ქართველი მეცნიერი, რომელმაც სიბერე „შეაჩერა“ - კვირის პალიტრა

ქართველი მეცნიერი, რომელმაც სიბერე „შეაჩერა“

რა როლს ასრულებს ქართველობა კაცობრიობის ახალ ისტორიაში? ჩვენს პრობლემურ ეპოქაში მართლაც ბედნიერებაა, რომ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია: ქართველობას თვალსაჩინო წვლილი შეაქვს კაცობრიობის განვითარებაში, განსაკუთრებით, მეცნიერებაში. წლებია, რაც აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ცენტრში, Meio-ს კლინიკაში, ასოცირებული პროფესორი, თამარ ჭყონია მოღვაწეობს. ის აქ უკვე 25 წლის მანძილზე ატარებს სამეცნიერო კვლევებს, თუ როგორ შეაფერხოს სიბერე. შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერია გერონტოლოგიის ახალ სფეროში, რომელსაც გერომეცნიერება ეწოდება; ასევე ის ხელმძღვანელობს ანალიტიკურ ლაბორატორიას კონსორციუმში, რომელიც შეერთებული შტატების ათზე მეტ წამყვან სიბერის კვლევის ცენტრს აერთიანებს.

აღნიშნულ მეცნიერთან ინტერვიუს დაგეგმვას ცოტა დრო არ დასჭირვებია, მაგრამ მაინც შედგა:

- ქალბატონო თამარ, უპირველესად მაინტერესებს, თუ როგორ მოახერხეთ უცხო გარემოში მუშაობის ისე აწყობა, მსგავსი წარმატებები მოგეპოვებინათ.

- რომ გითხრათ, ადაპტაცია გამიჭირდა-მეთქი, არ ვიქნები მართალი. შეერთებულ შტატებში კვლევის კარგი გამოცდილებით ჩამოვედი. დაცული მქონდა დისერტაცია საკავშირო მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. ეს ინსტიტუტი თავის დროზე, საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში (დიდი არჩევანი არც გვქონდა მაშინ). ბევრი ჩემი თაობის კოლეგა ამ ინსტიტუტიდან წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში.

- რომ არ ყოფილიყო მეცნიერების სრული უპერსპექტივობა საქართველოში, იქნებ თქვენი ექსპერიმენტები საქართველოში განხორციელებულიყო.

- წლების მანძილზე ვმუშაობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინსტიტუტში. ვასწავლიდი მოლეკულური ბიოლოგიის კურსს, რომელიც თავად შევადგინე. აქედან, 90-იანი წლების ექვსი გამოშვება ჩემი სტუდენტები არიან. საქმე მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ საკმარისი არ იყო, ვინაიდან, მეცნიერს ზრდა სჭირდება. იმ პერიოდში კი, სამოქალაქო ომის, უშუქობისა და სიდუხჭირის პირობებში მეცნიერებისთვის არავის ეცალა. ამ დროს ჩემი მეგობარი, ეკატერინე კინწურაშვილი დამიკავშირდა. ის უკვე ბოსტონის უნივერსიტეტში მუშაობდა, დამაკავშირა პროფესორ ჯეიმს კირკლენდთან, რომელმაც სტაჟირებაზე მიმიწვია თავის ლაბორატორიაში. ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტის შტატში ჩავირიცხე. როდესაც ჯეიმს კირკლენდის მეიოს კლინიკის სიბერის ცენტრის დირექტორობა შესთავაზეს, მან უკვე კლინიკაში მიმიწვია სამუშაოდ. ასე რომ, 2007 წლიდან აქ სიბერის კვლევის ცენტრში მასთან და ჩემს ქართველ კოლეგებთან, თამარ ფირცხალავასა და ნინო გიორგაძესთან ერთად ვმუშაობ. შეიძლება ვთქვათ, რომ მეიოს კლინიკის სიბერის ცენტრის შექმნაში ჩვენი მოკრძალებული ღვაწლიც არის.

- დიდი პატივია, რომ მსოფლიოში საუკეთესო და ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში, კაცობრიობის ყველაზე პრობლემური თემის კვლევაში ქართველებიც მონაწილეობენ. როგორ მიხვედით ამ თემასთან?

- პირველ რიგში, ეს ჯიმ კირკლენდის დამსახურებაა. იგი არა მარტო მკვლევარია, არამედ ექიმი გეროატიკოსია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ახალი თვალით შევხედე ბევრ პრობლემას. სიბერის პროცესები ალბათ ყველას აინტერესებს: ჩვენ ხომ ყველანი ვბერდებით, თუკი ახალგაზრდობაში რაიმე საბედისწერო არ მოგვიხდა, ყველანი მივდივართ სიბერის ასაკთან, სადაც სირთულეები იწყება. რომელთა საფუძველი ჯანმრთელობის პრობლემებია. ვერავინ დაასახელებს ადამიანს, რომელსაც ეს მოსწონდეს ან ასაკობრივი დაძაბუნების არ ეშინოდეს. ამაზე ყველა ფიქრობს. თუმცაღა, ჩემი მშობლებიც მეცნიერები იყვნენ, ორივე ქიმიკოსი და ანალიტიკური ცნობისმოყვარეობაც ალბათ გენეტიკურადაც გამომყვა. მამა 91 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, ფაქტობრივად არ უავადმყოფია და სიცოცხლის ბოლომდე ერთგული იყო თავის საქმის. დედა, 93 წლის არის. ყველა ქრინიკული დაავადება აქვს, მაგრამ უმკლავდება.

საოცარი ფენომენია სიბერე! რატომ არის, რომ როდესაც ასაკი იმატებს, იმატებს ასევე ქრონიკული დაავადებების რიცხვი, რომელიც გვაძაბუნებს? ეს ყველაგან ასეა: მაგალითად შეერთებული შტატების სტატისტიკის მიხედვით 65 წლის ადამიანს მინიმუმ ერთი ქრონიკული დაავადება აქვს; 75 წლიდან კი ორი ან მეტი! საიდან ჩნდება ეს დაავადებები? რა მექანიზმი უწყობს ამას ხელს? რახან მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგი ვარ, უჯრედის დონეზე ვიკვლევ ორგანიზმს, ვიცი, რომ მსგავსი ცვლილებები ორგანიზმშივე, სწორედ უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს. მაგალითისათვის თუნდაც ექსპერიმეტული თაგვი რომ მოვიხმოთ, ის, რაც უნდა იზოლირებულ, ლაბორატორიულ პირობებში ვაცხოვროთ, რაც უნდა დავიცვათ გარემო მავნე ფაქტორებისაგან, მაინც დაბერდება, ოღონდაც ეგ არის რომ, გაცილებით ხანგრძლივად იცხოვრობს. სიბერის მექანიზმები, რომლებიც თან ახლავს სიბერის პროცესს, მთელი რიგი დაავადების პათოგენეზში მონაწილეობს. თუ ჩვენ ვისწავლით ამ მექნიზმების მართვას ან ფარმაკოლოგიური გზით დამუხრუჭებას, შეიძლება ხანდაზმულობისას ადამიანს ისე ვუმკურნალოთ, რომ ავირიდოთ არა მხოლოდ თითოეული დაავადება ცალ- ცალკე, არამედ ქრონიკულ დაავადებათა ჯგუფი ერთდროულად. ეს გახლავთ გეომეცნიერების ჰიპოთეზის არსი, რომელსაც მეცნიერთა დიდი ჯგუფი ამოწმებს მსოფლიოს მასშტაბით და რომელიც ჩვენი კვლევის საგანიც არის. გასული საუკუნის 50-ინი წლებიდან, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ორი ათეული წლით გახანგრძლივდა. თუმცა ამან თავისი საფასურიც მოიტანა: ხანდაზმულთა რიცხვი ქრონიკული დაავადებათა ტვირთით დისპროპორციულად იზრდება, რასაც თან სდევს ასაკობრივი დაუძლურება. არადა, 100 წლამდე მიღწევაც არავის მოუნდება, თუ ვერ იმოძრავა ან ტკივილებით დაიტანჯა. ეს ხომ საშინელებაა და არა მარტო პიროვნებისა და ოჯახის წევრებისათვის არის მორალური და ფინანსური პრობლემა, არამედ ჯანდაცის სისტემისთვისაც არის გამოწვევა.

- ანუ, თქვენ ეძებთ სიბერის დაავადებებზე გარედან მოქმედების გასაღებს. და თუ იპოვით, მომდევნო გეგმა ამ მექანიზმის მართვა და სიბერის დაავადებების აშორება იქნება? უფრო დიდი მიზანი რა უნდა მოიფიქროს ადამიანმა.

- მეცნიერება უკეთესობისაკენ სწრაფვაა. ჩვენი კვლევებით დადასტურდა, რომ დაბერებაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის, ერთ-ერთი სიბერისას დაზიანებული, ანუ სინესენტური უჯრედების დაგროვებაა. ეს დაგროვილი უჯრედები კი იმ მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ, რომლებიც აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს. მაგალითად, სინესენტური უჯრედები ისეთი დაავადებების პათოგენეზში მონაწილეობენ, როგორიცაა ართრიტი, ალცჰეიმერი, დიაბეტი, ათეროსკლეროზი.

- როგორ ჩნდება ეს სინესენტური უჯრედები ასაკში, სად არიან ისინი ახალგაზრდობისას?

- უჯრედები ახალგაზრდობის დროსაც გვიზიანდება. მათი წარმოშობა ორგანიზმის პასუხია დამაზიანებელ სიგნალზე. თუ დაზიანება ძლიერია, უჯრედი შეუქცევადად კარგავს გაყოფის უნარს და შედის სინესენტურ მდგომარეობაში, - ევოლუციურად ასეთი მექანიზმი ერთ-ერთი დამცველია კიბოსგან. ახალგაზრდობის ასაკში ეს უჯრედები უამრავ ნივთიერებას გამოყოფენ რათა იმუნურ სისტემას ამცნონ დაზიანება. მაგრამ ახალგაზრდა ორგანიზმში კი იმუნურ სისტემას აქვს უნარი გაწმინდოს ორგანიზმის ქსოვილი ამ უჯრედებისაგან. დაბერებისა და ქრონიკული დაავადების დროს კი სინესენტური უჯრედები ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება, რადგან ორგანიზმის იმუნურ სიტემას აღარ აქვს უნარი გაწმინდოს მათგან ორგანიზმი. რაც იწვევს ორგანოთა დისფუნქციას..

- ამის დასადგენად ალბათ დიდი დრო იმუშავეთ.

- დიახ. ამ პროცესაზე დასაკვირვებლად ცხიმოვანი ქსოვილები ავიღეთ საექსპერიმენტოდ. ამ ქსოვილებში წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით სინესენტური უჯრედების გენერაციას და თვისობრიობას.

- რატომ მაინცდამაინც ცხიმოვანი ქსოვილი?

- იმიტომ რომ სიმსუქნეც სიბერის დაჩქარებული პროცესია. ქრონიკული დაავადებები, რომელიც სიბერეს ახლავს, ჭარბწონიან ადამიანებში ადრეულ ასაკში იჩენს თავს. შემდეგ კი გადავედით მუშაობის იმ ეტაპზე, ცდებით ხელოვნურად შევძლებდით, სინესენტური უჯრედები მოგვეშორებინა ორგანიზმისათვის და თუ ამას შევძლებდით, შევაჩერებდით თუ არა ქრონიკული დაავადებების წარმოქმნას. ორივე მიმართულებით წარმატებას მივაღწიეთ.

- სასწაული! რა მოიმოქმედეთ ამისთვის?

- ჩვენ აღმოვაჩინეთ გენების ის ქსელი, რომელიც სინესტენტურ უჯრედებს თვითგანადგურების მდგრადობას ანიჭებს; ესენი არიან პრეპარატები, რომლებიც ბიოინფორმატიკის საშუალებით ორგანიზმში სინესენტური მექანიზმის საკვანძო გენებს თრგუნავენ. ამ პრეპარატებ სენოლეტიკები ეწოდება. ჩვენს ექსპერიმეტულ მოდელებში ამ პრეპარატებმა დახოცა სინესენტური უჯრედები და დადებითი ეფექტი გამოავლინა მთელი რიგი დაავადების აღმოფხვრაში. ექსპერიმენტულ თაგვებში პრეპარატებმა გახანგრძლივა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა და შეკვეცა ფიზიკური დაძაბუნების პერიოდი. ამჟამად აღნიშნული პრეპარატები კლინიკურ გამიცდას გადის 25 სხვადასხვა დანიშნულებისათვის. ვნახოთ იმუშავებენ თუ არა აღნიშნული პრეპარატები ადამიანებში. კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, არა მხოლოდ ხანდაზმულობში შეჩერდება დამაზიანებელი პროცესები, არამედ ამ მექანიზმის გამოვიყენებით ყველა იმ დაავადებათა სამკურნალოდ, სადაც პათოგენეზში სინესენტური უჯრედები მონაწილეობენ.

- ანუ ეს არის მედიკამენტები, რომლებიც უკვე არსებობს. რახან ამ პრეპარატებზე პარარელურად ქვეყნდება სამეცნიერო კვლევები, ალბათ კერძო პირები შეეცდებიან მათ პოპულარიზაციასა და სააფთიაქო ქსელებში გაყიდვას.

- მედიკოსებიც ყველას ვაფრთხილებთ, რომ ექსპერიმენტის დასრულებამდე ყველა მედიკამენტის გამოყენება აკრძალულია, რადგან შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგი მივიღოთ. ნებისმიერი სამეცნიერო სიკეთით სარგებლობა მხოლოდ ექსპერიმენტის ბოლომდე დამთავრების შემდეგ შეიძლება.

- მინდა, როგორც მეცნიერს, ერთი რამ გკითხოთ: საქართველოში ხშირად ისმის ქილიკი თემაზე, რომ ქართული ინტელექტუალური შესაძლებლობები ვიწროა და აღარაფერს წარმოვადგენთ. თქვენი გადასახდიდანაც ასეა?

- დიდი შეცდომაა ამის ლაპარაკი. თუნდაც მხოლოდ სამედიცინო ხაზით, წარმატებული ქართველები არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ ევროპაში არიან. ახალი თაობაც, არაჩვეულებრივი სტუდენტები გვყავს საქართველოდან და ყველასთან კავშირი გვაქვს. ვხედავ, რომ უაღრესად ნიჭიერი თაობა მოდის. ოღონდაც, მეცნიერების განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. რის გარეშეც ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება.

- ამ დროს, საქართველოში განათლება ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული დარგია. ბევრი თავს იმშვიდებს, რომ განათლება არაფერი საჭიროა მაშინ, როდესაც გუგლი არსებობსო.

- ეს დილეტანტური დამოკიდებულებაა და მოსმენაც არ მსურს. ტექნოლოგიების განვითარება აადვილებს წვდომას ინფორმაციასთან და სწავლების პროცესს. ამის უარყოფა არ შეიძლება. მაგრამ ყველაფრის მიღწევას და შექმნას აზროვნება, განათლება სჭირდება. რასაც იმავე ამერიკაში უდიდეს ყურადღებას აქცევენ. საჯარო სკოლები, როგორც ყველგან, აქაც სახელმწიფო დაფინანსებაზეა. განთლების გაუმჯობესება ყველა მშობლის პრიორიტეტია. ამიტომ დაწყებული პატარა ქალაქის საკრებულოებიდან, მოსახლეობა ჩაბმულია საჯარო განათლების სისტემის გაუმჯობესების ლობირებაში. იმედია, განათლების ხარისხზე ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფოც იზრუნებ,ს რადგან ამის გარეშე პროგრესი შეუძლებელია.