„თბილისის ზღვაზე ცხოვრობს ველური კურდღელი, რომელიც დროგამოშვებით გვსტუმრობს ხოლმე“
დგება კურდღლის წელიწადი და გვინდა რაც შეიძლება ბევრი რამ შევიტყოთ ამ ცხოველზე. როგორ ხასიათდება ის, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გვესაუბრა.
- კურდღელი მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ცხოველია, გარდა ანტარქტიდისა. მისი 32 სახეობაა ცნობილი. ჩვენთან გავრცელებული რუხი, ანუ ევროპული კურდღელი. კურდღელი ერთ-ერთი სწრაფი ცხოველია დედამიწაზე, სირბილის დროს მისი სიჩქარე დაახლოებით 70 კმ/სთ-ია, გაგიკვირდებათ და, კარგად ცურავს, შეუძლია დაახლოებით 3 მეტრამდე გადახტეს.
- მშიშარაა თუ აბრალებენ?
- მისი მშიშარობა მაინც ხალხური ფოლკლორის ნაყოფი მგონია, ფრთხილი კი ნამდვილადაა. კურდღლისთვის გრძელი ყურებია დამახასიათებელი, შორიდან რომ გაიგოს მტაცებლის მიახლოება და თავდასხმა აიცილოს. გარდა ამისა, მხედველობა აქვს შესანიშნავი - შეუძლია დაახლოებით 360 გრადუსის რადიუსში ყველაფერი დაინახოს, გარემოს მთლიანად აკონტროლებს.
- ჩვენს ზოოპარკში კურდღლის რამდენი სახეობა ბინადრობს?
- არც ერთი, მხოლოდ რამდენიმე ბოცვერი გვყავს. თბილისის ზღვაზე ცხოვრობს ველური კურდღელი, რომელიც დროგამოშვებით გვსტუმრობს ხოლმე.
- უფრო დიდი ტერიტორია სად აქვს ზოოპარკს, ზღვაზე თუ საბურთალოზე?
- რა თქმა უნდა, თბილისის ზღვაზე.
- როდის იხსნება?
- გვინდა 2 წელიწადში გავხსნათ.
- ეს იქნება ზოოპარკი ნომერი 2, გაფართოებული ზოოპარკი თუ საბურთალოდან ზღვაზე გადასული ზოოპარკი?
- ჩვენი ზოოპარკი 2 წელიწადში მთლიანად გადასვლას ვერ მოახერხებს, ნაწილი გაიხსნება, ორი იქნება თუ ერთი ზოოპარკი, ჯერ არ ვიცით. ეს ჩვენი გადასაწყვეტიც არაა.
2022 წელი კარგი იყო თბილისის ზოოპარკისთვის: გავხდით ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრები (სანამ ზოოპარკი გაიხსნება, დროებითი წევრები ვართ, ასეთია წესი), ძველი ზოოპარკია წევრობის კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ზოოპარკი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, შევძლებთ ნებისმიერი ცხოველის ჩამოყვანას (ძველ ზოოპარკში ამის შესაძლებლობა არაა). მიმდინარეობს ასევე ინტენსიური სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კონსერვაციული საქმიანობა.
- ზოოპარკის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ბინადარი რა გყავდათ?
- ალბათ, ბეგი ყველაზე პოპულარულია, მსოფლიომ გაიცნო, თუმცა ჩვენი სპილოებიც არანაკლებ პოპულარული არიან, განსაკუთრებით მამრი.
- გავიგე, მაიმუნი გაიპარაო, საზოგადოებრივი ტელევიზიის ბუფეტს სტუმრებია, ფოტოები გავრცელდა.
- ორმა მამრმა, მამა-შვილმა მაიმუნმა იჩხუბა და შვილი გადახტა, მიუხედავად იმისა, რომ სამყოფი ელექტროღობით იყო შემოღობილი. ჩვენს მეზობელ ტელევიზიას ესტუმრა, ცოტა ხანში კი შინ დავაბრუნეთ.
- ოჯახური სკანდალი ყოფილა... ყველაზე ჭკვიანი სახეობა რომელია ცხოველებში?
- ადამიანისმაგვარი მაიმუნები, ანუ დიდი პრიმატები - შიმპანზე, გორილა, ორანგუტანგი... ასევე სპილო, დელფინები, მგლებსაც მაღალი ინტელექტი აქვთ.
- ფრინველებში?
- ყორნები და ყვავები ლიდერობენ თავიანთი ნათესავებით, კაჭკაჭებით, ჩხიკვებით... ჭკვიანია თუთიყუშიც და ალბათ, გაგიკვირდებათ და, ძალიან მაღალი ინტელექტი აქვს ბატს.
- მართლა? აბა, უი, შე ბატოო", რომ იციან ხოლმე დაცინვით თქმა?
- არასწორი წარმოდგენა გვაქვს, ან როგორც კომპლიმენტი, ისე შეიძლება განვიხილოთ.
- ყველაზე უფრო "ქართველი" რომელია?
- ყველაზე "ქართველი" ვერ გამოდის, მაგრამ კავკასიური შურთხი და კავკასიური როჭო ენდემური სახეობებია, მხოლოდ კავკასიაში გავრცელებული, ანუ კავკასიელები არიან. შეიძლება ხოხობიც მივაკუთვნოთ ქართველ ფრინველს, იმიტომ, რომ მისი სამეცნიერო სახელი "ფაზიანუს კოლხიდუს" ქართულია, ფაზისიდან, კოლხეთიდან მომდინარეობს.
- თევზებს აქვთ ინტელექტი?
- ზოგიერთს აქვს, მაგალითად, ზვიგენს. თევზებს რთული ქცევა ახასიათებთ, თუმცა ინტელექტზე ძნელია საუბარი.
- ხშირად გიწოდებენ ცხოველების ელჩს, პროფესიული არჩევანი როდის გააკეთეთ?
- ყოველთვის მაინტერესებდა ცხოველები და ამიტომაც გადავწყვიტე ზოოლოგობა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ზოოპარკის დირექტორობაზე, მიზეზი სპილო მალკა იყო. შევიპარებოდი ხოლმე მასთან, ვაჭმევდი და მივიჩვიე. მაშინ ზოოპარკს მილიცია იცავდა და მაგდებდნენ, ამიტომ ვოცნებობდი ზოოპარკის დირექტორობაზე, როცა ვეღარავინ შემიშლიდა ხელს სპილოებთან თამაშში. თბილისის ზოოპარკში თავდაპირველად მომვლელად ვმუშაობდი, 2006 წლიდან დირექტორი ვარ.
- ახალი წელი გამოირჩევა ხმაურით, ფეიერვერკებით, სროლით, როგორ იტანენ ამას ზოოპარკის ბინადრები?
- ძალიან მძიმედ. ყოველ ახალ წელს, განსაკუთრებით ჩლიქოსნებში, ანტილოპებში, გნუებში გვქონდა დანაკლისი. სტრესს გაურბიან, იყო შემთხვევა, როცა დიდებმა გადათელეს პატარა. ასე რომ, ვთხოვთ ხოლმე ჩვენს მეზობლად მცხოვრებთ, მაინცდამაინც ფეიერვერკებს ნუ გამოიყენებენ, თუ არადა, ნუ ისვრიან ზოოპარკის მიმართულებით.
ყველას ვულოცავ ახალ წელს, ვუსურვებ მშვიდობასა და დღეგრძელობას.