ჩოლოყაშვილთა პორტრეტები - კვირის პალიტრა

ჩოლოყაშვილთა პორტრეტები

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული თავად ჩოლოყაშვილთა ფერწერული პორტრეტები და ახმეტის ჯვარპატიოსნის საგვარეულო ეკლესია

ჩოლოყაშვილთა გვარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. საქვეყნოდ ცნობილი არიან: პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე გარსევან ჩოლოყაშვილი; ჯვრის მამა ბეენა ჩოლოყაშვილი; სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მწიგნობარი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, იგივე ნიკიფორე ირბახი; შერმაზან ჩოლოყაშვილი - აღმზრდელი თეიმურაზ მეფისა; წმინდანად შერაცხული, ბახტრიონის გმირი ბიძინა ჩოლოყაშვილი; ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მრავალი ღირსეული.

ჩოლოყაშვილთა გვარის წარმოშობის შესახებ ცნობას გვაწვდის იოანე ბაგრატიონი თავის ნაშრომში “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” (1799 წ.): “ესენი არიან ძველად გენუზიელნი (რომელ არიან ერნი იტალიისანი და ამათი დიდი ხალხი მოვიდნენ და დაიპყრეს ყირიმი წელსა ქრისტეს აქეთ 1100 და შემდგომად მიუღეს ვენეციელთა წელსა 1297-სა და ვაჭრობდენ პონტოიისა ზღვიდგან ვიდრე კასპიის ზღვამდისაცა და ამათგანმან ვინმე წინამძღომელმან მოიწონა ადგილი გემრი დაღისტანის მხარეს და გარდმოსახლდა მუნ ერითა მრავლითა, რომელსა აწცა უწოდებენ გენოელთა და ქოფაჩთა და მთავარსა მას გენელთასა უწოდეს დაღესტნელთა ჩოლაღად, ვინაიდგან ჰყვა მრავალი ცხოვარი და ზროხა და ვაკე ადგილთა ხმარობდა იგი და აწუხებდა მუნებურთა ამა მიზეზისათვის მუნებურთა უკვე ხალხთა აღიღეს შური ჩოლაღაზე, იავარ ჰყვეს ყოვლითურთ და ასე გააღარიბეს, რომელ ერთისა ხარისა საკიდარითა ძლივღა მოვიდა სახლეულობითა თვისითა დარუბანდის გზით მეფისა გიორგისა თანა წელსა ქრისტეს აქეთ 1320-სა და ამა მეფემან მიიღო იგი ფრიად, რადგან აქვნდა პირველვე საქართველოს მეფეთა ზედა სამსახური ამათა წინა-პართა და შემდგომ ამა ჩოლაღასაცა და ამისთვის მეფემან შეიწყნარა და მიიღო თავადად ჩოლაღადვე გვარად და უბოძა კახეთსა შინა მამულნი ბეითალმანი თავადის ირუბაქის ძისა (რომელიც იყო ირუბაქ კახოსის შთამამავლობათაგანი ძველადვე ადგილსა (სენორის ხეობასა მდგომარე) და უბოძა მუნ სოფლები და აგრეთვე ახმეტას და თიანეთს ნაწილნი მამულნი და არიან მუნიდგან თავადნი პირველნი თითქმის კახეთსა შინა”.

ფეოდალურ ხანაში თითქმის ყველა ქვეყნის წარჩინებული გვარები თავიანთ წარმომავლობას უცხო სახელმწიფოებთან აკავშირებდნენ. პროფესორ იასე ცინცაძის აზრით, ხშირ შემთხვევაში არარსებულ ისტორიას იმისთვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისგან ყოფილიყვნენ განსხვავებული. ასეთი ცნობებითა და ლეგენდებით სავსეა იოანე ბაგრატიონის “აღწერა”.

9-2-1671976794.jpg
გრიგოლ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილი

იტალიიდან მოსვლის იოანესეულ გადმოცემას აბათილებს გენეტიკური კვლევა, რომელიც ჩოლოყაშვილთა საგვარეულოდან სხვადასხვა შტოს წარმომადგენელმა ჩაიტარა. აღებული ნიმუშები გაიგზავნა აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გენეტიკური კვლევის ცენტრ Fამილყ თრეე DNA-ში, რომლის ლაბორატორიაც არიზონას უნივერსიტეტშია განთავსებული. გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტესტირებულთა შედეგი იდენტურია და ჰაპლოჯგუფ G2ა-L1266-ის G2ა2ბ2ა1ა1ა1ბ2-PH1780 განშტოება 6000 წლის წინ წარმოიშვა და მაღალი სიხშირით არის გავრცელებული ქართველებსა და კავკასიის ხალხებში. ჩოლოყაშვილთა ჯგუფს დაემთხვა მაყაშვილის ტესტის ნიმუშიც. დადგინდა, რომ ამ ორი გვარის წარმომადგენლებს საერთო წინაპარი ჰყავდათ დაახლოებით 900 წლის წინ. იოანე ბაგრატიონიც ამას წერს: “მაყაშვილები არიან მეორისა ხარისხისა თავადნი მისვე ჩოლაღას გვარისანი”. ამავე ქვეჯგუფს მიეკუთვნება კიდევ 54 ქართული გვარი, თუმცა, მათ საერთო წინაპარი ჩოლოყაშვილ-მაყაშვილებთან პრეისტორიულ ხანაში ჰყავდათ.

იოანე ბატონიშვილის ცნობას, რომ ჩოლოღა დარუბანდის გზით ჩამოვიდა საქართველოში, გარკვეულწილად იმეორებს ხალხური გადმოცემაც. ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი და თანამებრძოლი ალექსანდრე სულხანიშვილი თავის ნაშრომში “მოგონებები შეფიცულთა რაზმზე” წერს: “ხევსურეთი კარგად იცნობდა ჩოლოყაანთ გვარს მამა-პაპიდან. იქ დღემდე ლეგენდად არის შემორჩენილი, რომ ჩოლოყაშვილები ხევსურთა ჩამომავალნი არიან. ამ ლეგენდის თანახმად, ბრძოლაში დაჭრილი ერთი სახელგანთქმული ხევსური დაკოჭლებულა, ამიტომ “ჩოლოხა” დაურქმევიათ მისთვის, ხოლო მეფეს კი თავადობა უბოძებია ქველობისათვის და ის ბარში დაუსახლებია, იქ, სადაც ჩოლოყაანთ ციხეა სოფელ მატანში”.

ჩოლოყაშვილთა საგვარეულოს კვლევისთვის ფასდაუდებელია ქართული გენეალოგიური საზოგადოების დამაარსებლის, იური ჩიქოვანის სამეცნიერო მემკვიდრეობა - თავადთა გენეალოგიური ნუსხები.

ჩოლოყაშვილები შთამომავლობით ატარებდნენ კახეთის სამეფოს სახლთუხუცესობას, იყვნენ მთავარსარდლები, მდივანბეგნი, ბოქაულთუხუცესნი, სუფრაჯნი, ეშიკაღაბაშნი, მილახვარნი, მორდარნი და მაღალი სასულიერო წოდების წარმომადგენლები - ამბა ალავერდელი, ჯვრის მამა იერუსალიმში, ჭიაურის, თიანეთის, მარილისის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, პანკისის, ბახტრიონის, ქორბალას, ლალისყურის, ვეფხისციხის, კაკაბეთის, თვალსაგარეჯოს, სართიჭალის მოურავები და სხვ. ისინი მამულებს ფლობდნენ ახმეტაში, მატანში, მაჩხაანში, ლალისყურში, უჯარმაში, საგარეჯოში, ხაშმში (ყარაბულახში), ბაკურციხესა და კისისხევსში.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” (1745 წ.) წერს: “მდივანნი, ესენი იყვნენ წესითა უმაღლესნი და უმდაბლესნი: მეფის-თანანი პატივითა უმაღლესნი ვითარცა იტყჳს: “მდივანსა ჩუენსა ჩოლაყაშვილს არა რაჲ ეკადროს, თჳნიერ დიდისა შეცოდებისათჳს მეფისა მარჯუენა ცერი მოეჭრას, ამისგან კიდე არა რაჲ”.

9-3-1671976795.jpg
ალექსანდრე გრიგოლის ძე ჩოლოყაშვილი

თითქოს, მარჯვენა ცერის მოჭრა სხვა სასჯელთა ფონზე მცირედ ჩანს, მაგრამ ასე არ არის, მოჭრილი ცერით მეომარი ვეღარ შეძლებდა ბრძოლასა და თავდაცვას, რაც იმ დროს სასტიკი განაჩენი იყო. საბედნიეროდ, ამ გვარიდან არავისთვის მოუჭრიათ ცერი.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში უცნობი მხატვრების მიერ შესრულებული თავად ჩოლოყაშვილთა ფერწერული პორტრეტები.

ახლახან რესტავრაცია ჩაუტარდა გრიგოლ ჩოლოყაშვილის პორტრეტს. რომელიც 1922 წელს მუზეუმისთვის გადაუცია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.

ჩვენ წინაშეა კავალერიის კაპიტანი, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენის კავალერი, თავადი გრიგოლ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილი, რომელიც დაიბადა 1787 წელს და გარდაიცვალა 1831 წელს თბილისში. დაკრძალულია ახმეტაში, პაპამისის, კახეთის სახლთუხუცეს გრიგოლ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილის მიერ აშენებულ ჯვარპატიოსნის საგვარეულო ეკლესიაში. მისი საფლავის ქვაზე კარგად იკითხება ტექსტი: “აქ განისვენებს გუამი თავადის, კაპიტნისა და კავალერიისა გრიგოლ ქაიხოსროს ძის ჩოლოყაევისა შობილი ჩღპზ-ს წელსა დეკემბრის ია-ს დღესა, რომელიცა მღელვარესა საუკუნესა ამასა შინა არსებდა ბედნიერებითა შემთხვევითა წმინდასა ვლადიმერის მესამის ხარისხის ორდენთა”.

გრიგოლის შესახებ ცნობები გვხვდება ისტორიულ დოკუმენტში “განწესება ერეკლე მეფის დაკრძალვისა (1798 წ.)”:

“ამასთან უნდა ეპყრას სამეფო სფერა ქუეყანისა ვერცხლის ფადნოსზედ, ბალიშდებულსა ზედა, ჩოლოყაშვილს ქაიხოსრო სახლთ-ხუცის ძეს გრიგოლს; ამას შეუდგეს მარჯუენით ფავლენიშვილი, ფარეშთ-უხუცესი ზაქარია და მარცხენით ბეჟან მდივანბეგის შვილი იოსებ; ამას სამეფოსა სფერასა მოეგებნენ ორნი იგი შემოსილი არხიდიაკონნი - დომენტი და გერმანე, თავი მოუდრიკონ და უკმიონ საკმეველითა, ვითა ზემო გარდაცემულ არს, კანონისამებრ”.

ამ შტოს წარმომადგენლები ოდითგან იყვნენ კახეთის სამეფოს სახლთუხუცესები და მეფის შემდეგ ითვლებოდნენ უმაღლესი რანგის ხელისუფლად. თუმცა, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა.

1804 წელს, 17 წლის გრიგოლ ჩოლოყაშვილი მამასთან, ქაიხოსროსთან და ძმასთან, აბელთან ერთად მთიულეთის აჯანყებაში მონაწილეობისთვის დაადანაშაულეს. 1804 წლის 4 ნოემბერს პავლე ციციანოვმა დაავალა დმიტრი ვოლკონსკის, კახეთიდან შვილებითურთ წამოეყვანა ქართლ-კახეთის ყოფილი სახლთუხუცესი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი.

ქაიხოსრო და აბელი წინააღმდეგობის გარეშე წაყვნენ თელავის კაპიტან-ისპრავნიკ სოლომკას, ხოლო გრიგოლი ამ დროს სხვაგან იმყოფებოდა. თელავიდან 12 ვერსიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ ქაიხოსროს ცხენი წაიქცა და იმდენად დაშავდა, რომ სამკურნალოდ სოფელ ხოდაშენში დატოვეს. მისი ვაჟი აბელი კი დავითგარეჯის მონასტერში გამოკეტეს. გამოჯანმრთელებული ქაიხოსრო თბილისში ჩამოიყვანეს და დააპატიმრეს. შემდეგ წელს, “ქაიხოსრო მოკვდა ერთგულად ნამსახური ტუსაღობასა შინა რუსთაგან ტფილისს”.

9-4-1671976795.jpg
ალექსანდრე გიორგის ძე ჩოლოყაშვილი

როგორც გრიგოლ და აბელ ჩოლოყაშვილების გუბერნატორ ლიტვინოვის სახელზე გაგზავნილი მოხსენებიდან ირკვევა, გრიგოლიც დაუპატიმრებიათ: “გთხოვთ მოხედოთ ჩვენს განწირულობას, ორნი წელიწადი არის სამნი მამაშვილი ტუსაღათ გახლდით. მამაჩვენი სრულს უბედურებაში ტუსაღათ მყოფი, მოგვიკვდა, ჩვენ დავრჩით ისევ საპყრობილეში. დავიქეცით, ყმა და მამული სულ წაგვიხდა, დედა უპატრონოდ გვყავს, შეისმინეთ ვედრება ჩვენი, ერთერთს რამდენისამე თავდების მიცემით გვებრძანოს ამ მუშაობის დროს რომ მივხედოთ ჩვენს მამულს, ერთს თვის მოსავალი ავიღოთ და მერე ისევ გეახლებით აქავ”.

ალექსანდრე ფრონელი 1812 წლის კახეთის ამბოხებისადმი მიძღვნილ ნაშრომში (1907 წ.) მოიხსენიებს გრიგოლ ჩოლოყაშვილს:

“ძველის საქართველოს წეს-წყობილება უფრო ფეოდალურ არისტოკრატული იყო. მართვა-გამგეობა და ლაშქარი თავადობას ეკითხებოდა. მღვდელ-მთავარნი, მდივან-ბეგნი, მსაჯულნი, მოურავნი და სარდალნი მომეტებულად დიდის გვარისანი იყვნენ. ხალხიც მიჩვეული იყო თვითოეულს გვარსა. თიანელები, ფშავ-ხევსურნი ისე შეეჩვივნენ ჩოლოყაანთ გვარის მოურავობას, რომ სხვა გვარის კაცის დანახვა თვალითაც არ უნდოდათ.

სამოურაოდ მარკიზ პაულუჩმა აარჩია თავადი მაყაშვილი, დაჯილდოვებული კოლლეჟსკი სოვეტნიკის ჩინით. მაყაშვილი ჟამთა მეფობისა სახლთ-ხუცესობდა და, მარკიზის აზრით, კახელობა დიდ პატივსა სცემდა. რუსის მთავრობისა და სამსახურისაც ერთგული ყოფილა.

უშველებელი აურზაური ასტეხეს თიანე­ლებმა - არ გვინდა მაყაშვილი, 500 წელიწადზე მეტია, რაც ჩოლოყაანი გვმოურავობდნენ და სხვას როგორ გავაჭაჭანებთ ჩვენშიო. მაყაშვილმა მარკიზზე უკედ იცოდა თვისთა თანამემამულეთა ზნე-ხასიათი და ხელი აიღო თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის მოურავობაზე, ასე გასინჯეთ, ისიც-კი ვერ გაჰბედა, რომ თვალით მაინც სჩვენებოდა თიანელებს. მთავარ-მართებელმა რტიშჩევმა თიანელებს მოურავად დაუდგინა თხოვნისამებრ თ. გრიგოლ ჩოლოყაშვილი. თიანელებმა თავისი გაიტანეს და მოურავად ჩოლოყაშვილი იშოვნეს. თუ ქართველთა ერის თემები ასე შეეჩვია და ერთგულობდა სათითაო გვარსა, ახლა იფიქრეთ, რა გუნებაზე იქნებოდა მაშინდელი დიდკაცობა, მიჩვეული მართვა-გამგეობას, წვრილ-ფეხა მოხელეთა ყოყლოჩინობას რომ დაინახავდა? ფეოდალურ ქვეყანაში რუსის მთავრობამ გააბატონა ბიუროკრატიული სისტემა მართვაგამგეობისა. ეს კი ისეთი წესია, რომელიც უკარგავს ფასსა და იერს გვაროვნებას და შთამომავლობას. ხშირად პატარა, უთვისტომო მოხელე, დიაკვნისა, ან ნასალდათარის შვილი, ნელ-ნელა მიცოცავს საიერარქიო კიბეზე და ბოლოს, დაჯილდოვებული ჩინ-ორდენებით, იბერება და იფხვირება ინდოურსავით. ამისთანა ბიუროკრატს ცა ქუდად არ მიაჩნია და დედა-მიწა ქალამნად”.

მსგავს ამბავს აღწერს ალექსანდრე დიუმა თავის თხზულებაში “კავკასია” (1858 წ.):

“თუშთა ერთი ბოქაული, თავადი ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა და მის ადგილზე სხვა ბოქაული დანიშნეს. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა პატივი, ყოფილიყო გვარად ჩოლოყაშვილი, თუშებს კი მაინცდამაინც ჩოლოყაშვილი უნდოდათ. ისე დაჟინებით მოითხოვდნენ ამას თუშები, რომ ხელისუფალნი შეუდგნენ ძებნას და ძლივძლივობით აღმოაჩინეს ჩოლოყაშვილთა გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი. და მიუხედავად იმისა, რომ სუსტი აგებულების ჯანდაგი კაცი იყო, მაინც დანიშნეს ბოქაულად დიდად გასახარელად თუშებისა, რომელთაც, როგორც იყო ეღირსათ საწადელი ბოქაული”.

9-5-1671976795.jpg
ახმეტა, ჯვარპატიოსანი, ჩოლოყაშვილების საგვარეულო ეკლესია და ციხე. მხატვარი არტემ ანტანოსი (2016 წ.)

მეორე პორტრეტზე გამოსახულია თავადი ალექსანდრე ჩოლოყაშვილი. საინვენტარო წიგნის მონაცემით, პორტრეტი მუზეუმს 1922 წელს შესწირეს მისმა შთამომავლებმა ალექსანდრემ, გიორგიმ, დავითმა და ირაკლი რევაზის ძე ჩოლოყაშვილებმა, მათმა დებმა ელისაბედმა და თამარმა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩამოთვლილთაგან ირაკლი 1915 წელს დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში, გიორგი 1919 წელს გარდაიცვალა, ხოლო თამარი ამ დროს უკვე ლონდონში ცხოვრობდა. ფაქტია, ისტორიას რომ სრულად შემორჩენოდა ოჯახის წევრთა სახელები, და-ძმებმა ერთმანეთი მოიხსენიეს ჩუქების აქტში.

გენეალოგიური ნუსხის მიხედვით, ალექსანდრე ზემოთ ხსენებული გრიგოლის უფროსი ვაჟია. ალექსანდრე (1812-1875) პორუჩიკის ჩინს ატარებდა, ცოლად ჰყავდა ყვარლელი თავადის, დიმიტრი ჭავჭავაძის ასული ელისაბედი (1816-1891), რომელიც ილია ჭავჭავაძეს გარე ბიძაშვილად ეკუთვნოდა. ნახატზე ის დაახლოებით 18-19 წლის უნდა იყოს. სავარაუდოდ, მამა-შვილის ფერწერული ტილოები შესრულებულია 1830-1831 წლებში.

ფონდში დაცულია თინათინ ჩოლოყაშვილის პორტრეტი.

XVIII საუკუნეში ჩოლოყაშვილთა გვარში არ გვხვდება სახელი თინათინი, ხოლო XIX საუკუნის პირველ ნახევარში გვარში სამი თინათინი ფიქსირდება, რომლებიც დაიბადნენ 1838-1843 წლებში, ფერწერული ტილო კი უფრო ადრინდელი პერიოდით თარიღდება. ჩოლოყაშვილთა მეუღლე თინათინებიც სამგზის გვხვდება, მათგან ორი დაბადებულია XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში, ხოლო მესამე - 1820 წელს.

გამორიცხვის მეთოდით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე გვაქვს საოჯახო გალერეა - მამა, შვილი და დედა. ტილოზე გამოსახულია ბახტრიონის ეპოპეის ერთ-ერთი გმირის, შალვა წამებულის შვილთაშვილი, გრიგოლ ჩოლოყაშვილის მეუღლე და ალექსანდრეს დედა თინათინ როსტომ ქსნის ერისთავის ასული ჩოლოყაშვილისა, რომლის პორტრეტიც შესრულებული უნდა იყოს წინამორბედების მსგავსად, 1830-1831 წლებში.

ამ ოჯახის შთამომავლები დღეს ცხოვრობენ ახმეტასა და თბილისში.

საინვენტარო წიგნის მიხედვით, ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოლოგის, კოტე ჩოლოყაშვილის (1922-2013) პაპამ, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა (1857-1915) 1912 წელს მუზეუმს გადასცა თავისი ბიძის, ალექსანდრე ჩოლოყაშვილის პორტრეტი. იგი გახლდათ კაპიტანი, წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალერი, თავადი ალექსანდრე გიორგის ძე ჩოლოყაშვილი (1809-1844). ჩოლოყაშვილთა ეს შტო ლალისყურში ცხოვრობდა. ალექსანდრე დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში. მისი შთამომავლობა ქალის ხაზით გაგრძელდა.

დასასრულ, ზაქარია ჩოლოყაშვილის პორტრეტი.

ზაქარია (იგივე ზურაბ) ჩოლოყაშვილის (1802-1851) მშობლები სოფელ მატანში ცხოვრობდნენ. დედა გახლდათ ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ასული რიფსიმე ბატონიშვილი. 2 წლის იყო ზაქარია, როდესაც მამამისი, თიანეთის, ფშავისა და ხევსურეთის მოურავი, პრისტავი დიმიტრი ჩოლოყაშვილი თიანეთში მოკლეს. მის ადგილას დანიშნეს დიმიტრის ბიძაშვილი, ყოფილი მდივანბეგი, პოლკოვნიკი ივანე ჩოლოყაშვილი (?-1812).

ალექსანდრე ფრონელი გვიამბობს: “პოლკოვნიკ ივანე ჩოლოყაშვილის სიკვდილის შემდეგ, ადათისა და ჩვეულების ძალით, მოურავობა ეკუთვნოდა ბატონიშვილის რიფსიმე გიორგის ასულის შვილებს, ზურაბსა და ალექსანდრე ჩოლოყაშვილებს. რადგან მცირეწლოვანი ზურაბ და ალექსანდრე პაჟთა კორპუსში სწავლობდნენ, მათი მოურავობა არ იქნებოდა. მარკიზ პაულუჩის სურდა ჩოლოყაანთ გვარი, ვითარცა მოღალატენი, მოეშორებინა თავიდან და თიანეთის სამოურავო ჩაებარებინა რუსეთის სხვა მომხრე და ერთგულ გვარისათვის. შემდეგ ზურაბ ჩოლოყაშვილი სრულწლოვანი რომ შეიქნებოდა, მაინც მოურავობას ვერ მიიღებდა, რადგან სამოურავოს მაგიერ, რიფსიმეს თხოვნით, შვილებს სათითაოდ წლიურად 500 რუბლი პენსია დაუნიშნა მთავრობამ და ზურაბი თუ მოურავობას მოითხოვდა, ეტყოდნენ, - რაღა გინდა, პენსიას იღებ და შენს ქერქში იყავიო. ასე ჰფიქრობდა და ბჭობდა მარკიზი, მაგრამ თიანელები და ფშავ-ხევსურნი სხვა თვალით უცქეროდნენ თავიანთს უფლებას”. ამ ამბის გაგრძელებაზე ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ.

ზაქარიამ სწავლა დაამთავრა 1819 წელს და დანიშნეს ავსტრიის იმპერატორის სახელობის გრენადერთა პოლკში პრაპორშჩიკად. მონაწილეობდა ვარნის აღებასა (1828 წ.) და პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში (1831 წ.).

სამშობლოში 1832 წელს დაბრუნდა კაპიტნის ჩინით და შეთქმულებაში გაერია. შეთქმულების გაცემის შემდეგ, კომისიამ იგი ეჭვმიტანილად ცნო.

9-6-1671976795.jpg
ახმეტა, ჯვარპატიოსანის ეკლესია

ზაქარიას პოზიცია შეთქმულების შესახებ კარგად ჩანს მისი ჩვენებებიდან:

“ნუთუ არ გიჯობთ რუსებთან მშვიდობიანი ცხოვრება. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ზენაარს, რომ რუსები არ სტოვებენ ჩვენს მიწაწყალს. შენ იცი, ჩემო მეგობარო, რომ თურქები, სპარსელები, ლეკები თვალის დახამხამებაზე გაგვანიავებენ და მაშინ რას იზამთ”.

“იესე ფალავანდოვი, მოვიდა ერთხელ ჩემთან ბინაზე ელიზბარ და დიმიტრი ერისთოვებთან, ვახტანგ ორბელიანოვთან და მასწავლებელ დოდაევთან ერთად. საშინელ ბნელ ღამეში, მუხლებამდე ტალახში ამოსვრილი, რამაც ძალიან გამაკვირვა. მან ამოიღო ჯიბიდან რვეული და უნდოდა წაეკითხა რაღაც განკარგულებების შესახებ, მაგრამ მე დავუხიე იგი და ვთხოვე, აღარ წაეკითხა არავისთვის ასეთი უმზგავსი რამე; ფალავანდოვი გაჯავრებული წავიდა... მეორე დღეს დავიბარე დოდაევი, რომელსაც მტკიცედ გამოვუცხადე, დაუყოვნებლივ წასულიყო ალექსანდრე ორბელიანოვთან და ჩემი სახელით ეთქვა, რომ მე ვწყვეტ ყოველგვარ კავშირს როგორც ფალავანდოვთან ისე ერისთოვთან და იგივე ვურჩიე თვითონ მასაც; მან დამარწმუნა, რომ თვითონაც ასე მოიქცეოდა”.

რადგან ალექსანდრე ჭავჭავაძის მეუღლე სალომე ორბელიანი ზაქარიას გარე ბიძაშვილი იყო, შეთქმულებაში ალექსანდრეც დაადანაშაულეს. ზაქარია ჩოლოყაშვილმა ასეთი რამ უთხრა საგამოძიებო კომისიას: “ალექსანდრე ჭავჭავაძე მზად იყო უმალ რუსებისთვის მომკვდარიყო, ვიდრე დაეშვა ქართველებისგან რაიმე უწესრიგობის წამოწყება”. ამ სიტყვებმა არ უშველა პოეტს, ის ტამბოვში გადაასახლეს.

გულახდილი და დაუფარავი ჩვენებების გამო, ზაქარია არ დასაჯეს და ქვეითთა პოლკში განაწესეს. 1851 წელს, პოლკოვნიკის ჩინით ზაქარია გადადგა სამხედრო სამსახურიდან და იმავე წელს გარდაიცვალა. მისი მეუღლე იყო სოფიო, თავად კონსტანტინე ორბელიანის ასული. მათ შვილები არ ჰყოლიათ.

ფერწერულ ტილოზე პაჟთა კორპუსის (სამხედრო გიმნაზიის) აღსაზრდელი ზაქარია 9-10 წლის იქნება, შესაბამისად, პორტრეტი შესრულებული უნდა იყოს 1811-1812 წლებში.

ჩოლოყაშვილების საგვარეულო ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესია

“ქართლის ცხოვრება” გვიამბობს: “ვითარ ნათელ იღეს მეფემან და დედოფალმან და შვილთა მათთა და ყოველმან ერმან მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ზედა ბორცვსა შეუვალსა, და იყო ხე იგი მშუენიერი ფრიად და სურნელი”.

მირიან მეფის ძე რევიმ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითა და ერის თანხლებით, სასწაულთმოქმედი ხე მოაჭრევინა და მცხეთაში წამოაბრძანა. ამ ხისგან დაამზადეს სამი ხის ჯვარი. 20 მაისს ერთი აღმართეს მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ქვის კვარცხლბეკი დგას ჯვრისთვის. მეორე - თხოთის მთაზე, იქ, სადაც მირიან მეფეს თვალთ დაუბნელდა და მესამე - გარე კახეთში, უჯარმაში, სადაც მირიან მეფის შვილი რევი და მისი მეუღლე სალომე უჯარმელი ცხოვრობდნენ.

უჯარმაში ახლაც დგას ჯვარპატიოსნის ეკლესია. იქ IV საუკუნიდან ინახებოდა ჯვარი პატიოსანი. ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი თავის ნაშრომში “საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები” (2006 წ.) გვაწვდის ცნობას: “აღნიშნული ჯვარი უჯარმის ჯვარ-პატიოსნის სახელითაა ცნობილი. ეს ჯვარი ერთხანს სოფელ ახმეტაში იყო გადასვენებული. 1923-1924 წლებში, ანტირელიგიური მოძრაობის დროს, იგი დაიკარგა”.

XVII-XVIII საუკუნეებში უჯარმის ციხე-ქალაქი ჩოლოყაშვილების სათავადოში შედიოდა. როგორც ჩანს, ლეკიანობის დროს, ჯვარის დაცვის მიზნით, 1756 წელს კახეთის სახლთუხუცესმა გრიგოლ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილმა ჯვარი ახმეტაში, უტოს უბანში მდინარე ორვილის მარცხენა ნაპირზე ახალაშენებულ რეზიდენციაში გადაიტანა და ეკლესიაც ააგო ჯვარპატიოსნის სახელზე: “აღვაშენეთ ეკლესია პატიოსნის ჯვარისა და შევამკევით შიგნით და გარეთ უტოს შინა; და თანა აღვაშენეთ ციხეც ყოვლით ქმნილკეთილობით”.

1894 წელს მღვდელმა მ. ხელაშვილმა მოინახულა ჯვარი პატიოსანი და გაზეთ “მწყემსის” #18-ში აღწერა კიდეც:

“ამ სოფელს ახმეტაში გაგონილი მქონდა ჩოლოყაშვილების კარის ეკლესიის სახელი, რომელსაც ჯვარპატიოსნის ეკლესიას უწოდებენ, განვიზრახე ნახვა ამისი. ეკლესია არის პატარა, შიგნით საკურთხეველი ცის ფერის ზეთიანის წამლით არის შეღებილი და ვარაყიანი ვარკვლავები ასხედს. ...მარჯვნივ მაცხოვრის ადგილას არის დასვენებული პატიოსანი ჯვარი, სიმაღლით ერთ არშინზედ მეტი და სიგანითაც სამი მეოთხედი არშინისა. წინა პირი აქვს მოოქრული ვეცხლით მოჭედილი და არიან შემდგომი სურათნი: 1) შუაში ჯვარცმა უფლისა. 2) ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. 3) იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლა. 4) ნათლის-ღება ქრისტესი. 5) მირქმა უფლისა. 6) შობა იესო ქრისტესი. ღვთისმშობელს გვერდით ყრმა უწევს. თავით მოგვნი სდგანან თაყვანის-საცემლად და ორნი ანგელოზნიც. 7) ხარება ღვთისმშობლისა. 8) მიძინება ღვთისმშობლისა. 9) ფერისცვალება ქრისტესი. აქ მოციქულნი არიან ამათ ზევით ქრისტე და აქეთ-იქით მოსე და ილია. 10) სულის წმიდის მოსვლა. 11) აღდგომა ქრისტესი და 12) ამაღლება უფლისა. ამ სურათებს ზოგთ ხუცურად და ზოგთ ქართულად აქვთ წარწერა, უკანა პირი ჯვარისა ვერცხლით არის შეჭედილი”.

გასაბჭოების შემდეგ, როდესაც ჩოლოყაშვილებს დაატოვებინეს სასახლე, ჯვარი პატიოსანი ხატებთან ერთად დაიკარგა. სამწუხაროდ, სასახლე, სადაც კომუნისტების დროს განთავსებული იყო ბიბლიოთეკა, შემდეგ სამშობიარო, 1987 წელს ციხის გალავნიანად დაანგრიეს და სამშენებლო მასალად გამოიყენეს...

ამჟამად, უტოს უბანში დგას ნაშთი წარსული დიდებისა - ნახევრად ჩამოშლილი კოშკი და რესტავრირებული ჯვარპატიოსნის ეკლესია, რომლის კედლის წარწერა ლოცავს ჩოლოყაშვილებს: “გვფარევდე ცხოველო ჯვარო აქაცა და მერმესაცა მეუღლით, ძით და ასულით და მომავალთაცა ჩვენთა”.

ლევან მიზანდარი

კომპოზიტორი, ისტორიკოსი

"ისტორიანი" .#126