"რუსებს სცენიდან დასარტყამი ინსტრუმენტის თეფშებს ვესროდი" - კვირის პალიტრა

"რუსებს სცენიდან დასარტყამი ინსტრუმენტის თეფშებს ვესროდი"

არქივი, 2022 წელი

როგორ აცილებს 2022 წელს და რა მოლოდინით ხვდება ყველასთვის საყვარელი დათო ევგენიძე ახალ 2023 წელს, "კვირის პალიტრის" მკითხველს თავად უამბობს:

- ეს წელი დატვირთული იყო უფრო საზოგადოებრივი საქმეებით, ვიდრე ჩემი პირადი ხელოვნებით. გავმართე ქართულენო­ვანი მრავალჟანრობრივი სიმღერებისა და თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკის ორი ფესტივალი, ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი თბილისსა და ბათუმში.

ოჯახური ცხოვრების მე-17 წლისთავზე­ მე და ჩემმა ცოლმა ხელი მოვაწერეთ. ჯვარი დაწერილი გვქონდა. დავიწერეთ თუ არა, საქართველოდან წავედით, რომ დავბრუნდით, რაღაცნაირად გადაგვავიწყდა. რადგან ვაწერდით ხელს, სადღესასწაულო სახეც მივეცით. მე ნინოზე 17 წლით უფროსი ვარ, ჩვენი შვილი უკვე 18 წლის ხდება.

- საახალწლოდ რა გეგმა გაქვთ?

- 31-ში კონცერტი მაქვს ჯერ ორბელიანის ბაღში, მერე ფუნიკულიორზე.

შობა-ახალი წელი ძალიან მიყვარს. წლების წინ, დედას დაესიზმრა ჩემი და (რომელიც დიდი ხანია ანგელოზებთან არის, უფრო სწორად, ახლა უკვე ორივე ანგელოზებთანაა) და უთხრა, ნაძვის ხე როგორ მოერთო - ფორთოხალი დაჭერით და თითოეული ნაჭერი ფერადი ლენტებით ჩამოკიდეთ ნაძვის ხეზეო. მას შემდეგ ფორთოხლის ნაჭრებით ვრთავთ ნაძვის ხეს. ლია 16 წლისა გარდაიცვალა. ზღვაზე იპოვეს გარდაცვლილი. მაშინ 18 წლის ვიყავი. ეს ამბავი ჩემი უდიდესი ტკივილია. გარდაცვალება არ ნიშნავს დასასრულს. მე მჯერა უკვდავების, ღვთის. იქიდან ყოველთვის არის გზავნილები.

evgenidze-1671970051.jpg

- ერთგან თქვით, სიკვდილთან ვძმაკაცობო.

- ჩემი ცხოვრების წესით სულ უფსკრულის პირას დავდივარ. ეტყობა, ჯერ ჩემი დრო არ დამდგარა. სიკვდილის ანგელოზს ჩემთვის ბევრჯერ გადაუვადებია სიკვდილი. მაგალითად, შარშან მეუღლესთან ერთად "ევროვიზიაზე" უნდა წავსულიყავი პარიზში როგორც არხის მუსიკალური პროდიუსერი, ბილეთები აღებული მქონდა. საფრანგეთში მყავს შვილი და შვილიშვილები, რომლებიც მენატრებიან, ანუ წასვლის მოტივაციაც მეტი მქონდა, მაგრამ აბსოლუტურად უმიზეზოდ ჩავაბარე ბილეთები და იმ დროს, როცა თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, ვარიკოზული სისხლდენა ამიტყდა. თვითმფრინავში რომ ვყოფილიყავი, ვერ გადავრჩებოდი.

evgenidze2-1671970144.jpg

- შემთხვევით, ერთი ამბავი შევიტყვე. ეს ეხება სრულიად უცხო ადამიანს, რომლისთვისაც­ ვალი აიღეთ, რომ ღვიძლი გადაგენერგათ.

- 31 დეკემბერს დავასაფლავე დედა, იმავე დღეს საახალწლო კონცერტზე დაკვრამ მომიწია. კონცერტის შემდეგ დავლიე. შინ რომ მივდიოდი, ტაქსიში მძღოლს გულისტკივილით ვუთხარი, რანაირი პროფესია მაქვს, დღეს დავკარგე დედა და დღესვე კონცერტზე დავუკარი-მეთქი. სახლამდე სასმელი კიდევ ვიყიდე. მანქანაში რომ ვჯდებოდი, მძღოლს სახეზე ლაქები შევამჩნიე. რა გჭირს-მეთქი? 2-3 თვის სიცოცხლეღა დამრჩა, ღვიძლი მეშლება, გადანერგვის გარდა, არაფერი მიშველის, მაგრამ არა მაქვს ამის საშუალებაო. ჩავთვალე, რომ ის კაცი დედაჩემის გამოგზავნილი იყო. იმ დღეს დავასაფლავე დედა და იმ დღეს შემხვდა ის კაციც... დამშვიდობებისას მისი ნომერი ჩავიწერე. მეორე დღეს მეუღლეს ვუთხარი, ბოლო აკრეფილი­ ნომერი ნახე-მეთქი. გაუკვირდა, ღვიძლი გიწერია ნომრის სახელადო. დავ­ურეკე, გავიგე, რომ ზვიადი ერქვა. გამოვკითხე რა იყო საჭირო და ფული ვისესხე, დღემდე ვიხდი მაგ ვალს. ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა, ჩემი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენაზე. ოპერაციიდან მეხუთე წლისთავზე "კოვიდით" დაიღუპა. როგორც ოჯახის წევრზე, ისე დამწყდა გული.

- რომელიმე ახალი წელი გაიხსენეთ, ბედნიერი წელი, მეგობრებთან ერთად გატარებული.

- საგიჟეთს ვატარებდით ხოლმე მე, კოლია დანელია, გიორგი დანელიას შვილი, ზურა ყიფშიძე, მიშა კალატოზიშვილი, ვატო კახიძე. ერთად ვსწავლობდით მოსკოვში, ზოგი კონსერვატორიაში, ზოგიც ვგიკში... მიშა გომიაშვილიც ჩვენ შორის იყო. ერთხელ რესტორანში ჩხუბი მოგვივიდა, ძველი ბიჭები იყვნენ "სოლნცევოს ბრატვადან". მე რესტორნის პატარა სცენაზე ვუკრავდი. ერთმა ჩემს მეგობარს შეაგინა, ამანაც უპასუხა და ატყდა ჩხუბი. მე სცენიდან დასარტყამი ინსტრუმენტის თეფშებს ვესროდი, სარკეს ხვდებოდა და ნამსხვრევები მათ ეყრებოდა, ამან გვიშველა. მერე ვიღაცამ ატეხა ყვირილი, მილიციაო, და გაიქცნენ...

evgenidze.jpg

- გიორგი დანელიას თუ შეხვედრიხართ?

- ხშირად ავდიოდით კოლიასთან სტუმრად და იქ ბატონი გიორგიც გვხვდებოდა. კოლია რომ დაიღუპა, მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ. მის გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე მქონდა ბედნიერება მენახა და ჩემი წიგნი გადამეცა. ძალიან გაუხარდა. დიდ მიშა კალატოზიშვილთანაც ხშირი სტუმრები ვიყავით ხოლმე.

საინტერესო ხალხთან მქონდა ურთიერთობა: გიორგი შენგელაიასთან, რეზო გაბრიაძესთან, გენიოსთან, რომელსაც საოცარი იუმორი ჰქონდა. სოფიო ჭიაურელს ვუყვარდი ძალიან და ხშირად ერთი მსახიობის თეატრში ჩემს საღამოებს მართავდა.

მიუხედავად ჩვენი ურთულესი ისტორიისა და უზარმაზარი დამპყრობლების არსებობისა, ენა, მამული და სარწმუნეობა შენარჩუნებული გვაქვს. საქართველო ჩემი ოჯახია, სხვაგან სტუმარი ვარ. რუსეთი აგვისტოს ომის შემდეგ დავტოვე, უკრაინის ომამდე დიდი ხნით ადრე.

- რას შეცვლიდით დღევანდელ საქართველოში?

- დაპირისპირებას. ჩვენს ქვეყანას ბედნიერ ახალ წელს, მშვიდობას, გაძლიერებას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვუსურვებ, ოღონდ მშვიდობიანად, მეგობრობითა და ძმობით.

ეკა სალაღაია