ფრედერიკსბორგი
სკანდინავიური რენესანსის შედევრი სამეფო ნადირობებისთვის შეიქმნა
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, კუნძულ ზელანდიაზე მდებარეობს ე.წ. დედაქალაქის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ჰილერედი. ის სიდიდით ქვეყნის მესამე ქალაქია. სწორედ ჰილერედში, დანია-ნორვეგიის მეფე კრისტიან IV-ისთვის, XVII საუკუნის დასაწყისში აიგო ფრედერიკსბორგის ულამაზესი ციხე-დარბაზი, რომელიც სკანდინავიური რენესანსის შედევრად არის აღიარებული. სასახლის ახალმა კომპლექსმა ჩაანაცვლა ფრედერიკ II-ის ძველი სამეფო სასახლე და სკანდინავიაში აღორძინების სტილის ყველაზე დიდ სამეფო რეზიდენციად იქცა. კომპლექსის ნაწილია იქვე მდებარე პატარა ციხის ტბის სამ კუნძულზე გაშლილი დიდი სამეფო ბაღი ბაროკოს სტილში.
ფრედერიკსბორგის სამეფო ციხე-დარბაზი თითქმის თავიდან აღადგინეს 1859 წლის უძლიერესი ხანძრის შემდეგ საზოგადოების მხარდაჭერითა და ლუდის მწარმოებელ იაკობ კრისტიან იაკობსენის დახმარებით. აპარტამენტების სრულად რესტავრაციის შემდეგ, 1882 წლიდან სასახლის კომპლექსში გახსნილია დანიის ისტორიის ეროვნული მუზეუმი. აქ არის პორტრეტული ტილოების ყველაზე დიდი კოლექცია დანიაში, შესანიშნავი სამლოცველო და საპარადო დარბაზები, მათ შორის ვალდემარის დარბაზი, დიდი დარბაზი და აუდიენციების პალატა. ყველაფერი მდიდრულად არის შემკული და სავსეა ძვირფასი ნივთებით.
ჰილერედშოლმის მამული, სადაც ფრედერიკსბორგის სამეფო ციხე-დარბაზი აიგო, ეკუთვნოდა გოიეების დიდგვაროვან ოჯახს. 1530-იან წლებში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დანიაში რეფორმაციის შემოღებაში. ფრედერიკ II-მ, რომელიც დანიას 1559-1588 წლებში მართავდა, გოიეებს ეს ადგილი სხვა მამულში გაუცვალა. მეფეს აქაურობა იმიტომ მოეწონა, რომ ამავე კუნძულ ზელანდიაზე ვრცელ ტყეებს ფლობდა და ირმებზე ნადირობით იყო გატაცებული. მეფემ გოიეთა შედარებით მომცრო ნაგებობები გადააკეთა, გააფართოვა და ფრედერიკსბორგი ანუ ფრედერიკის ციხე-დარბაზი უწოდა. ფაქტობრივად კი სანადირო სახლად იყენებდა.
შემორჩენილია წითელი აგურის დიდი მართკუთხა შენობა და ჰუსართათვის განკუთვნილი ორი გრძელი საჯინიბო, რომლებიც ციხის ტბის გასწვრივ აგებულ დიდ გალავანთან მთავრდება. მასზე 1562 წელს მიშენებულ მრგვალ კოშკებზე ფრედერიკ II-ის გერბი და დევიზია: "მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს". ცენტრალურ კუნძულზე დარჩენილია გრძელი ბუფეტი საფეხურებიანი ფრონტონებით. სხვა შემორჩენილი ნაგებობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია 1581 წელს პატარა კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით პარკში აგებული სამეფო აბანო რენესანსის სტილში.
აღსანიშნავია, რომ ფრედერიკსბორგის ციხე-დარბაზი პირველია დანიაში, რომელიც არა თავდაცვისთვის, არამედ გასართობად აშენდა. ასევე პირველი ციხე-დარბაზი, რომელიც ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე აშენდა, რადგან მანამდე ყველა ციხესიმაგრე აგებული იყო სანაპიროებზე ან პორტებთან ახლოს, რადგან ზღვა დანიელთათვის ტრადიციულად გადაადგილების მთავარი საშუალება იყო. სამეფო ციხე-დარბაზის ჰილერედში აგებამ, თავის მხრივ, ახალი გზების ქსელის განვითარება განაპირობა. პირველად 1588 წელს დასრულდა "მეფის გზა", რომელიც ფრედერიკსბორგს კოპენჰაგენთან აკავშირებდა. სწორედ ამ ციხე-დარბაზში დაიბადა ფრედერიკ II-ის მემკვიდრე კრისტიანი.
კრისტიან IV-მ, რომელიც 1588-1648 წლებში მეფობდა, სასახლის კომპლექსის გასაახლებლად ფლამანდიურ-ნიდერლანდური რენესანსის, ანუ ჩრდილოური მანიერიზმის სტილი არჩია. ძველი სასახლე 1599 წელს დაანგრიეს, ახალი ციხე-დარბაზის აგება კი ფლამანდიელ არქიტექტორ ჰანს ვან სტენვინკელ უფროსს დაევალა. 1601 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა მისმა ვაჟებმა, ჰანსმა და ლორენცმა განაგრძეს და 1610 წელს დაასრულეს კიდეც. ოთხსართულიანი, სამფრთიანი მთავარი შენობის დამთავრება ათ წელიწადზე ნაკლებ ვადაში იმ დროისთვის დიდი მიღწევა იყო. სამლოცველოზე მუშაობა 1618 წლამდე გაგრძელდა, კომპლექსი კი საბოლოოდ დასრულდა 1620 წელს. სწორედ მას შემდეგ გახდა ფრედერიკსბორგის ციხე-დარბაზი ყველაზე დიდი რენესანსული შენობა სკანდინავიაში.
ფრედერიკსბორგი ძირითადად საზეიმო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა კრისტიან IV-ის გარდაცვალების (1648 წ.) შემდეგ. ხოლო 1671-დან 1840 წლამდე პერიოდში დანიის ყველა მონარქი ციხე-დარბაზის სამლოცველოში ეკურთხა მეფედ. 1850-იან წლებში ფრედერიკსბორგს მეფე ფრედერიკ VII ერთ-ერთ რეზიდენციად იყენებდა. 1859 წლის 16 დეკემბრის ცივ ღამეს მეფემ ბუხრის დანთება ბრძანა. ბუხარი შესაკეთებელი იყო, თუმცა მონდომებულმა მსახურებმა ცეცხლი მაინც დაანთეს... შედეგად, უძლიერესმა ხანძარმა შენობის დიდი ნაწილი რამდენიმე საათში გაანადგურა. გადარჩა სამლოცველო, აუდიენციების პალატა და მეფის კაბინეტი. განადგურდა შიდა მორთულობა, თუმცა 300-ზე მეტი ნახატი გადაარჩინეს. დღეს ისინი ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი. 1860-1864 წლებში მოხდა სრული რესტავრაცია საარქივო გეგმებისა და ჰაინრიხ ჰანსენის დეტალური ნახატების მიხედვით და არქიტექტორ ფერდინანდ მელდალის ხელმძღვანელობით ფრედერიკსბორგმა, პრაქტიკულად, პირვანდელი სახე მიიღო.
ფლამანდიური და ჰოლანდიური რენესანსის არქიტექტურული ტრადიციების შესაბამისად, მთავარი შენობა მართკუთხა ფორმისაა, რომელიც აგებულია წითელი აგურით. მას ციხის ტბის ჩრდილოეთ კუნძულის მთელი ტერიტორია უჭირავს. მისი ქვიშაქვის კოშკებიანი გალავნები შემკულია მსუბუქი დეკორით. სამფრთიანი, П-ს ფორმის მთავარი შენობის "სამლოცველოს ფრთასთან" დიდი სამრეკლო დგას. არქიტექტურული თვალსაზრისით სამივე ფრთა სრულიად დამოუკიდებელი ნაგებობაა და ისინი მხოლოდ კომპლექსის შესაქმნელად არის გაერთიანებული. კრისტიან IV-ის სადიდებელი სკულპტურული დეკორაციები - ასტროლოგიური და მითოლოგიური პერსონაჟები ჩანს კარიბჭის პორტალში, აგრეთვე ტერასის ფრთასა და ნეპტუნის შადრევნის ანსამბლში. ფანჯრებთან აღმართულია იმპერატორებისა და ისტორიული პირების ქანდაკებები, მათ შორის ალექსანდრე მაკედონელისა და იულიუს კეისრის.
ციხე-დარბაზი განთქმულია კოშკებითა და კოშკურებით. კომპლექსის ყველა გარე კუთხე გამაგრებულია კოშკებით. ორი რვაკუთხა კოშკი მაღალი შპილებით ტბას გადაჰყურებს, მეფის ფრთის ეზოს მხარეს კი ამშვენებს კიბის კოშკურები სპილენძის მოპირკეთებული გუმბათებით. ყველაზე მაღალი და შთამბეჭდავი კოშკი ის არის, რომელიც სამლოცველოსთან დგას. მრავალსართულიანი შპილის კუთხეები შემკულია ოთხი ობელისკით.
1616 წელს დასრულდა რენესანსის სტილის ფანჯრებიანი აუდიენციების პალატა. ელეგანტური ნაგებობის სამხრეთი მხარე შემკულია ფიგურებით, მათ შორის არის მუსიკოსებით გარშემორტყმული ვენერასა და მარსის ქანდაკებები. ეს საუკეთესო კომპოზიციად ითვლება დანიაში. მეფის ფრთას 1621 წელს მეფე კრისტიან IV-მ დიდი ორსართულიანი გალერეა მიუშენა, რომელიც ეზოს გადაჰყურებს. გალერეის ღმერთების ქანდაკებები ჰანს ვან სტენვინკელმა უმცროსმა დაამზადა ამსტერდამში და დანიაში გემით ჩაიტანა.
სამლოცველო კრისტიან IV-ის დროიდან გამოიყენება სამრევლო ეკლესიად. მას დღემდე ემსახურება ოთხი მღვდელი და ორი ორგანისტი. 1720 წელს ამ სამლოცველოში მოეწერა ხელი ფრედერიკსბორგის სამშვიდობო ხელშეკრულებას დანიასა და შვედეთს შორის. ამჟამად სამლოცველოში განთავსებულია დანიის სამეფო ოჯახის ხელოვნების კოლექცია, მათგან განსაკუთრებით საინტერესოა დანიელი მხატვრის, კარლ ჰაინრიხ ბლოხის ნამუშევრები იესოს ცხოვრებაზე. მეფეთა კურთხევის ცერემონიების გარდა, 1693 წლიდან სამლოცველო გამოიყენებოდა "სპილოსა" და "დანებროგის" ორდენების საზეიმო შეკრებებისთვის. სამლოცველოს კედლებზე გამოფენილია ამ ორდენების მიმღებთა გერბები. მათ შორისაა საერთაშორისო მოღვაწეები და გამოჩენილი დანიელები, მაგალითად, ნელსონ მანდელა და ნილს ბორი.
ფრედერიკსბორგის კომპლექსის სკულპტურულ შედევრად ითვლება ნეპტუნის შადრევანი. ცენტრალური ფიგურა - ტრიტონებით გარშემორტყმული ზღვის ღმერთი დანიის მეფეს განასახიერებს, ხოლო მთლიანად კომპოზიცია დანიის სიმბოლოა, როგორც XVII საუკუნის დასაწყისში წამყვანი სკანდინავიური ქვეყნისა. ანსამბლი ადრიენ დე ვრის მიერ 1620-1622 წლებშია შექმნილი. ბრინჯაოს დიდი ფიგურები დე ვრიმ პრაღაში ჩამოასხა, სადაც საიმპერიო სასახლის მოქანდაკედ მუშაობდა. ამჟამად ნეპტუნის შადრევანი მხოლოდ ასლია, რადგან ორიგინალი 1659 წელს შვედებმა კონტრიბუციის ანგარიშში გაიტანეს და დღემდე სტოკჰოლმთან, დროტნინგჰოლმის სამეფო სასახლის ბაღებში დგას...
ფრედერიკსბორგის ისტორიული მუზეუმი 1878 წელს დაარსდა. მასში მეფის ფრთისა და პრინცესის ფრთის სამი სართულის 70 ოთახის გარდა, შედის სამლოცველო, ვარდების ოთახი და აუდიენციების პალატა. თავდაპირველად კოლექციაში ძირითადად ხანძარს გადარჩენილი ნახატები იყო, მაგრამ იაკობსენის ფონდის დახმარებით, ის მალე გაფართოვდა. დღეს უკვე პორტრეტების კოლექცია ყველაზე დიდია დანიაში. მეფის ფრთის პირველ და მეორე სართულზე წარმოდგენილია დანიის ისტორია XII-დან XVII საუკუნემდე. აქაა ვალდემარის ოთახი, რომელიც შეიცავს უამრავ ისტორიულ ნახატს, რომლებიც სპეციალურად შეუკვეთეს მუზეუმისთვის.
მუზეუმს ეკუთვნის სამლოცველოც, რომელიც რენესანსული კომპლექსის ყველაზე კარგად შემონახული ნაწილია. მდიდრულად მორთული ექვსთაღოვანი ჭერი გალერეებიდან ამომავალ სვეტებს უკავია, რომლებზეც ბიბლიური ფიგურებია გამოსახული. სამლოცველოს ორგანი 1610 წელს ააგო ესაიას კომპენიუსმა და თავადვე დაამონტაჟა. ეს არის დანიის უძველესი ორგანი, რომელსაც 1001 ხის მილი აქვს. საკრავი შემკულია სპილოს ძვლითა და ვერცხლით.
დიდი დარბაზის აღდგენისას ფერდინანდ მელდალმა ნიმუშად გამოიყენა შემკული მოოქრული ჭერის ხანძარს გადარჩენილი სეგმენტები. დარბაზის ცენტრში დიდი ჭაღი მელდალის მოსწავლის, კარლ ბრუმერის ნამუშევარია. ორიგინალური გობელენები, რომლებიც კრისტიან IV-ის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, დელფტში, კარელ ვან მანდერის სახელოსნოში იქსოვებოდა. აუდიენციების პალატა, რომელიც შუა კუნძულზეა გადაჭიმული, ხანძარს გადაურჩა. ის ლამბერტ ვან ჰევენმა შეამკო 1680-იან წლებში, სადაც რენესანსის სტილი ბაროკოსთან არის შერწყმული. 1688 წელს დასრულებული აუდიენციების პალატა გახდა ყველაზე ძველი ბაროკოს ოთახი დანიაში.
სახელგანთქმულია ფრედერიკსბორგის ბაროკოს პარკი თავისი კასკადური ჩანჩქერებით, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით, არხებითა და ხელოვნური ტბებით. ის ციხე-დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით არის გაშენებული. თავდაპირველად მასზე მებაღე იოჰან კორნელიუს კრიგერი მუშაობდა ფრედერიკ IV-ისთვის 1720-იანი წლების დასაწყისში. პარკების ცენტრალური ნაწილის გარშემო შექმნილია საგულდაგულოდ დაგეგმილი სიმეტრიული ელემენტები. 1993 წელს გადაწყდა პარკის ორიგინალური სტილით აღდგენა და მას შემდეგ ეწოდა კასკადები.
რამაზ გურგენიძე
"ისტორიანი" .#126