“ფანჯარა” ორი ათასი წლის მიღმა - კვირის პალიტრა

“ფანჯარა” ორი ათასი წლის მიღმა

ფაიუმის პორტრეტები მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების ექსპოზიციის აუცილებელი ნაწილია. ეს გახლავთ ახ.წ. I-III საუკუნეებში ეგვიპტეში შექმნილი მიცვალებულთა ფერწერული პორტრეტები. ნახატები დიდი ოსტატობით არის შესრულებული და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. პორტრეტები დიდი სიზუსტით გადმოგვცემს ორი ათასწლეულის წინ მცხოვრებ რეალურ ადამიანთა გარეგნობას. ჩვენ ვხედავთ არა სამხედრო თუ პოლიტიკური მოღვაწეების, არა პოეტების ან ფილოსოფოსების, არამედ რიგითი მოქალაქეების ჩვენამდე შესანიშნავად მოღწეულ სახეებს. შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივი ადამიანების მეორე ამგვარი გალერეა საერთოდ არ არსებობს.

პირველი პორტრეტები ჯერ კიდევ 1615 წელს იპოვეს. ისინი იტალიელმა მოგზაურმა პიეტრო დელა ვალემ აღწერა საკარა-მემფისის ოაზისში ყოფნისას. საქართველოში კარგად ცნობილ პიეტრო დელა ვალეს (ეს რომაელი არისტოკრატი აგრეთვე იყო ვაჭარი, აღმოსავლეთმცოდნე, ლიტერატორი, თეოლოგი, დიპლომატი და სხვ.) შემოვლილი ჰქონდა აღმოსავლეთის ქვეყნები, ოსმალეთის იმპერია, არაბეთი.

1-2-1671970276.jpg
ფაიუმის პორტრეტები - ქალის

დიდხანს იყო სპარსეთში, შაჰ-აბას I-ის კარზე, სადაც დაუახლოვდა სპარსეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის ქეთევან დედოფალს, აღწერა საქართველო და ქართველები და 1626 წელს რომში დაბრუნებულმა, პაპს მოხსენება წარუდგინა ჩვენი ქვეყნის შესახებ... პიეტრო დელა ვალემ მემფისიდან ევროპაში ორი პორტრეტი წაიღო. დღეს ისინი დრეზდენის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმში ინახება.1887 წლიდან კი პორტრეტები დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს ფაიუმის ოაზისში და მათ “ფაიუმის პორტრეტებიც” მაშინ უწოდეს. დღეს სულ ცნობილია 900-მდე პორტრეტი.

ეგვიპტეში მიცვალებულის მუმიის ტრადიციული ნიღბის ამგვარი პორტრეტით ჩანაცვლება ბერძენ-რომაელთა გავლენაა. ფაიუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ ბერძნული გახდა, როცა ალექსანდრე მაკედონელმა ეგვიპტე დაიპყრო, შემდგომში კი მათ რომაელები დაემატნენ “ კლეოპატრას გარდაცვალებისა და რომის მიერ ეგვიპტის ანექსიის შემდეგ. ფაიუმის პორტრეტები ერთდროულად ეგვიპტური და ანტიკური ხელოვნების ტრადიციებიდან მოდის და ისინი კულტურათა ურთიერთშეღწევის შთამბეჭდავ ნიმუშს წარმოადგენს. ეგვიპტეში, სადაც მანამდე ადამიანის ყველა პორტრეტი პროფილში სრულდებოდა, ანფასში ხატვა პირველად სწორედ ანტიკური მხატვრებისგან აითვისეს.

ფაიუმის პორტრეტები I-II საუკუნეებში იქმნებოდა ხის ფირფიტებზე ცვილის ფერწერის, ე.წ. ენკაუსტიკის ტექნიკით. ასეთი ნამუშევარი ფერების არაჩვეულებ­რივი სიხასხასითა და სიმდიდრით გამო­ირჩევა. ენკაუსტიკით შესრულებული ნახატი საუკუნეებს უძლებს. თავისი როლი შეასრულა ეგვიპტის მშრალმა კლიმატმაც, რამაც პორტრეტები თითქმის პირვანდელი სახით შემოგვინახა.

III საუკუნეში ენკაუსტიკა ტემპერამ ჩაანაცვლა, როცა საღებავი პიგმენტების შესარევად ხშირად იყენებდნენ ქათმის კვერცხის გულს. ბევრი პორტრეტი შესრულებულია ორივე, ენკაუსტიკისა და ტემპერის შერეული ტექნიკით. დასრულებულ პორტრეტს ამაგრებდნენ ტილოს ფენებზე, რომლებშიც მუმია იყო გახვეული. ეს ქმნიდა ე.წ. ღია ფანჯრის ეფექტს, საიდანაც თითქოს მიცვალებულის სახის დანახვა შეიძლებოდა. ზოგჯერ პორტრეტები პირდაპირ ტილოზეც იხატებოდა. ხატვისას ფართოდ იყენებდნენ ოქროს. პორტრეტების უმრავლესობაზე ახალგაზრდები არიან გამოსახული. მეცნიერებმა შეადარეს მათი ასაკი მუმიის ასაკს გარდაცვალების მომენტში და ისინი იდენტური აღმოჩნდა. ჩანს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაშინ საკმაოდ დაბალი იყო. უმეტესი ნაწილი გამოსახულია თმის ისეთი ვარცხნილობით, რომელიც მათი დროის მოდას შეესაბამებოდა. იმპერატორების რომში მოდა მუდმივად იცვლებოდა, თითოეულ იმპერატორს თავისი სტილი ჰქონდა, იმპერატორების ცოლების ვარცხნილობათა ნიმუშები კი მოდელების სახით იგზავნებოდა დედაქალაქიდან პროვინციებში. შესაბამისად, ქალები იმპერატორის ცოლის ვარცხნილობას ბაძავდნენ, ხოლო მამაკაცები“ იმპერატორისას. მეცნიერებს ეს მრავალი პორტრეტის დათარიღებაში დაეხმარა. მათ ისიც გაითვალისწინეს, რომ ვარცხნილობის ნიმუშებს პროვინციებში ჩასასვლელად დიდი დრო სჭირდებოდა და როგორც დაასკვნეს, ვარცხნილობის მოდა ფაიუმში დედაქალაქისას 20-30 წლით ჩამორჩებოდა.

1-1-1671970276.jpg
ფაიუმის პორტრეტები - ბავშვის

პორტრეტები ძირითადად ეკუთვნის სამხედრო მოსამსახურეთა, მოხელეთა და სასულიერო პირთა მაღალ სოციალურ ფენას. ცხადია, ყველას ვერ ექნებოდა გარდაცვლილის პორტრეტის შექმნის სახსრები და -მ პერიოდის მუმიების უმრავლესობაც სურათების გარეშეა აღმოჩენილი.თვალები პორტრეტებზე ხშირად ბუნებრივზე დიდია. ძველი ეგვიპტელების რწმენის თანახმად, სული პირი­­დან ამოდის, ხოლო უკან სხეულში თვალებიდან ბრუნდება. aმიტომ სარკოფაგებზე გამოსახულე­ბებს ღია თვალებით გამოსახავდნენ. თვალების, ანუ “სულის კარიბჭის” დაფარვა საშინელ შურისძიებად ითვლებოდა.

ფაიუმის პორტრეტებმა დიდი გავლენა მოახდინა ადრექრისტიანულ ხატწერაზე, რომლის უძველესი, V-VI საუკუნეების ნიმუშები ნაპოვნია ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. ფაიუმის პორტრეტებს ზოგჯერ უწოდებენ “ხატებს ხატებამდე”, ხატწერის წინამორბედებს. მათ და ადრეულ ხატებს აქვთ შესრულების საერთო მხატვრული ტექნიკა: ენკაუსტიკა და ტემპერა. თანაც, ძველი მხატვრები ცდილობდნენ გარდაცვლილის არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ მარადიული სულის გადმოცემას; ფაიუმის პორტრეტებზე გამოსახული სევდიანი მზერა, მარადისობისკენ მიმართული, შესანიშნავად შეესაბამებოდა ბიზანტიის რელიგიური ხელოვნების ამოცანებს.

რამაზ გურგენიძე

"ისტორიანი" .#126