წიწამურის ტრაგედიის ერთი გამოცანა - კვირის პალიტრა

წიწამურის ტრაგედიის ერთი გამოცანა

“საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე” – ამ სიტყვებით ამცნო გაზეთ “ისრის” 1907 წლის 31 აგვისტოს ნომერმა იმდროინდელ საზოგადოებას მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ვერაგული მკვლელობის ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ილიას მკვლელობიდან 115 წელიწადი გავიდა, “წიწამურის ტრაგედიის” რიგი გარემოებანი დღემდე ბურუსითაა მოცული.

ილიას მკვლელობის საქმეზე ორჯერ გაიმართა სასამართლო პროცესი: 1907-1909 წლებში (ცარიზმის დროს) და 1941-1942 წლებში (საბჭოთა დიქტატურის პირობებში), თუმცა სიმართლე მაინც ვერ დადგინდა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ 1987 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ილიას მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. კომისიაში შედიოდნენ: გიორგი ციციშვილი (თავმჯდომარე), ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, შოთა ბადრიძე, აკაკი ბაქრაძე, ლევან სანიკიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, როინ მეტრეველი, გურამ შარაძე, მუხრან მაჭავარიანი, ლეონიდე გორგილაძე, ლევან თოიძე (მდივანი), პროკოფი რატიანი, დევი სტურუა, არჩილ სულაკაური, აკაკი სურგულაძე, სარგის ცაიშვილი, სერგი ჭილაია, თამაზ ჭილაძე, ელიზბარ ჯაველიძე, გიორგი ჯიბლაძე, თენგიზ ბუაჩიძე, სოლომონ ლეკიშვილი, რევაზ მიშველაძე, ზურაბ რატიანი, ნიკო ჩერქეზიშვილი, აკაკი ძიძიგური, ოთარ ჭილაძე. როგორც პროფესორი გურამ ყორანაშვილი წერს, “თითქოს დიდად შთამბეჭდავი სია გახლავთ! მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება უკუპროპორციულია ჩამოთვლილ პირთა აღსრულებული საქმისა” (ცხადია, ვგულისხმობთ ილიას მკვლელობის საქმეს. - ზ. ქ.).

2-4-1671970987.jpg
დიმიტრი ჯაში

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ გაურკვევლობას წარმოადგენს ილიას მოურავის, დიმიტრი სოფრომის ძე ჯაშის როლი - იყო თუ არა ის დაკავშირებული მკვლელობასთან და თუ იყო, როგორ? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ილიას მკვლელობის შემსწავლელ ისტორიოგრაფიაში გამოიყოფა ორი მიმართულება: მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ დიმიტრი ჯაში არ არის დაკავშირებული ილიას მკვლელობასთან, ხოლო მეორე ნაწილი საპირისპირო აზრზე დგას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიზიარებთ მეორე მხარის მოსაზრებებს და მივიჩნევთ, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი და წამქეზებელი უნდა ყოფილიყო სწორედ ილიას უკანასკნელი მოურავი დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ილიას მკვლელობის ორი სასამართლოს მასალები, აგრეთვე მოგონებები, ჩანაწერები და უამრავი სხვა დოკუმენტი.პირველ რიგში, გვსურს შევეხოთ იმ გარემოებას, თუ როგორ მოხვდა დიმიტრი ჯაში ილიასთან მოურავად. ჩვენ (და არა მარტო ჩვენ) მივიჩნევთ, რომ ილიასთან მამულში მოურავად მოწყობა იყო წინასწარგანსაზღვრული ქმედება, რასაც საბოლოოდ უნდა მოჰყოლოდა მისი მკვლელობა. სანამ დიმიტრი ჯაში საგურამოს მამულს ჩაიბარებდა, მანამდე მწერლის დასთან, ელისაბედ საგინაშვილთან მუშაობდა. თურმე ელისაბედი იღებდა მუქარის წერილებს, სადაც მას მკვლელობითაც ემუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც სამუშაოზე აიყვანა დიმიტრი ჯაში, მუქარის წერილები შეწყდა. ვფიქრობთ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. მუქარის წერილების გაგზავნა, ჯაშის მისვლა საგინაშვილთან, შემდეგ სამუშაოდ მოწყობა და ამ წერილების შეწყვეტა ამის მიმანიშნებელია. მაგრამ, ცხადია, ჯაშის მიზანს არ წარმოადგენდა ელისაბედთან სამუშაოდ დარჩენა. ამის დადასტურებაა მწერლისა და დრამატურგის, სანდრო შანშიაშვილის საინტერესო მოგონება: “შემთხვევამ ისე მოიტანა, რომ ილიას სამუშაო კაბინეტში მე ვცხოვრობდი 1920 წლამდე. მაშინ ილიას და, ელისაბედი ჯერ კიდევ ჯანმრთელად იყო. ბევრი რამ მიამბო ელისაბედმა ილიას ოჯახური ცხოვრების ირგვლივ და ის ამბავიც, თუ როგორ მოაბეზრა თავი ჯაშმა, სანამ ილია მოურავად მიიღებდა”.

ის რაც შეიძლება მალე უნდა მოხვედრილიყო ილიასთან უფრო ახლოს. ილია ჭავჭავაძე კი ამ დროს პეტერბურგში იმყოფებოდა და მალევე აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. სწორედ ამ პერიოდში, 1907 წლის 7 ივნისს, საგურამოში, სასტიკად მოკლეს ილიას მოურავი მოსე მემარნიშვილი და მისი მეუღლე, ხოლო მათი სახლი გაძარცვეს (მკვლელი იყო პავლე ფშავლიშვილი (აფციაური), რომელიც შემდგომ ილიას მკვლელობაშიც მონაწილეობდა). 1907 წლის 12 ივნისს ილია საგურამოში ჩავიდა. ცხადია, მას ახალი მოურავი სჭირდებოდა და აი, აქ მიხეილ ჩიკვაიძემ, რომელიც იყო ილიასა და ელისაბედის მამულის გამგე, ილიას შესთავაზა დიმიტრი ჯაში, რომელსაც სოფლის მეურნეობისა არა გაეგებოდა. მაგრამ ილიას, როგორც ჩანს, ძალიან სჭირდებოდა ახალი მოურავი, რადგანაც მამული უმეთვალყურეოდ იყო დარჩენილი და მანაც დიმიტრი ჯაში მალევე აიყვანა. დავუბრუნდეთ მოსე მემარნიშვილის მკვლელობის ამბავს. ცხადია, ეს მკვლელობა იმიტომ განხორციელდა, რომ გამოთავისუფლებულიყო მოურავის თანამდებობა. სავსებით ვეთანხმებით პროფესორ ვახტან გურულის მტკიცებას, რომ “მოსე მემარნიშვილისა და მისი მეუღლის დახოცვა არ იყო მკვლელობა ძარცვის მიზნით. ამ მოვლენის ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ილიას მკვლელობა, ვითომდა, ძარცვის მიზნით, ხოლო ორგანიზატორი ვარაუდობდა, რომ ორივე მკვლელობა ერთმანეთს დაუკავშირდებოდა და ძარცვის მიზნით ჩადენილ დანაშაულად შეირაცხებოდა”.

2-3-1671970987.jpg
სანდრო შანშიაშვილი

მოურავად დანიშვნიდან მალე დიმიტრი ჯაში შეუდგა ილიას საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას. როგორც ცნობილია, იგი მოსამსახურეთა და საგურამოს მცხოვრებთა შორის პროპაგანდას ეწეოდა. ამის თაობაზე როცა ილიას გაუგია, ჯაშისთვის უთქვამს, - მე გლეხები თქვენზე უფრო მეტად მიყვარსო. ჯაშმა რომ ილიას თავი მოაბეზრა, ეს დასტურდება ილიას გარე ბიძაშვილის, ზაალ ჭავჭავაძისა და დუშეთის მაზრის უფროს ყარამან ფაღავას ჩვენებებიდან. ილია თურმე მის გათავისუფლებასაც კი გეგმავდა სამსახურიდან. როგორც ოლღა გურამიშვილი იხსენებდა, ილია მისდამი გაგზავნილ წერილში წერდა, რომ მოურავს მალე გაათავისუფლებდა. მეტად საეჭვო იყო დიმიტრი ჯაშის ქცევა 30 აგვისტოს, ილიას მკვლელობის დღეს. აღნიშნულის დასამტკიცებლად მოგვაქვს ვრცელი ციტატა ილიას მეფუტკრის, დანიელ მასლოვის მოგონებიდან, რომელიც რუსულ ენაზე 1936 წელს ჩაიწერა, ხოლო 1940 წელს გამოქვეყნდა: “იმ დღეს (ე.ი. 1907 წლის 30 აგვისტოს. - ზ. ქ.) მე გამოვედი ბაღიდან და ვხედავ, ჯაში ასულა კაკლის ხეზე და გრძელი ჯოხით კაკალს ბერტყავს. მე შევახსენე, რომ უკვე 10 საათია და დრო არის ილიას შესახვედრად წახვიდე-მეთქი. მან მიპასუხა, წავალო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხიდან მაინც არ ჩამოდიოდა. 10 წუთის შემდეგ შევახსენე. “დიმიტრი სოფრომის ძევ, - ვეუბნები მე, - თქვენ უნდა იყვეთ წიწამურში 11 საათზე, იცოდეთ არ დაიგვიანოთ”.”ჰო, კი მე განკარგულება კიდეც გავეცი და ცხენს ჰკაზმავენ”, - მიპასუხა.

2-7-1671970987.jpg
ილიას მთელი საქართველო გლოვობდა

მესამედაც მომიხდა შეხსენება და მაშინ დავეჭვდი. როგორც იქნა, ის ჩამოვიდა კაკლის ხიდან, შეჯდა ცხენზე და წავიდა. მაგრამ უკვე გვიან იყო. როგორც შემდეგ გამოირკვა, ოცი წუთით რომ მიესწრო, არაფერი მოხდებოდა, რადგანაც ჯაში “სტრაჟნიკებთან” იქნებოდა და მკვლელები დაცემას ვერ გაბედავდნენ”. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს ამ მოგონების სისწორეს და მიიჩნევს, რომ ის ილიას მკვლელობის საქმის საბჭოური სასამართლოს წინ შეთხზეს. მაგრამ არსებობს სხვა მასალებიც, რაც ზემოთ აღწერილის ნამდვილობას ადასტურებს. მაგალითად, დუშეთის მაზრის უფროს ყარამან ფაღავას 1907 წლის 23 სექტემბრის დაკითხვის ოქმი (#28), რომელშიც ვხვდებით ინფორმაციას, რომ როცა ჯაში საგურამოსკენ მომავალ ილიას გზაზე უნდა შეხვედროდა, იგი საერთოდ არ ჩქარობდა და წამოსვლის წინ ხეზეც კი ასულაო. მსგავს რამეს წერს პეტრე გელეიშვილიც. აგრეთვე მიხეილ ჯავახიშვილიც წერდა: “გლეხკაცებისგან ისეთივე შთაბეჭდილება დამრჩა, რაც ილიას მოსამსახურეებისგან, ჯაშმა ყველაფერი უნდა იცოდესო. ამ საერთო ეჭვს ერთი რამეც დაემატა: ილიას მოსვლის მოლოდინში ჯაში თურმე მეტად მოუსვენრად იყო - კაკლის ხეზედაც კი ასულიყო და ქვევით გაშლილ გზას იქიდან ათვალიერებდა”. მას შემდეგ, რაც ჯაში ურიადნიკ ვასილი ემეცსა და ორ სტრაჟნიკთან ერთად მივიდა წიწამურში, მათ საშინელი სურათი იხილეს. როგორც შემდეგ ემეცი იხსენებდა, ასეთი სამწუხარო სურათის ხილვისას ჯაშს უთქვამს, “მადლობა ღმერთს კნეინაც მოუკლავთო”.

ამ ცნობის სისწორეში ეჭვი შეჰქონდათ იურისტ ალექსანდრე შუშანაშვილსა და ლიტერატორ ნოდარ გრიგალაშვილს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ემეცმა კარგად ვერ გაიგო დიმიტრი ჯაშის ნათქვამი. თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილ ავტორთა მოსაზრება სწორი იყოს, ჩვენ ხელთა გვაქვს დუშეთის მაზრის უფროს ყარამან ფაღავასა და თბილისის პოლიციის სამმართველოს სამძებრო განყოფილების გამგის, პეტრე ევტუშევსკის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალები, რომელნიც ცარისტული ხანის სასამართლომ არ გაიზიარა, მეტიც, ისინი საქმის გამოძიებას სრულად ჩამოაშორეს. თუ რატომ მოხდა ეს, ქვემოთ უფრო ვრცლად განვიხილავთ. მოგვაქვს ციტატა ყარამან ფაღავას 1908 წლის 3 ივლისის ჩვენებიდან: “ჯერ კიდევ გასული წლის (ე.ი. 1907 წლის. - ზ. ქ.) სექტემბერში შევუდექი თუ არა საქმეზე მოკვლევის ჩატარებას, ფარული გზით მივიღე ცნობები, რომ თავად ჭავჭავაძის მკვლელობის მოთავე იყო მისი მამულების მოურავი ჯაში და ეს დანაშაული მისი გეგმის მიხედვით იქნა ჩადენილი. ასე მეუბნებოდა ბევრი გლეხი, მაგრამ გამოკითხვისას მოითხოვდნენ მათი ვინაობა არ გამეხმაურებინა. პირდაპირ მიცხადებდნენ, რომ ოფიციალური დაკითხვის შემთხვევაში თავიანთ ჩვენებებს არ დაადასტურებდნენ”. მსგავს რამეს წერდა პეტრე ევტუშევსკიც 1907 წლის 15 სექტემბრით დათარიღებულ ოქმში (#81). საჭიროდ მიგვაჩნია ამ ციტატის მოხმობაც: “ჯაშზე წარმოებული შემდგომი დაკვირვებიდან დასკვნა გამოვიტანე, რომ მასზე უსიამოვნო შთაბეჭდილებას ვახდენ. ეს აშკარად გამომჟღავნდა მისი ანერვიულებული გუნებისა და დაბნეული ყოფაქცევის მიხედვით. ვხედავდი, მე, მისთვის მკაცრად თვალყურის მადევნებელი, რომ ჩემში ჯაში თავის მტერსა გრძნობს, და რომ მე გამოკითხვებით, მოხერხებულად და მისთვის მოულოდნელად დასმული კითხვებით ვაგნებ მისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანს, ესე იგი, მის მონაწილეობას თავადის მკვლელობაში”.

2-5-1671970987.jpg
გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე დამსწრენი: პირველ რიგში მარცხნიდან იოსებ გრიშაშვილი, ვარლამ ძიძიგური, ლევან ასათიანი; უკანა რიგში აკაკი ძიძიგური, უჩა ჯაფარიძე

დიმიტრი ჯაშის როლი 1907-1909 წლების სასამართლო გამოძიებისას შეგნებულად მიჩქმალეს. ის სექტემბერში დააკავეს, ხოლო 1907 წლის 16 დეკემბერს, საკმარისი დამამტკიცებელი საბუთების უქონლობის გამო გაათავისუფლეს. მას აშკარად მფარველობდა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ნიკოლაი ილიაშენკო, რომელიც შემდგომ დიმიტრი ჯაშთანაც დამეგობრებულა. ამის დასადასტურებლად მოგვაქვს ჯაშის ნაცნობისა და ძველი რევოლუციონერის ალისტრო ვადაჭკორიას მონათხრობი, რომელიც დაცულია ალექსანდრე კოჭლავაშვილის (ილიას მკვლელობის საქმის გამოძიებისა და სასამართლოს ზედამხედველის) პირად არქივში. ამ მოგონებაში ვხვდებით შემდეგი სახის ცნობას: ვადაჭკორია დიმიტრი ჯაშს ერთხელ თავისთან დაუპატიჟია, იქ მისულს დახვედრია უცნობი, რომლის შესახებაც ჯაშს უთქვამს, - ეს ჩემი მეგობარია, ილიაშენკო, ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გადამარჩინა დაღუპვასო. ვადაჭკორიას მოგონების მიხედვით, ეს შეხვედრა შემდგარა 1922 წლის დასაწყისში. მისი როლის მიჩქმალვას ადასტურებს ისიც, რომ დუშეთის მაზრის უფროსი ყარამან ფაღავა და თბილისის პოლიციის სამმართველოს სამძებრო განყოფილების გამგე პეტრე ევტუშევსკი, რომელნიც ხელს სწორედ დიმიტრი ჯაშს ადებდნენ, ჩამოაშორეს საქმის გამოძიებას. პირველი ჯერ ჩამოაქვეითეს, ხოლო შემდეგ საერთოდ სხვა მაზრაში გადაიყვანეს სამუშაოდ. მეორე კი თავის სამშობლოში, უკრაინაში დააბრუნეს. სასამართლოს ყველანაირი საბუთი ჰქონდა, რომ ილიას გარდაცვალებას მისცემოდა პოლიტიკური მკვლელობის კვალიფიკაცია, მაგრამ საბოლოოდ სასამართლო დადგენილებაში ჩაიწერა, რომ ეს იყო მკვლელობა ძარცვის მიზნით. ფაღავასა და ევტუშევსკის მიერ მოპოვებული მასალები თვალნათლივ ადასტურებდა, რომ ილიას მკვლელობის უკან იდგა სოციალ-დემოკრატიული პარტიის რადიკალური ფრთა (ბოლშევიკები). მართალია, რიჩარდ და ჭოლა ჯაშები 2018 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “დაგვიანებული წერილები” უარყოფენ დიმიტრი ჯაშის კავშირს სოციალ-დემოკრატებთან, მაგრამ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ დიმიტრი ჯაში საკმაოდ ახლოს იყო დაკავშირებული აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, ხოლო ილიას მკვლელობაში მონაწილენი, მათ შორის ახატნელი ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი და სხვანი, წითელრაზმელები იყვნენ, მაგრამ სასამართლოს ამ მიმართულებით საქმე არ წაუყვანია.

2-6-1671970987.jpg
ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრებთან ერთად

სწორედ ამის გათვალისწინებით გასაზიარებელია ვახტანგ გურულის მოსაზრება, რომ “ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის ძიება და სასამართლო (1907-1909 წლებში) იყო არცთუ ისე კარგად დადგმული სპექტაკლი”. თუ სპექტაკლობაზე მიდგება საქმე, საბჭოური სასამართლოს გამოძიება არათუ ჩამოუვარდებოდა რამით 1907-1909 წლებისას, არამედ “თეატრალური სანახაობის” თვალსაზრისით სჯობდა კიდევაც. 1941-1942 წლების სასამართლო პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით ცდილობდა, ილიას მკვლელობა სრულად გადაებრალებინა “ოხრანკისთვის” და მიეჩქმალა სოციალ-დემოკრატების (ბოლშევიკების) როლი “საუკუნის დანაშაულში”. საბჭოთა სასამართლომ არასწორად წარმოაჩინა დიმიტრი ჯაშის ცხოვრება და საქმიანობა, რაზედაც შემდეგ ილიას მკვლელობის საბჭოური სასამართლოს ვერსია აიგო. 1941-1942 წლების გამოძიებას ცხადად ეტყობა, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი. მთელი სასამართლოს მიმდინარეობისას გამოძიებაში ჩართული პირები ორკესტრირებულად უარყოფდნენ მის კავშირს სოციალ-დემოკრატებთან. გიგლა ბერბიჭაშვილის საქმის მთავარი მოსამართლე იყო ისიდორე ოდიშვილი, რომელმაც სასამართლოს შემდეგ გამოსცა წიგნი “წიწამურის ტრაგედია”, სადაც გვთავაზობს მისი მეთაურობით ჩატარებული სასამართლოს ოფიციალურ ვერსიას და წერს, რომ “იგი (დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში. - ზ. ქ.) არ ირიცხებოდა არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში და პირწავარდნილი პროვოკატორი იყო”.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 1907-1909 წლების სასამართლოს მიერ უფრო მეტი სიმართლე დადგინდა, ვიდრე 1941-1942 წლების საბჭოთა გამოძიებისას. ზემოთქმულის დასადასტურებლად მოგვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც დამალულ იქნა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ამ სასამართლოზე დიმიტრი ჯაშის ყოფილმა მეუღლე დარია ჯაშმა (ქალიშვილობის გვარი კოპლატაძე) გაიხსენა მეტად საინტერესო ფაქტი. დიმიტრი თურმე 1920 თუ 1921 წელს ბაქოში დაუკავებიათ და ციხეში მოუთავსებიათ, საიდანაც იგი დაიხსნეს ფილიპე მახარაძემ და მამია ორახელაშვილმა. დარია ჯაშმა დაადასტურა, რომ ეს მეუღლემ უთხრა. აქვე წარმოვადგენთ იმავე დარია ჯაშის 1941 წლის 29 დეკემბრის ჩვენებას (სხდომის ოქმი #114): “საგურამოში წასვლის წინ ნოე რამიშვილმა უთხრა: შენ თუ ილია ჭავჭავაძესთან წასულხარ, ჩვენი ამხანაგობიდან გარიცხული იქნებიო. სხვა სოციალ-დემოკრატებიც იქ იყვნენ. მე თქვენი პოლიტიკისთვის არ მცალია და ხვალ დილას მივდივარო. ასეც ქნა. მე ის მართალს არ მეტყოდა, და არ ვიცი, რატომ უპასუხა ასე”.სასამართლო პროცესის დაწყებამდე, გამოძიებისას, 1941 წლის 6 ივნისს დიმიტრი ჯაშის ცოლყოფილს გამომძიებლისთვის უთქვამს: “როგორც მახსოვს, დიმიტრის კავშირი ჰქონია სოციალ-დემოკრატიის პარტიასთან, სანამდი ილიასთან მოურავად წავიდოდა. ვინაიდან დიმიტრი თავის ნებით წავიდა... ნოე რამიშვილმა... პარტიიდან გარიცხა”.

ეს ციტატები იმიტომ მოვიხმეთ, რომ დღემდე მიმდინარეობს ნოე ჟორდანიასა და ქართველი “მენშევიკების” დისკრედიტაცია, თითქოს ისინი რაიმე ფორმით ჩართული იყვნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. დარია ჯაშის ეს ჩვენებები ადასტურებს, რომ სოციალ-დემოკრატთა ამ ჯგუფმა დიმიტრი ჯაშთან საერთოდ გაწყვიტა კავშირი მას შემდეგ, რაც ის ილიას მოურავი გახდა, რასაც ვერ ვიტყვით ქართველ ბოლშევიკებზე. მიგვაჩნია, რომ მოსე მემარნიშვილის მკვლელობა, მუქარის წერილები ელისაბედ საგინაშვილისადმი სწორედ ქართველი ბოლშევიკების მიერ იყო ორგანიზებული. ურიგო არ იქნება ორიოდე სიტყვით შევეხოთ დიმიტრი ჯაშის სიკვდილს. 1922 წლის 30 მაისს ის გაურკვეველ ვითარებაში მოკლა მისმა ცოლისძმამ, მილიციელმა მიხეილ კოპლატაძემ. იმდროინდელმა სასამართლომ “დაადგინა”, რომ მკვლელობა შემთხვევით მოხდა და მიხეილ კოპლატაძე გაამართლა. საინტერესოა, რომ მცირე ხნის შემდეგ თავად მიხეილ კოპლატაძეც ქუჩაში მოკლული იპოვეს. ჩვენი აზრით, ეს შემთხვევითობა არ უნდა იყოს. გამოვთქვამთ ფრთხილ ვარაუდს, იქნებ ამ მკვლელობათა უკან იდგნენ სწორედ ის ქართველი ბოლშევიკები, რომლებმაც დაგეგმეს ილიას მკვლელობა და რომელნიც მოგვევლინენ გასაბჭოებული საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელებად.

დიმიტრი ჯაშის როლის გარკვევა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ეს იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ ვინ იდგა რეალურად ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ტრაგიკული სიკვდილის უკან. დიმიტრი ჯაში დაახლოებული იყო როგორც სოციალ-დემოკრატებთან, ასევე მეფის რუსეთის საპოლიციო და აგენტურულ სამსახურებთან. თუმცა, აქვე უნდა გაირკვეს ერთი გარემოება - იყო თუ არა დიმიტრი ჯაში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მომენტისთვის ოხრანკის აგენტი? დიმიტრი ჯაში რომ 1907 წლის 30 აგვისტოსთვის “ოხრანკის” აგენტი არ ყოფილა, ეს ბოლო პერიოდში დადასტურდა პროფესორ თენგიზ სიმაშვილის ნაშრომებით. მაგრამ ის, რომ ჯაში ოხრანკის აგენტად არ ირიცხებოდა, არ გამორიცხავს მის შესაძლო კავშირს ცარიზმის აგენტურულ თუ საპოლიციო სამსახურებთან.

2-2-1671970987.jpg
ეტლი, რომელშიც მოკლეს ილია ჭავჭავაძე (სურათში კოფოზე სხვა მეეტლე ზის)

რამდენად მასშტაბურად იყო ჩართული ილიას მკვლელობის ორგანიზებაში ცარისტული ხანის აგენტურული და საპოლიციო სამსახურები, ამის თქმა ერთმნიშვნელოვნად რთულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მხრივ დიმიტრი ჯაშის მფარველობა, ხოლო მეორე მხრივ ილიას მკვლელობის ძარცვის მიზნით ჩადენილ დანაშაულად გამოცხადება აღძრავს ეჭვებს, რომელთაც აქვს არსებობის უფლება. შესაძლებელია ისინი პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მხარს უჭერდნენ და აქეზებდნენ ილიას მკვლელობას, ხოლო სასამართლო გამოძიება, აშკარაა, რომ არასწორი გზით წარიმართა. არც ის ამბავია ახალი, რომ ცარისტული ხელისუფლება ილია ჭავჭავაძეს დიდად არ სწყალობდა. ილია ავადმყოფობის გამო ბოლო დროს ნაკლებად იყო ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, თუმცა 1905 წლიდან განსაკუთრებულად გააქტიურდა, ხოლო 1906 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრადაც კი აირჩიეს. ილიამ მკაფიოდ დაასახელა სახელმწიფო საბჭოში მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი: “სახელმწიფო საბჭოში თუ თავად-აზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები”.

მსგავსმა განცხადებებმა ილიას ბევრი მტერი შემატა როგორც მის იდეურ მოწინააღმდეგეებში, ასევე რუსეთის იმპერიის ხელისუფლებაში. როგორც დიმიტრი შველიძე აღნიშნავს: “ილიას მხრიდან ლამის რადიკალური ეროვნული და დემოკრატიული პროგრამის წამოყენების დროიდან მის მიმართ ხელისუფლების მეტ-ნაკლებად შემრიგებლობას წერტილი დაესვა”. შეიძლება ითქვას, რომ ილიას წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატებისა და ცარიზმის ინტერესები გადაიკვეთა. საბოლოოდ ამას ილიას ვერაგული მკვლელობა მოჰყვა, რაც ქართველ ბოლშევიკთა ხელით აღსრულდა ილიას მოურავის დიმიტრი ჯაშის აქტიური მონაწილეობით.დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე და ილიას თანამოაზრე ვაჟა-ფშაველა წერდა: “ილაპარაკეთ, ბევრი ილაპარაკეთ, ბევრი წერეთ, ბატონებო, ილიაზე, რაც შეიძლება ბევრი!” ილია ჭავჭავაძესა და განსაკუთრებით მისი ტრაგიკული სიკვდილის შესახებ ბევრი რამ დაწერილა. ჩვენი ეს მსჯელობაც მოკრძალებული მცდელობაა ილიას მკვლელობის მეტად რთულ საქმეში ერთი საგულისხმო გარემოების, კერძოდ, წიწამურის ტრაგედიაში დიმიტრი ჯაშის როლის ნათელსაყოფად.

ზაზა ქარჩავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

"ისტორიანი" .#126