ გაურბის და ერიდება ომისთვის ომის დარქმევას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი - ჩეჩნეთის მეორე ომი მან „კონსტიტუციური წყობის აღდგენად“ მონათლა, აგვისტოს ომს "საქართველოს მშვიდობისთვის იძულება"“ დაარქვა, ხოლო ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდ ომს კი „მოკრძალებით“ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.
ეს უნდა ყოფილიყო ტრადიციული ბლიცკრიგის ოპერაცია ანუ ელვისებური ომი, ისეთივე, როგორიც 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმისას "ბარბაროსას" ოპერატიული გეგმით გაითვალისწინა.
მაგრამ, როგორც მე-20 საუკუნის დიქტატორ ჰიტლერს მოეცარა ხელი, 21-ე საუკუნის დიქტატორ პუტინსაც ჩაეფუშა ბლიცკრიგის გეგმა და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არათუ სამ დღეში აიღეს კიევის ცენტრი, არამედ უკრაინის დედაქალაქშიც ვერ შეაღწიეს.
უფრო მეტიც, აპრილის დამდეგს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლება იძულებული გახდა, ომის პირველივე დღეებიდანვე დაპყრობილი ირპენიდან, ბუჩიდან, ჰოსტომელიდან, ასევე ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან საოკუპაციო ძალები გაეყვანა და დონბასის მიმართულებაზე გადაესროლა.
რუსეთის მოსახლეობისთვის ამის ახსნა კრემლმა „კეთილი ნების გამოხატვის“ სურვილით სცადა, თუმცა ნათელი გახდა, რომ რუსეთს აღარ შესწევდა ძალა ერთდროული შეტევებისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ყველა მიმართულებაზე და ამჯობინა ძალების კონცენტრაცია ათას კმ-ზე უფრო მეტი სიგრძის ფრონტის ხაზის აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე მოეხდინა.
კიევის მიმართულებაზე ბლიცკრიგის ჩაფლავების მიუხედავად, რუსმა აგრესორებმა თავიდანვე დიდ სამხედრო უპირატესობას მიაღწიეს უკრაინის სამხრეთში, როდესაც ანექსირებული ყირიმიდან შეჭრილ რუსულ საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფებს საკადრისი წინააღმდეგობა ვერ ან არ გაუწიეს იქ დისლოცირებულმა უკრაინის საბრძოლო შენაერთებმა, რისი მიზეზიც შეიძლება სახელმწიფო ღალატიც იყოს.

ყირიმიდან შეჭრილმა რუსებმა მოახერხეს დასავლეთით ხერსონისკენ წინსვლა, ნიკოლაევის გავლით ოდესის დაპყრობისა და მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრის ჩანაფიქრით.
სამხრეთიდან წამოწყებული რუსული შეტევის მეორე მიმართულება ჩრდილოეთით წარიმართა ენერგოდარისა და ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაპყრობად, ხოლო აღმოსავლეთით სწრაფი შეტევისას რუსმა ოკუპანტებმა თითქმის უბრძოლველად მოახერხეს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის აღება, რის შემდეგაც ზურგიდან, დასავლეთიდან მიადგნენ მარიუპოლს, რომლის დამცველებსაც ფრონტის ხაზი აღმოსავლეთით ჰქონდათ გაშლილი დონბასელი სეპარატისტების შეტევების მოსაგერიებლად.
მარიუპოლის დამცველებმა საოცარი გმირობა გამოიჩინეს და ალყაშემორტყმულ ქალაქს 20 მაისამდე ანუ თითქმის სამი თვე თავგანწირულად იცავდნენ მიუხედავად დაუნდობელი და სასტიკი რუსული დაბომბვებისა.
მარიუპოლის დაპყრობის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეძლეს უკრაინის აზოვის ზღვის სანაპიროს მთლიანად ხელში აღება და რუსეთის როსტოვის ოლქიდან ანექსირებული ყირიმის ოლქამდე სახმელეთო-სატრანსპორტო კომუნიკაციის ამოქმედება.
თუმცა კრემლის მეორე დიდი მიზანი - ოდესის აღება, მათ შორის საზღვაო დესანტის გადასხმით და დნესტრისპირეთისკენ გაჭრა, ჩაეფუშა...
უკრაინა კონტრიერიშზე გადადის და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას იწყებს
გაზაფხულზე რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20%-მდე ჰქონდა ოკუპირებული, თუმცა რუსულ საოკუპაციო ძალებს შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის ძალა გამოეცალათ და საბრძოლო ინიციატივა ნელ-ნელა უკრაინის არმიის მხარეს გადავიდა.
უკრაინელი არტილერისტების განუწყვეტელი დაბომბვების შედეგად რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ, რასაც დაემატა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას"“ ჩაძირვა, უკრაინული კამიკაძე-დრონების მოხშირებული „სტუმრობა“ არა მარტო ანექსირებულ ყირიმში, არამედ უკრაინის მოსაზღვრე რუსული ქალაქების სტრატეგიულ ობიექტებზეც, ყირიმის ხიდის აფეთქება, რამაც უკრაინის დამცველების საბრძოლო სულისკვეთება მნიშვნელოვნად გააძლიერა, რის საუკეთესო გაგრძელებადაც იქცა სექტემბერში მართლაც უსწრაფესი კონტრიერიში ხარკოვიდან აღმოსავლეთით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქისკენ ბალაკლეის, იზიუმის, კუპიანსკის გათავისუფლებით...
უკრაინის არმიის კონტრიერიშების მეორე მიმართულება კი სამხრეთში, ხერსონის გასათავისუფლებლად იწყებოდა, რუსი ოკუპანტების მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან განსადევნად.
უკრაინის არტილერიის მუდმივმა დაბომბვამ და მობილური ჯგუფების შეუწყვეტელმა პატარ-პატარა თავდასხმებმა რუსი ოკუპანტები აიძულა უბრძოლველად დაეტოვებინათ ხერსონი და დნეპრის მარჯვენა სანაპირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მდინარის ნაპირთან მიმწყვდეული აღმოჩნდებოდნენ, რადგან უკრაინულმა "ჰაიმარსებმა" და „ექსკალიბურებმა“ წერტილოვანი დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანეს დნეპრზე გადასასვლელი ხიდები.
დასავლეთის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარება უკრაინის დამცველებს
პუტინის რეჟიმმა არა მარტო უდიდესი სამხედრო შეცდომა დაუშვა, როცა ბლიცკრიგის იმედით კიევის დაპყრობას სამ დღეში, ხოლო მთლიანად უკრაინის „დაჩოქებას“ ორ-სამ კვირაში გეგმავდა, არამედ კრემლი საბედისწეროდ შეცდა სტრატეგიულ პოლიტიკურ გათვლებშიც, როდესაც ჩათვალა, რომ დასავლეთი ისევ მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთების“ რიტორიკას დასჯერდებოდა, როგორც საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის დროს.
ამჯერად დასავლეთმა თავისი ნატოთი და ევროკავშირით ბევრად მეტი მოქნილობა გამოიჩინა და უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას პოლიტიკური, ფინანსური და რაც მთავარია, სამხედრო დახმარება შესთავაზა.
გასაგებია, რომ დასავლეთი დახმარებას ვერ და არ აღმოუჩენდა უკრაინას, რომ დაენახა ამ ქვეყნის თავდაცვის სისტემა და ხელისუფლება რუსული აგრესიის დაწყებიდან მართლაც რამდენიმე დღეში შეიძლებოდა ჩამოშლილიყო, მაგრამ უკრაინელებმა ძალზე მკაფიოდ განაცხადეს, „სისხლი უკრაინული, იარაღი დასავლური“ - ანუ უკრაინელები სისხლს ღვრიან არა მარტო თავიანთი ქვეყნის დასაცავად, არამედ თქვენ, ევროპასაც გიცავენ 21-ე საუკუნის ჰიტლერის, პუტინის მოსალოდნელი აგრესიისგან, ამიტომაც კეთილინებეთ და მხარში ყველანაირად დაგვიდექითო...
დასავლეთისგან თავდაპირველად მიწოდებულმა ათასობით ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინმა" თუ საზენიტო "სტინგერმა" თავიანთი როლი შეასრულეს ახლო ბრძოლებში რუსული ჯავშანკოლონებისა და შვეულმფრენების მოსაგერიებლად, მაგრამ როდესაც ბრძოლა უფრო პოზიციური გახდა და საქმეში შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი არტილერია ჩაერთო, მაშინ დასავლეთის სამხედრო დახმარებაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა - "ჰაიმარსების" მართვადმა რაკეტებმა და „ექსკალიბურის“ მართვადმა საარტილერიო ჭურვებმა მართლაც მინიგადატრიალება მოახდინეს ამ ომში - იქ, სადაც რუსი არტილერისტები ასამდე ჭურვსა და რაკეტას ისვრიან ერთი სამიზნის როგორმე დასაზიანებლად, უკრაინელები ერთი-ორი უზუსტესი დარტყმით აღწევენ მიზანს.
მაგრამ უკრაინის არმიას კონტრიერიშების გასაგრძელებლად აუცილებლად სჭირდება უფრო შორსმსროლელი და მეტი სიმძლავრის შეიარაღების სახეობები, ისევე როგორც თანამედროვე საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები უკრაინის ცის უკეთესად დასაცავად რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული კამიკაძე-დრონებისგან.
რუსეთ-უკრაინის ომის 2023 წელს გაგრძელების პერსპექტივები
შემოდგომის წვიმის სეზონმა და ზამთარმა მოსალოდნელად შეანელა ომის დინამიკა და ბრძოლებმა პოზიციური ხასიათი მიიღო, მიუხედავად ამისა, 2023 წლის იანვრის მიწურულიდან და თებერვლის დამდეგიდან მოსალოდნელია საბრძოლო აქტიურობის გაზრდა ორივე მოწინააღმდეგე მხრიდან, რასაც ნიადაგის გაყინვა და მასზე მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების გაადვილებაც შეუწყობს ხელს.
თუკი რუსი აგრესორების სამხედრო გეგმა უკვე ნათელია, კერძოდ, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე როგორმე გასვლა, რისთვისაც ბახმუტზე ოთხთვიან სისხლისმღვრელ შეტევებში რუს ჯარისკაცებს დაუნანებლად ხოცავს, უკრაინის გენშტაბის ჩანაფიქრი, წესით, უნდა მოიცავდეს სამხრეთით ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების სერიის წამოწყებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის გათავისუფლებისა და აზოვის ზღვის სანაპიროზე გასვლის ჩათვლით, რაც რუს ოკუპანტებს გადაუკეტავს როსტოვის ოლქიდან ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალ ალტერნატიულ სახმელეთო გზას.
ამასთან, უკრაინელები ხერსონის ოლქის სრული დეოკუპაციის შემდეგ მიადგებიან ანექსირებულ ყირიმში ორად ორ გადასასვლელს და მათი გაკონტროლების შემდეგ გაეხსნებათ საუკეთესო პერსპექტივა ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინის შემადგენლობაში დასაბრუნებლად.
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე
უკრაინაში ფრონტის ხაზიდან საქართველოს საზღვრამდე პირდაპირი ხაზით მართალია 600 კმ-ზე მეტია, მაგრამ ეს ომი მაინც სერიოზულად ეხება ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებს.
პირველი - საქართველო დიპლომატიურად გვერდში უდგას უკრაინას, რაც კარგად ჩანს უკრაინის მხარდამჭერ გაეროს რეზოლუციებში ხმის მიცემის კენჭისყრებიდანაც, თუმცა საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ დისტანციას იცავს რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო რიტორიკისგან, რაც კულუარებში რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით აიხსნება, იმ რუსეთის, რომელსაც ისედაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი - თბილისიდან ორმოციოდე კმ-ში მისი ტანკები დგას და სამხედრო აგრესიის განახლებასაც არ მოერიდება.
მეორე - საქართველოსა და უკრაინის დღევანდელ ხელისუფალთა შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ჯერ კიდევ ამ ომის დაწყებამდე შავმა კატამ გაირბინა, რის უკიდურესად დამამძიმებელ გარემოებად გადაიქცა სააკაშვილის გასული წლის მოულოდნელი დაბრუნება სამშობლოში.
ოფიციალურმა თბილისმა მაშინ მინიშნებით განაცხადა, ახლა კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მაგრამ უკვე უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მალულად გამოგზავნა ორგანიზებული იყო უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ შემდეგი მიზნით - საქართველოში დაბრუნებულ სააკაშვილს უნდა მოეხდინა ოპოზიციის ძალების კოორდინირება და არჩევნებამდე არაკონსტიტუციური, ძალისმიერი გზით დაბრუნებულიყო საქართველოს ხელისუფლებაში, რის შემდეგაც უკიდურესად დაძაბავდა სიტუაციას რუსეთთან, რათა კრემლის ყურადღება გადართულიყო საქართველოზე, რითაც შეიძლება გადავადებულიყო რუსეთის დაგეგმილი თავდასხმა უკრაინაზეო.
მესამე - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კვლავაც იმ ნარატივს ავითარებს, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკური წრე ოფიციალურ თბილისს ურჩევდნენ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას, რათა უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთის არმიას დამატებითი პრობლემები შეჰქმნოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც, რაც შეასუსტებდა რუსი ოკუპანტების შეტევებს უკრაინაში, თუმცა განაახლებდა ქართულ მიწაზე.
მეოთხე - ზოგიერთი დასავლური ქვეყნის სახელისუფლებო წრეებში კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ხელისუფლებაზე კულუარულ პოლიტიკურ ზეწოლას ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისთვის, თუმცა ოფიციალურ თბილისს მოუწოდებენ გააქტიურდეს უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის გადასცეს ქართული არმიის არსენალში არსებული ის საბჭოთა წარმოების შეიარაღება (შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ), რომელიც ძალიან სჭირდება უკრაინას.
რუსეთ-უკრაინის ომი მომავალ, 2023 წელსაც დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, რომელსაც აუცილებლად დაამძიმებს მსჯავრდადებული სააკაშვილის საკითხიც, რომლის გადაუჭრელობა უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.