"ერთი ნატვრა მაქვს..."
რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი: - შობა-ახალი წელი ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია: ამ დღეებში ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ და აღვიქვამ, თითქოს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ჩემთვის ეს დღესასწაული ლურჯიც არის, ოქროსფერიც, კამკამა ცისფერიც, თეთრიც... მოკლედ, ძალიან ფერადი და ლამაზია. როდესაც საუკეთესო ახალ წელზე მეკითხებიან, 2006 წლის დეკემბერი მახსენდება: მაშინ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, პარიზში ვიყავით. ახალი წლის ღამეს ჩვენი სახელოსნოს ვერანდაზე გამათბობლები გავიტანეთ, მეგობრებიც მოვიდნენ და უეცრად, ნამდვილ ზღაპარში აღმოვჩნდით: მთელი პარიზი ხელისგულივით მოჩანდა, ყველაფერი განათებული და ლამაზი იყო, ხოლო განწყობა ყველას ფანტასტიკური გვქონდა. განვლილმა წლებმა ერთი რამ უეჭველად მასწავლა: მუდმივი ჩვენს ცხოვრებაში არც სიხარულია და არც მწუხარება, განსაცდელიც ისე ჩაივლის, როგორც სიხარული, და დრო ყველანაირ ტკივილს წაშლის. ადამიანი თავის საქმეს გულით თუ აკეთებს და ხელს არ ჩაიქნევს, უფალი ეხმარება და ყველაფერს მიაღწევს.
რას ვინატრებდი მომავალი წლისაგან? - ერთი ნატვრა მაქვს: ქართველებმა ერთმანეთის სიყვარული ისწავლონ. არ შეიძლება მოყვასს პოლიტიკის გამო დაუპირისპირდე. მოყვასისა და მოძმის სიყვარული იმხელა ძალაა, ვერაფერი დაამარცხებს!
"მომავალს იმედით ვხვდები"
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: - ახალ წელს სიამოვნებით ველოდები და ჩემს საყვარელ ოჯახთან ერთად აღვნიშნავ. 2023 წელი მოდის და მეც მომავლის იმედით ვხვდები. მინდა ჩემს საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე დასდგომოდეს, ჩვენ კი არ მოგვშლოდეს რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ჩვენი სამშობლოს მომავალი ისეთი იქნება, როგორიც ყველას გვინატრია და დღესაც ვნატრობთ. ოღონდ მხოლოდ ნატვრა და იმედი ვერაფერს გვიშველის: აუცილებელია ერთი რამ - დაუღალავი ბრძოლა დასახული მიზნისა და ნატვრის შესასრულებლად!
"ახალი წლის აღნიშვნას ჩემი ოჯახი 27 დეკემბრიდან იწყებს"
იმედა კახიანი, მსახიობი: - 27 დეკემბერი ჩემი პირველი შვილიშვილის - ნინი ბადურაშვილის დაბადების დღეა, თანაც, ეს სიხარული ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედიის შემდეგ ეწვია: უფრო ადრე 14 წლის ვაჟი დავკარგეთ და ეს ტრაგედია შვილიშვილის დაბადებამ გადაგვატანინა. ამიტომ ახალი წლის მოსვლას ჩემს ოჯახში 27 დეკემბრიდან აღვნიშნავთ. მომავალი წლისგან რას ვნატრობ? - ჩვენმა ხალხმა ერთმანეთის სიყვარული არ დაკარგოს. ხშირად მახსენდება ჩემი სტუდენტობა, როცა პლეხანოვზე, ე.წ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი, სადაც ქართველები, სომხები, რუსები, ებრაელები - ყველა ერთად ვიყავით და საოცარი სიყვარული გვქონდა. ყველაზე მეტად მაშინდელი თბილისი მენატრება. დღეს სხვადასხვა ეროვნების ხალხი კი არა, ქართველები არ ინდობენ ერთმანეთს. უნდა ვიშრომოთ და ერთმანეთი გვიყვარდეს - ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც გადაგვარჩენს!
"ახალი წელი ბავშვივით მიხარია!"
ნატო მეტონიძე, მომღერალი: - რაღაცნაირი, სიტყვით აუხსნელი და გაუცნობიერებელი მოლოდინი მაქვს. შეიძლება ეს ბავშვური განცდა იყოს, მაგრამ ყოველ ახალ წელს რაღაც კარგის მოლოდინში ვარ. ნაძვის ხის მორთვა-მოკაზმვა ბავშვივით მიხარია! და ყველაფერი, რაც ამ დღესასწაულთანაა დაკავშირებული. ცუდად არც ერთი საახალწლო დღესასწაული არ მახსენდება, რადგან ყოველთვის ვცდილობ ამ დროს სასიამოვნო გარემოში მოვხვდე. მართალია, 1-ლ იანვარს ოჯახში შეხვედრას იშვიათად ვახერხებ, რადგან ან კონცერტზე ვარ, ან საახალწლო ღონისძიებაზე, მაგრამ კოლეგები სულ ვცდილობთ, კულისებშიც კი, სადღესასწაულო გარემო შევქმნათ. თანაც, ეს კონცერტები ძირითადად ქუჩაში იმართება, სადაც სადღესასწაულო განწყობა ყველაზე კარგად იგრძნობა. მინდა ყველას მივულოცო ეს მშვენიერი დღესასწაული და ჩვენს ხალხს გონიერება, და უკეთესი ხვალინდელი დღე ვუსურვო.
ხათუნა ჩიგოგიძე