ავტობუსის „გატაცება“ ქუთაისურად - კვირის პალიტრა

ავტობუსის „გატაცება“ ქუთაისურად

"ავტობუსის მძღოლი ვარ. ჩვეულებრივ 08 საათზე დავიწყე მუშაობა. დაახლოებით იქნებოდა 17 საათი და 40 წუთი, როცა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე­ სადგურის მოპირდაპირედ ავტობუსი სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გავაჩერე. გრაფიკით გასვლამდე რამდენიმე წუთი მქონდა­ დარჩენილი, ავტობუსი გამოურთველად­ პარკინგში დავტოვე და სიგარეტის მოსაწევად ჩამო­ვედი, იქვე ახლოს დავდექი... რამდენიმე წუთში შევხედე, რომ შავქურთუკიანი ახალგაზრდა საჭესთან დაჯდა, ხოლო წითელქურთუკიანი ბიჭი მას რაღაცებს ასწავლიდა. დავუყვირე, რას აკეთებთ-მეთქი. ამ დროს კარები დაიკეტა და ავტობუსი დაიძრა. გავეკიდე, მაგრამ ფეხი დამიცურდა და წავიქეცი, წამოვდექი და ისევ გავეკიდე, ვუყვიროდი, გაეჩერებინათ ავტობუსი, შველას ვითხოვდი, ამ დროს კი ისევ დავეცი და როცა წამოვდექი, დავინახე, რომ პოლიციელი წინ გადაუდგა ავტობუსს. ახალგაზრდა მამაკაცმა წინა კარი გააღო და ავტობუსიდან ორი ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა, რომელთაგან ერთი-ერთი საჭესთან იჯდა...", - ქუთაისელი ავტობუსის მძღოლის ჩვენებიდან.

ამ უცნაურ დანაშაულს სოცქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ადვოკატმა არჩილ­ ნიჟარაძემ "ფეისბუკგვერდზე" დაწერა: "ვინ არ დამიცავს, ქურდები, ყაჩაღები­, მკვლელ­ები, თაღლითები, მძარცველები­ და ა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომ­იწია ჩართვამ, არც კი გამიგონია. ადამიანი­ დათვრა და მგზავრის სავარძლიდან მძღოლის სავარძელზე­ გადაჯდა და დაახლოებით 20 მეტრი გაიარა. არა, არ მოგესმათ, ავტობუსი მგზავრებიანად წაიყვანა. ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ, მძარცველიაო. მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალი".

ბრალდებულები პატიმრობას გადაურჩნენ, ჩანს, ქუთაისელმა პროკურორმა და მოსამართლემ ისინი ციხისთვის ვერ გაიმეტეს.

არჩილ ნიჟარაძე, ადვოკატი: - 22 წლის ბიჭები საირმეში წვეულებაზე იყვნენ, მთელი ღამე გაათენეს, დალიეს, შემდეგ სხვა სუფრაზე აღმოჩნდნენ, იქ სხვადასხვა სასმელი­ აურიეს. ამის შემდეგ დაბრუნდნენ ქუთაისში. გაჩერებაზე ავტობუსი­ 3-4 წუთით ჩერდება, მძღოლი სიგარეტის მოსა­წევად ჩავიდა და სწორედ ამ დროს მთვრალი ახალგაზრდა საჭესთან დაჯდა და ავტობუსი­ მგზავრებიანად წაიყვანა,­ თუმცა­ მალევე­ დაემორჩილა პოლიციის მითითებას... მგზ­ავრების უმრავლესობა ამ ყველაფერს­ იუმორით­ უყურებს, არავის შეშინებია. ეს იყო არაადეკვატური ქმედება, რაც განაპირობა სიმთვრალემ...შეუძლებელი იყო ამ საქმეზე არ გაგცინებოდა, თან ქუთაისში მოხდა ეს ამბავი. დაკავებიდან მალევე პოლიციის უფროსმა ჰკითხა, გავგიჟდი, ასეთი არაფერი მინახავს, რა გინდოდა, ეს მაინც თქვიო. მთვრალმა ახალგაზრდამ უპასუხა, მე კი არა, თქვენ რა გინდოდათ, დავარიგ­ებდი იმ ხალხს სახლებში, გეცლიათ, ჩემს მეტი დასაჭერი ვერავინ იპოვეთო? ამაზე გაგვეცინა. მგზავრებიც კეთილგანწყობილი იყვნენ. ვიღაცამ ისიც თქვა, ჩვენ ხომ არ მოგვიმართავს თქვენთვის, იქნებ სახლში მივყავდითო. ბიჭებს ორი დღე მოუწიათ პატიმრობაში ყოფნამ. სასამართლომდე დათრგუნვილები იყვნენ, ნასამართლევები არ არიან და ცუდის მოლოდინში იყვნენ. დიდი იმედით გვიყურებდნენ ადვოკატებს. შევძელით მათი სურვილის ასრულება და ძალიან გახარებულები არიან. იმაზეც შევთანხმდით, რომ შემდგომი დალევა ადვოკატებთან ერთად ჯობია... ან ავტობუსს მოერიდონ.