სიყვარული ომში - კვირის პალიტრა

სიყვარული ომში

"ქორწილების ბუმი უკრაინაში - სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად სიყვარული აერთიანებს უკრაინელებს", - იუწყება უკრაინული პრესა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. ქვეყანაში 2022 წლის (19 ნოემბრის) მონაცემებით, 200 409 ქორწინება დარეგისტრირდა და 183 105 უკრაინელი დაიბადა. რაც შეეხება დისტანციურ ქორწინებას, ომის დროს საფუძველჩაყრილ სიახლეს, უკრაინაში 2500-მდე დისტანციური ქორწინება დაფიქსირდა. ჩვენს რუბრიკაში რამდენიმეს ისტორიას გიამბობთ.

love3-1671969088.jpg

ლვოვში 23 წლის მედდა ოქსანა, რომელმაც ნაღმზე აფეთქების გამო ორივე ფეხი და მარცხენა ხელის 4 თითი დაკარგა­, გათხოვდა. ოქსანა და მისი რჩეული ბილიკს მიუყვებოდნენ იმ საბედისწერო დღეს. ქალი წინ მიდიოდა და ნაღმიც სწორედ მის ფეხებში აფეთქდა.მართალია, წყვილი ქორწინებამდეც კარგა ხანს ცხოვრობდა ერთად და უკვე 2 შვილს ზრდის, მაგრამ ურთიერთობა სწორედ ომის დროს, მაისში დააკანონეს. საქორწინო ცერემონია საავადმყოფოს პალატაში გაიმართა.

love6-1671969088.jpg

"აზოვის" ასეულის მეთაური ლევ პაშკო, მეტსახელად "ჰორუსი", ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ დაქორწინდა.უკრაინის ეროვნული გვარდიის "ფეი­ს­ბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: "უკრაინის გმირი, ლევ პაშკო, რომელიც 21 სექტემბერს ყველაზე დიდ ტყვეთა გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან, დაქორწინდა.­ ვულოცავთ ახალდაქორწინებულებს. ვუსურვებთ ოჯახურ კომფორტს და კეთილდღეობას".

ექთან ანასტასია გრაჩევასა და ექიმ ანტონ სოკოლოვის საქორწინო ცერემონია ხარკოვის მეტროსადგურ "უნივერსიტეტში" გაიმართა, შეფარებული თანამემამულეების თანდასწრებით. ცერემონიას ქალაქის მერიც დაესწრო. ხელისმოწერის შემდეგ წყვილმა ფოტოსესია დაბომბილ ხარკოვში გამართა - ამით უნდოდათ ეჩვენებინათ ომით დაქანცული უკრაინელებისთვის, რომ„სიყვარული ყველაფერზე გაიმარჯვებს.

love4-1671969088.jpg

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრების ლესია ივაშჩენკოსა და ვალერი ფილიმონოვის ჯვრისწერა კიევის საგუშაგოზე 6 მარტს გაიმართა. სამხედროფორმიან პატარძალს ხელში ვარდების თაიგული ეჭირა და თავზე ფატა უფრიალებდა. "20 წელია ერთად ვცხოვრობთ და სულ ვდებდით ჯვრისწერას, ომში კი ხვდები, რომ "ხვალ" შესაძლოა არ დადგეს, ამიტომ დაუყოვნებლივ დავაკანონეთ ჩვენი ურთიერთობა ღვთის წინაშე", - ამბობს წყვილი.

love-1671969088.jpg

უკრაინელმა 22 წლის სამხედრო სერგეი კოსტიუჩენკომ გაცნობიდან წლისთავზე გადაწყვიტა, იულიას სიყვარულში გამოსტყდომოდა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - დავალების შესრულებისას სერგეი ნაღმზე აფეთქდა და ხელი დაკარგა. ამის შემდეგ გადაწყვიტა გამქრალიყო იულიას ცხოვრებიდან, თუმცა იულიამ იპოვა და მასთან დაშორება აღარ მოინდომა.

love5-1671969088.jpg

სექტემბერში კიევში უჩვეულო ქორწილი გაიმართა - ოფიცერმა ევგენი ვოროტილომ და მარია გურეშმა იქორწინეს, ხელისმომკიდე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იყო, ხოლო ქორწინების ცერემონია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ჩაატარა.