"ბოლშევიკებმა შექმნილი მდგომარეობა გამოიყენეს და უკრაინაში ჯარი შეიყვანეს" - დამოუკიდებელი უკრაინის სათავეებთან - კვირის პალიტრა

"ბოლშევიკებმა შექმნილი მდგომარეობა გამოიყენეს და უკრაინაში ჯარი შეიყვანეს" - დამოუკიდებელი უკრაინის სათავეებთან

1917 წლის თებერვალში რუსეთში ცარიზმი დაემხო. კიევში შეიქმნა ცენტრალური რადა. დაიწყო პირველი უკრაინული აღორძინება, რომელიც დაკავშირებულია სამი ადამიანის სახელთან: მიხაილო გრუშევსკი (1866-1934), ვლადიმირ ვინიჩენკო (1880-1951) და სიმონ პეტლიურა (1877-1926).

სამი უკრაინელი მოღვაწე იქ, სადაც ორი უკრაინელია, უკვე სამი ჰეტმანი არსებობს, - ამბობს უკრაინული ანდაზა. განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება, როცა საქმე გვაქვს ისეთ განსხვავებულ პერსონებთან, როგორებიც იყვნენ გრუშევსკი, ვინიჩენკო და პეტლიურა. ერთი შეხედვით თითქოს კანონზომიერი იყო, რომ ხსენებული სამეული უკრაინული აღორძინების სათავეში მოექცა.

მიხაილო გრუშევსკი დიდი უკრაინელი ისტორიკოსი და მწერალია. ის დაიბადა ქალაქ ხელმში (პოლონეთი), სწავლობდა თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, უმაღლესი განათლება კი კიევში მიიღო. სწორედ გრუშევსკის სახელთანაა დაკავშირებული უკრაინული ისტორიოგრაფიული სკოლის შექმნა. მისი წვლილი ისეთივეა, როგორიც ჩვენთან ივანე ჯავახიშვილისა. გრუშევსკის ფუნდამენტური ნაშრომებია “უკრაინის ისტორიის ნარკვევები” და “უკრაინა-რუსეთის ისტორია”. მათ დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალობა. ამას გარდა, გრუშევსკიმ უდიდესი სამუშაო გასწია, როგორც მწერალმა. მისი ღვაწლი უკრაინული ენის განვითარებაში უდიდესია. ეროვნული მოძრაობის პატრიარქი - ეს სახელი გრუშევსკიმ ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაიმსახურა.

უდიდესი ფიგურა იყო ვლადიმირ ვინიჩენკოც. მის სახელს უკავშირდება როგორც უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნა, ასევე უკრაინული ლიტერატურის ევროპულ სიმაღლემდე აყვანაც. ვინიჩენკოს რომანები მრავალ ენაზე ითარგმნა. ევროპელი კრიტიკოსები მას კნუტ ჰამსუნის ან გაბრიელე დ’ანუნციოს გვერდით აყენებდნენ.

- XX საუკუნეში უკრაინას რამდენიმე გენიოსი ჰყავდა. ესენია: პოეზიაში ტიჩინა და მალანიუკი, კინემატოგრაფიაში დოვჟენკო, ფერწერაში ბოიჩუკი, თეატრალურ რეჟისურაში კურბასი, დრამატურგიაში კულიში, პროზაში ხვილევოი და ვინიჩენკო, - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.

11-4-1671978192.jpg
კიევის პედაგოგიური მუზეუმის შენობაში 1917 წელს უკრაინის ცენტრალური რადა განთავსდა

სიმონ ვასილიევიჩ პეტლიურას სახელიც ფართოდ იყო ცნობილი. ის მონაწილეობდა როგორც უკრაინის რევოლუციური, ისე სოციალ-დემოკრატიული პარტიების შექმნაში.

პეტლიურამ სახელი გაითქვა, როგორც თეატრალურმა კრიტიკოსმა და ჟურნალისტმა. ის რედაქტორობდა სახელგანთქმულ ჟურნალ “უკრაინსკაია ჟიზნს”, რომელიც გამოდიოდა მოსკოვში რუსულ ენაზე. ჟურნალმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მის ფურცლებზე იბეჭდებოდნენ: მიხაილო კოციუბინსკი, ივან ფრანკო, ლესია უკრაინკა, აგრეთვე ლენინი, პლეხანოვი, ლუნაჩარსკი, გორკი... პეტლიურას, როგორც ჟურნალისტის სახელი ფართოდ გახდა ცნობილი.

ამრიგად, სამივე პიროვნება ცნობილი უკრაინელი მოღვაწე იყო. სავსებით კანონზომიერია, რომ ისინი ეროვნული აღორძინების სათავეში მოექცნენ. გრუშევსკი უკრაინის ცენტრალური რადის თავმჯდომარე გახდა, ვინიჩენკო - გენერალური მდივანი ანუ პრემიერი, პეტლიურა კი სამხედრო საქმეებს განაგებდა. მიუხედავად ამისა, ამ სამმა პიროვნებამ ერთიანი გუნდი ვერ შექმნა. გრუშევსკი კარგა ხანს უპარტიო იყო, შემდეგ ესერთა რიგებში გაწევრიანდა. სოციალ-დემოკრატ ვინიჩენკოსთან მას მხოლოდ სოციალისტური ილუზიები აერთიანებდა. გრუშევსკი არ იყო ბოლშევიკი, ვინიჩენკო კი ბოლშევიზმს თანაუგრძნობდა.

- ბოლშევიკები უკრაინის დამოუკიდებლობის მტრები იყვნენ. ეს რომ არა, ალბათ რუსეთში გადავსახლდებოდი და ბოლშევიკური პარტიის რიგებში შევიდოდი, - წერდა შემდგომში ვინიჩენკო.

11-5-1671978192.jpg
ხრესჩატიკი 1918 წელს

პეტლიურა კი მტკიცე ნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა. როგორც სამხედრო საქმეთა გენერალური მდივანი (დღევანდელი ტერმინოლოგიით, მინისტრი) ის უკრაინული არმიის შექმნას შეუდგა. პეტლიურა თავიდან პოლიტიკაში ნაკლებად ერეოდა, სამაგიეროდ, როგორც თავდაცვის ხელმძღვანელმა, იშვიათი ენერგია და ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა. მან უმოკლეს დროში შექმნა უკრაინული არმია, რამაც ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ პეტლიურას სახელი ფართოდ გახდა ცნობილი. მასზე წერდნენ როგორც უკრაინული, ისე რუსული, პოლონური, ქართული გაზეთები. არმიის აღმშენებლობაში წარმატებები გრანდიოზული იყო. იმხანად პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სტიქიურად დაიწყო არმიის უკრაინიზაცია. რუსულ არმიაში მობილიზებული უკრაინელები საკუთარ ნაწილებს ქმნიდნენ, შემდეგ კი ფრონტს თვითნებურად ტოვებდნენ.

- ჩვენ უკრაინა უნდა დავიცვათ და გერმანელებთან საომარი არაფერი გვაქვს, - ამბობდნენ ისინი.

უამრავმა უკრაინელმა ოფიცერმა, რომელსაც მშობლიური ენა კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა, გაიხსენა, რომ უკრაინელია. მათ რიგებს განეკუთვნებოდა მსხვილი მემამულე, გენერალი პავლო სკოროპადსკიც (1873-1945). მან არ იცოდა უკრაინული, რევოლუციამდე მეფის სასახლეშიც მსახურობდა და ნიკოლოზ II-ის ამალაში შედიოდა. მიუხედავად ამისა, ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩაება.

საბედისწერო შეცდომები

დიდი მეცნიერი გრუშევსკი და დიდი მწერალი ვინიჩენკო სუსტი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ. მათ ვერც ერთმანეთთან გამოძებნეს საერთო ენა და ვერც ქმედითი პროგრამა შეიმუშავეს. დისკუსიები მიწის რეფორმის საკითხზე 1918 წლის იანვრამდე გაგრძელდა. ბედის მწარე ირონიით, ის მაშინაც არ შეწყვეტილა, როცა კიევს წითელი გვარდია მიადგა და რუსული ზარბაზნების ქუხილი უკვე ხრესჩატიკზე ისმოდა. კანონი მიწის შესახებ კი მაშინ მიიღეს, როცა წითელი გვარდია კიევში შეიჭრა და ქუჩის ბრძოლები დაიწყო.

საბედისწერო შეცდომა იყო ბოლშევიზმისადმი გულმოწყალებაც. როგორც აღინიშნა, ბოლშევიკური პარტია ლეგალურად ფუნქციონირებდა. რიგი ბოლშევიკი ლიდერი (მაგალითად, ვლადიმირ ზატონსკი) კი ცენტრალური რადის წევრიც იყო. ბოლშევიზმის ნამდვილი ციტადელი გახდა სამხედრო ქარხანა “არსენალი”. აქ თავისუფლად ვრცელდებოდა ბოლშევიკური ლიტერატურაც, არსებობდა წითელი გვარდიაც და საკმაოდ კარგადაც იყო შეიარაღებული. მის რიგებში არა მხოლოდ “არსენალის” მუშები, არამედ მეფის არმიის ყოფილი ოფიცრებიც იყვნენ.

ყველაზე მძიმე შეცდომა კი სამხედრო აღმშენებლობისადმი დამოკიდებულება იყო. გრუშევსკიცა და ვინიჩენკოც დაჯერებული პაციფისტები იყვნენ. მათ გულწრფელად ეგონათ, რომ უკრაინას არმია არ სჭირდებოდა; საკმარისია მილიცია, რომ წესრიგი იქნას დაცულიო.

- სულ ერთია, მაინც ვერ შევქმნით ისეთ ჯარს, რომ რუსეთი დავამარცხოთ. უკრაინული არმია მხოლოდ პრობლემა გახდება, - ამბობდა გრუშევსკი.

პეტლიურას წარმატებებმა სამხედრო აღმშენებლობის საკითხში კი ორივე დააეჭვა. რა ხდება? რატომ არის პეტლიურა ასეთი მონდომებული? გრუშევსკიმაც და ვინიჩენკომაც არმიის ფორმირების საბოტირება დაიწყეს.

- პეტლიურას გარშემო უამრავმა საეჭვო პირმა მოიყარა თავი! რად ღირს თუნდაც პოლკოვნიკი კონოვალეცი! - აცხადებდა ვინიჩენკო.

11-6-1671978192.jpg
სიმონ პეტლიურა

ევგენი მიხაილოვიჩ კონოვალეცი (1891-1938) ასევე ფრიად მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ლვოვის მახლობლად, მღვდლის ოჯახში დაიბადა. რაკი იმხანად დასავლეთ უკრაინა ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში იმყოფებოდა, კონოვალეციც ავსტრიის არმიაში გაიწვიეს. ერთ-ერთი ბრძოლისას ის რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს. კონოვალეცი ცარიცინის (ამჟამინდელი ვოლგოგრადი) მახლობლად სამხედრო ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის რამდენიმე უკრაინელ ტყვესთან ერთად ბანაკიდან გაიქცა. კონოვალეცმა კიევამდე ჩააღწია. აქ ის ცენტრალური რადის ხელმძღვანელებს შეხვდა. კონოვალეცმა მათ შესთავაზა გალიციელი ტყვეებისგან შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. გრუშევსკი შეხტა:

- ეს როგორ? ჩვენ ჯერჯერობით რუსეთის შემადგენლობაში ვართ, ავსტრია კი რუსეთთან ომის მდგომარეობაშია!

- ფორმალურად ჩვენ რუსეთის მხარეს გადმოვალთ, ფაქტობრივად კი უკრაინული არმიის რიგებში დავრჩებით, - მიუგო კონოვალეცმა.

გრუშევსკიმ უარი უთხრა. სამაგიეროდ, კონოვალეცს მხარი დაუჭირა პეტლიურამ. მან მიაღწია იმას, რომ კიევში არსებული ტყვეთა ბანაკებიდან დასავლეთ უკრაინის მკვიდრნი გაათავისუფლეს. ასე შეიქმნა სეჩელ მსროლელთა კორპუსი. მას სათავეში კონოვალეცი ჩაუდგა. ამან გრუშევსკი და ვინიჩენკო კიდევ უფრო დააფეთა:

- ეს პეტლიურა გადატრიალებას ხომ არ აპირებს?

გრუშევსკიმაც სეჩელ მსროლელთა კორპუსის დაშლა მოითხოვა. პეტლიურამ უარი უთხრა. გრუშევსკი გაჩუმდა, სამაგიეროდ, ვინიჩენკო გაჯავრდა:

- ამხანაგო პეტლიურა! გამოდის, რომ არ გვემორჩილებით?!

- ვინც სეჩელი მსროლელების კორპუსის დაშლას მოინდომებს, საკუთარი ხელით მივახვრეტ! - გამოცრა პეტლიურამ.

საუბარიც ამით დამთავრდა.

არმიის დაშლა

ვინიჩენკოსა და პეტლიურას შორის აშკარა კონფლიქტი დაიწყო. ვინიჩენკო არმიის დაშლას კატეგორიულად მოითხოვდა. მას გრუშევსკიმაც დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ საკითხი ცენტრალური რადის სხდომაზე გავიდა. ვინიჩენკომ გრუშევსკის დავალებით მიაღწია იმას, რომ რადის წევრთა უმრავლესობამ არმიის დაშლას დაუჭირა მხარი. გააფთრებული კონოვალეცი პეტლიურასთან მივიდა;

- ცენტრალური რადა უკრაინას ღუპავს! - შესძახა კონოვალეცმა, - რუსეთში ახლოვდება გრანდიოზული მოვლენები. ასეთ ვითარებაში არმიის დაშლა დამღუპველია!

- გეთანხმებით, - მიუგო პეტლიურამ, - როგორ მოვიქცეთ?

- ცენტრალური რადის, უკაცრავად ზრადის (ღალატი. - ნ. თ.) დაშლა აუცილებელია! - კონოვალეცმა მუშტები მოკუმა, - პან პეტლიურა, ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ! უკრაინელთა უმრავლესობა თქვენთანაა! აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ხელში აიღეთ ძალაუფლება! უკრაინა გელით თქვენ, პან პეტლიურა!

- როგორ, უკრაინული პარლამენტი დავშალო? არავითარ შემთხვევაში!

ამით საუბარი დასრულდა.

11-8-1671978193.jpg
სეჩელ მსროლელთა მეთაური ევგენი კონოვალეცი

* * *

პეტლიურა დაემორჩილა ცენტრალური რადის გადაწყვეტილებას, თუმცა მას არ ეთანხმებოდა. მხოლოდ ის მოახერხა, რომ სეჩელი მსროლელებისთვის სამილიციო ფორმირების სტატუსი მიენიჭებინათ. ამიერიდან, თავისუფალი კაზაკების შენაერთებთან ერთად, ისინი ცენტრალური რადის მომხრე ერთადერთი სამხედრო ნაწილები იყვნენ. დანარჩენი უკრაინული პოლკები დაშლილად გამოაცხადეს.

1917 წლის ოქტომბერში რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ძალაუფლება ხელში ბოლშევიკურმა პარტიამ ჩაიგდო. უდღეურმა რუსულმა დემოკრატიამ არსებობა დაასრულა. რუსეთში დიქტატურა დამყარდა. უკრაინა ამას არმიის გარეშე შეხვდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისი

ცენტრალურმა რადამ ბოლშევიკური გადატრიალების წინაშე სირაქლემას პოზიცია ამჯობინა. მან გამოსცა უნივერსალური მიმართვა ხალხისადმი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ცენტრალური რადა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის მთლიანობას აღიარებენ, ამავე დროს, არ ცნობენ ბოლშევიკურ გადატრიალებას. ლენინმა ამით უმალ ისარგებლა. მან კიევს ულტიმატუმი წაუყენა, ეცნოთ საბჭოთა ხელისუფლება. გრუშევსკიმ უარით უპასუხა. ამავე დროს მან უარყო პეტლიურას წინადადებაც, გამოეცხადებინა უკრაინის დამოუკიდებლობა. კიევში არ განაიარაღეს წითელი გვარდია, რომელიც ქარხანა “არსენალის” გარშემო იყო დარაზმული. გრუშევსკი და ვინიჩენკო მხოლოდ ამ გვარდიის მეთაურთა ვაჟკაცურ სიტყვას დასჯერდნენ, ლენინთან დაპირისპირებისას ნეიტრალიტეტს დავიცავთო.

ბოლშევიკებმა კი შექმნილი მდგომარეობა გამოიყენეს და უკრაინაში ჯარი შეიყვანეს. მას მეთაურობდა მეფის არმიის ოფიცერი, შემდგომში კი მემარცხენე ესერი მიხაილ მურავიოვი. ლენინმა პირდაპირ თქვა:

- ცენტრალურ რადას დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია! შესაბამისად, ჩვენ ვებრძვით არა უკრაინელ ხალხს, რომელსაც თავისუფლება სურს, არამედ სეპარატისტების ჯგუფს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდა!

უკრაინული არმია დაშლილი იყო. მისი ხელახალი შეკრებისთვის აუცილებელი დრო კი წითლების სასარგებლოდ მუშაობდა. რუსებმა დაიკავეს ხარკოვი და თითქმის მთელი მარცხენა ნაპირის უკრაინა (იგულისხმება მდინარე დნეპრი). მოხალისეებისგან, ძირითადად, სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობისგან შეკოწიწებული უკრაინული ლაშქარი გმირულად იბრძოდა, მაგრამ ის უძლური იყო რეგულარული არმიის წინაშე.

აგრესორი კი წინ მიიწევდა.

11-3-1671978192.jpg
უკრაინის დამცველები - სეჩელი მსროლელები და ჯავშნოსანი მატარებელი "სტრელეცი"

ბოლშევიკური პუტჩი კიევში

მალე ლენინმა გამოაქვეყნა მიმართვა უკრაინელი მშრომელებისადმი. მასში ბოლშევიკების ბელადი უკრაინელ მუშებსა და გლეხებს მოუწოდებდა, დაემხოთ ცენტრალური რადა და ძალაუფლება ხელში აეღოთ. მიმართვას არავითარი მხარდაჭერა არ ჰქონია. ბოლშევიკების პოზიციები უკრაინაში სუსტი იყო. მაშინ ლენინმა თვალი მეხუთე კოლონას მიაპყრო. კიევში ლეგალურად ფუნქციონირებდა ქარხანა “არსენალის” გარშემო დარაზმული წითელი გვარდია. საბჭოთა რუსეთის აგენტები კი უკრაინაში თავისუფლად დანავარდობდნენ. მათ “არსენალის” მუშებს პუტჩისკენ მოუწოდეს.

“არსენალი” აჯანყდა.

კიევში ურთულესი მდგომარეობა შეიქმნა. მამაკაცების უმრავლესობა ფრონტზე იყო. ქალაქში მხოლოდ სეჩელი მსროლელები და სტუდენტები რჩებოდნენ. არსენალელები თითქმის სამჯერ აღემატებოდნენ უკრაინელ პატრიოტებს. ლენინსაც ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უკრაინის დედაქალაქი რამდენიმე საათში დაეცემოდა.

- მსგავსი მეთოდი წითლებმა ბელორუსში წარმატებით გამოიყენეს, - წერს პროფესორი სერგიიჩუკი.

უკრაინა ბელორუსი როდია. პუტჩისტებსაც გზა გადაუღობეს როგორც სეჩელმა მსროლელებმა, ისე სტუდენტებმა და უბრალო მოქალაქეებმა. უკრაინის დედაქალაქში ნამდვილი ომი გაიმართა.

პუტჩის ჩახშობა

ამ დროს ცენტრალურ რადაში ცხარე დისკუსიები მიმდინარეობდა. განიხილავდნენ კანონს მიწის შესახებ. შექმნილმა მდგომარეობამ მოვლენებში კორექტივები შეიტანა და მიწის თაობაზე კანონის განხილვა გადაიდო. ახლა დისკუსია მეორე საკითხზე წარიმართა: გამოაცხადონ თუ არა დამოუკიდებლობა და მიმართონ თუ არა დახმარებისთვის გერმანიას.

- დისკუსიებს ბოლო არ უჩანდა, - წერს პროფესორი სერგიიჩუკი.

პეტლიურა პოსტიდან გადადგა და ფრონტზე გაემგზავრა. ის სათავეში ჩაუდგა სლობოდის უკრაინის პოლკს და წითლებს ცხარე ბრძოლები გაუმართა. სადგურ კრუტისთან პეტლიურამ მურავიოვის ჯარის შეჩერება შეძლო. ომის ჩარხიც თითქოს უკრაინელთა მხარეს შემობრუნდა.

ამ დროს კიევში არსენალელთა პუტჩმა იფეთქა. პეტლიურამ მიატოვა ფრონტი და კიევისკენ გაემართა. ქალაქის ქუჩებში ნამდვილი ომი მძვინვარებდა. პუტჩისტებს შეიარაღებაც უკეთესი ჰქონდათ, რიცხობრივადაც მეტნი იყვნენ, ვიდრე კიევის დამცველები. მიუხედავად ამისა, პეტლიურა პოლკს თავად გაუძღვა. კიევის შესასვლელთან მას პუტჩისტების ერთ-ერთი მეთაური კრივოლაპოვი გადაეღობა:

- სდექ!

პეტლიურამ ხმალი იძრო. წამიც და კრივოლაპოვის თავი საზამთროსავით მიწაზე გაგორდა.

პეტლიუროველებმა მაშინვე გახსნეს ცეცხლი. რამდენიმე მარჯვე გასროლით პუტჩისტების ოთხივე ზარბაზანი მწყობრიდან გამოვიდა. წამიც და არსენალელები უკუიქცნენ.

გადარჩენილმა პუტჩისტებმა ქარხანა “არსენალში” სცადეს გამაგრება. პეტლიურას მეთაურობით უკრაინელებმა წითლების ეს უკანასკნელი ციტადელიც აიღეს.

11-1-1671978192.jpg
კიევის ბოლშევიკებისგან გასათავისუფლებლად გერმანელების შესვლა გახდა საჭირო

კიევის დაცემა

სადგურ კრუტისთან გაჩაღებულმა ბრძოლებმა წითელგვარდიელთა წინსვლა შეაფერხა. ამან შესაძლებელი გახადა უკრაინელთა დელეგაციის მიერ ბრესტ- ლიტოვსკში გერმანელებთან შეთანხება. ცენტრალური რადა, კერძოდ გრუშევსკი და ვინიჩენკო, დამოუკიდებლობის გამოცხადებისგან კვლავ თავს იკავებდნენ. მაშინ გერმანელებმა საკითხი კატეგორიულად დასვეს:

- ან დამოუკიდებლობას გამოაცხადებთ, ან მოლაპარაკებები შეწყდება!

ცენტრალურმა რადამაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. იდგა 1918 წლის იანვარი. მურავიოვის ჯალათები უკვე კიევის მისადგომებთან იყვნენ, რუსული ზარბაზნების ქუხილი უკვე ხრესჩატიკზე ისმოდა, ცენტრალური რადის შენობაში კი პარლამენტის სხდომა გრძელდებოდა. გრუშევსკის ინიციატივით, დამოუკიდებლობის გამოცხადება გადაიდო. ამის ნაცვლად რადამ მიწის შესახებ კანონის განხილვა დაიწყო.

გრუშევსკი დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა რუსებმა კიევს ზარბაზნები დაუშინეს.

1918 წლის 24 იანვარს ცენტრალურმა რადამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ კიევი რუსულმა წითელმა გვარდიამ დაიკავა.

გერმანული ოკუპაცია

ამრიგად, ცენტრალურმა რადამ კიევის დაცვა ვერ შეძლო, რაც მთლიანად გრუშევსკისა და ვინიჩენკოს სინდისზეა. პეტლიურას თავდადებულმა მოქმედებამ და უკრაინელი მეომრების გმირობამ კი საქმეს ვერ უშველა.

ცენტრალური რადა ჟიტომირში გადავიდა. იმხანად ეს იყო უკრაინის ერთადერთი ქალაქი, რომელსაც ის აკონტროლებდა.

მალე გერმანული არმიის შეტევა დაიწყო. რუსულ წითელ გვარდიას ძალა არ ჰქონდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია. გერმანელებმა საკმაოდ სწრაფად დაიკავეს კიევი და მთელი უკრაინა. რუსული ოკუპაცია გერმანულმა შეცვალა.

- გერმანელები ჩვენს შიდა საქმეებში უცერემონიოდ ჩაერივნენ, - იგონებდა შემდგომში ვინიჩენკო.

ახალ დამპყრობლებს ცენტრალური რადა აღარ სჭირდებოდათ. 1918 წლის 28 აპრილს გერმანულმა არმიამ ცენტრალური რადა გარეკა, კიევის ცირკში კი სრულიად უკრაინის ჰეტმანის არჩევნები ჩაატარეს. ეს პოსტი გენერალ სკოროპადსკის ერგო.

მალე ახალმა ოკუპანტებმა პეტლიურა დააპატიმრეს, გრუშევსკისა და ვინიჩენკოს კი ხელი არ ახლეს.

ასე დასრულდა პირველი უკრაინული აღორძინების საწყისი ეტაპი...

11-2-1671978192.jpg
მიხაილო გრუშევსკის სახლი კიევში რუსმა ბოლშევიკებმა საჩვენებლად დაცხრილეს ქვემეხებიდან პირველი ოკუპაციის დროს

* * *

მიხაილო გრუშევსკი დარჩა ისტორიაში როგორც დიდი უკრაინელი მეცნიერი. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე, სადაც საპატიო ადამიანები განისვენებენ. დღეს კიევის ცენტრში არსებობს გრუშევსკის ქუჩა. იქვეა მისი ბიუსტიც.

ვლადიმირ ვინიჩენკოს დღევანდელი უკრაინა პატივს მიაგებს, როგორც დიდ მწერალს. მისი რომანები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. ისინი უკრაინის სასწავლო პროგრამებშია შეტანილი. ვინიჩენკოს ბევრი ნაწარმოები ეკრანიზებულია. თეატრებში დღესაც ანშლაგით იდგმება მისი პიესები. უკრაინის ბევრ ქალაქში არსებობს ვინიჩენკოს სახელობის ქუჩა.

სიმონ პეტლიურა კი სამშობლოსთვის წამებულ გმირად დარჩა. უკრაინელმა ხალხმა მას ძეგლი აუგო და უკვდავყო მისი ნათელი ხსოვნა.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი

"ისტორიანი" .#126