ჰოდა, სოსო ჟორდანიას მიმოწერა დედოფალთან
რედაქციისგან: პაატა ნაცვლიშვილის ამ ვრცელი ნარკვევის პირველი ნაწილი ჩვენი ჟურნალის წინა, შემოდგომის ნომერში დაიბეჭდა. იმის მიუხედავად, რომ პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ წერილის მთავარი გმირი - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ II გარდაიცვალა, ჩვენ მეორე ნაწილს მაინც უცვლელად ვბეჭდავთ. ჯერ ერთი, დედოფლის გარდაცვალების ფაქტის გათვალისწინებით გამოწვეული ნებისმიერი ცვლილება მთლიანად შეცვლიდა ტექსტის სტრუქტურას და სრულიად გამიჯნავდა მას უკვე გამოქვეყნებული პირველი ნაწილისგან. და მეორეც: რა არის ორიოდე თვე უკვდავი დედოფლისთვის, როგორადაც შევიდა ისტორიაში ელიზაბეთ II, რომელიც 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა ტახტზე, როცა პლანეტის დღევანდელი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი ჯერ დაბადებულიც არ იყო...
(დასასრული.დასაწყისი იხ. “ისტორიანი” #125)
ჰოდა, ამის მერე, 2021 წლის 25 აგვისტოს, სოსომ მეორე წერილიც გაუგზავნა დედოფალს მელბურნიდან. მისი პასუხი რომ მიიღო, ასლები გამომიგზავნა და მეილიც მომწერა 2021 წლის 11 ნოემბერს:
“პაატა, ძმაო, გიგზავნი ელიზაბეთის მეორე წერილის და მისი კონვერტის ფოტოს.
სხვათა შორის, დედოფალი ამ წერილში კორბეტის ცენტრსაც ახსენებს, ჩვენ რომ დავაარსეთ თბილისში.
ელიზაბეთი მწერს რომ, სამწუხაროდ, არ შეუძლია დახმარება. როგორც გახსოვს, მე ვკითხე, 1952 წლის 6 თებერვალს კორბეტთან შეხვედრის დროს ხომ არ გადაუღია მასთან ერთად ფოტო (თუმცა ასეთი ფოტოს არსებობა არ გამიგია და არც კორბეტი ახსენებს სადმე, რომ სურათი გადაიღეს). როგორც ირკვევა, მართლა არ გადაუღიათ - ელიზაბეთი მხოლოდ ცხოველებს იღებდა პატარა კინოკამერით.
ჰო, კიდევ, დედოფალი მადლობას მიხდის სურათებისთვის. ამ სურათებსაც გიგზავნი. ესაა ძველი შავ-თეთრი ფოტოები, რომლებიც აღადგინა და “გააფერადა” ჩვენი ცენტრის კომპიუტერულმა ოსტატმა, პაკისტანელმა ხავარ მაჰმუდმა, რომელიც კორბეტის დიდი მცოდნე და ფანია. მუშაობს დუბაიში. მე მგონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოსტატია ამ საქმისა! აი, ასეთი ხალხი იმუშავებს რობაქიძის უნივერსიტეტის კორბეტის ცენტრში! ნამდვილად ვიცი, რომ ერთი ფოტო შენ ძალიან გეცნობა!..
თუ საჭიროდ ჩათვლი, რა თქმა უნდა, შეგიძლია, დედოფლის ორივე წერილი გამოაქვეყნო. მალე მესამე წერილის მიწერას ვაპირებ. 6 თებერვალს ხომ მისი გადედოფლების (და კორბეტთან შეხვედრის) 70 წლისთავი შესრულდება!”
ჰოდა, აი, სოსო ჟორდანიას ის მეორე წერილიც, რომელსაც იგი ხელს აწერს როგორც უკვე კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი.
“თქვენო უდიდებულესობავ, შეიძლება გახსოვთ წერილი და წიგნი “ჯიმ კორბეტის მონათხრობს მიღმა”, რომელიც მიიღეთ ჯიმ კორბეტის კვლევის საერთაშორისო ჯგუფისგან ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინათ.
ჩვენ ფრიად ნასიამოვნები და სრულიად აღფრთოვანებული დავრჩით თქვენი თავაზიანი პასუხის მიღებით. დიდი მადლობა!
წერილს ერთვის ჩვენი წიგნის მეორე ტომი, რომელიც პირველ წერილში ვახსენეთ. ის გასულ წელს გამოქვეყნდა, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მისი გამოგზავნა ჩოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო საფოსტო შეზღუდვების გამო.
ვიმედოვნებთ, რომ მოხარული იქნებით, იხილოთ რამდენიმე რესტავრირებული ფოტო (აღდგენილი ჩვენი პაკისტანელი კომპიუტერული კონსულტანტის ხავარ მაჰმუდის - კორბეტის დიდი გულშემატკივრის და თქვენი უდიდებულესობის მგზნებარე თაყვანისმცემლის მიერ), რომლებიც ერთვის ამ გზავნილს, როგორც მოკრძალებული საჩუქარი ჩვენგან. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფოტოები სიხარულს მოუტანს თქვენს უდიდებულესობას, განსაკუთრებით თქვენი საუკუნო მეგობრის ამასწინანდელი ტრაგიკული დაკარგვის ფონზე...
ჩვენთვის დიდი პატივია, გაცნობოთ აგრეთვე, რომ თბილისში, საქართველოში (სადაც ბევრი თქვენი თაყვანისმცემელი ცხოვრობს და სადაც კორბეტის წიგნები კვლავაც ძალზე პოპულარულია) წელს დავაარსეთ ახალი საუნივერსიტეტო საკვლევი ინსტიტუცია - რობაქიძის უნივერსიტეტის ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი. ჩვენი შემდეგი პროექტი არის “კუმაონის კაციჭამიების” ახალი ანოტირებული გამოცემის მომზადება, სადაც ჯიმ კორბეტის სამი წიგნიდან გამოკრებილი კაციჭამია ვეფხვებთან დაკავშირებული ათივე ამბავი წარმოდგენილი იქნება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და აღჭურვილი იქნება მრავალი ილუსტრაციით, მეცნიერული ახსნა-განმარტებებით, კორბეტის წერილებითა და ფოტოებით. ჩვენ დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნით ერთ (ან სამ) ეგზემპლარს თქვენი შვილთაშვილების - ჯორჯის, შარლოტასა და ლუისათვის, რომელთათვისაც ალბათ საინტერესო იქნება, წაიკითხონ მარადიული სათავგადასავლო მოთხრობები ადამიანისგან, რომელიც სამაგალითო იყო ხალხისათვის სამსახურით და რომელიც ყველას ასე უყვარდა, დედოფლიდან დაწყებული, ინდოელთა უბრალო მთიელი ტომის რიგითი წარმომადგენლით დამთავრებული.
თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, ნება დამრთოთ, ახალდაარსებული ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის სახელით დაგისვათ შეკითხვა, რომელზეც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ:
არ არსებობს ფოტოგრაფიული (ან კინემატოგრაფიული) დოკუმენტი თქვენი უდიდებულესობის, პრინც ფილიპისა და ჯიმ კორბეტის დასამახსოვრებელი შეხვედრის შესახებ 1952 წლის 5-6 თებერვალს. ხომ არ არის შესაძლებელი, თქვენს პირად კოლექციაში იყოს თქვენი მაშინდელი შეხვედრის ფოტო (ან კინოფირი)? და თუ ასეთი არსებობს, ხომ არ მიიჩნევდით შესაძლებლად, ნება დართოთ ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევით ცენტრს, მიიღოს და გაუზიაროს ეს ვიზუალური დოკუმენტი კორბეტის მრავალ ათას გულშემატკივარს?
კორბეტის ყველა ფანისთვის დიდი პატივი იქნება აგრეთვე, თუ თქვენი უდიდებულესობა შესაძლებლად ჩათვლის, რამდენიმე სიტყვით მიმართოს ახალდაარსებულ ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევით ცენტრს.
თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენ სრული გაგებით მოვეკიდებით თქვენს უარს, თუ არ გაქვთ 1952 წლის ჯიმ კორბეტთან თქვენი შეხვედრის ფოტო- თუ კინოდოკუმენტი ან ვერ გაგვიზიარებთ მათ ჩვენ და კორბეტის თაყვანისმცემლებს, და თუ აგრეთვე შეუძლებლად მიიჩნევთ მიესალმოთ ჯიმ კორბეტის ახალშექმნილ საერთაშორისო კვლევით ცენტრს. თქვენი უარყოფითი პასუხიც კი ფოტო-კინომასალაზე მადლიერებით იქნება მიღებული და ნათელს მოჰფენს ამ თემაზე გამართულ დისკუსიებს კორბეტის ფანებს შორის.
უდიდესი პატივისცემით და თაყვანისცემით,ჯოზეფ ჟორდანია, ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი”.
ჰოდა, აი, 2021 წლის 25 ოქტომბერს უინძორის სასახლიდან გამოგზავნილი დედოფლის მეორე წერილის ჩემეული თარგმანიც:
“ძვირფასო ბატონო ჟორდანია, დედოფალს სურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელსაც თქვენი წიგნის მეორე ტომი დაურთეთ, და ასევე შესანიშნავი ფოტოებისთვის.
თქვენი მხრიდან კარგი იყო, რომ მის უდიდებულესობას უთხარით ჯიმ კორბეტის ახალი საერთაშორისო კვლევითი ცენტრის შესახებ თბილისში და, მიუხედავად იმისა, რომ დედოფალს არ შეუძლია დაგეხმაროთ იმით, რაც თქვენ სთხოვეთ, თქვენი აზრი მის უდიდებულესობაზე დიდად დასაფასებელია.
პატივისცემით, [ხელმოწერა არ იკითხება] სეფექალი”.
ჰოდა, ბოლოს - სოსო ჟორდანიას მესამე წერილიც ელიზაბეთ მეორეს, 2021 წლის 26 დეკემბერს გაგზავნილი:
“თქვენო უდიდებულესობავ, წელს თბილისში დაარსებული გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წევრებს გვსურს, მოგილოცოთ გადედოფლების 70 წლის დიდებული იუბილე.
ეს თარიღი, რა თქმა უნდა, ტკბილ-მწარეა თქვენთვის, რადგან ეს არის არა მხოლოდ თქვენი გადედოფლების, არამედ თქვენი ძვირფასი მამის, გიორგი VI-ის გარდაცვალების წლისთავი. ღრმად სიმბოლური იყო, რომ ორივე თქვენგანმა, მამათქვენმა და თქვენ, თქვენი ბოლო დღეები, როგორც მეფემ და როგორც პრინცესამ, ბუნებაში გაატარეთ, რომელიც ორივეს ძალიან გიყვარდათ. ეს იდუმალი დღეები, 5 და 6 თებერვალი გახლავთ დღეები, რომლებიც დიდად ეძვირფასება ჯიმ კორბეტის - ლეგენდარული მონადირის, გარემოს დამცველისა და მწერლის, ათასობით თაყვანისმცემელს, როგორც დღეები, როდესაც კორბეტს ჰქონდა თქვენი და თქვენი ძვირფასი მეუღლის, აწგანსვენებული პრინცი ფილიპის თანხლების პატივი.
როგორც თქვენს წერილში აღნიშნეთ, თქვენ მოგეწონათ რამდენიმე ფოტო, რომელიც ჩვენ გამოგიგზავნეთ. გთხოვთ, კვლავაც მიიღოთ ჩვენი მოკრძალებული საჩუქარი კიდევ რამდენიმე ოჯახური ფოტოს სახით, რომელიც სიყვარულით აღადგინა ჩვენი ცენტრის ვიზუალური გრაფიკის ექსპერტმა ხავარ მაჰმუდმა. გიგზავნით აგრეთვე ჩემს წიგნს, რომელიც ეძღვნება ადამიანებისა და დიდი კატების ურთიერთობის ხანგრძლივ და რთულ ისტორიას, თემას, რომელშიც კორბეტი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ექსპერტად.
საუკეთესო სურვილებით, მოწიწებით და თაყვანისცემით, ჯოზეფ ჟორდანია,გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი, ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წევრებთან ერთად. თბილისი, საქართველო”.
ჰოდა, მიიღო თუ არა ამ წერილის პასუხი, სოსომ ელექტრონული ფოსტით მომწერა:
“ძმაო პაატა, როგორც ველოდით, მივიღეთ ელიზაბეთის მესამე წერილი. საინტერესოა, რომ მისი პასუხი გამოგზავნილია დედოფლის კოვიდის დიაგნოზის დადგენამდე ორი დღით ადრე, 18 თებერვალს. საინტერესოა ისიც, რომ პასუხის ტექსტი დედოფალმა უკარნახა თავისი პირადი მდივნის თანაშემწეს, გოლიათური აღნაგობის (2 მეტრი და 18 სმ) მეტ მაგიის. ელიზაბეთის წინა ორი პასუხი ხელმოწერილი იყო მისი სეფექალების მიერ.
მართალია, წერილის ადრესატი მე ვარ, მაგრამ საგანგებოდ არის ხაზგასმული ჯიმ კორბეტის საერთაშორისო ცენტრის წევრებისადმი დედოფლის გულმხურვალე კეთილი სურვილები და მადლიერება.
გიგზავნი დედოფლის წერილის ფოტოპირს. თავად შეგიძლია ნახო, რა და როგორ წერია მასში. ასევე გიგზავნი ორიოდე სურათსაც იმ ფოტოებიდან, დედოფალს რომ გავუგზავნე (ეს იყო ძირითადად დედოფლისა და მამამისის ცხოველებთან გადაღებული ადრეული სურათები, აღდგენილი და გაფერადებული ჩვენი ცენტრის ვიზუალური გრაფიკის ექსპერტის, პაკისტანელი ხავარ მაჰმუდის მიერ. მე დედოფალს სულ 10 სურათი გავუგზავნე ამჯერად. ადრე სამი სურათი გავუგზავნე).
პაატა, თუ რუსეთ-უკრაინის ახლანდელი სიგიჟის დროს, მომენტს იხელთებ და საჭიროდ ჩათვლი, შეგიძლია ეს პასუხიც გამოაქვეყნო დედოფლის წინა პასუხებთან და მისადმი მიწერილ ჩემს წერილებთან ერთად.
სხვათა შორის, ამ წერილში ნახსენებია, რომ დედოფალმა მადლიერებით მიიღო, 2014 წელს გამოცემული ჩემი წიგნი “ვეფხვები, ლომები და ადამიანები: მეტოქეობის, კონფლიქტის, პატივისცემისა და სიყვარულის ისტორია”. ეს წიგნი დედოფალს გავუგზავნე იმიტომ, რომ ჩემს წერილში ნახსენები მქონდა დედოფლისა და მამამისის განსაკუთრებული სიყვარული ბუნებისადმი და ცხოველებისადმი: და სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ორივემ თავისი ცხოვრების ბოლო დღე, 1952 წლის 5 თებერვალი (მამამ როგორც მეფემ, ხოლო ელისაბედმა როგორც პრინცესამ) ბუნებაში გაატარეს”...
ჰოდა, ესეც დედოფლის მესამე წერილი, უინძორის სასახლიდან გამოგზავნილი 2022 წლის 18 თებერვალს:
“ძვირფასო ბატონო ჟორდანია დედოფალმა მთხოვა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი 26 დეკემბრის წერილისთვის, რომელსაც თან ახლავს თქვენი წიგნი “ვეფხვები, ლომები და ადამიანები: მეტოქეობის, კონფლიქტის, პატივისცემისა და სიყვარულის ისტორია”.
მისი უდიდებულესობა მადლობელია თქვენი იმისთვის, რომ გამონახეთ დრო ამ წერილის დასაწერად და თქვენი კეთილი სიტყვებისთვის, რითაც მიულოცეთ დედოფალს პლატინის იუბილე. თქვენი მხრიდან თავაზიანობის გამოვლინება იყო აგრეთვე, გამოგეგზავნათ აღდგენილი საოჯახო ფოტოები, რომლებიც მისმა უდიდებულესობამ სიამოვნებით მიიღო თქვენს წიგნთან ერთად.
ეს გზავნილი დედოფლის ყველაზე თბილი სურვილებით განკუთვნილია თქვენთვის და ჯიმ კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ყველა წევრისათვის.
პატივისცემით, მეტ მაგიი დედოფლის პირადი მდივნის თანაშემწე”.
ჰოდა, ბოლოს - ისევ კენია, ისევ ნიერი. ტრიტოპსიდან დაბრუნებულები კორბეტის საფლავზე გავედით. სოსომ წინადღეს შეუკვეთა თეთრი ვარდების გვირგვინი ნიერის ერთადერთ ყვავილების მაღაზიაში. მე თბილისიდან წაღებული ერთი ბოთლი “საფერავი” გავხსენი საფლავზე და თუმცა ერთჯერადი, მაგრამ მაინც ჭიქა წავუქციეთ კორბეტის სულს. მერე სოსომ სასაფლაოს მეთვალყურე მოძებნა, - კარგად აუხსნა, საიდან ვიყავით ჩასული კორბეტის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, რა თქმა უნდა, საფერავით მოსაგონარის დალევაც სთხოვა ვახტანგურად და ბოლოს საფლავის შეკეთება და განსაკუთრებული ყურადღებით მოვლა დაავალა. სწორედაც რომ დაავალა, რადგან წინასწარ გადაუხადა მისი მომავალი შრომის გასამრჯელო.
ჰოდა, სულ ბოლოს კვლავ ტრიტოპსს უნდა დავუბრუნდე, უკეთ - ტრიტოპსსა და ელიზაბეთს - ჯერ პრინცესას და მერე დედოფალს. და მინდა, ჩემი იმ უწერტილო “ვეფხვისტყაოსნის” კიდევ ერთი ფრაგმენტი გავიხსენო: “თითქმის იმავე დროს გაიგზავნა დეპეშა კენიაშიც, რომლის ერთ მოყუჩებულ კუთხეში, ბებერ ფიკუსზე მჯდარმა ხალისიანმა საზოგადოებამ ის-ის იყო, საუზმობა დაამთავრა და კორბეტმა, რომელიც წუხანდელი სადილობისას ენადაბმულივით იყო, ღიმილით შენიშნა, რომ პრინცესა ერთადერთია სამეფო საგვარეულოდან, ვისაც ხეზე ეძინა და ვინც ხეზე მომზადებული სადილი და საუზმე მიირთვა და ამასობაში სამხედრო ლენდროვერი და სამეფო ესკორტიც ამოვიდა ედუარდ უინდლის ხელმძღვანელობით და ყველანი შორიახლოს გაჩერებული მანქანებისაკენ წავიდნენ და გამომშვიდობებისას, სანამ აბერდეირის ტყეში თვალს მიეფარებოდა, ბედნიერი და სახეგაბადრული პრინცესა, რომელიც სინამდვილეში უკვე დედოფალი იყო, თუმცა ჯერ არც თვითონ იცოდა ეს სამსოფლიო თუ საისტორიო ამბავი და არც მისმა ამალამ, მასპინძლებისკენ მოტრიალდა, ხელი დაუქნია და კიდევ დავბრუნდებიო, უთხრა, თანაც მამაჩემთან ერთადო, მას აქაურობა ძალიან მოეწონებაო, და მართლაც, იგი დაბრუნდა ტრიტოპსში, მაგრამ დაბრუნდა მთელი 31 წლის შემდეგ და დაბრუნდა, მამით ობოლი, როგორც უკვე 30-წლიანი სტაჟის მქონე დედოფალი, თუმცა მას ის ძველი ტრიტოპსი აღარ დახვედრია, რადგან იგი აჯანყებულ მაუ-მაუელებს გადაეწვათ წლების წინათ, ხოლო ელიზაბეთს მეორე ვიზიტისას ნაძველტრიტოპსარზე უკვე ახალი ტრიტოპსი დახვდება, ფიკუსის კი არა, წაბლის ხეზე შეშენებული, ხოლო მისი გიდი კორბეტის მემკვიდრე ანუ ახალი ტრიტოპსის რეზიდენტი მონადირე რიჩარდ, იგივე დიკ პრიკეტი იქნება, რომელიც ელიზაბეთის იმ პირველი ვიზიტისას აბერდეირის ტყის მცველი იყო და რომელიც მრავალი წლის შემდეგ, უკვე 80 წლისა, გაიხსენებს რა ძველ ტრიტოპსს, რომელიც იმ დროის ყველაზე ძვირფასი სასტუმრო იყო მსოფლიოში, გაიხსენებს დედოფლისა და ედინბურგის პრინცის 1983 წლის ვიზიტსაც და იმასაც, რომ მაშინდელი ვიზიტისას დედოფალმა აბერდეირის ტყის პირას იმ ძველი ხის მაგიერი ფიკუსის ნერგი დარგო, რომლის კენწეროები, მართალია, ჯერ კენიის ცას ვერ სწვდება, მაგრამ დგას და კიდევ დიდხანს იდგება აქ, როგორც ცოცხალი ძეგლი იმ პირველი ტრიტოპსისა, რომელიც მისდაუნებურად ისეთი ამბების მოწმე და მონაწილე გახდა, რომელთაც ვერავითარი გამონაგონი ვერ შეედრება და რომელთა რაც შეიძლება ზუსტ და სრულ აღწერასაც მე შევეცადე ჩემი ვეფხვისტყაოსნის ამ ფრაგმენტში, რომლის გამოქვეყნებას ახლა ისე განვიცდი, როგორც ჰემინგუეი განიცდიდა “ლაიფ”ის 1952 წლის 1 სექტემბრის ნომერში, ჩემს დაბადებამდე ზუსტად თვე-ნახევრით ადრე, თავისი იმ დანობელებული მოთხრობის პუბლიკაციას, მით უმეტეს, რომ ტრიტოპსში, ჩემი, სოსოს და ჩვენი ნინოების სტუმრობის ამბავი დედოფალ ელიზაბეთ II-ის ყურსაც კი მისწვდა და სრულიად ბუნებრივია სურვილი, ამის შესახებ ჩემმა მკითხველმაც გაიგოს, და თუმცა მკითხველთან ჩემი პირველი შეხვედრის შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაინც ისე ვღელავ, როგორც იმ პირველი პუბლიკაციისას თბილისის პიონერთა სასახლის გაზეთ “გაზაფხულში” და ამ ამბების დაბეჭდვის მოლოდინში დაახლოებით ისეთი შეგრძნება მაქვს”...
ჰოდა, დაახლოებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ მსოფლიო რეკორდსმენს მანამდეც ვიცნობდი, სანამ ელიზაბეთ II გახდებოდა, თითქოს კორბეტთან ერთად მონაწილე გავხდი იმ მომენტისა, როცა ხეზე ასული პრინცესა ხიდან დედოფლად ჩამოვიდა, თუმცა მაშინ - 1952 წლის 6 თებერვალს - მე დაბადებულიც არ ვიყავი. არც სოსო ჟორდანია იყო დაბადებული, სხვათა შორის. ჩვენი ასაკი ელიზაბეთის დედოფლობის სტაჟამდეც კი ვერ ქაჩავს! ახლა 68 წლის აკადემიკოსი იოსებ ჟორდანია იმ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ფიქრობს, რომელიც გაისად გაიმართება თბილისში და რომლის თემაა “თავდაცვის სტრატეგიები ადამიანის ადრეულ ევოლუციაში”. მტაცებლებისგან ადამიანის თავდაცვის მექანიზმების დიდებული ექსპერტი იყო სწორედ ჯიმ კორბეტი. იგი ერთ-ერთ მძლავრ იარაღად მტაცებლების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად სიმღერას მიიჩნევდა. მტაცებელთაგან ადამიანის თავდაცვის ამ ოდინდელ სტრატეგიას საფუძვლიანად განიხილავს თავის ადრინდელ ნაშრომებში იოსებ ჟორდანია. ამ თემაზე მის მიერ საგაისოდ დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია სრულიად ახალი სიტყვა იქნება ევოლუციურ მეცნიერებაში. კონფერენციას სამეცნიერო პროგრამას ხელმძღვანელობას გაუწევს საქვეყნოდ ცნობილი ქართველი არქეოლოგი და პალეოანთროპოლოგი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე.
ჰოდა, ამასობაში ჯოზეფ ჟორდანიამ კიდევ ერთი წიგნი დაწერა: “ჩარლზ დარვინი და ჯიმ კორბეტი: პარალელური ბიოგრაფიები”. წიგნი, რომლის რედაქტორია რობაქიძის უნივერსიტეტის კორბეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი კოტეჩა კრისტოფი, მალე დაიბეჭდება და დარწმუნებული ვარ, სოსო თავის ამ ახალ წიგნს კოტეჩაზე და ჩემზე ადრე დედოფალს გაუგზავნის. ხოლო დედოფალი, რა თქმა უნდა, კვლავაც მადლიერებით მიიღებს მის მორიგ გზავნილს და პასუხსაც, იმედია, არ დაუგვიანებს.
ჰოდა, 2022 ელიზაბეთის საიუბილეო წელია, უფრო სწორად - მისი გადედოფლების საიუბილეო წელი. სოსო ჟორდანიასა და მისი მიმოწერის ეს საჟურნალო პუბლიკაცია მინდა დიდი ბრიტანეთის ჰიმნის პირველი სტროფის ჩემეული თარგმანით დავასრულო: “ღმერთო, დაიფარე მოწყალე დედოფალი, / დიდება ჩვენს დიდებულ დედოფალს, / ღმერთო, დაიფარე დედოფალი! / უბოძე მას ხანგრძლივი / და წარმატებული, / და ბედნიერი და ბრწყინვალე / მეფობა ჩვენს ზედა, / ღმერთო, დაიფარე დედოფალი!” ამაზე უკეთესი მილოცვის სიტყვები ძნელი მოსაძებნია. ჰიმნის 1745 წელს შექმნილი სტროფი დედოფალს 1952 წლიდან მოარგეს. ძალიან-ძალიან ცოტასღა თუ ახსოვს მსოფლიოში ჰიმნის თავდაპირველი ვერსია - “ღმერთო, დაიფარე მეფე!” მეც, მათ შორის ვარ.
ჰოდა, დიდი ბრიტანეთის ჰიმნისა არ იყოს, - ღმერთო, შენ დაიფარე დედოფალი! ღმერთო, შენ დაიფარე სოსო ჟორდანია! ღმერთო, შენ დაიფარე ამ პუბლიკაციის ავტორიცა და მკითხველიც!
პაატა ნაცვლიშვილი
"ისტორიანი" .#126