როგორ უყვარდათ საქართველოში... - კვირის პალიტრა

როგორ უყვარდათ საქართველოში...

უამრავი წიგნი და ფილმი არსებობს სიყვარულზე. ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა, რომელიც არც მწერლისთვის, არც ხელოვანისთვის არასოდეს კარგავს ხიბლს. სწორედ სიყვარულზე ისაუბრეს ცნობილმა ქალბატონებმა, რომლებიც სხვა­დასხვა­ დროს ჩავწერე. ისეთი გულწრფელნი­ იყვნენ, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდნენ, რომ მათგან გამოყოლილი აღტაცება დიდხანს გამყვა. ასაკის მიუხედავად, ნაოჭებითაც ისეთივე მომხიბლავი იყვნენ, როგორც წლების წინ, ახალგაზრდობაში. სიყვარულზე საუბრისას საოცრად უციმციმებდათ თვალები და იმ წუთებში ბედნიერ დროს უბრუნდებოდნენ. ახლა სწორედ ჩემი საყვარელი რესპონდენტები და მათი რომანტიკული სიყვარულის ეპიზოდები მინდა გავიხსენო.

სოფიკო ჭიაურელი

qalebi-1671979136.jpg

სოფიკო ჭიაურელს გაცილებით ადრე შევხვდი, სანამ "კვირის პალიტრაში" დავიწყებდი მუშაობას. 1986 წლის ზაფხული იყო. მეგობრები ზაფხულის ხვატს ფუნიკულიორზე გავექეცით, ცნობილ რესტორანში­ შევედით. გაგვიმართლა და ღია ვერანდაზე მაგიდა გათავისუფლდა. იქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა, შებინდებულზე უფრო ლამაზი ჩანდა ლამპიონებით განათებული თბილისი. უცებ ნაცნობი ხმა მოგვესმა... აი, ის ლეგენდარული ხმა, ერთიანად რომ წამოგვყარა სახლებიდან 1981 წლის 13 მაისს და "დინამოს" სტადიონზე შეგვკრიბა სრულიად საქართველო. დიახ, ჩვენს მეზობლად კოტე მახარაძე იჯდა და სოფიკო ჭიაურელსა და ტარიელ საყვარელიძეს მისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით რაღაც სახალისოს უამბობდა. ძალაუნებურად მზერაც და ყურადღებაც მათკენ მივმართეთ. ხუმრობა ხომ არ იყო, სამი ვარსკვლავი იქვე, ჩვენს ახლოს ხუმრობდა, იცინოდა და დროს ატარებდა. მერე კოტემ მეგობარს მიმართა, ეს შენთვისაა, სოფიკო, თორემ ჩემთვის ცოფიკოაო. საყვარელიძეს ჩაეცინა და უთხრა, მაგ ცოფიკოზე გიჟდები­ და რა გინდა, რომ ქნაო? კოტემ თავი დაუქნია, ასეა ესო. და მოულოდნელად დაიწყო ლექსი "უსიყვარულოდ". მთელი ვერანდა გაჩუმდა და კოტეს უსმენდა. მისი ომახიანი ხმა ხან იდუმალი ხდებოდა, ხან ძლიერი...”"მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი",”- დაასრულა კოტემ და ტაშიც გაისმა. სოფიკოს გავხედე, იღიმებოდა.

წლების მერე, როცა ინტერვიუსთვის სახლში ვესტუმრე, ეს ეპიზოდი გავახსენე. გაეცინა, დღემდე ცოფიკოს მეძახისო. წინდაწინ იცოდა, რომ სიყვარულზე უნდა გვესაუბრა. აღტაცებული მიყვებოდა იმ რომანზე, რომელიც "ურიელ აკოსტას" მერე აგიზგიზდა. თუმცა არც პირველი სიყვარული დავიწყებია:

- ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირადში,­ არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის­ ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი. მე მეწერა, რომ ჩემს სიცოცხლეში ორჯერ მყვარებოდა. მე და გიორგი შენგელაია ბავშვობიდანვე ვიცნო­ბდით ერთმანეთს. ჩვენი დედები მეგობრობდნენ. მერე ჩვენც დავმეგობრდით და მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა.­ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა დავქორწინდით. უმისოდ სიცოცხლე ვერ წარმომედგინა, მაგრამ მართლაც არასოდეს­ არ უნდა თქვა "არასოდეს". ჩემსა და კოტეს შორის "ურიელის" რეპეტიციების დროს იფეთქა სიყვარულმა. მე თავს ვიკავებდი. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ ამას, მეორეც, კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა. კოტე ძალიან ნერვიულობდა და გამუდმებით მთხოვდა, რომ ცოლად გავყოლოდი. ერთხელ ჩვენი თეატრის დასი მოსკოვში გაემგზავრა გასტროლებზე. ერთ საღამოს კოტემ მეგობრებთან ერთად მოსკოვის ახლოს ერთ ცნობილ რესტორანში დაგვპატიჟა. ნამდვილი რუსული ზამთარი იყო, -18 გრადუსითა და დიდი თოვლით. შუა ქეიფში გარეთ გამიხმო. გავყევი. ღვინომოკიდებული იყო, აღელვებულმა მითხრა, ახლა ან "ჰოს" მეტ­ყვი, ან თავს მოვიკლავო. ვერ დავიჯერე,­ ჩემი გულისთვის თუ თავს რამეს აუტეხდა,­ ამიტომ უდარდელად, ცოტა აგდებულადაც მივუგე, კარგად იყავი-მეთქი. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა. კარგადო, დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. ლამის გული გამიჩერდა, წუთიც არ დავფიქრებულვარ, ვისკუპე და მეც უკან მივყევი. დარბაზში შესვლა რომ დაგვიგვიანდა, მეგობრებმა გამოგვაკითხეს. რესტორნის დარაჯს ჰკითხეს, ხომ არ დაგინახავთ, ქართველები საით წავიდნენო. იმანაც ის ადგილი აჩვენა, სადაც ორი შერეკილი ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ატყდა ერთი ამბავი. მაშველებიც მოიყვანეს და ცოცხალ-მკვდარი ძლივს ამოგვიყვანეს.

სოფიკომ ისიც მიამბო, შეუღლების მერე მეგობრებმა სიმბოლურად დიდი თუჯის ღუზა რომ მიუტანეს საჩუქრად: ბოლოს და ბოლოს, ეგებ შენს ოჯახურ ცხოვრებაში ჩაუშვა ღუზაო. საჩუქარმა გაამართლა, რადგან სოფიკოს მერე კოტეს არავისკენ გაუხედავს - მათ ერთად 30 წელი ბედნიერად იცხოვრეს.

მედეა ბიბილეიშვილი

qalebi3-1671979137.jpg

"ჩემთვის რამაზის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდო იყო და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი სიყვარულით დამასაჩუქრა", - მითხრა ულამაზესმა მედეამ და დიდხანს მელაპარაკა ამ "ჯილდოზე":

- 24 წლის ვიყავი, როცა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გავხდი. თაყვანისმცემელი ბევრი მყავდა, მაგრამ მათ შორის ერთი იყო გამორჩეული. ერთხელაც უცნობმა მამაკაცმა დამირეკა. რამაზ ვადაჭკორია ვარ, ძალიან მომწონხართ და თქვენი გაცნობა მინდაო. ცივად მივუგე, ჩემთვის სულერთია, ვინ ხართ, ტელეფონით გაცნობა არასერიოზულია-მეთქი. მას შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მირეკავდა და ერთსა და იმავეს მეუბნებოდა. ესა და ეს ვარ, თქვენი გაცნობა მინდაო. ჩემი პასუხიც არ იცვლებოდა - უარს ვეუბნებოდი. ყოველი სპექტაკლის შემდეგ ყვავილების ულამაზეს თაიგულს მიგზავნიდა. რამაზ ვადაჭკორია ცნობილი ექიმი-ლარინგოლოგი და ქალაქის კოლორიტი გახლდათ. ერთხელ რადიოკომიტეტში უნდა წავსულიყავი ჩაწერაზე. თეატრის წინ ჩემი უახლოესი მეგობრის მეუღლე დამხვდა და შეწუხებულმა­ მითხრა, შენი მეგობარი ცუდადაა და მთხოვა, მედეა მომიყვანეო. ჩაწერა გადავდე და გულგახეთქილი წავედი მეგობართან, იქ კი ჩემი თაყვანისმცემელი რამაზი დამხვდა. გავბრაზდი მასპინძლებზე, მაგრამ ისეთი ლამაზი საღამო გაგვატარებინა ვადაჭკორიამ, რომ წყენამ მალევე გამიარა. მას შემდეგ აღარც დავცილებულვართ. მამას ვუმალავდი ჩვენს ურთიერთობას, რადგან რამაზი ცოლშვილიანი იყო და ვიცოდი, არ მაპატიებდა. არც მე მინდოდა სხვის უბედურებაზე ჩემი ბედნიერების აგება, მაგრამ როდის იყო დიდი სიყვარული რამეს გეკითხებოდა? ჩვენი სიყვარული ბედისწერასავით იყო. 11 წელი სულ ფორიაქით ვიცხოვრე, სულ მეშინოდა, რამე არ მოსვლოდა, სადმე არ გადაჩეხილიყო. აკი გამართლდა კიდეც ჩემი შიში. რამაზი ავარიაში დაიღუპა. მაშინ ძალიან დიდხანს ვერ გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, აღარც თეატრი მინდოდა, აღარც სიცოცხლე...

რამაზი საოცრად რომანტიკული და ბობოქარი ადამიანი იყო, მასში თითქოს რამდენიმე პიროვნება ცხოვრობდა. ის ჩემთვის შექსპირის გმირების ერთიან სახეს წარმოადგენდა: მარად შეყვარებული მერკუციოც გახლდათ, სულ რომ ეთაყვანება ქალს, უსაზღვროდ შეყვარებული რომეოც და ეჭვიანი ოტელოც. როგორც კი გავრცელდა ჩვენი სიყვარულის ამბავი,­ ყველა თაყვანისმცემელი ჩამომცილდა, რადგან რამაზს მთელი ქალაქი პატივს სცემდა. ბოლოს რამაზი გაშორდა ცოლს და დავქორწინდით. ჩემს არც ერთ სპექტაკლს არ აცდენდა, როგორი დაღლილიც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ახერხებდა თეატრში მოსვლას. ზოგჯერ ეჭვიანობდა და ამის გამო ვებუტებოდი ხოლმე. ისეთ სიურპრიზს მომიწყობდა, წყენა მავიწყდებოდა. ერთხელ სპექტაკლის "წმინდანები ჯოჯოხეთში" დამთავრების შემდეგ სცენაზე ახალაფეთქებული ვარდისფერკვირტებიანი ატმის ხე (ფესვებიანად) მომართვა. ყველა აღფრთოვანდა, დიდმა ვერიკომ კი თქვა, უამრავი თაიგული და საჩუქარი მოურთმევიათ ჩემთვის, მაგრამ ასეთი ლამაზი და ორიგინალური არაო. "ჩემი ქალაქის ვარსკვლავის" გადაღებისას ორსულად ვიყავი. რამაზს არასოდეს დაუშლია ჩემთვის არც ფილმებში გადაღება და არც გასტროლებზე წასვლა, მაგრამ ორსულად რომ ვიყავი, ეშინოდა, რამე არ მომსვლოდა და ყოველდღე დამყვებოდა გადაღებაზე. მალე შეგვეძინა თამარი. საოცრად თბილი და მოსიყვარულე მამა იყო, მაგრამ ერთხელ წამოსცდა, ვგიჟდები ჩემს გოგოზე,­ მაგრამ შენ უფრო მეტად მიყვარხარო, რაზეც წყენით ვუპასუხე, აბა, რას ამბობ, დედა ხომ ამას არასოდეს იტყვის-მეთქი. რა ვქნა, ვერ მოგატყუებო. რამაზმა საგურამოში ნაკვეთი­ იყიდა, სახლიც ააშენა, აუზიც გვქონდა და საბილიარდოც, ეზოს ბოლოში კი დიდი ადგილი გამოყო და იქაურობა ნამდვილ გურულ სოფელს დაამსგავსა ნალიით, ფაცხით, ჭითა და თონით. ორი ტალავერი­ გვქონდა ეზოში, სადაც ზაფხულობით დიდი სუფრა იშლებოდა მეგობრებისთვის. საიდანღაც გაიგო, რომ ვარდის ერთ ულამაზეს ჯიშს "მედეა" ჰქვია, და იმდენი ქნა, მისი ძირი კისლოვოდსკიდან სპეციალურად ჩამოატანინა. ვარდს ფორთოხლისფერი დაჰკრავდა, მართლა ძალიან ლამაზი იყო. მოშორებით დარგო. ვუსაყვედურე, ჩემი სახელობის ვარდი განცალკევებით რატომ გაქვს-მეთქი. მიპასუხა, იმიტომ, რომ შენსავით განსხვავებული და ულამაზესიაო. თბილისში მშობლებთან ვცხოვრობდი, რამაზიც, რა თქმა უნდა, ჩვენთან იყო. ერთხელ გვიან დაბრუნდა შინ და ქვემოდან დაიწყო ძახილი. მე უკვე ვიწექი, მამა გავიდა აივანზე და უთხრა, მედეას სძინავს,­ შენც ამოდი და დაისვენეო. ნასვამი იყო და მაგიტომ შეჰბედა სიმამრს, ბატონო დავით, მედეა ცოლად იმიტომ მოვიყვანე, რომ უზომოდ მიყვარდა, თქვენ კი ჩემთან ყოფნას უშლიდით, ახლა ცოლია და მინდა ამ ლამაზ ღამეს­ მასთან ერთად ვისეირნოო. მამა უსიტყვოდ გამოტრიალდა და გამაღვიძა, რამაზი გელოდება ქვემოთო­. ბუზღუნით ავდექი და ჩავედი. მართლაც საოცრად ლამაზი ღამე იყო. თოვდა, ვეებერთელა ფიფქებით ბარდნიდა. ვსეირნობდით დათოვლილ თბილისში და ასე გვეგონა, ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით: მე, რამაზი და თოვლი.

ლია გუდაძე

qalebi5-1671979137.jpg

სულ მინდოდა ამ მომხიბლავ ქალთან ინტერვიუს ჩაწერა. მაინტერესებდა, რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე ეშხიანი იყო, თუ ჯადოსნური კამერა აჩენდა ასეთად.M მსახიობს სახლში ვესტუმრე. ქალბატონი ლია გულღიად შემომეგება. უმაკიაჟო და შუახანს გადაცილებულიც კი ისეთი მომხიბლავი იყო, მივხვდი, კამერები და გრიმი არაფერ შუაში იყო, ის ბუნებრივად გახლდათ ასეთი ლამაზი. აი, რა მიამბო მან:

- ნუგზარი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანი, ერთი კურსით ჩემზე წინ იყო. მას უკვე ფილმებში იღებდნენ, პოპულარული ბიჭი იყო, გოგონები ეხვეოდნენ. გავიცანი და მორჩა, სხვაზე არც მიფიქრია. ინსტიტუტში რომ მხვდებოდა, განსაკუთრებულად მესალმებოდა, ხელს მკერდზე მიიდებდა, თავს ოდნავ დახრიდა და მერე ამომხედავდა. მეღიმებოდა, ვფიქრობდი, როლშია შეჭრილი-მეთქი. გაცნობიდან Dდიდი ხანი არც იყო გასული, ერთ დღესაც ინსტიტუტის დერეფანში შემეფეთა, ჩვეულებრივად ვაპირებდი მისალმებას, მაგრამ ვინ მაცალა? უცებ მაჯახა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ენა ჩამივარდა. იმდენ ლამაზ გოგონას მოსწონდა, არც ერთი არ ეტყოდა უარს, მე რატომ გამომარჩია, ვერ გავიგე. ცოტა დროს გაძლევ, ხვალ მითხარი პასუხიო, თქვა და გამეცალა. ნუგზარი ძალიან მიზანსწრაფული იყო, მისთვის ბარიერი არ არსებობდა. ისეთ სიტუაციას შექმნიდა, რაც მას ხელს აძლევდა. თავისი ცხოვრებაც ასე წარმართა. დიდხანს აღარ მიფიქრია, მალევე გავყევი ცოლად. ძალიან თბილი მეუღლე იყო. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა, როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა ვყოფილიყავი, იმდენს იზამდა, მაინც გამამხიარულებდა. ბევრი მეკითხება, თუ ასე გიყვარდათ ერთმანეთი, რატომ დაშორდითო? ნესტანი რომ შეგვეძინა, მე ხშირად შინ ვიყავი, ის კი პოპულარობის ზენიტში იყო, ფილმებში კვლავ იღებდნენ, იშვიათად ნახავდით შინ. გავბრაზდი, მოვკიდე ხელი პატარა ნესტანს და მშობლებთან დავბრუნდი. მეგონა, ამ ნაბიჯით ჭკუაზე მოვიდოდა და რაღაცას შეცვლიდა ოჯახის სასიკეთოდ. ნუგზარი ხშირად მაკითხავდა კამოზე, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. პირდაპირ გადაღებიდან მოვარდებოდა ცხენით, შემოაგელვებდა ეზოში და გვეძახდა მე და ნესტანს. მთხოვდა, შემომიჯექი უკან და გაგასეირნებო. ვფიქრობდი, ამ შერეკილს როგორ შემოვუჯდე ცხენზე, ხალხი რას იტყვის-მეთქი, და უარს ვეუბნებოდი. მაშინ ნესტანს დასტაცებდა ხელს, წინ დაისკუპებდა და ასეირნებდა ქუჩებში. სიგიჟემდე უყვარდა თავისი სიყრმის შვილი. გაგიკვირდებათ და, ამ გადარეული სიყვარულის მერე მალევე შეირთო მეორე ცოლი. ეს შემთხვევით გავიგე. სტუდენტები სპექტაკლებს ვდგამდით ხოლმე. ერთ-ერთ რეპეტიციაზე მსახიობთა მცირე ჯგუფი შემოვიდა, თქვეს, იმიტომ დაგვაგვიანდა, რომ ნუგზარ შარიას ქორწილში ვიყავითო. გავქვავდი. ამას ნამდვილად არ მოველოდი. ნუგზარი ისე წავიდა უცხოეთში, აღარც მინახავს. თავდაპირველად, საფრანგეთში წავიდა. მართალი გითხრათ, მეცოდება, იქ მარტო იყო, ჩვენ კი, მისი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები - ყველანი აქ. საფრანგეთში იულ ბრუნერი გაიცნო ("შესანიშნავ შვიდეულში" მთავარი როლის შემსრულებელი), ის დაეხმარა ამერიკაში წასვლასა და ფეხზე დადგომაში. იქ ნუგზარი ჯაზორკესტრში მღეროდა, მე კი აქ გაუთავებლად დამატარებდნენ დაკითხვებზე. მე რატომღა მიბარებდნენ უშიშროებაში, ვერ გამეგო. როცა ნესტანი წამოიზარდა და უცხო ენათა ინსტიტუტში გადაწყვიტა ჩაბარება, ერთი ამბავი ატყდა: იმიტომ უნდა ენების შესწავლა, რომ მამამისთან “გაიქცეს”ამერიკაშიო. სწავლის პერიოდში შრომითი სემესტრი ვარძიაში უნდა გაევლო. კვლავ აიფოფრნენ, შარიას ქალიშვილს ვარძიაში რა უნდა, იქიდან თურქეთამდე არცთუ შორიაო. მე ერთ-ერთი ფილმის გადაღებიდან მომხსნეს. გადაღება შავ ზღვაში უნდა ყოფილიყო, ალბათ, იფიქრეს, ვაითუ ცურვა-ცურვით ან ყვინთვით მიადგეს სხვა ქვეყნის სანაპიროსო. ერთი სიტყვით, სხვები შიშობდნენ იმას, რაც ჩვენ ფიქრადაც არ გაგვივლია.

ინგა თევზაძე

ქალბატონი ინგა მაშინ ჩავწერე, როცა თენგიზ სუხიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი მიილია. მაშინვე დამთანხმდა ინტერვიუზე, მით უმეტეს, გაიგო, რომ მათ სიყვარულზე უნდა გვესაუბრა. ქალბატონმა ინგამ ბევრი რამ გაიხსენა მეუღლეზე და ხან ცრემლი გაუკრთებოდა თვალებში, ხან ღიმილი:

- მამაჩემი სამხედრო ინჟინერი იყო, ამიტომ ჩვენი ოჯახი (დედა, მამა, მე და ჩემი უმცროსი ძმა) კარგა ხანს რიგაში ვცხოვრობდით. მეექვსე კლასამდე იქ ვსწავლობდი, რუსულ სკოლაში. მერე გადმოვედით თბილისში, სკოლის დამთავრების შემდეგ რუსულ ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მაშინ ასეთი კანონი იყო - თუ მუშაობის სტაჟი არ გქონდა, უნდა გემუშავა და საღამოს დასწრებულზე გესწავლა. მამამ მომიხერხა და მეცნიერებათა აკადემიაში დამაწყებინა მუშაობა. იქ ბევრი ახალგაზრდა მუშაობდა, ყველასთან ვმეგობრობდი. ერთ-ერთი, მურაზ ჯაფარიძე გადამეკიდა, ჩემი საცოლე ჟუჟუნა ართმელაძე სუხიშვილების დასის მოცეკვავეა, ნინო რამიშვილის დისშვილი. ანსამბლისთვის ლამაზ გოგოებს ეძებენ და უნდა წაგიყვანოო. მეცინებოდა და უარს ვეუბნებოდი, უნივერსიტეტში ვსწავლობ, ცეკვა რად მინდა, თან ამ ასაკში რაღა დროს ჩემი ცეკვის სწავლაა-მეთქი, მურაზი კი თავისას არ იშლიდა, ჟუჟუნას დეიდაშვილი ძალიან კარგი ბიჭია, უნდა გაგაცნოო. თურმე რაც გიწერია, ვერ ასცდები. სექტემბერში მამას ბათუმში მოუწია მივლინებამ და მეც წამიყვანა. "ინტურისტში" დავბინავდით. სწორედ იქ გავიცანი თენგიზი, თანაც მურაზის ჩარევის გარეშე. მთელი თბილისის ცნობილი ბიჭები იქ იყვნენ: ჯანო ბაგრატიონი-უმცროსი, კოკა იგნატოვი, ჯანრი კაშია... სუხიშვილები ახალი დაბრუნებული იყვნენ ამერიკიდან. მათ ჯგუფს რომ ჩავუარე, გავიგონე, რა კარგი გოგოა, ნეტავ სადაურიაო (რუსი ვეგონე). გამეღიმა და გზა განვაგრძე, გაზეთები ვიყიდე და თვალიერება დავიწყე. მომიახლოვდა ერთი ბიჭი და "სოვეტსკი სპორტი" ხომ არ გაქვთო, მკითხა. ცოტა დავიძაბე. მერე გამომკითხა, რამდენი ხანია აქ ისვენებთ, ვისთან ერთად ხართო.…ავყევი საუბარში. ბოლოს სასტუმროს ოთახამდე მიმაცილა. მაშინ არც ვიცოდი, ახალგაცნობილი თენგიზი თუ იყო. მეორე დღეს მურაზი შემხვდა, ხელი მომკიდა და თენგიზთან მიმიყვანა, აი, ესაა ჟუჟუნას დეიდაშვილიო. ორივეს გაგვეცინა და ვუთხარით, რომ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს. არ დამავიწყდება მურაზის გაოცებული სახე. მერე თენგიზმა და მურაზმა ილიკოსა და ნინოსთან მიმიყვანეს. ორივეს ძალიან მოვეწონე, არ გინდა ჩვენთან იცეკვოო? უარი ვუთხარი, უნივერსიტეტში ვსწავლობ, თან ცეკვაც არ ვიცი-მეთქი. ჩვენ გასწავლითო. მაშინ ილიკო სპეციალურად დადიოდა რუსთაველსა და პლეხანოვზე და ლამაზ გოგონებს ეძებდა. ქალთა ცეკვები არ იყო ტექნიკურად რთული, ახლა გაცილებით გართულდა და მეტი დატვირთვა მიეცა. ასე რომ, ჩემს ასაკშიც შეიძლებოდა ცეკვის დაწყება. თენგიზი ჩვენი გაცნობიდან მალევე გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში. როცა დაბრუნდა, მე უკვე ანსამბლში დავხვდი. რაც შეეხება ჩვენს რომანს, ის გაცნობისთანავე დაიწყო. ბათუმში ისეთი ლამაზი დღეები იყო, სიკვდილამდე არ დამავიწყდება. თენგიზის მეგობრებთან ერთად ხან კატერით ვსეირნობდით ზღვაზე, ხან რესტორანში მივდიოდით, ხან კონცერტზე. თბილისში რომ დავბრუნდით, მეგობრებს მივახარე, შეყვარებული ვარ-მეთქი. თენგიზისგან სიურპრიზები არ მაკლდა, მაგრამ ერთხელ ისეთი რამ გააკეთა, მოულოდნელობისგან მეტყველება დავკარგე. მამაჩემს კვლავ მივლინება უწევდა ბათუმში, მეც მივყვებოდი. ბათუმიდან ოდესაში უნდა წავსულიყავით. თენგიზი დამპირდა, გაგაცილებო, მაგრამ ვერ მოვიდა რკინიგზის სადგურში და ძალიან გულდაწყვეტილი ვიჯექი კუპეში. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მამის მერიდებოდა, თორემ ვიღრიალებდი. მატარებელი დაიძრა, მაგრამ მცხეთაში 2 წუთის ნაცვლად დიდხანს გაჩერდა. მგზავრები აბუზღუნდნენ. სარკმელში გავიხედე, ნეტავ რა ხდება-მეთქი და, რას ვხედავ? თენგიზი მოქრის, ყველა ვაგონში იჭვრიტება და მეძებს. მატარებელი კი მისმა მეგობარმა, თენგიზ კიტოვანმა გააჩერა, რევოლვერით დაადგა მემანქანეებს, სანამ არ გეტყვით, არ დაძრათო. შეთანხმებული იყვნენ, მე რომ მნახავდა, ნიშანს მისცემდა კიტოვანს და ისიც გაათავისუფლებდა "დატყვევებულებს". ასეთი იყო თენგიზი, რომანტიკული, ზოგჯერ ძალიან ბობოქარი და შფოთისთავი, მაგრამ როცა დავოჯახდით, დადინჯდა, პრობლემებს ახლოს არ მაკარებდა, ყოველთვის თავად აგვარებდა ყველაფერს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მის გვერდით ბედნიერი ქალი ვიყავი.

ნინო ხომასურიძე

ყველას ახსოვს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი "შთამომავლობა" და დიდი ოჯახის ნაბოლარა წევრი, კნაჭა და კიკინებიანი გოგო, მსახიობი ნინო ხომასურიძე, რომელიც დღემდე გაუნელებელ ტკივილს ატარებს. აღარ ჰყავს უძვირფასესი ადამიანები: მეუღლე და ერთადერთი შვილი და მაინც ამბობს, რომ ბედნიერია, რამეთუ დიდი სიყვარული არგუნა ღმერთმა.

xomasuridze-1671979409.jpg

ქალბატონმა ნინომ ლამის დაუჯერებელი ამბავი მიამბო, ამბავი თავისი სიყვარულისა, რომელიც 13 წლის ასაკში ეწვია:

- პლეხანოვზე თბილისური სახლების ერთი ეზოდან მეორეში ველოსიპედით რომ დავქროდი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ზურა ბზიკაძე. 13 წლისა გავთხოვდი. გავიპარე. ჩემი მშობლები ჩემს წასაყვანად რომ მოვიდნენ, გამოვაცხადე, ზურა მიყვარს და აქედან ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი. მე და ზურა მეზობლები ვიყავით, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. ლენინგრადში დაამთავრა ინსტიტუტი. ზურა და მისი მეგობრები პლეხანოვზე რომ გამოიშლებოდნენ, მეც მოვაჯდებოდი ველოსიპედს და ავუქროლ-ჩავუქროლებდი. ზურა ძალიან ვაჟკაცური და გამორჩეული ბიჭი იყო. მე კი ვინ ვიყავი? ყურებამდე შეყვარებული ერთი პატარა სულელი გოგო. ზურა ისე მექცეოდა, როგორც ბავშვს - ხან ნაყინს მიყიდდა, ხან შოკოლადს. ერთხანს ესეც მაკმაყოფილებდა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, ყველაფერი მეთქვა. ვარწმუნებდი, უსაზღვროდ მიყვარხარ და ზურგს თუ შემაქცევ, მოვკვდები-მეთქი. იმ ზაფხულს მე და დედა ბათუმში ვისვენებდით. იქაურ და დამსვენებელ ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. ზურა თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. როგორც კი დავინახე, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, ჩავუხტი მანქანაში და გამოვუცხადე, შენთან მინდა, აქედან არ გადავალ-მეთქი. უარი ვეღარ მითხრა. ახლა რომ ვაცნობიერებ, თავიდან, ალბათ, ვეცოდებოდი, მე კი სიგიჟემდე მიყვარდა, ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი და აღარ დავეძებდი არაფერს.D დრო რომ გავიდა, მასაც ძალიან შევუყვარდი და მეუბნებოდა, რა ბედნიერი ცხოველია კენგურუ, ჩანთით რომ დაატარებს თავის შვილს, რომ შეიძლებოდეს, ჩაგსვამდი “ჩემს ჩანთაში” და სულ თან მეყოლებოდიო.M მე ის ვაჟკაცური თვისებების, გარეგნობის გამო მიყვარდა.

როცა გავიგე, რომ "კრიმინალური ავტორიტეტი" იყო, ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი. რამდენჯერმე დაიჭირეს, სასჯელს ხან აქ იხდიდა, ხან რუსეთში, ყველგან ჩავდიოდი და ვნახულობდი. აბა, რა გამაძლებინებდა დიდხანს უმისოდ. ურალშიც კი ჩავაკითხე, კინაღამ გაგიჟდა, აქ რამ ჩამოგიყვანაო. საქართველოში პატიმრობისას კი სულ კოლონიაში ვიყავი. მერე ვეხუმრებოდი, შენთან ერთად, სულ ცოტა, 13 წელი მეც მაქვს მოხდილი-მეთქი. ერთხელ კოლონიაში დაცვა შეიცვალა. არ მიცნობდნენ და ზურას უთხრეს, ქალიშვილმა მოგაკითხაო. პირველი ბავშვი 14 წლისას შემეძინა. სამი თვის იყო, სეფსისით რომ გარდაგვეცვალა.­ მესამე კურსზე ვიყავი, გოგა რომ შეგვეძინა. ერთი წელი აკადემიური ავიღე, რომ სულ ბავშვთან ვყოფილიყავი. ბევრს უკვ­ირს, ასეთი მენტალობის კაცმა როგორ მოგცა­ სამსახიობოზე ჩაბარების უფლებაო. თავიდან მართლა წინააღმდეგი იყო. ციხი­დან 4-თაბახიანი წერილი მომწერა, არ გაბედო თეატრალურზე ჩაბარებაო. მე კი თავი ისე დავიჭირე, ვითომც არ მიმიღია წერილი. ბოლოს მაინც დამითმო. ძალიან მანებივრებდა, მის სამეგობროში მე ვიყავი პირველი რძალი, რომელიც მანქანის საჭეს მიუჯდა, რომელსაც ეცვა მოკლე ქვედაკაბები. მეგობრებს უკვირდათ, ნეტავ ასეთი რა გაუკეთა ამ პატარა გოგომ ზურა ბზიკაძეს, რომ ასეთი მოკლე კაბის ჩაცმის უფლებას აძლევსო. ზურა კი იცინოდა, ჩემს პატარა გოგოს უხდება, ჩაიცვას და გაიხაროსო. არ ეჭვიანობდა, მე უფრო ეჭვიანი ვიყავი, რადგან ბევრ ქალს მოსწონდა, თუმცა ჩემთვის არასოდეს უტკენია გული.

ჩემი შვილი, გოგა, მიყვებოდა, ერთხელ მოსკოვში ჩამომაკითხა მამამ. ერთ საღამოს მეგობრებმა გამომიარეს, წვეულებაზე მივდიოდით. ისიც დავპატიჟე, კარგ ქალებს­ გაგაცნობ-მეთქი, დავპირდი. უარი მითხრა, მერე ნინოს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო?! ასეთი კაცი იყო! ამით შვილსაც ასიამოვნა და ჩემი გულიც მოიგო. პირადად მე მისთვის არაფერი დამიმალავს. ისიც იცოდა, რომ ძია იაშა (ტრიპოლსკი, რომელიც "შთამომავლობაში" მამის როლს თამაშობდა) მეტრფოდა, მაგრამ მისი გრძნობა­ ისეთი სუფთა და უმწიკვლო იყო, როგორ იეჭვიანებდა მასზე. ტრიპოლსკი რომ დამინახავდა, შუქი ჩაუდგებოდა თვალებში, ამბობდა, ნინო ჩემი სიბერის სიყვარულიაო. ერთ მშვენიერ დღეს თეატრიდან წასვლა გადავწყვიტე. შიში დამეუფლა, თითქოს ვგრძნობდი, ამ ორ უძვირფასეს ადამიანს დავკარგავდი. ისტერიკულად ვიღებდი ვიდეოფირზე ზურასა და გოგას. ერთხელ ცუდად გავხდი, ძლივს გამომიყვანეს მდგომარეობიდან. დამეძინა. ცოტა ხანში ფაჩუნმა გამომაღვიძა. ზურას ხატებთან სანთელი დაენთო და ჩურჩულით ამბობდა, ღმერთო, თუკი ნინოს რამე უნდა დაემართოს, გთხოვ, ნუ მომასწრებ ამას და წამით ადრე მე მომკალიო. არ ვმალავდი, რომ ამქვეყნად ყველაზე­ მეტად ზურა მიყვარდა. ზურას 50-ე წლისთავი ახლოვდებოდა. დიდი ზარ-ზეიმით გადავიხადეთ და სწორედ ამ დაბადების დღეზე უეცრად თრომბით გარდაიცვალა. ბუნდოვნად მახსოვს, ზურას დაკრძალვაზე უამრავი ხალხი ტრიალებდა. მოდიოდნენ უცნობი ლამაზი ქალებიც... და უცებ ამ დიდი ზარის დროს გავიფიქრე, ვინ იცის, ამათგან რამდენი ეტრფოდა ზურას, რატომ უნდა მნახონ ასეთი სახეწაშლილი-მეთქი. წამოვდექი და სარკის წინ თავი მოვიწესრიგე. ორმოციდან რამდენიმე­ დღეში გოგაც დავკარგე. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ზურას მოსკოვში გოგას სახელზე ჰქონდა ძეხვის კომბინატი. ალბათ, იქაურებს ქართველის მოშორება უნდოდათ... განუწყვეტლივ ვფიქრობდი ჩემს ქმარ-შვილზე. მერე ანევრიზმა დამემართა და ძლივს გადავრჩი. ერთხანს ჩემი სახელიც არ მახსოვდა. თავს ვერ ვიკლავდი, რადგან მეშინოდა, ვაითუ იმ ქვეყნად ვეღარ შევხვდე მათ-მეთქი. თავი გადავიპარსე. შინ ჩავიკეტე, თვალმოუწყვეტლივ ვუყურებდი იმ ვიდეოებს, სადაც ზურა და გოგა იყვნენ. ისინი მელაპარაკებოდნენ, მიღიმოდნენ.…ერთი სიტყვით, კადრსმიღმა ცხოვრებით ვცხოვრობდი. მერე დათო დოიაშვილმა "ჯინსების თაობის" დადგმა გადაწყვიტა და გეგას დედის როლი შემომთავაზა. მე ვითამაშე ყველა ის დედა, რომლებიც შვილის დაკარგვით გამოწვეულ დიდ ტკივილს დაატარებენ. გავიდა ხანი და იტალიური წარმოშობის ფრანგმა რეჟისორმა ქალმა, ბერტუჩელიმ მათამაშა თავის ფილმში "სანამ ოთარი წავიდა". ამ როლის გამო "სეზარით" დამაჯილდოვეს და საფრანგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს.

თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არაფერს შევცვლიდი, რადგან რაც ვინატრე, ყველაფერი ამისრულა ზურამ. სასწაულების არ მჯერა, მაგრამ მაინც ვინატრებდი - გაიღოს კარი და ჩემს ოთახში შემოვიდნენ ზურა და გოგა. კიდევ მინდა ოკეანის ტალღებში მივცურავდე და ზემოდან დამნათოდეს ჩახჩახა მზე.

P.S. დარწმუნებული ვარ, ამ მშვენიერ ქალბატონებს კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ საამბობი სიყვარულზე, თუმცა ეს მცირე მოგონებებიც ცხადყოფს, როგორ ძლიერ უყვარდათ ისინი. ასეთი გრძნობით ხომ გამორჩეულებს აჯილდოვებს უზენაესი.