მხიარული ეპიზოდები იურისტების ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

მხიარული ეპიზოდები იურისტების ცხოვრებიდან

ადვოკატი ციცინო ცხვედიანი წლების­ განმავლობაში თავს უყრის და კინძავს ადვოკატების (და არა მარტო) თავს გადახდენილ მხიარულ ეპიზოდებს, რომლებიც უხვადაა მათ საქმიანობაში. ქალბატონი ციცინო დაგროვილი მასალის ბროშურად გამოცემასაც აპირებს. ამ წლის ბოლოსაც ტრადიციულად გთავაზობთ მხიარულ ეპიზოდებს ადვოკატების ცხოვრებიდან:

ბედგახსნილი

ადვოკატ გულიკო ჯიმშელაძის ნაამბობი.­

ოდესღაც, ადვოკატობამდე, მოსამართლე ვიყავი. განვიხილავდი ერთ სამოქალაქო საქმეს ქორწინების ბათილობის შესახებ. ქმარი ამტკიცებდა, ჩვენი ქორწინება ფიქციურიაო, ქალი კი აცხადებდა, ნამდვილად ცოლ-ქმარი ვიყავითო.

- თუ მართლა ჩემი ცოლი იყავი, მითხარი, რა ნიშანი მაქვს ტანზე?

- არა გაქვს ნიშანი, - იყო პასუხი.

- ახლავე გაჩვენებ, თუ არა მაქვს! - შესძახა ქმარმა და შარვალზე ქამრის შეხსნა დაიწყო.

- რას შვრები, - ვიკივლე მე, - არ გინდა გახდა, ისე თქვი, რა ნიშანი გაქვს!

- ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ ნაწიბური მაქვს დარჩენილიო.

მოკლედ, არ გავახდევინე და გამოვიტანე­ გადაწყვეტილება - განვაქორწინე. არ გაუსაჩივრებიათ და გადაწყვეტილება მაში­ნდელი­ წესით ორ კვირაში­ შევიდა კანონიერ­ ძალაში. მე-15 დღეს მოდის­ ის კაცი ვეებერთელა თაიგულით, მაწვდის და მუხლმოყრით მეუბნება:

- ქალბატონო გულიკო, გთხოვთ, ცოლად გამომყვეთ!

ჯერ ხუმრობა მეგონა, მაგრამ არ მეშვება, გინდა თუ არა, ცოლად გამომყევიო.

უკვე მყავს ქმარი-მეთქი, ვუთხარი.

- არა უშავს, მაინც გამომყევით, - არ მანებებს თავს.

- საიდან მოიტანეთ, რომ ცოლად გამოგყვებოდით?! - აღვშფოთდი მე.

- ეჰ, ჩემს ინტიმურ საკითხებზე რომ ვლაპარაკობდი, ისე გიელავდათ თვალები, არ მეგონა, უარს თუ მეტყოდითო, - ჩაილაპარაკა განაწყენებულმა...

,,დაკავებული"

ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის ძმისშვილი თურქულ რესტო­რანში უკრავს­. ერთხელ ზურას­ ურეკავს და აკანკალებული ხმით ეუბნება,­ რესტორანში ჩხუბი მოხდა, ყველა დაგვიჭირეს, პოლიციაში წაგვიყვანეს და არ მიშვებენო. შემოგვეყარა გულზე: ჯერ ერთი, ძმისშვილია, მეორეც - ისეთი­ წესიერი ბიჭია, ჭიანჭველას არ ადგამს ფეხს. ზურამ­ გამომძიებელს დაურეკა­ და იბდღვნის ყველაფერს, რატომ დააკავეთო.

არა, ბატონო, არ დაგვიკავებია თქვენი ძმისშვილიო, პასუხობს გამოძიებელი. აბა, რატომ არ უშვებთო, ბობოქრობს ზურა.

- მოვრჩებით ამ თურქების დაკითხვას­ და გამოვუშვებთ, - ეუბნება გამომძიებელი.

თურმე როგორც თურქული ენის მცოდნე, თარჯიმნად წაუყვანიათ, მას კი ჰგონებია, დამიჭირესო.

,,ძლოკვი"

გიგი დამწყები ადვოკატი გახლდათ. ზურაბ როსტიაშვილმა პატიმრის დაცვის ორდერი გამოუწერა და საქმეზე გაგზავნა. გამომძიებელმა გიგის ორდერზე­ როსტიაშვი­ლის­ გვარი რომ წაიკითხა, კარგა ხანს ატრიალა ხელში, მერე უთხრა, ერთი წუთით დამელოდეო და ორდერიანად გავიდა.­ გიგი უკან გაჰყვა. გამომძიებელს ეს არ შეუნიშნავს, შეაღო რომელიღაც კარი და მაშინვე მიმართა ვიღაცას, როსტიაშვილის ძლოკვი მოვიდა და რა ვქნაო. გიგი რომ შევარდა და ერთი ამბავი დააწია, ვინ არის ძლოკვიო, ეს უკვე სხვა ამბავია, ჩვენ კი კარგა ხანს გიგის ,,როსტიაშვილის ძლოკვს" ვეძახდით.

დამაჯერებელი არგუმენტი

ყოფილი გამომძიებლის ნაამბობი.

ერთხელ ქალის ცემის ფაქტს ვიძიებდი­. მოძალადეს ზურაბ როსტიაშვილი იცავდა.­ კაცი უარყოფდა ქალის ცემას, ქალი გამწარდა, რას ჰქვია, არ გიცემივარო, და გაცეცხლებული გაექანა კაცისაკენ. ზურაბ როსტიაშვილი ქალისა და კაცის შუა აღმოჩნდა და რომ მეგონა, ქალს შეაჩერებდა, უცებ განზე­ გადგა და ქალს გზა დაუთმო. მთელი ინერციით გამოქანებულმა ქალმა ისეთი­ სთხლიშა კაცს, რომ ის წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა.

- ახლა ხომ დარწმუნდით, რომ ეს კაცი ამ ქალს ვერ სცემდა? - მშვიდად იკითხა როსტიაშვილმა. რა უნდა გვექნა, ფაქტი სახეზე იყო, კაცს ვეებერთელა ,,სინიაკი" აჯდა და ტვინის შერყევაც მიიღო. კაცს თავი დავანებეთ და საქმე ქალზე აღვძარით.

ადამიანი დიდი ასოთი

ამას წინათ, ერთმა ადვოკატმა ქალმა მიამბო: ერთ დღეს სოცქსელში ვნახე, კოლეგა მამაკაცის დაბადების დღე ყოფილა. გადავწყვიტე მეც სოცქსელით მიმელოცა. ხომ იცი, როცა ვინმეს დიდ ადამიანობას უსვამენ ხაზს, რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: человек с большой буквы. ვინაიდან ის ბატონი X ძალიან კარგი ადამიანი და პატივსაცემი პიროვნებაა, დიდი ამბით დავუწერე, თქვენ ხართ ადამიანი დიდი ასოთი-მეთქი.

რამდენიმე წუთში მირეკავს მეგობარი, ასევე კოლეგა ქალი, და სიცილით მეუბნება, ქალო, ნუ მოიჭერი თავი საქვეყნოდ, საიდან იცი, რამხელა ასო აქვს ბატონ X-ს, სანამ მთელ ქვეყანას არ გაუგია შენი საეჭვო ცოდნის ამბავი, წაშალე დროზე პოსტიო. პოსტი კი სასწრაფოდ დავარედაქტირე,­ მაგრამ დღემდე არ ვიცი, ადრესატმა მოასწრო თუ არა სრული ტექსტის წაკითხვა.

„ბატონი წვიმა“

ადვოკატ როინ მიგრიაულის ნაამბობი­. ჩემი უცხოელი კლიენტისაგან მივიღე წერილი, რომელიც ასე იწყებოდა: ,,ბატონო­ წვიმა! - ვერაფრით მივხვდი, წვიმა რა შუაში იყო. თურმე ჩემს კლიენტს, რომელმაც წერილი ჯერ უცხო ენაზე დაწერა, უფიქრია, რომ ჩემდამი მეტ პატივისცემას გამოხატავდა, თუ წერილს ქართულად გამოგზავნიდა,­ მაგრამ რადგან­ ქართული არ იცოდა, ტექსტი­ "გუგლ ტრანსლეითით" გადაუთარგმნია, ამ პროგრამას კი ჩემი სახელი ,,როინი" ,,წვიმად" (რეინ) გადაუთარგმნია და ასე გავხდი ბატონი წვიმა.

უძილობის წამალი

წლების წინ ვაწარმოებდი ერთი ხნიერი ქალის საქმეს. ძალიან აქტიური იყო, ყოველდღე მირეკავდა, თან ერთი და იმავე დროს, დაახლოებით ღამის 12 საათზე.

როგორც იქნა, ვეღირსეთ სასამართლო სხდომის ჩატარებას და პროცესიც მოვიგეთ. გავიხარეთ, მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ღამის 12 საათზე აღარ დამირეკავდა და დავისვენებდი. გახდა ღამის 12 საათი, არ რეკავს და მიხარია. პირველის 15 წუთზე რეკავს ტელეფონი და მესმის იმ ქალის დაშაქრული ხმა, ციცო, შვილო, შენს ხმას ვენაცვალე, ისე შევეჩვიე ყოველ საღამოს შენი ხმის გაგონებას, ძილის წინ თუ არ გავიგონე, აღარ მეძინებაო.

საიქიოში გაგზავნილი

ერთ სამოქალაქო საქმეში ვმონაწილე­ობდით სამი ადვოკატი და სამივე სხვადასხვა­ პირს ვიცავდით. ერთ-ერთი­ ადვოკატი გახლდათ აწ გარდაცვლილი მერაბ ნავროზაშვილი, ძალიან კარგი ადამიანი, ხოლო მეორე ხნიერი ქალი, თუ არ ვცდები, ქეთ­ევანი ერქვა. მოსამართლემ გამოცხადებულ პირთა ვინაობის დადგენა დაიწყო. აღმ­ოჩნდა, რომ ქალბატონი ქეთევანის რწმუნებულებას ვადა გასვლია, მაგრამ რწმუ­ნებულების გამცემი პირი გარდაცვლილა­ და ქალბატონმა ქეთევანმა საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა. მერაბი საქმის მასალებს კითხულობდა, მთელი ყურადღება იქით ჰქონდა გადატანილი და მხოლოდ იმას მოჰკრა ყური, რომ რწმუნებულებას ვადა გასვლია.

- რა პრობლემაა, წაბრძანდით და ახალი რწმუნებულება გამოართვით თქვენს კლიენტს, - უთხრა ქალბატონ ქეთევანს.

- სად წავბრძანდე, ბატონო მერაბ, ხნიერი კი ვარ, მაგრამ ჯერ მაინც არ მეჩქარება იქით, - დაიბნა ქალბატონი ქეთევანი.

ჩუმად ვიჩქმიტე, რომ არ გამცინებოდა და მერაბს ჩავჩურჩულე, სად გზავნი, მოკვდა მაგის კლიენტი-მეთქი.

თქვენ მერაბის სახე უნდა გენახათ!

სინანული

ადვოკატი კესო ცარციძე ჩვენს ოფისში­ მუშაობს. წარმოშობით საჩხერიდანაა. წლების წინ იცავდა ერთ ბრალდებულს, რომლის საქმესაც ასევე საჩხერელი გამ­ომძიებელი იძიებდა. საფუძვლიანი გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ კესოს დაბადების დროს ბებიაქალი ამ გამომძიებლის დედა ყოფილა. კესო კერკეტი კაკალია და გამომძიებელს სულ თავბედი აწყევლინა. გამწარდა კაცი, რა ექნა, არ იცოდა და გაცეცხლებულმა უთხრა კესოს:

- აფსუს, რატომ ხელიდან არ გოუვარდი დედაჩემს?!

მაძღარი მანდატური

ერთ დღეს ჩვენს კოკერსპანიელ ენცოს თავისი საკვები, ,,სპორტმიქსი" ვუყიდე და რადგან სასამართლოში მეჩქარებოდა, თან წავიღე. სანამ ჩემი ,,სპორტმიქსი" მონიტორზე გამოჩნდებოდა, მანდატურს ვკითხე, ჩანთაში ძაღლის საჭმელი მაქვს და შევიტანო თუ თქვენ დაგიტოვოთ-მეთქი.

- გმადლობთ, ქალბატონო, ნასადილევი ვარ, შეიტანეთ, - ღიმილით მიპასუხა.

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს!

"პატმასწი"

ერთმა სიმპათიურმა ხნიერმა ქალმა, რომელიც ჩემი კლიენტი გახლდათ, მთხოვა, სანამ სასამართლოში შეიტანდე, სარჩელი აუცილებლად წამაკითხეო. როგორც წესი, ისედაც ვთავაზობ კლიენტებს სარჩელისა თუ შესაგებლის წაკითხვას, მაგრამ ამან დამასწრო. მოვამზადე სარჩელი, დავიბარე ქალი და გადავეცი წასაკითხად. მან სათვალე გაიკეთა, ავტოკალამი მოიმარჯვა და შეუდგა კითხვას. ძალიან ნელა და ყურადღებით კითხულობდა, ბოლოს კმაყოფილმა გამომიწოდა:

- ყოჩაღ, არც ერთი გრამატიკული შეცდომა არა გაქვთ!

თურმე პენსიონერი პედაგოგი ყოფილა!

კოლექტიურად ტუალეტში...

ერთ დღეს იურისტები და ადვოკატები პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს სასტუმრო ,,რუმსჰოტელ თბილისში". პრეზენტაციის მერე სადილი იყო დაგეგმილი, გამოვცვივდით ჯგროდ ეს მშიერი ხალხი და დავიწყეთ სასადილო დარბაზის ძებნა. დავინახეთ სასტუმროს თანამშრომლები და ქალიან-კაციანად მივცვივდით, სად შევიდეთ-თქო. ქალები აქეთ შედით და კაცები იქითო, დაგვაკვალიანა ერთმა. რატომ, ერთად რომ შევიდეთ, რა უჭირსო, გააპროტესტა ერთმა ჩვენგანმა. არავითარ შემთხვევაშიო, კატეგორიულ უარზე დადგა სასტუმროს თანამშრომელი. თურმე ტუალეტების წინ ვმდგარვართ და ჰგონებია, კოლექტიურად ვაპირებდით შიგ შესვლას!

ასოს შეცვლა

ერთი ჩემი მეგობარი ადვოკატი ქალი განიხილავდა ერთ სამოქალაქო საქმეს. განმცხადებელი მოხუცი კაცი იყო, გვარში თუ სახელში ერთი ასო არასწორად ეწერა და გასწორება უნდოდა. ჩემმა მეგობარმა, როგორც წესია, ჰკითხა, რას ითხოვო. ბევრი არაფერი, შვილო, მარტო ასო შემიცვალეო, სთხოვა მოხუცმა. პატივცემულო, მე აქ გადაწყვეტილებები გამომაქვს, ასოს შეცვლა თუ გინდათ, კუზანოვს მიაკითხეთო...

მეტრო ქუთაისში

ერთმა ქალმა დამირეკა, კონსულტაცია მჭირდება და როდის შეძლებთ მიღებასო. ვუთხარი, საღამოს 7 საათზე მობრძანდით, ხომ იცით ჩვენი ოფისის მისამართი-მეთქი. მითხრა, ნახევარი საათით ადრე დაგირეკავთ და ამიხსენით ადგილმდებარეობაო.

18 საათსა და 30 წუთზე მირეკავს და მეკითხება, სადაა ოფისიო.

- ქეთევან წამებულის 47-ში, მეტრო ,,სამასი არაგველის" წინ, - ვუპასუხე მე.

ხანმოკლე პაუზის შემდეგ ქალი ყოყმანით მეკითხება: - ქალბატონო ციცო, ქუთაისში მეტრო არის?

ახლა ჩემი პაუზის ჯერი დადგა:

- ქუთაისი რა შუაშია?

თურმე, ვისაც ჩემი ტელეფონის ნომერი მიუცია, ჩემზე უთქვამს, ქუთაისელიაო. ქალს უფიქრია, ქუთაისში აქვს, ალბათ, ოფისიო, და თბილისიდან ქუთაისში გაქანებულა ჩემთან შესახვედრად, ჰოდა, ქუთაისიდან მირეკავდა!

გაუპატიურების მსურველი

ადვოკატი ქალის ნაამბობი.

ერთხელ გაუპატიურებაში ბრალდე­ბულს ვიცავდი. მოგეხსენებათ, მძიმე მუხლია და გადავწყვიტე, კონსულტაცია მიმეღო ზურაბ როსტიაშვილისგან, რომელსაც ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება აქვს. შევუთანხმდი შეხვედრაზე, მაგრამ ისეთი საქმე გამომიჩნდა, ვერ მივედი. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლოს ეზოში ზურა შემთხვევით დავინახე, იმანაც დამინახა და დამიძახა:

- რატომ არ მოხვედი იმ დღეს, აღარ გინდა გაუპატიურება?

მე, გახარებულმა, რომ ზურამ ჩემი დახმარება არ გადაიფიქრა, შევძახე:

- მინდა, ზურა, მინდა, დღეს რომ მოვიდე, გეცლება?

- შენ უარს როგორ გეტყვი, - მიპასუხა ზურამ.

ჩვენი დიალოგის შინაარსით შეცბუნებული სახეების დანახვაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.

,,საყვარელი დედიკო"

ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს მოსმენილი ტელეფონის ასეთი ზუმერი: ,,დედიკო გირეკავს, დედიკო, აიღე ტელეფონი, შენი საყვარელი დედიკო გირეკავს".

სააპელაციო სასამართლოში გამოვდივარ სიტყვით. დარბაზში ვართ მხარეები, ადვოკატები და მოსამართლეები. ამ დროს წიკვინა ხმით დასცხო ვიღაცის ტელეფონმა:

,,დედიკო გირეკავს, დედიკოოო, აიღე ტელეფონი, შენი საყვარელი დედიკო გირეკააავს".

ზოგმა აშკარად და ზოგმა ფარულად თავისი ტელეფონი მოიძია, მაგრამ ამაოდ, ტელეფონი არ ჩერდება. მე აზრად არ მომსვლია ჩემი ტელეფონის შემოწმება, რადგან ასეთი ზარი არ მიყენია. ყველას ტელეფონი რომ შემოწმდა, მაგრამ ხმა მაინც არ გაჩერდა, ყოველი შემთხვევისთვის ჩემი ტელეფონიც ამოვიღე და დავხედე. დავხედე და ვიგრძენი, როგორ გავწითლდი: ეკრანზე წერია ,,დედიკო" და ჩემი ტელეფონი მთელი ხმით გაჰკივის. ლამის მიწაში ჩავმძვრალიყავი სირცხვილით, დარბაზში მყოფები კი გულიანად იცინოდნენ. ერთმა მოსამართლემ, სული რომ მოითქვა, მითხრა, არაა პრობლემა, დაელაპარაკე საყვარელ დედიკოსო.

როგორც მერე გავარკვიე, თურმე ჩემს ერთ-ერთ შვილს დედაჩემის ნომერზე ეს ზუმერი დაუყენებია...