რა ხდებოდა ხრუშჩოვის მმართველობის მიწურულს
ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)
ნაწილი IX
სსრ კავშირის ლიდერად აღზევებული ნიკიტა ხრუშჩოვი არ სწყალობდა საქართველოსა და ქართველ ერს. თავის პირად უარყოფით დამოკიდებულებას სტალინისა და ბერიასადმი იგი მთელ ქართველ ერზე ავრცელებდა, რაც პათოლოგიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
არსებობს ინფორმაცია, რომ ხრუშჩოვი ქართველებს შუა აზიაში გადასახლებას უპირებდა. ამის შესახებ მას ორჯერ უთქვამს ვასილ მჟავანაძისთვის (1902-1988), რომელიც საქართველოს კომპარტიას 1953-1972 წლებში ხელმძღვანელობდა.
საქართველოს სსრ პარტიული და სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერისა და მწერლის, დევი სტურუას (1930-2001) მემუარების წიგნში “სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი” (1995) ვკითხულობთ: “1962 წლის ზაფხულის ერთ დღეს, მჟავანაძის კაბინეტში დავყოვნდი. საღამოს რვა საათი იქნებოდა, რომ აწკარუნდა ტელეფონის “ვჩ”. მჟავანაძემ ყურმილი აიღო. რამდენიმე წამის შემდეგ იგი გაფითრდა, მანიშნა მომიახლოვდიო და ყურმილი ისე შეატრიალა, რომ მეც გამეგო, რას ლაპარაკობდნენ... იმწამსვე ვიცანი ხრუშჩოვის რიხიანი მეტალნარევი ხმა (იმ დროს ბიჭვინთაში ისვენებდა):
- თურქები გაგიტკბათ?! თურქებთან შეერთება მოინდომეთ?!. Вагоны подадим, выселим вас вcех к чертовой матери! (“ვაგონებს მოგაყენებთ და ყველას ჯანდაბაში გადაგასახლებთ!”) - დაიღრიალა ხრუშჩოვმა და ყურმილი დააგდო...

თურმე ხრუშჩოვს, რომელიც ბიჭვინთაში ისვენებდა, აჩვენეს მის სახელზე დაწერილი ვიღაც კორეელი იუნის წერილი. ეს იუნი თითქოსდა მკურნალობდა წყალტუბოში. ჰოდა, ეს მითური იუნი ატყობინებდა ხრუშჩოვს, რომ ქართველებთან საუბრისას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ქართველებს აქვთ სურვილი შეუერთდნენ თურქებს და სხვა ამგვარი აბდაუბდა. იუნს მითური ვუწოდე იმის გამო, რომ ასეთი ავადმყოფი თუ დამსვენებელი წყალტუბოში არ აღმოჩნდა, იმისდა მიუხედავად, რომ გენერალ-პოლკოვნიკ ინაურის უწყებამ საგულდაგულოდ “გაცხრილა” საქართველოს ეს სამკურნალო კურორტი. ეს წერილი საკმაოდ უხეში და მარტივი პროვოკაცია იყო, მაგრამ რატომ მისცა მას ასეთი მძაფრი რეაქცია ხრუშჩოვმა? და, საერთოდ, ასეთ რამეებს თანაშემწეები და რეფერენტები, როგორც წესი, თავიანთ უფროსებს არც აჩვენებენ. ამ შემთხვევაში კი ეჭვს გარეშეა, ვიღაცამ ბოროტი განზრახვით დაუდო წინ ხრუშჩოვს ეს მონაჭორი. ჩემის აზრით, ეს გააკეთა ხრუშჩოვის თანაშემწემ ლებედევმა, უემოციო და საკმაოდ ღვარძლიანმა კაცმა, რომელსაც საქართველოში არაფერი მოსწონდა.
მჟავანაძემ ყურმილი დადო და მომიბრუნდა: “რა ვქნათ ახლა ჩვენ?”
არ დავიჯერეთ ხრუშჩოვის მუქარის რეალობა. იგი ხომ თვითონ არაერთხელ უტევდა სტალინს იმის გამო, რომ ის, ალექსანდრ ტვარდოვსკის სიტყვა რომ მოვიშველიოთ: “მთელ ხალხებს თავს ატეხდა საზარელ რისხვას”. და მაინც ხრუშჩოვის ამ გამოხდომის აქტიური პროტესტის გარეშე დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. მოკლე გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტეთ ბიჭვინთაში გაფრენა. მჟავანაძე დაუკავშირდა სამოქალაქო ავიაციის სამსახურის უფროსს...
ვუცდით, ვბჭობთ იმის თაობაზე, როგორ ამოვუგდოთ თავიდან ხრუშჩოვს ეს სისულელე. როგორ დავუმტკიცოთ მას, რომ ქართველებს არანაირი სურვილი არ გააჩნიათ, შეუერთდნენ თურქებს. შევთანხმდით, მიგვეცა ხრუშჩოვისთვის ზეპირი ისტორიული ცნობა საქართველო-თურქეთის ურთიერთობათა შესახებ; მტკიცედ გვეთქვა, რომ იუნის წერილი სრული გაუგებრობა და პროვოკაციაა.
ამ დროს ისევ აწკარუნდა “ვჩ”. კვლავ ხრუშჩოვია. მჟავანაძემ ამჯერადაც მანიშნა და ერთობლივი მოსმენის “ტექნიკა” განმეორდა. ხრუშჩოვს ვეღარ იცნობდით. მან ბოდიში მოუხადა მჟავანაძეს. თქვა, რომ ოდნავ გაცხარდა, და რომ იუნის წერილი выеденного яица не стоит (“ჩირადაც არ ღირს”) და სხვა ამგვარი რამ. შემდეგ ხრუშჩოვმა მიიწვია მჟავანაძე ბიჭვინთაში. სხვათა შორის, იმ იუნის წერილი მაინც გადმოუგზავნეს მჟავანაძეს და იგი ინახება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტარქივში... ეს შეთითხნილი “ბრალდება” ქართველი ხალხისადმი კონტროლზე იქნა აყვანილი და მე მომიხდა პასუხის გაცემა ამ ანტიქართულ ბოდვაზე.

საინტერესოა, რომ ეს Подадим вагоны ერთხელაც განმეორდა... თბილისში ჩამოვიდა განთქმული ამერიკელი მუსიკოსის ბენი გუდმენის ჯაზორკესტრი. პირველ განყოფილებაში სტუმრებმა შეასრულეს ცნობილი “პოლიუშკო-პოლე” და არანაკლებ ცნობილი “კატიუშა”. პირველი სიმღერა ორკესტრმა ოსტატურად შეასრულა და ერთსულოვანი ტაშიც დაიმსახურა. “კატიუშა” კი შეასრულა ნაკლებად ნიჭიერმა მომღერალმა ქალმა. ის თითქოს განგებ ამახინჯებდა სიტყვებს, თავი უხამსად ეჭირა და მას უსტვინეს.
ვიღაც ნაძირალამ მისწერა ხრუშჩოვს, რომ თბილისში უსტვინეს ამერიკელ მსახიობს მხოლოდ იმისათვის, რომ მან რუსული სიმღერა შეასრულაო. ეს წმინდა წყლის სიცრუე და ცილისწამება იყო. პირველი რუსული სიმღერა ხომ ერთსულოვანი ტაშით მიიღეს. მეორე შემთხვევაში უსტვინეს არა სიმღერას, არამედ მის უხამს შემსრულებელს. ერთი სიტყვით, ხრუშჩოვმა ისევ დაურეკა მჟავანაძეს, აყვირდა და კვლავ წამოსცდა ეს «Подадим вагоны», მაგრამ საქმე ის იყო, რომ თვით ხრუშჩოვის ვაგონი უკვე გამწესებული იყო ისტორიის ჩიხში სამუდამო დგომისთვის”.
არსებობს ამ ამბის სხვაგვარი გააზრებაც. კერძოდ, თვითმხილველთა ცნობით, ის ფაქტი, რომ 1962 წლის ივნისში სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე შესრულებულ “კატიუშას” დამსწრეთა უმრავლესობა სტვენით შეხვდა, წარმოადგენდა 1956 წლის 9 მარტს დატრიალებული ტრაგედიის პირდაპირ გამოძახილს, ვინაიდან იმჟამად, ქართველი პატრიოტებისთვის ეს სიმღერა საბჭოთა სისხლიან რეჟიმთან ასოცირდებოდა.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ რევაზ გივის ძე ჟორდანიას (1934-2011) წიგნში: “მოგონებათა კონა /ქართველი ინტელიგენტის ცხოვრება XX საუკუნეში/” (თბილისი, 2007), ვკითხულობთ: “ხრუშჩოვს ნებავდა ქართველების დეპორტაცია ჩრდილოეთ ყაზახეთში და მათ მაგივრად რუსების გადმოსახლება. საქართველოში მისი ვიზიტების დროს, ნიკიტა, როგორც წესი, სანადიროდ და დროის სატარებლად მიჰყავდათ ხოლმე გარდაბნის პრესტიჟულ სამონადირეო მეურნეობაში (ფაქტობრივად ეს სამთავრობო ნაკრძალი იყო), რომლის დირექტორიც იყო ჩემი უნივერსიტეტელი ამხანაგი, ბუნების უბადლო მცოდნე ტარიელ კაპანაძე, რომელმაც ხრუშჩოვს თავი მოაწონა. და აი, ერთ-ერთი “ვიზიტის” დროს, არყით გამომტყვრალმა ნიკიტამ თავისი ამალიდან ერთ გენერალს უხმო და ტარიელ კაპანაძეზე მითითებით განუცხადა: «Вот, когда будем выселять грузин, его не трогайте: он мой друг» (“აი, როცა გავასახლებთ ქართველებს, მას ხელი არ ახლოთ: ის ჩემი მეგობარია”).

* * *
კრემლის საავადმყოფოს მთავარი მეან-გინეკოლოგის, პროფესორ იოსებ თედოს ძე ჟორდანიას (1895-1962) მიერ ჩადენილი გასაოცარი გმირობის შესახებ საყოველთაოდ ცნობილი გახლავთ. მან 1962 წელს, რიო-დე-ჟანეიროში გამართული საერთაშორისო კონფერენციიდან სამშობლოში დაბრუნებისას, როდესაც თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან ატლანტის ოკეანის ყურეში შეიჭრა, საკუთარი მაშველი რგოლი მცირეწლოვან გოგონას დიდსულოვნად დაუთმო. იგი დაიღუპა დღემდე გაურკვეველ ვითარებაში, ვინაიდან მისი ცხედარი მაშველებმა ნაპირთან იპოვეს. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ უკვე სამშვიდობოს გასული ექიმი ნაპირთან დაახრჩვეს.
ამ ღირსეული პიროვნებისა და ბრწყინვალე პროფესიონალის შესახებ პროფესორი რევაზ ჟორდანია იგონებდა: “1958 წლის ბოლოს თბილისში ცოლ-შვილით საბოლოოდ ჩამოსახლდა მამაჩემის ბიძა, სოსო ჟორდანია, მსოფლიოში სახელგანთქმული გინეკოლოგი, რომელმაც ხანდაზმულობის დროს სამშობლოში - ევროპაში მეორე და საბჭოთა კავშირში პირველი - ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი დააარსა (ამჟამად ადამიანის გენერაციის ინსტიტუტი მის სახელს ატარებს!)...
სოსოს არ უნდოდა თბილისში კერძო პრაქტიკას მოჰკიდებოდა, თუმცა არაერთი ათასი ქალი გააბედნიერა, დედობა აღირსა, მაგრამ... მჟავანაძემ გამოიძახა და უთხრა:
- თქვენს ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდნენ ქართველი ქალები. თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ავადმყოფები სახლში!
რაღას იზამდა. შუაღამემდე იღებდა ავადმყოფებს დაღლილ-დაქანცული კაცი. ხელმოკლეებს მაშინვე ცნობდა და ფულს არ ართმევდა...
სოსომ გაზეთ “კომუნისტში” დაბეჭდა პრობლემური წერილი სათაურით “ოჯახი ერის ბურჯია”, რომელშიც იუწყებოდა, რომ საქართველოს უარყოფითი დემოგრაფიული მაჩვენებელი აქვს და თუ ასე გაგრძელდა, გადაშენება გვემუქრებაო! ისიც სწორედ ამის გამოსასწორებლად ჩამოვიდა საქართველოში! მალე დაიბეჭდა პროფესორ გიორგი თავზიშვილის გამოხმაურება, რომელიც მხარს უჭერდა ამ ეროვნული პრობლემის დასმას. უკვე მზად იყო აკადემიკოსების ივანე ბერიტაშვილის, აკაკი შანიძის, ნიკო კეცხოველის გამოხმაურებები, როცა სოსო და გიორგი თავზიშვილი გამოიძახა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანმა პაველ კოვანოვმა (ხრუშჩოვის “კუდმა”, “მეფისნაცვალმა”) და გაჯავრებულმა, თითის დაქნევით უთხრა:
- საქართველოში ნორმალური დემოგრაფიული მდგომარეობაა, ხოლო ვის ხარჯზეა, ეს ჩვენთვის სულ ერთია: საქართველოს მოსახლეობაში კლება ხომ არ აღინიშნება, ნაციონალისტურ გამოხდომებს თავი დაანებეთო! (ხაზგასმა აქაც და შემდგომშიც ჩვენია. - ნ. ჯ.).
ეს იყო და ეს! ამის შემდეგ არავითარი გამოხმაურება აღარ დაბეჭდილა. შეიძლება სწორედ ამ ამბავმა იმსხვერპლა სოსო! საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის ელჩმა ბრაზილიაში, რომელსაც სოსო დაუმეგობრდა, გულთან ახლოს მიიტანა მომხდარი ამბავი და ერთგვარი გამოძიების მცდელობა წამოიწყო. ერთი თვის შემდეგ ისიც დამხრჩვალი იპოვეს ოკეანის ნაპირზე”.
აქვე განვმარტავთ, რომ პაველ კოვანოვი (1907-1986) საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად 1956-1962 წლებში მსახურობდა.

* * *
თავისი მმართველობის დასასრულს ხრუშჩოვი შეეცადა, რომ აფხაზეთის ასსრ გამოეყვანა საქართველოს შემადგენლობიდან და რუსეთისთვის შეეერთებინა. ამ სურვილს სსრ კავშირის ხელისუფლების სათავეში მოკალათებული რუსი შოვინისტები ფარულად ყოველთვის ელოლიავებოდნენ, ხოლო დროდადრო აშკარადაც გამოხატავდნენ.
1963 წლის აგვისტოში ზემოხსენებული სურვილი კიდევ ერთხელ გამჟღავნდა. იმხანად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე მომუშავე დევი სტურუა იგონებდა: “მჟავანაძემ დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. მის კაბინეტში აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა იჯდა. მივესალმე მათ და მისადგმელ მაგიდას მივუჯექი. მცირე პაუზის შემდეგ მჟავანაძემ მიმართა ბღაჟბას რუსულად:
- აბა, გაიმეორე ის, რა მომიყევი.
ბღაჟბა შეიშმუშნა, აშკარად არ ესიამოვნა ეს წინადადება.
- მე მხოლოდ თქვენთვის მინდოდა ამ ამბის გამხელა ვასილ პავლოვიჩ!
- არა უშავს, გაიმეორე.
- იქნებ არ ღირს, ვასილ პავლოვიჩ.
- მე გეუბნები, გაიმეორე-მეთქი!
- როგორც ბრძანებთ, ვასილ პავლოვიჩ.
აქ მომყავს თითქმის უცვლელად მიხეილ ბღაჟბას ნაამბობი:
- ამას წინათ ხრუშჩოვმა დამპატიჟა სადილად ბიჭვინთის აგარაკზე. კარგად რომ შექეიფიანდა, უეცრად მკითხა, წაიკითხე თუ არა “პრავდაში” დაბეჭდილი ანგარიში უცხოელ სტუმართან ჩემი შეხვედრის თაობაზეო. არა-მეთქი, გამოვუტყდი. ხრუშჩოვმა თანაშემწეს “პრავდის” ნომერი მოატანინა და მიმანიშნა ხსენებულ ინფორმაციაზე. მე ის უცებ გადავიკითხე.
- რა წერია, სად მივიღე სტუმარი? - იკითხა ხრუშჩოვმა და თვითონვე უპასუხა: აქ, აი, ამ ოთახში. გაზეთში კი რა წერია? - სოჭის რაიონშიო, მიმიხვდი?
- ვერა-მეთქი, - ვუპასუხე.
- რა მიხვედრა უნდა? - გაბრაზდა ხრუშჩოვი, - სად მივიღე სტუმარი? - ბიჭვინთაში. ინფორმაციაში კი წერია - “სოჭის რაიონშიო” («в районе Сочи»). ახლა კი წადი და მოხსენებითი ბარათი გაამზადე ჩემს სახელზე.
ახლაღა მივხვდი, რომ ხრუშჩოვი მავალებდა მოხსენებითი ბარათის წარდგენას, აფხაზეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთების თაობაზე. მე, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას არ ვაპირებ, ვინაიდან ეს აფხაზი ხალხისთვის სიკვდილის ტოლფასია.
- რომ დაგაძალონ? - ვკითხე მე.
- არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ.
- ვინმე ესწრებოდა ამ საუბარს?
- ხრუშჩოვის მეუღლე და მისი თანაშემწეები - ლებედევი და შევჩენკო.
- ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთ, - დაასკვნა მჟავანაძემ, - თუ დაწოლა გაძლიერდა, იმწამსვე შეგვატყობინეთ.
როცა ბღაჟბა წავიდა, მჟავანაძემ გაიარ-გამოიარა თავის კაბინეტში და მერე ქართულად მკითხა:
- გჯერა მაგი შეენ?
- ეს შეკითხვა იმით იყო განპირობებული, რომ მიხეილ ბღაჟბა სხვადასხვა მოულოდნელი იმპროვიზაციის დიდოსტატი იყო. შეიძლება ის ამუნათებდა საქართველოს ხელმძღვანელობას, - აი, რა გმირი ვარ, თვით ხრუშჩოვის ნება-სურვილს წინ აღვუდექიო. მის სიტყვებს კაცი ვერ შეამოწმებდა. ხომ არ ჰკითხავდა მჟავანაძე ხრუშჩოვს, მართლა მიეცი ბღაჟბას ეს დავალება თუ არაო. მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი რამის მოგონება თუ გამოგონება ძალზე სარისკო იყო. ვთქვათ და, თუ მაინც შეეკითხებოდა მჟავანაძე ხრუშჩოვს, თუნდაც გადაკვრით, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ბღაჟბას მონაყოლიო, მაშინ ხომ მისი მდგომარეობა უაღრესად დამძიმდებოდა: თანამდებობის გარდა, პარტიის რიგებსაც დასტოვებდა “ცილისწამებისთვის”...
მე პირადად მჯერა, რომ ეს დიალოგი ხრუშჩოვსა და ბღაჟბას შორის შედგა. შემდგომ რამდენჯერმე ვკითხე ბღაჟბას, განმეორდა თუ არა ხრუშჩოვის ეს შეთავაზება. ბღაჟბა ამბობდა, არაო. მაგრამ ამ წინადადებას 1967 წელს ჰქონდა გამოძახილი. სეპარატისტების დევიზი მაშინ ასეთი იყო: “ან დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ან კრასნოდარის მხარესთან მიერთება!”

* * *
საქართველოს სსრ პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე ივანე პეტრეს ძე ყუჯიაშვილი (1907-1982) პირადად იცნობდა სტალინსაც და მის ვაჟ ვასილისაც (1921-1962), რომლის ადიუტანტადაც მსახურობდა ავთანდილ (petre) ივანეს ძე ყუჯიაშვილი (1932-1974). სხვადასხვა დროს ივანე ყუჯიაშვილი მსახურობდა: რესპუბლიკის კომპარტიის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად, თბილისის საოლქო დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ (1951 წლის 4 დეკემბრიდან), პარტიის გორის რაიკომის მდივნად და ასახლება-დასახლების მინისტრად. პენსიაზე გასვლის შემდეგ, თავის ახლობელ-მეგობართა წრეში ხშირად იგონებდა შემდეგ ფრიად საყურადღებო ისტორიას (გადმოგვცა მისმა შვილიშვილმა მარინე ყუჯიაშვილ-ქავთარაძისამ): “ცხინვალში მუშაობის პერიოდში ახლოს გავიცანი გენერალი ისა პლიევი (1903-1979), რომელიც გახლდათ ჩრდილოელი ოსი, სსრ კავშირის ორგზის გმირი, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის გმირი (კვანტუნის არმიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებისთვის), სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, 1955 წლიდან - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, ხოლო 1958-1968 წლებში - ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი. უკვე ხრუშჩოვის მმართველობის ხანაში, როდესაც გორის რაიკომის მდივნად ვმუშაობდი, ისა ჩემთან საკმაოდ ხშირად მოდიოდა. ვინაიდან სტალინისადმი დიდ პატივისცემას ამჟღავნებდა, მისი სახლ-მუზეუმის მონახულება უყვარდა. ერთხელაც, როდესაც ჩემს ოჯახში ვაქეიფე და ტრადიციულად შევსვით სტალინის სადღეგრძელო, უკვე გვარიანად შეზარხოშებულმა და თვალზე ცრემლმომდგარმა მითხრა:
- ჩემო ვანო, ერთი საიდუმლო უნდა გაგანდო. სამამულო ომი რომ დამთავრდა, ჩემმა თანამემამულეებმა საზეიმო შეხვედრა მომიწყეს. მე ხომ ოსთაგან ერთადერთი ვიყავი, ვისაც გენერალ-პოლკოვნიკის წოდება 1945 წლის მაისში მომენიჭა და სტალინის მიერ ომის პერიოდში გაცემულ ბრძანებებში 16-ჯერ ვიხსენიებოდი... ოსები ჩემს მზეს ფიცულობდნენ. მთხოვეს, სტალინი დიდ პატივს გცემს და იქნებ სთხოვო, რომ ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში გაგვაერთიანოსო. მართლაც, ბელადმა თბილად მიმიღო და მეც შევბედე:
- ამხანაგო სტალინ, ერთი დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან...
- გისმენთ, - მითხრა და გამომცდელად შემომხედა.
- სამამულო ომში თქვენი ხელმძღვანელობით მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით, საბჭოთა ხალხი იშუშებს ჭრილობებს. უკრაინამ და ბელორუსიამ დაიბრუნეს თავიანთი დასავლეთი ნაწილები, ხოლო ლიტვამ - ვილნიუსი და მისი ოლქი... მოგეხსენებათ, მცირერიცხოვანმა ოსმა ხალხმა დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში და 30-ზე მეტმა სსრ კავშირის გმირის წოდებაც მოიპოვა... პატივი მაქვს, გადმოგცეთ ოსი ხალხის უმორჩილესი თხოვნა და ერთ რესპუბლიკად გაგვაერთიანოთ...
სტალინმა გამჭოლი მზერა მომაპყრო... ძალაუნებურად თვალი ავარიდე... ამის შემდეგ, მან აუღელვებლად მოუკიდა ჩიბუხს და ნელი ნაბიჯით ბოლთის ცემას შეუდგა... კარგა ხნის დუმილის შემდეგ კბილებში გამოცრა:
- მე წინააღმდეგი არა ვარ ოსი ხალხის გაერთიანების, მაგრამ იქნებ მითხრათ: - სად ჩამოვაყენებინო ვაგონები თქვენს გასაერთიანებლად?
ვინაიდან ასეთ პასუხს არ ველოდი, დავიბენი და ვეღარაფერი ვუპასუხე, ხმაც კი ვეღარ დავძარი...
სტალინი ფანჯარასთან მივიდა და ჩემკენ ზურგშექცევით დადგა. ჩიბუხს ნება-ნება აბოლებდა. ჩემთვის აღარ შემოუხედავს და არც არაფერი უთქვამს. დუმილი გაგრძელდა... შეწუხებულმა ფეხაკრეფით დავტოვე მისი კაბინეტი და გარეთ გამოვიძურწე. აი, ასე უაზროდ დავკარგე მისი კეთილგანწყობა, თორემ მარშლობამდეც შემეძლო მიმეღწია. არმიის გენერლობა უკვე ხრუშჩოვის დროს მივიღე”.

* * *
1958 წლის 27 მარტიდან, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნობასთან ერთად, ხრუშჩოვმა მინისტრთა საბჭოს (ანუ მთავრობის) თავმჯდომარის თანამდებობაც შეითავსა. ამით მან ხელთ უდიდესი ძალაუფლება იგდო.
ხრუშჩოვმა უდიდესი შეცდომები დაუშვა ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაშიც. ამ მხრივ ყველაზე კატასტროფული აღმოჩნდა მის მიერ გახდილი ფეხსაცმლის ბრაგუნი გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მის მიერ ეროვნულ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებიდან განსაკუთრებით თვალში საცემი აღმოჩნდა მისი ინიციატივით ჩამოყალიბებული სკკპ ცენტრალური კომიტეტის შუა აზიისა და ამიერკავკასიის ბიუროები. ისინი იმ მიზნით შეიქმნა, რომ საფუძველი მოემზადებინა მსხვილი ეკონომიკური რეგიონების ჩამოყალიბებისთვის, რაც მოკავშირე რესპუბლიკების ფაქტობრივ გაუქმებას მოასწავებდა. იმავდროულად, გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კამპანია ენების შერწყმის თაობაზე, რასაც, როგორც ამ სტატიის წინა მონაკვეთებში აღვნიშნეთ, სტალინი ეწინააღმდეგებოდა.
თავისი მმართველობის უკანასკნელ პერიოდში ხრუშჩოვმა სრულიად დაკარგა ავტორიტეტიც და მომხრეებიც. იმავე პერიოდში ქვეყნის მესვეურთა წრეში თანდათანობით მომწიფდა ხრუშჩოვის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის იდეა, მისი გადაყენების მიზნით. ამ შეთქმულების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საკავშირო კომპარტიის პოლიტბიუროს მდივანი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ შელეპინი (1918-1994), რომელსაც “რკინის შურიკად” მოიხსენიებდნენ. მან გადაიბირა გავლენიანი პარტიული და სახელმწიფო მუშაკები, რაშიც მხარს ახლო მეგობარი, სუკ-ის თავმჯდომარე ვლადიმირ სემიჩასტნი უმაგრებდა. შეთქმულებაში მჟავანაძეც აქტიურად ჩაება.
მიუხედავად მიღებული სიგნალებისა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა, ხრუშჩოვი თავდაჯერებულობას არ კარგავდა. მას ვერ წარმოედგინა, რომ დაამარცხებდნენ, ვინაიდან ზედმეტად ენდობოდა თავდაცვის მინისტრ როდიონ მალინოვსკისა და ზემოხსენებულ სემიჩასტნის, რომელიც მეგობრობდა ხრუშჩოვის ქალიშვილის მეუღლესთან, ალექსეი აჯუბეისთან (1924-1993).
დევი სტურუა აღნიშნავს: “ხრუშჩოვი რომ დარჩენილიყო თავის მაღალ პოსტებზე კიდევ ერთხანს, ბევრ ზიანს მოუტანდა სახელმწიფოს და პირველ რიგში დემოკრატიას. რაც დრო გადიოდა, ის სულ უფრო სწრაფად და შესამჩნევად მარჯვნივ იხრებოდა. მას სურდა სტალინივით ემეფა. ბაძავდა კიდეც მას... თავისი მმართველობის ბოლო წლებში გახდა აუტანელი და ჟინიანი. მისი მოულოდნელი ექსპერიმენტებისგან პარტიასა და მთელ ქვეყანას ციებ-ცხელება შეეყარა... ხალხის ცხოვრების პირობები თანდათანობით უარესდებოდა... პარტიასა და ხალხშიც მწიფდებოდა უკმაყოფილება... მის გადაყენებასა თუ დამხობაზე დაიწერა ბევრზე ბევრი... მასალებში ბევრი უზუსტობა და გამონაგონია. წერენ, მაგალითად, რომ შეთქმულების ინიციატორი და მოთავე იყო სუსლოვი, რომ თითქოს მიქოიანმა უღალატა თავის შეფს... ავტორების უმრავლესობა გადატრიალების მეთაურებად თვლის ბრეჟნევსა და პოდგორნის. ყველა ეს მტკიცება არაზუსტია. სუსლოვს ამ აქციის შესახებ შეატყობინეს სულ ბოლოს და იგი ძლიერ მერყეობდა. მიქოიანმა შესაძლოა, იცოდა, რომ ხრუშჩოვის წინააღმდეგ რაღაც მზადდებოდა, მაგრამ მან ლოდინის პოლიტიკა არჩია. როცა სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე დადგა ხრუშჩოვის ყველა პოსტიდან გადაყენების საკითხი, მიქოიანმა თქვა, - ის შეძლებს თავისი ნაკლოვანებების გამოსწორებასო. მაგრამ ფრთხილმა და გამჭრიახმა მიქოიანმა ამჯერად ვერ აუღო ალღო მოვლენებს. მან არ იცოდა, რომ სკკპ ცკ-ის პლენუმი უკვე დამუშავებულია და მზად არის ხრუშჩოვის გადადგომისთვის. ეს შეცდომა მიქოიანს ძვირად დაუჯდა. მალე იგი, როგორც ხრუშჩოვის მიერ დაწინაურებული კაცი, გაათავისუფლეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

რაც შეეხება ბრეჟნევს, ის სუსტი ნებისყოფის, უხერხემლო კაცი იყო და ასეთ სარისკო საქმეს თავისი ინიციატივით არ წამოიწყებდა... მიიღო რა ბრეჟნევის თანხმობა, რომელიც თავიდან ძალიან შეშინდა, მაგრამ მერე გონს მოეგო, თანხმობა მისცა და აქტიურად ჩაება “შეთქმულებაში”, შელეპინი შეუდგა სკკპ ცკ-ს პრეზიდიუმის წევრებისა და წევრობის კანდიდატების დამუშავებას. მალინოვსკიმ მოკლედ უპასუხა, რომ მიიღებს ცკ-ის პრეზიდიუმის ნებისმიერ გადაწყვეტილებას”.
1964 წლის 14 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე, ხრუშჩოვის წინააღმდეგ მოწყობილმა შეთქმულებამ მიზანს მიაღწია. იგი კომპარტიისა და მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ამით მისი 11-წლიანი მმართველობა, რომელსაც სუბიექტივიზმად და ვოლუნტარიზმად მოიხსენიებენ, საბოლოოდ დასრულდა.
(გაგრძელება იქნება)
ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
"ისტორიანი" .#126