სამეგრელოს ექსპედიციის დღიურები - კვირის პალიტრა

სამეგრელოს ექსპედიციის დღიურები

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა (გიორგი კალანდია, ირაკლი ზამბახიძე, გიორგი კევლიშვილი, ირინე მოისწრაფიშვილი, იზოლდა მელიქიშვილი, ნინო ჩიხლაძე, მარიამ კიკვაძე, დათო ოყუჯავა, ირაკლი ჭითანავა, რაფიელ არზუმანოვი) სამეგრელოში ისტორიული ძეგლებისა და ამ კუთხის ეთნოგრაფიის შემსწავლელი ექსპედიცია მოაწყვეს. ეს სამეცნიერო მოგზაურობა 1913 წლის ზაფხულში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილი “არხეოლოგიური” ექსპედიციის გამეორებას, ახალი ისტორიული ძეგლების მონახულებას, მანამდე გამოუკვლეველ სიძველეთა შესწავლასა და ფოტოფიქსაციას ისახავდა მიზნად.

მოგზაურობის პირველი სეზონი 7-დან 14 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. მოვინახულეთ ტყვირის, კადარის, ხობის, სეფიეთის, მარტვილის, ცაიშის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის 40 სებასტიელი მოწამის სახელობის, წალენჯიხის, კოტიანეთის, ეკის, მენჯის, თეკლათის, ბულიწყუს, ხეცერის ეკლესიები, ასევე ვნახეთ ძველი ხიბულას ჯიხა, რუხისა და შხეფის ციხესიმაგრეები. გაისად ექსპედიცია ძირითადად საერო ძეგლებს: სასახლეებს, საფორტიფიკაციო ნაგებობებს, სამოსახლოებსა და კოშკებს შეისწავლის.

სანამ ექსპედიციის მუშაობის შედეგებს მკითხველი ცალკე მონოგრაფიად იხილავს, მანამდე გვაქვს საშუალება, გაგიზიაროთ ის მოკლე ჩანაწერები და დაკვირვებები, რომელთაც ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლზე მუშაობის დროს ვაწარმოებდით.

14.08.2022

ბულიწყუს (პირველი მაისის)

აია სოფია

დილიდანვე ჩემს ნასტუდენტარსა და დღევანდელ თანამშრომელს, ირაკლი ჭითანავას დავურეკე და ბულიწყუს (დღევანდელი პირველი მაისის) აია სოფიას ტაძარში წავედით. საოცარი სანახაობა დაგვხვდა. ეკლესია აშკარად ძალიან ძველია, ჩუქურთმების ფორმები XII-XIII საუკუნეებზე უნდა მიანიშნებდეს, ხოლო საკურთხეველი, როგორც ჩვენი ექსპედიციის წევრი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იზოლდა მელიქიშვილი ამბობს, ძალიან არქაულია. ტაძრის ზომებია: ჩრდილოეთი კედელი - 9, სიმაღლე კი 3,45 მეტრი; დასავლეთი კედელი - 5,60, სიმაღლე კი 3,60 მეტრი; სამხრეთი კედელი - 9,20, სიმაღლე კი 3,20 მეტრი; აღმოსავლეთი კედელი - 6,30, სიმაღლე კი 3,70 მეტრი. კომპლექსში შესასვლელი ჩრდილოეთ მხარეს, გალავანშია, რომელიც ამასთანავე სამრეკლოს პირველი სართული იქნებოდა. გამორიცხული არ არის, ამ კარიბჭეზე სამრეკლოს ნაცვლად კოშკი ყოფილიყო დაშენებული. კარიბჭის მარჯვნივ, ანუ დასავლეთით, ძველი პალატის ან სატრაპეზოს, ანდა სამეურნეო ნაგებობის ნაშთებია. კომპლექსის დასავლეთითვე, გალავანს ქვემოთ, გზას გამოქვაბულისკენ მივყავართ, სადაც დღემდეა შემორჩენილი როგორც გამოქვაბულში შესასვლელი, ასევე საკმაოდ მოზრდილი ვიწრო მიწისქვეშა დერეფანი.

თვითონ ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა, რომელიც მთის თავზე, ხელოვნურად მოვაკებულ ბორცვზეა დაშენებული. კომპლექსს წრეწირის ფორმის გალავანი შემოუყვება, რომელიც თავის დროზე საკმაოდ მაღალი იქნებოდა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ტაძრის გარშემო მთელი ტერიტორია ჩუქურთმებიანი ქვებით არის მოფენილი. როგორც ჩანს, XIII-XIV საუკუნეებში ტაძარი დანგრეულა. გამორიცხული არ არის, რომ იგი 1614 წლის ცნობილ მიწისძვრას შეეწირა. ამ ბუნებრივი კატაკლიზმის შესახებ საგანგებოდ მოგვითხრობს ცაიშის დიდი ზომის ჯვარცმის ხატი. აქ წერია: “ეჰა სახიერებასა და მიუწდომელობასა ღმრთისასა, შეაძრწონა და შეარყია ქვეყანა ესრეთ: იქმნა ძვრა დიდი და საკვირველი ქვეყანას ამას ჩვენსა, რომელი არაოდეს ყოფილა. იძროდა ვითარ წელ ერთ და შეიმუსრნეს ეკლესიანი მრავალნი და დაირღვივნეს დაბანი”. მიწისძვრის შემდეგ ტაძარი გაცილებით მცირე მასშტაბით განუახლებიათ და მისი ძველი ჩუქურთმები ადგილ-ადგილ ხელახლა გამოუყენებიათ. ეკლესიის საკურთხეველში, შიგნით ორივე მხარეს ქვევრებია ჩაშენებული, რაც უკეთესი აკუსტიკის შექმნის საშუალებას იძლეოდა.

6-6-1671974947.jpg
ბულიწყუს კომპლექსის კარიბჭე

ცნობილმა ეთნოლოგმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ საინტერესო ჩანაწერები დაგვიტოვა ამ ეკლესიის შესახებ. იგი წერს: “წმინდა სოფიას არქიტექტურული კომპლექსი მდინარე მუნჯიას მარჯვენა სანაპიროზე, ლამაზ ბორცვზე მდებარეობს. მანძილი ხობიდან ტაძრამდე 7 კილომეტრამდეა. ამ სალოცავს ხალხი აია სოფიას, ხანდახან ჯვარ სოფიას უწოდებს. ტაძართან ახლოს გამოქვაბულია. გადმოცემის თანახმად, აქ დასახლება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა. ტაძარი ნატაძრალზე დგას, რასაც მოწმობს ეზოში მიმოფანტული და თვით ნაგებობის კედელში ჩაშენებული ჩუქურთმიანი ქვები. ტაძრის ეზოში და მის შემოგარენში შეგვიძლია ვიხილოთ ანტიკური და ფეოდალური ხანის არტეფაქტები. ასევე ტაძრის სამხრეთით აღმოაჩინეს ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ. 63-ახ.წ. 14) ვერცხლის მონეტა. ამბობენ, რომ ტაძრის ტერიტორიიდან ბერძნებს წმინდა სოფიის ხატი მოუპარავთ და საბერძნეთში გემით გამგზავრებულან. ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდნილა. ბერძნებს ღმერთისთვის უთხოვიათ, ოღონდ გადაგვარჩინე, უკან დავბრუნდებით და ტაძარს ვაზის კარს შევწირავთო... ამ ლეგენდის დღემდე სჯერათ ადგილობრივ მცხოვრებლებს”.

ეკლესია XVII საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოში დონ ქრისტოფორო დე კასტელის მოღვაწეობის შემდეგ უნდა იყოს აღდგენილი. ამის თქმის საშუალებას კასტელის რუკა გვაძლევს, სადაც ხობის საეპისკოპოსოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენთვის საინტერესო ისტორიული ძეგლის სახელწოდება არ გვხვდება. აქ მხოლოდ შემდეგი ტოპონიმებია აღნიშნული: შუაგიოხორი (თცჰუაგიოცჰორ), თეკლათი (თეცლატი), ხორგა (Gორგას) და სენაკი (შინაგჰი).

ბულიწყუს აია სოფიას ეკლესია უდავოდ საინტერესო არქიტექტურული ძეგლია და მისი ისტორია სამომავლო კვლევა-ძიებას მოითხოვს, თავად ნაგებობას კი სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროება

6-5-1671974947.jpg
ბულიწყუს აია სოფიას შიდა სივრცე

ხეცერის ეკლესია და დაწყევლილი ლურსმნები

ძველ სამეგრელოში არსებობდა ერთი უცნაური ტრადიცია: თუ ადამიანი უპატიებელ ცოდვას ან დანაშაულს ჩაიდენდა, მას მაწყევარი გაუჩნდებოდა... წყევლა კი დიდი და ფრიად საშიში სასჯელი იყო ოდიშში. მაწყევარი ლურსმანს აიღებდა და წმინდა ხესთან ან ეკლესიის ეზოში წყევლას წარმოთქვამდა, თან ლურსმანს ხის მერქანში ან ტაძრის კედელში ჩააჭედებდა... ჰოდა, მაშინ “გამოიჭედებოდა”, “დაიკლიტებოდა” დაწყევლილის მომავალი... თუ დამნაშავე ცოდვის გამოსყიდვას შეძლებდა, დაზარალებული თავისსავე ჩაჭედებულ ლურსმანს კედლიდან ან მერქნიდან ამოიღებდა. დაწყევლილსაც სასჯელის უღელი აეხსნებოდა. ექსპედიციის დროს სამეგრელოს რამდენიმე ტაძარში არაერთი ასეთი ლურსმანი ვნახეთ. მათ შორის გახლდათ ხეცერის ეკლესიაც. საბედნიეროდ, ყველა ლურსმანი კედლიდან ამოღებული იყო. ადამიანთა მოდგმის ცოდვაბრალიანი ცხოვრების ეს თავისებური სიმბოლოები დღეს ამასთანავე მიტევებისა და პატიების ერთგვარ მოწმეებადაც ქცეულან...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, სასაფლაოს შუაში მდგარ დარბაზული ტიპის ეკლესიას ადგილობრივი მოსახლეობა “გვათუების ნაოხვამუდ” მოიხსენიებს. ტაძარზე თვალის ერთი შევლებაც კი კმარა იმისთვის, რომ თამამად განვაცხადოთ: ნაგებობა სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უხვად ორნამენტირებული ძეგლია. თუმცა ორნამენტების ფასადზე განაწილების ამჟამინდელი სისტემა გვაფიქრებინებს, რომ ისინი თავდაპირველ ადგილზე არ არის განთავსებული. მსგავს მოვლენას ადგილი აქვს ხეცერადან არცთუ შორს - ცაიშის საეპისკოპოსო საყდარზეც. ეს უკანასკნელი სტიქიური უბედურებითაა გამოწვეული და “ნაოხვამუშიც” ორნამენტები კედლებზე ასე უსისტემოდ იმავე მიზეზით უნდა გაბნეულიყო. კერძოდ, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები 1614 წლის მიწისძვრის გამო... სწორედ მაშინდელი ნგრევისა და მოგვიანო აღდგენის შედეგია ის გარემოება, რომ დღეს ბაზილიკის კედლებზე ორნამენტები უსისტემოდ და შეუსაბამოდ არის გაფანტული.

ეკლესიის ზომებია: სიგრძე 12,27, სიგა­ნე 7,48, სიმაღლე 8 მეტრი. სუფთად თლილი ქვები კირის დუღაბით ყოფილა შეკრული. ამჟამად ტაძრის სამშენებლოდ გამოყენებული ქვები და ჩუქურთმები გარშემო ეკალ-ბარდებსა და საფლავებზეა მიმოფანტული. როგორც ჩანს, მოსახლეობა ხშირად ეკლესიის ქვებს სამარის ლოდებადაც იყენებდა.

6-2-1671974946.jpg
ხეცერა. დასავლეთი კედლის ფრაგმენტი

აღმოსავლეთის ფასადზე ორი სარკმელია. ისინი კედლის სივრცისგან სუფთად თლილი, დიდი ზომის ქვებით არის გამოყოფილი. ერთ ფანჯარას ძველი სარკმლის თავის ორნამენტი ადგას, მეორეზეც იმავე სახის ჩუქურთმაა ჩამაგრებული, ოღონდ ამ შემთხვევაში, უკუღმა. აღმოსავლეთის კედელზე ბევრი ორნამენტია გაფანტული. მათგან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სუფთად გათლილი დიდი ზომის კვადრი, რომელზეც ერთ მხარეს ჯვარია გამოქანდაკებული, მეორე მხარეს კი სვანურქუდიანი მამაკაცი დგას. მას ხელში მაღალი ჯოხი, სავარაუდოდ, სამშენებლო იარაღი (ძალოვანი ხარაჩო ან წერაქვი) უჭირავს. მსგავსი ტიპაჟი ხელში სამშენებლო იარაღებით სვეტიცხოვლის გუმბათის დასავლეთ მხარესაც არის გამოსახული. ფიგურა XVII საუკუნეშია შესრულებული და კათედრალის რესტავრატორად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, ადვილად შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ ტაძრის ოსტატი (კირითხურო) იყო გამოსახული და გარეგნობასთან ერთად, მისი სადაურობაც მითითებულია. სამეგრელოში ოსტატებს ხშირად იწვევდნენ სვანეთიდან და ჩანს, ამ შემთხვევაშიც იმავე გარემოებასთან გვაქვს საქმე. ამ ორნამენტის ქვემოთ, თითქმის ტაძრის საძირკველთან თავდაყირა ჩადგმულია მოჩუქურთმებული ქვა, რომელზეც აშკარად ასომთავრული გრაფემები “მ(ღ)” იკითხება. პალეოგრაფიული თვალსაზრისით, წარწერა XIII საუკუნეზე უფრო გვიანდელი არ უნდა იყოს. ამას გვაფიქრებინებს ორნამენტის შესრულების მანერა. კერძოდ, ქვის სიბრტყეში მისი ჩაჭრა. ასეთი ორნამენტები უხვადაა წარმოდგენილი ცაიშის საეპისკოპოსო საყდარზეც და მათ პროფესორი პარმენ ზაქარაია XIII საუკუნის უკანასკნელი ათეული წლებით ათარიღებს. ჩანს, წარწერა საქტიტორო ხასიათისა იყო. იგი საგანგებოდ წითელი საღებავით ყოფილა გაფორმებული (ისევე როგორც ლევან დადიანის წარწერა წალენჯიხის ტაძრის ეკვდერზე).

დასავლეთის კედელი ყველაზე უხვად არის ორნამენტირებული. ჩანს, ტაძრის ცენტრალური შესასვლელიც აქედან იყო. ორნამენტები აქაც კედელშია გაბნეული, თუმცა აღმოსავლეთის ფასადისგან განსხვავებით, აქ ჩუქურთმების განაწილების გარკვეული პრინციპი და სისტემატიზაცია დაცულია. კედლის ყველაზე მაღალ წერტილში ჯვრის ორნამენტია ჩასმული. იგი სხვა ჩუქურთმებთან შედარებით ახალია და სავარაუდოდ, XVII საუკუნის ნიმუშს წარმოადგენს. ჩვენი აზრით, ჯვრის რელიეფი ეკლესიის ფასადზე მოგვიანებით ტაძრის ხელმეორედ აღდგენის დროს უნდა ჩაესვათ. უფრო ქვემოთ, ზედ კარიბჭის ნიშის თავზე ჩადგმულია ოთხკუთხედი ორნამენტი, რომელიც თავისი პროპორციებითა და შესრულების მანერით იქცევს ყურადღებას. ამ შემთხვევაში ჩუქურთმა სიბრტყეზე კი არაა გამოქანდაკებული, არამედ იმდენად ღრმადაა ჩაჭრილი ქვაში, რომ გამჭოლია. ასეთი ტიპის ორნამენტები ტაძრის ფასადების გაფორმებისთვის არ გამოიყენებოდა. “გვათუების ნაოხვამუს” კედელზეც ის არ მოხვდებოდა, რომ არა მეორადი გამოყენების შემთხვევა. მისი პირველადი დანიშნულება კი ვფიქრობთ, სულ სხვა იყო: ეს ოთხკუთხედი გამჭოლი ჩუქურთმა სინამდვილეში თავდაპირველი ტაძრის სარკმლების ალათებია. სარკმლის ალათები საქართველოში ბევრი არ შემორჩენილა და “გვათუების ნაოხვამუ” ამ თვალსაზრისით ბრწყინვალე საგანძურს ინახავს. ასე მდიდრულად გაფორმებულ და მასიურ ალათებს საქართველოში ძნელად თუ უპოვი პარალელს.

6-8-1671974947.jpg
ასომთავრული გრაფემები წითელი საღებავით ყოფილა გაფორმებული

დასავლეთის ფასადის ჩრდილოეთ კუთხეში ცხოველის, სავარაუდოდ, ირმის რელიეფური გამოსახულებაა შემორჩენილი. მის გაყოლებაზე კი სარკმლის მოჩარჩოების დიდი ფრაგმენტია ჩასმული. ვფიქრობთ, ეკლესიის იატაკი შედარებით ძველი უნდა იყოს, ნაწილობრივ თავდაპირველი ეკლესიის თანადროული. მოპირკეთების ცენტრში მოთავსებულ ფილაზე დისკოს ფორმის ორნამენტია ამოკვეთილი. ხელოვნების ისტორიკოს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის აზრით, ეკლესიის იატაკის ცენტრში დისკოს გამოსახვას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა: ერთი მხრივ, წრე კოსმოსის განსახიერებაა და ტაძრის შუაგულში მისი არსებობა მიუთითებს, რომ აქ სამყაროს ცენტრია, აქ უფალი ცხოვრობს. მეორე მხრივ კი ეს წრე არქიტექტურასაც უკავშირდება - ხუროთმოძღვარს შესაძლოა ამ წრის სახით გუმბათის არარსებობის შევსება სურდა.

ამდენად, ამ მოკლე მიმოხილვიდანაც ცხადია, რომ გვათუების ნაეკლესიარი უმნიშვნელოვანეს ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ ნიმუშს წარმოადგენს. ცალკეული არქიტექტურული დეტალებისა და ორნამენტაციის ანალიზი აშკარა ხდის, რომ ძეგლი ადრეული შუა საუკუნეების, უფრო ზუსტად კი XIII-XIV საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრული სკოლის ნიმუშია. ეკლესია 1614 წლის ე.წ. ცაიშის მიწისძვრას უნდა დაენგრია და იგი სავარაუდოდ, ისე აღუდგენიათ, რომ ტაძრისთვის პირველადი სახის დაბრუნება ვერ მოუხერხებიათ, მაგრამ ახალ კედლებში ძველი ჩუქურთმები სამშენებლო მასალად და დეკორაციად გამოუყენებიათ.

6-3-1671974946.jpg
120 წლის მეგრული ოდა

ჯადუ გვათუას სახლი

1902 წელს დაბადებული შვილის სახელზე მამას ეზოში მაგნოლიის ხე დაურგავს. დღეს ეს მაგნოლია 120 წლის მეგრულ ოდას სურნელოვანი, ქათქათა ყვავილებით დახუნძლული დაჰყურებს. თითქოს ყოველ თაიგულში აქაურობის დიასახლისის ჯადუ გვათუას სულის ნაწილი ცოცხლობს.

- როგორი ქალი იყო ჯადუ? - ვკითხე ამ სოფლის მკვიდრს. - ოჰოი, საუკუნეში ერთხელ იბადებიან მისთანანიო, - მიპასუხა ულამაზესი მეგრული კილოთი და განაგრძო, - დედოფალივით ლამაზი ქალი იყო, ყველა შეჭირვებულისა და უმწეოს დამხმარეო...

6-4-1671974946.jpg
120 წლის მეგრული ოდა

ჯადუ გვათუას კეთილშობილი მშობლების ფოტო ოდის ძველ კედელზე ეკიდა, იქვე მოჩანდა მისი და მეუღლის სურათი... ეს უკანასკნელი 1937 წელს დაუხვრეტიათ, ჯადუც 8 წლით გადაუსახლებიათ შორეულ ციმბირში... კატორღიდან დაჩაჩანაკებული კი არა, გამარჯვებული და ამაყი დაბრუნდა... სკოლის მასწავლებელი გახდა, მალე ორდენიც მოიპოვა. ჯადუმ დაწვრილებით აღნუსხა საკუთარი სოფლის - ხეცერის ისტორია, იქაურ სასაფლაოზე მდგარ უძველეს ეკლესიაც უვლიდა... როცა ამ ქვეყნიდან წავიდა, მთელმა სოფელმა გააცილა უკანასკნელ გზაზე. დღეს მის მოსაგონრად ხეცერის 120 წლის მეგრული ოდა და დედოფალივით ამაყი მაგნოლია შემორჩა. მაგნოლია, რომელიც სამოთხისებრ სურნელს აფრქვევს და ჯადუს თვალებით ულამაზესი თეთრი ყვავილებით გვესაუბრება...

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი

"ისტორიანი" .#126