მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი საქართველოში
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი (1925-2013), XX საუკუნის II ნახევრის გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან. მან დიდი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებაში. მარგარეტ ტეტჩერი ხუთჯერ იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით სსრ კავშირში. მეოთხე სტუმრობისას (1987 წლის 28 მარტი-1 აპრილი) ეწვია თბილისსაც.
საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე მარგარეტ ტეტჩერმა სოვეტოლოგთა კონფერენცია მოაწყო. მან მოისმინა სხვადასხვა მხარის არგუმენტები საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ამ თემისადმი მიძღვნილი სტატიები წაიკითხა. ასევე, ყურადღებით გაეცნო მიხაილ გორბაჩოვის გამოსვლებს. მოსკოვში ვიზიტისას ტეტჩერს საშუალება მიეცა, ჟურნალისტების კითხვებისთვის პირდაპირ ეთერში ეპასუხა ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის საკითხებზე.
მოსკოვში ბრიტანული დელეგაცია 1987 წლის 28 მარტს ჩავიდა, 31 მარტს კი გაიმართა მოლაპარაკებების მთავარი ნაწილი, სადაც ძირითადი განსახილველი თემა იყო ბირთვული იარაღის შემცირება, ასევე ავღანეთის ომი და საბჭოთა მხარის დახმარება ვიეტნამისთვის კამბოჯის დასაპყრობად. მარგარეტ ტეტჩერმა განაცხადა, რომ დასავლეთს სჭირდებოდა მეტი გარანტია, რომ საბჭოთა მხარე საბოლოოდ აიღებდა ხელს ადრინდელ მიდგომებზე, მსოფლიოში გავლენის მოსაპოვებლად.

1987 წლის 19 მარტს მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს პრესატაშე მ. ჰორნი, რ. ტერნერი - ელჩის მრჩეველი და სამხედრო-საზღვაო ატაშე, ლ. ლეივისი - ელჩის მეორე მდივანი. ხოლო საბჭოთა მხრიდან ა. ზოტიკოვი - სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინიტროს პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ნ. სობრინი - კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოს უფროსი”. 20 მარტს მათ დაათვალიერეს ის ობიექტები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოში ვიზიტის დროს უნდა ენახა. ამის შემდეგ მათ ადგილობრივი საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს მისცეს რეკომენდაციები, რომ პრემიერ-მინისტრი შესაძლოა დაინტერესდეს ისეთი საკითხებით, როგორიცაა ქალაქის ისტორია, რელიგიური მრავალფეროვნება, ახალგაზრდობის პრობლემები, სოციალური საკითხები. ასევე მათ აღნიშნეს, რომ პრემიერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას. 20 მარტს საღამოს ჯგუფი თბილისიდან გაემგზავრა. მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინიტროში შედგა სპეციალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ პუნქტებს: “1) მომზადდეს ვიზიტის პროგრამის დაბეჭდილი ტექსტები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე 500 ეგზემპლარად; ბ) 500 ეგზემპლარად მომზადდეს სტუმრების სია რეზიდენციასა და სასტუმროში, ტელეფონებისა და ავტომობილების ნომრები რუსულ და ინგლისურ ენებზე; გ) რუსულ და ინგლისურ ენებზე 300 ეგზემპლარად დაიბეჭდოს ოპერისა და ბალეტის თეატრის პროგრამა; დ) ოფიციალური სადილის მენიუ რუსულ და ინგლისურ ენებზე; ე) ოფიციალურ სადილზე სტუმრების განლაგების სქემა. ყოველივე დაიბეჭდოს უმაღლესი ხარისხის მასალით”. ასევე საარქივო მასალების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს თეატრალურ კომბინატს დაევალა დიდი ბრიტანეთის დროშების დამზადება, რომელიც უნდა ყოფილიყო მოსკოვში გამოყენებული დროშების იდენტური. გაიწერა ზუსტი ზომები და სხვა მახასიათებლები. ასევე საქტელერადიოში უნდა ემუშავა ბი-ბი-სის ხუთ თანამშრომელს, რომლებიც წინასწარ ჩამოვიდოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურმა მოამზადა სპეციალური მასალები, როგორიც იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერ ჯეფრი ჰაუს მოკლე ბიოგრაფიები, სადაც აღნიშნული იყო მათი ცხოვრების ძირითადი ასპექტები, განათლება, პოლიტიკური მოღვაწეობა და სხვა. ასევე მომზადდა მასალები დიდი ბრიტანეთის შესახებ ქვეყნის მოკლე ისტორიის, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა საკითხების ირგვლივ.
ბრიტანულ დელეგაციას ვიზიტის პირველივე დღეს მოსკოვში, კრემლში გამართულ ოფიციალურ სადილზე ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ, რომელიც სტუმრებს ძალიან მოეწონათ. გორბაჩოვმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ ცოცხლობენ ქართველები 100 წლამდეო.

1-ელ აპრილს კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გამოფენილი იყო დიდი ბრიტანეთის, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ დროშები, თვითმფრინავი დაეშვა. მასში ისხდნენ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეფრი ჰაუ, სსრ კავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩი კარტლეჯი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვ. კამენცევი, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ა. კოვალიოვი. დელეგაციას ასევე ჩამოჰყვნენ მოსკოვში აკრედიტებული ჟურნალისტები და 24 კორესპონდენტი ინგლისიდან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საბჭოთა კავშირში იმდროინდელი დასავლური პერიოდის პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ზოგიერთმა მათგანმა ცალკეული სტატია მიუძღვნა საქართველოში ვიზიტსაც. თჰე Iრისჰ თიმეს-ი წერდა: “საბჭოთა კავშირში სტუმრად მყოფ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩაფრენისას Ту-154-ის ტრაპთან დახვდა, მიესალმა და ხელი ჩამოართვა პრემიერ-მინისტრმა (იგულისხმება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ჩერქეზია. - გ. ბ.), ხოლო ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ორმა ქართველმა ახალგაზრდამ ვარდების თაიგული გადასცეს”. აეროპორტიდან, მოტოციკლეტების საპატიო ესკორტის თანხლებით მარგარეტ ტეტჩერი და ოთარ ჩერქეზია, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, კრწანისის რეზიდენციაში გაემგზავრნენ. “ქუჩებში და მოედნებზე, რომლებზეც ავტომანქანების კორტეჟმა ჩაიარა, გამოფენილი იყო დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ დროშები”. რეზიდენციაში საუბრისას მარგარეტ ტეტჩერმა თანაგრძნობა გამოთქვა საქართველოში იმ დროს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ოთარ ჩერქეზიამ სტუმარს “გააცნო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მომავლის პერსპექტივები და აღნიშნა, რომ “გარდაქმნა” მიმდინარეობს ცხოვრების ყველა სფეროში”. შემდეგ ისაუბრა სსრ კავშირ-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, რისთვისაც ტეტჩერმა მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე მომავალი ურთიერთობებისთვის. საუბრის შემდეგ “მარგარეტ ტეტჩერს აჩუქეს ეროვნული კაბა, აგრეთვე ვერცხლისფერი ფეხსაცმელი, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოსტატმა, მეწაღე თენგიზ ხუროშვილმა სპეციალურად მისთვის შეკერა”.
რეზიდენციაში საუბრის შემდეგ საპატიო სტუმრებმა ძველ თბილისში გაისეირნეს და ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრირებული უბნები დაათვალიერეს. როგორც Lოს Aნგელეს თიმეს-ი წერს, “მარგარეტ ტეტჩერის სანახავად ბევრი ხალხი იყო მოსული, როდესაც იგი ამ უძველესი დედაქალაქის ქუჩებს ათვალიერებდა “. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ “მოსკოვის გარეუბნებისგან განსხვავებით, აქ ნამდვილად იგრძნობოდა თბილი დამოკიდებულება. ასევე გიდმა, რომელიც ქალაქს ათვალიერებინებდა, აჩვენა XIX საუკუნეში დამზადებული გვირგვინი, რომელიც დასავლეთ საქართველოს პრინცესას ეკუთვნოდა”. როგორც სტატიის ავტორი შენიშნავს, “ქალაქის დათვალიერებისას, ერთმა ადგილობრივმა, რომელიც ელოდა ტეტჩერს, თქვა, რომ იგი ძლიერი ქალია და ქართველი ხალხიც დიდ პატივს სცემს”. ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ “მუზეუმში ყოფნის დროს იქ მყოფებს ქართულად მიესალმა და გამარჯობატ უთხრა. აქვე აკეთებს შენიშვნას, რომ ეს “ნამდვილად შესაფერისი მისალმებაა იმ ქალაქში, რომელმაც XIX საუკუნემდე, ვიდრე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა, 40-ჯერ განიცადა მტრის შემოსევა”. ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობისას მათ დაათვალიერეს ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა, რომელთაგან მარგარეტ ტეტჩერს ყველაზე მეტად რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევარი მოეწონა. თბილისის ძველი ნაწილის დათვალიერება “აბანოთუბანში” სტუმრობით დასრულდა.

სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ საზეიმო რიტუალების სასახლეში, სადაც ამ დროს მიმდინარეობდა მომღერალ თამარ გვერდწითელის ქორწინების ცერემონია და როგორც AP NEWS-ის სტატიაშია აღნიშნული, ტეტჩერის “თბილისის ქორწინების სასახლეში დაათვალიერა ცერემონია და ახალდაქორწინებულებს ინგლისური ფაიფურის თასი აჩუქა”. საპატიო სტუმრის პატივსაცემად იმავე დარბაზში გაიმართა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტი. როგორც ქორეოგრაფი თამაზ გოგოტიშვილი იგონებს, “მარგარეტ ტეტჩერს მოუტანეს სკამი, მაგრამ ის არ დაჯდა. მთელი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდა ახალგაზრდა მოცეკვავეებს. შემდეგ ბავშვებთან მივიდა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო”. AP NEWS-ის იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ “ტეტჩერი საბჭოთა კავშირში ვიზიტის ბოლო დღეს, ლონდონში დაბრუნებამდე, ეწვია სტალინის სამშობლოს, საქართველოს. მის დედაქალაქ თბილისს, რომელიც კავკასიონის მთებთან ახლოს მდებარეობს. ასევე იმყოფებოდა ოპერის თეატრში და ეროვნულ მუზეუმში, სადაც X საუკუნის ხატები დაათვალიერა და იქ მყოფებს ქართულ ენაზე მიესალმა”.
ბრიტანული დელეგაცია იმყოფებოდა ვაკის პარკში, რომელსაც მაშინ გამარჯვების პარკი ერქვა. უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა დიდი ბრიტანეთის, სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ-ის ჰიმნები. შემდეგ სტუმრები გაემართნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც “ოფიციალური პირებისთვის გამართულ კონცერტზე შესრულდა სამივე სახელმწიფოს ჰიმნი, ასევე წარმოადგინეს ქართული ცეკვები და ცალკეული სცენები “აბესალომ და ეთერიდან”. ბოლოს კონცერტი გამართა კამერულმა ორკესტრმა”.
ვიზიტის დასასრულს, საღამოს, ქართულმა მხარემ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად რესტორან “თბილისის” დარბაზში სადილი გამართა. მარგარეტ ტეტჩერმა საინტერესო სიტყვა წარმოთქვა, რომელიც მის პირად არქივში ინახება: “როდესაც მოსკოვის გარდა რომელიმე სხვა ადგილის მონახულება შემომთავაზეს, დავფიქრდი, სად წავსულიყავი. რჩევა ვთხოვე ჩემს კოლეგასა და თანაშემწეს, ლორდ უაიტლოუს, რომელიც აქ შარშან პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მან მითხრა, რომ არის ერთი ასეთი ადგილი, სადაც უნდა წახვიდე აუცილებლად - საქართველო”. ასევე ისაუბრა ქართველი ხალხის გამორჩეულობაზე და მისი კულტურის სიძველის შესახებ. შეეხო “ვეფხისტყაოსანსაც” და აღნიშნა, რომ ის ორასი წლით უფრო ძველია, ვიდრე ჯეფრი ჩოსერის “კენტერბერიული მოთხრობები”. აქვე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას - საქართველოსაც და ბრიტანეთსაც ერთი მფარველი წმინდანი ჰყავს, წმინდა გიორგი და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება საქართველოში იმ დროს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ისაუბრა საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე სამომავლო მშვიდობისთვის და ბოლოს, საქართველოს სადღეგრძელო წარმოთქვა. როგორც საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი იგონებს, “ტეტჩერმა “ქინძმარაული” მოსვა და ტკბილიაო, თქვა, მაგრამ როგორც კი ვუთხარი, რომ ქართული “ტიბაანი” ტანინიანი ღვინოა და ათეროსკლეროზსაც უხდება, გასინჯა და მოეწონა”. სუფრაზე სტუმრებისთვის იმღერა ფოლკლორულმა ანსამბლმა “რუსთავმა”, ხოლო მხატვარმა ზურაბ წერეთელმა მარგარეტ ტეტჩერს აკვარელით შესრულებული მისი პორტრეტი აჩუქა.

საღამოს 22 საათზე ბრიტანეთისა და სსრ კავშირის ოფიციალური პირები და ჟურნალისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდნენ.
დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერისა და მისი დელეგაციის ჩამოსვლას საქართველოში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რამაც გამოხმაურება პოვა უცხოურ და ქართულ პრესაში, რომლებიც დაწვრილებით აშუქებდნენ ამ ვიზიტსა და მის მნიშვნელობას.
გიორგი ბუცხრიკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტი
"ისტორიანი" .#126