2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი
2023 წელი თქვენთვის მთლიანობაში დადებითი აღმოჩნდება, ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება. სამსახურში და საერთოდ, საქმიანი კუთხით გამოავლენთ ახალ უნარებს, დაამყარებთ საინტერესო კავშირებს და შეიძენთ ახალ მეგობრებს. მოგიწევთ ახალ პროექტებში ჩართვა, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს მოგზაურობასთან, სწავლა-განათლებასთან ან ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან. ამ პერიოდში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას და მოტივაციას. ეს ბევრი თქვენთვის პრობლემური საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა გახდება. წლის მეორე ნახევარი მოიტანს ფინანსურ სფეროში ამბიციური მიზნების დასახვის და მათი მიღწევის მძაფრ სურვილს. დაიწყებთ ახალი შემოსავლების წყაროების მოძიებას. არ არის გამორიცხული ზაფხულის მეორე ნახევარში ან შემოდგომით დაიკისროთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მოძებნოთ ახალი სამუშაო ადგილი. ეს კარგი დროა ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მყარი მატერიალური ბაზა თავის მხრივ გაზრდის თქვენს მიზანსწრაფვას, რაც დადებითად აისახება პირად ცხოვრებაზე და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კურო
თქვენთვის ახალი, 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი გახდება. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგიტანთ ბევრი რამ შეაჯამოთ და გამოიტანოთ დასკვნები. ეს კარგი დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, რთულ კითხვებზე პასუხების მოძიებისთვის, სულიერი ძიებისთვის და საერთოდ, თვითგანვითარებისთვის. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული ზოგ რამეზე საერთოდ თქვათ უარი და ახალი საქმე დაიწყოთ. ამ დროს ნუ იქნებით უსამართლო და შეეცადეთ, დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ. წლის მეორე ნახევარში დაიწყება ახალი, თორმეტწლიანი ციკლი და შეეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად სწორად დაგეგმოთ. ეს არის აქტიურობისა და ახალი ინიციატივების გამოვლენის პერიოდი. სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ან კარიერული ცვლილებები, თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება სპორტს, სამხედრო საქმეს და იურისპრუდენციას. გაძლიერდება თქვენი შარმი, რაც დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ამ დროს მაღალია ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. წლის ბოლოს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ სფეროში.
ტყუპები
დამდეგი ახალი წელი თქვენთვის იოლი არ იქნება. ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარს ეხება. ამ პერიოდში თავს არცთუ თავდაჯერებულად იგრძნობთ, ამიტომ არ არის საჭირო საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული პასუხისმგებლობის დაკისრება. ნუ დაიწყებთ ახალ, სარისკო პროექტებს, რომელთა წარმატებით განვითარებაში დარწმუნებული არ იქნებით. მით უმეტეს, რომ საჭირო გახდება იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა დალაგებაც გასულ წელს ვერ მოახერხეთ. თქვენი წარმატება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ თქვენზე, არამედ თქვენს უახლოეს გარემოცვაზე, მეგობრებსა და თანამოაზრეებზე. ამიტომ, მოქმედების და გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა გუნდურ საქმიანობას მიანიჭეთ. წლის მეორე ნახევრისთვის ნელ-ნელა მოახერხებთ პრიორიტეტული საკითხების წინ წამოწევასა და სიტუაციებზე კონტროლის დამყარებას. ეს გაგიადვილებთ დაზოგოთ ენერგია, დრო და ფინანსები. ეს კარგი დროა პრობლემური ურთიერთობის გარკვევისთვის, არასასურველი კავშირების გაწყვეტისთვის. წლის ბოლო საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდება შემოქმედებითი (განსაკუთრებით ხელოვნებასთან) პროექტების განვითარებისთვის და ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის.
კირჩხიბი
2023 წელი თქვენთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდება. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს სამსახურებრივი საკითხები, პროფესიული საქმიანობა და კარიერა. ამ კუთხით ყურადღებას ითხოვს ის პროექტები, რომლებშიც გასულ წელს ჩაერთეთ ან სულაც, თქვენ წამოიწყეთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებისგან წამოსულ რჩევებს. სხვა ადამიანების პოზიცია დაგეხმარებათ ობიექტურად შეაფასოთ თქვენი ყველა განცდილი მარცხი, შექმნილი პრობლემა თუ მიღწეული წარმატება. თუ აქამდე არ დაოჯახებულხართ, მაშინ 2023 წელს ამაზე უკეთეს პერიოდს ვერ იპოვით. წლის მეორე ნახევარში გააქტიურდება თქვენი სოციალური ცხოვრება. წინ წამოიწევს თქვენი პიროვნული თვისებები, ბევრი ახლობლისთვის, მეგობრისთვის თუ თანამოაზრისთვის საჭირო ადამიანი გახდებით. წარმატებებს მიაღწევთ კოლექტიურ ურთიერთობებში, ასევე სასიკეთო იქნება თქვენი საქმიანობა სხვადასხვა კომპანიაში ან ორგანიზაციაში. ეს კარგი დროა მომავლის ფორმირებისთვის, საბუთებთან, ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და ასევე მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. წლის ბოლოსთვის მოგიწევთ ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარება, თუმცა შეეცადეთ, რომ ამან არ გაგირთულოთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები.
ლომი
დამდეგი 2023 წელი თქვენთვის აქტიურად დაიწყება. როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორებთან მიმართებაში მოგიწევთ დადებითი ცვლილებების განხორციელება. თქვენს ყურადღებას და მზრუნველობას ახლობელი ადამიანები დააფასებენ, რაც თქვენს ბედნიერების შეგრძნებას გააძლიერებს. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში გარკვეული იღბლიანობისა, ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად და ემოციურად. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოგზაურობასთან ან სწავლასთან დაკავშირებით სასიკეთო ინფორმაცია მიიღოთ. თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან მოთათბირების შემდეგ მიიღეთ, განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსურ დაბანდებას და ინვესტირებას ეხება. წლის მეორე ნახევარი ასევე საინტერესო იქნება, თუმცა მოგიწევთ ტემპის გარკვეულწილად შენელება, რათა მაქსიმალიზმის და იდეალიზმის გამო შეცდომები არ დაუშვათ. სამსახურთან, პროფესიულ საქმიანობასთან და კარიერულ ცვლილებებთან დაკავშირებით წინდახედულად იმოქმედეთ. საქმიან გარიგებებსა და ბიზნესში მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ შეთანხმებებს და იურიდიულ საკითხებს. წლის ბოლო შედარებით მშვიდი და სტაბილური იქნება. შეეცადეთ ამ დროს ახალი, მასშტაბური პროექტების წამოწყების ნაცვლად, უკვე წამოწყებულის დასრულებაზე იზრუნოთ.
ქალწული
2023 წელი თქვენთვის ცვლილებების, ტრანსფორმაციისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი იქნება. წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ გადადებული საქმეების დასრულება. კრიზისული საკითხების მიმართ ორგანიზებულობა და პრაგმატულობა გამოიჩინეთ. ასე უპრობლემოდ გაუმკლავდებით ყველა გამოწვევას. ამ პერიოდში გააქტიურდება საქმიანი კავშირები და პარტნიორული ურთიერთობებიც. წარმატებებს მიაღწევთ მოლაპარაკებებში და შეთანხმების მიღწევის კუთხით. ეს კარგი დროა სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებისგან თავის დაღწევისთვის. წლის მეორე ნახევარი მოგცემთ საშუალებას გააფართოოთ თქვენი თვალსაწიერი და ჰორიზონტი, მიიღოთ ახალი დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები. ამ პერიოდში მოიმატებს სწავლისა და ახალი ცოდნის მიღების ალბათობაც. ეს კარგი დროა მოგზაურობისთვის, უცხოეთში ვიზიტებისთვის, ტურიზმთან დაკავშირებული თემების განვითარებისთვის. წლის ბოლოსთვის მოგიწევთ ფინანსური შემოსავლების ზრდაზე იზრუნოთ, რათა გადამეტებულმა ხარჯებმა პრობლემები არ შეგიქმნათ. წლის ბოლოს წინდახედული იყავით, ხოლო ფინანსური ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ.
სასწორი
2023 წლის დასაწყისი გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი და იმავდროულად მნიშვნელოვანი იქნება.
წლის პირველ ნახევარში ნუ იჩქარებთ. მიზნისკენ სავალ გზაზე ფრთხილად იმოძრავეთ. ამ პერიოდის თქვენდამი გზავნილია: მტრები დაიმეგობრეთ და მეგობრები არ გადაიმტეროთ. სადავო და იურიდიულ საკითხებს ყურადღებით მოეკიდეთ. დაუკვირდით წვრილმანებსაც, რადგან მცირე დეტალმა შესაძლოა მომავალში ბევრი რამ გაართულოს. წლის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი და ნაკლებად პრობლემური იქნება. უფრო მეტიც, შესაძლოა გაგიჩნდეთ ვალების გასტუმრების, დივიდენდების მიღების, ფინანსური დაბანდების, უძრავი ქონების სარფიანად გაყიდვის ან ბიზნესის დაწყების კარგი შანსი.
ეს კარგი დროა სოციალური სტატუსის შეცვლისთვის, კარიერაში ახალი ნაბიჯების გადადგმისთვის, გავლენიან ადამიანებთან თუ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებისთვის. წლის ბოლოსკენ ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი, რადგან გაჩნდება თქვენი ცდუნებისა და მოტყუების ალბათობა. ამ დროს გადაამოწმეთ ინფორმაცია და გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ.
მორიელი
დამდეგი წლის პირველ ნახევარში თქვენგან ყველაზე მეტ ყურადღებას ოჯახი მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ყველა ურთიერთობაში, რომელიც ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით ბავშვებს ეხება, იყავით გამგები და საჭირო დროს დათმობებზეც წადით. გარდა ამისა, ურთიერთობების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი გახდება ცხოველებთან და მცენარეებთან კონტაქტი, რომელიც თქვენს ემოციურ სისტემას უფრო დაამშვიდებს და ჰარმონიულს გახდის. ამავე პერიოდში გააქტიურდება უძრავ ქონებასთან, რემონტთან დაკავშირებული საკითხებიც. ეს შეიძლება ყიდვა-გაყიდვა ან საერთოდ, საცხოვრებელი სივრცის შეცვლაც კი იყოს. წლის მეორე ნახევარში მოიმატებს დაპირისპირებების ალბათობაც. ამიტომ ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგანაც, რადგან ამ ყველაფერმა მოსალოდნელია მეტად არასასიამოვნო ფორმა მიიღოს. პერიოდული განმარტოვება და საკუთარ თავში ჩაღრმავება ბევრ კითხვაზე გაპოვნინებთ პასუხს. მოსალოდნელია მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიოთ. წლის ბოლოს შესაძლოა ახლობელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ.
მშვილდოსანი
ახალი, 2023 წელი მოგიტანთ იმის განცდას, რომ საჭიროა ბევრი რამ შეიცვალოს, გაკეთდეს ახლებურად ან საერთოდ, დაიწყოთ რაღაც ახალი. წლის პირველი ნახევარი უფრო მეტად კრეატიული იქნება და თქვენი მხრიდან საჭირო გახდება ორიგინალური ხედვის გამოვლენა. ეს დაგეხმარებათ განსხვავებული კუთხიდან შეხედოთ როგორც პრობლემებს, ისე სასიკეთო პერსპექტივებს. ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ფინანსები იქნება. ამ მიმართულების განვითარებისთვის მოსალოდნელია მოგიწიოთ რაიმე დამატებითიI შემოსავლების წყაროს მოძიებამ. წლის მეორე ნახევარი უფრო მეტად საქმიანი იქნება. ეს კარგი დროა სამსახურებრივი განვითარებისთვის, სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის, მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების მიღწევისთვის. ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური გაჯანსაღება. წლის ბოლო გამოიყენეთ ოჯახური ურთიერთობების დასტაბილურებისა და საერთო მდგომარეობის ჰარმონიაში მოყვანისთვის.
თხის რქა
თქვენთვის 2023 წელი ერთი ციკლის დასრულების და მეორის დაწყების პერიოდი გახდება. წლის დასაწყისშივე იგრძნობთ შინაგან რწმენასა და თავდაჯერებულობას, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ გეგმების რეალიზაცია. უფრო მეტიც, როგორც ოჯახში, ისე სამსახურში გამოავლენთ ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს. მოსალოდნელია სწორედ წლის პირველ ნახევარში შეძლოთ იმ ფუნდამენტის შექმნა, რომელზეც სამომავლოდ თქვენს ამბიციურ პროექტებს დააშენებთ. სამსახურში მოგეცემათ საშუალება უფრო მეტად გააქტიურდეთ, მოითხოვოთ დაწინაურება, ხელფასის მომატება ან სულაც ახალი თანამდებობა. წლის მეორე ნახევარში საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო სტაბილური გახდება. ეს კარგი დროა შემოქმედებით პროფესიებში გააქტიურებისა და წინსვლისთვის. წლის ბოლო თქვენგან მოითხოვს არა მხოლოდ ძველი პროექტებისთვის თავის გართმევას და ძველი ურთიერთობების მართვას, არამედ ახალი კავშირების დამყარებასა და ახალი უნარების განვითარებას.
მერწყული
2023 წელი თქვენთვის დინამიკური, წინააღმდეგობრივი, თუმცა საბოლოო ჯამში დადებითი იქნება. იგრძნობთ განახლების და შინაგანი "გადატვირთვის" ძლიერ სურვილს. წლის პირველ ნახევარშივე მოიხსნება ის შემზღუდველი გარემოებები, რომლის ნეგატიური გავლენა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში აშკარა იყო. ეს ყოველივე ახალი შემოქმედებითი ენერგიით აგავსებთ. გაგიჩნდებათ გააქტიურების, ახალი ინიციატივების გამოვლენის, იმიჯის შეცვლის და მეტი თავისუფლების მიღების მძაფრი სურვილი, რამაც არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დაპირისპირებისკენ გიბიძგოთ. თუ ამ პერიოდში ურთიერთობების გაუარესებას თავს აარიდებთ, მაშინ წლის მეორე ნახევარში როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ფინანსური შემოსავლების ზრდა. შეეცადეთ, რომ ჰარმონიულმა სიტუაციებმა საეჭვო მოქმედებებისკენ არ გიბიძგოთ (ეს განსაკუთრებით ფინანსურ ოპერაციებს და სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება). წლის ბოლოს გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ გრძელვადიან პროექტს ჩაუყაროთ საფუძველი.
თევზები
2023 წლიდან დაიწყება სამწლიანი ციკლი, რომელიც თქვენ მიერ უკვე მიღწეულ შედეგებს, მიზნებს, გეგმებს, ურთიერთობებს და საერთოდ, ბევრ რამეს "გამოცდის". წლის პირველივე ნახევარში საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვებს "რას მივაღწიე?" "საით მივდივარ" "რა მიზნები (და გეგმები) გამაჩნია". თქვენ სწორედ ახლა მიხვდებით, რომ ყოველგვარი შინაგანი ქაოსი უნდა მოწესრიგდეს, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამ პერიოდში მოგიწევთ ვალების გადახდა, ძველი საქმეების დასრულება და არ არის გამორიცხული, ეს ახალ მეგობრებთან ან პარტნიორებთან ერთად მოიმოქმედოთ. წლის მეორე ნახევარი უფრო მეტად წარმატებული იქნება. თქვენ არა მხოლოდ გააცნობიერებთ ახალ რეალობას, არამედ იგრძნობთ შინაგან მოტივაციას და გახდებით უფრო მეტად დისციპლინირებული. ეს საშუალებას მოგცემთ პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ სამსახურში, პროფესიული და ფინანსური კუთხით. ეს კარგი დროა პირად ცხოვრებაში ძირეული ცვლილებებისთვის. წლის ბოლოს ბევრი თქვენი იდეის რეალიზაციას ან დასტაბილურებას და სამომავლო დაგეგმვას მოახერხებთ.
გაზეთი "კვირის პალიტრა" გილოცავთ დამდეგ 2023 წელს!
რამაზ გიგაური