„ყველაფერი იწყება წიგნით“ - „პალიტრა L“ მკითხველს ახალ საინტერესო პროექტებს ჰპირდება
"პალიტრა L“ 17 წელია ერთგულად ემსახურება საუკეთესო საქმეს - წიგნიერების ამაღლებასა და კითხვის პოპულარიზაციას. ამ მიზნით გამომცემლობამ განახორციელა ისეთი საინტერესო პროექტები, როგორიცაა "გახდი ბესტსელერის ავტორი", "ლურჯი ოკეანე", "გუდაბუქსი", გამოწერის სერვისი და ა. შ.წიგნების გამოწერის სერვისი 2022 წელს დაიწყო და მისი მეშვეობით კლასიკური, თანამედროვე თუ პროფესიული ლიტერატურის კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეძენა გახდა შესაძლებელი. გამოწერა შესაძლებელია როგორც "პალიტრა L“-ის ვებგვერდიდან, ისე ნომერზე: 322 47 00 45 და სასურველ წიგნს სასურველი პერიოდულობით სახლში მიიღებთ.
"პალიტრა L“-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის თქმით, გასული წელი გამომცემლობისთვის საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. "ვუმასპინძლეთ მსოფლიო ბესტსელერი წიგნების ავტორებს: ფრედერიკ ბეგბედერსა და ,,იკიგაის" ერთ-ერთ თანაავტორს. ამ ხნის განმავლობაში გავმართეთ შეხვედრები მოსწავლეებთან, რეგიონული ტურნეები, მივიღეთ მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის გამოფენებში. წლიდან წლამდე საქართველოს მასშტაბით მეტი მოზარდი ერთვება ღონისძიებებში, რაც ძალიან გვახარებს", - აღნიშნა მარიამ გიორგაძემ.
წელს, "პალიტრა L“-მა მკითხველს ტრადიციულად შესთავაზა როგორც უცხოური ლიტერატურის თარგმანები, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები.
"ჩვენმა წიგნებმა და მწერლებმა სხვადასხვა კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, უამრავი მათგანი მოკლე სიაში მოხვდა. ჩვენმა ავტორმა რატი რატიანმა წიგნით ,,მკვლელობა სადგურის უბანში" 2022 წლის ლიტერატურული პრემია "საბას" ნომინაციაში "საუკეთესო პროზაული კრებული" გაიმარჯვა.
ეს წელი დახუნძლული იყო როგორც საინტერესო გამოცემებით, ისე პროექტებით. გამოვყოფდი ,,ლურჯი ოკეანისა" და ,,მეტა ბიზნეს სასტუმროს" კოლაბორაციით ბიზნესშეხვედრების“6-თვიან ციკლს, რომელიც მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის იმართებოდა. ამით შევძელით ,,ლურჯი ოკეანის" გარშემო გაგვეერთიანებინა საერთო ინტერესებისა და ღირებულებების საზოგადოება. საბავშვო მიმართულება ყოველწლიურად უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება და პატარა მკითხველისთვის სხვადასხვა კოგნიტური უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის აუცილებელ გამოცემებს ვთავაზობთ მშობლებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებს", - განმარტა მარიამ გიორგაძემ.

სლოგანით "ყველაფერი იწყება წიგნით" 2023 წელს გაერთიანდება უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელთა მეშვეობით მკითხველს საშუალება მიეცემა მუდმივად იგრძნოს თანამედროვე მსოფლიო და ქართული ლიტერატურის გულისცემა და კვლავაც და კვლავაც არ დაივიწყოს კლასიკა.
"როცა კითხულობ, მთელი სამყარო შენ წინაშე იშლება, კითხვა გიცვლის ჰორიზონტს, ცვლის შენი ფიქრის რაკურსს, რაც მეტს კითხულობ, გაქვს მეტი პასუხი. წიგნის მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია იმოგზაურო ნებისმიერ ადგილას. ერთდროულად შეგიძლია იყო შერლოკ ჰოლმსი, უოტსონი და პროფესორი მორიარტი. მეტის წაკითხვა ნიშნავს მეტ კითხვაზე პასუხს. წიგნი არის ფარანი, რომელიც ცხოვრების გზას გინათებს. იპოვე შენი წიგნი, იპოვე შენი გზა, იპოვე შენი შუქი. ახალი წელი ახალი შანსი, გააგრძელე კითხვა, რაც არ უნდა მოხდეს", - ნათქვამია "პალიტრაL“-ის კამპანიის აღწერაში.
"პალიტრა L“-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განმარტებით, პროექტის მიზანი წელსაც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. "ლიტერატურა ახდენს შთაბეჭდილებას, წიგნი ადამიანის თანამგზავრია ნებისმიერ სიტუაციაში, ყველაზე დიდი და დაუვიწყარი მოგზაურობაც სწორედ წიგნით იწყება - გვინდა ეს ამბავი მუდმივად ახსოვდეს მკითხველს და იცოდეს, რომ მისი სურვილისა თუ გემოვნების შესაფერისი ნაწარმოებები ჩვენთან უნდა (მო)იკითხოს", - განმარტა მან.
ახალ, 2023 წელს გამომცემლობა მკითხველისთვის უფრო საინტერესო და სასარგებლო პროექტებს დაიწყებს."პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია მალე დაიმკვიდრა. გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა, რამაც მკითხველთა ფართო წრეებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.