ქართველი არტილერისტების აფხაზეთის ომის გამოცდილება უკრაინელებსაც გაუმეორებიათ...
ამ ბლოგის ავტორი „კვირის პალიტრის“ 5 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში - „ქართველი არტილერისტების მიბაძვით უკრაინელები „ჰაიმარსებით“ ოკუპირებულ სევასტოპოლსაც მისწვდებიან...“, გამოთქვამდა ვარაუდს იმის გამო, რომ უკრაინელი სამხედროები საარტილერიო ჭურვებს და „ჰაიმარსის“ რაკეტებს ვერ აწვდენენ მათ მიერ დღეს კონტროლირებული ოდესიდან და ოჩაკოვიდან 300-იოდე კმ-ით დაშორებულ ოკუპირებულ სევასტოპოლს - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ შტაბსა და საზღვაო ბაზას, უპრიანი იქნებოდა, კიევში ქართველი არტილერისტების აფხაზეთის ომის დროინდელი მეთოდი გაეხსენებინათ და გაემეორებინათ-თქო... რა ხდებოდა აფხაზეთის ომის დროს... ბევრს ეხსომება, რომ მაშინ მოწინააღმდეგე მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროდან, ეშერის მიდამოებიდან, ყოველდღიურად ბომბავდა ხუთიოდე კმ-ით დაშორებულ სოხუმის საცხოვრებელ უბნებს, რაც ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს იწვევდა და გამწარებული სოხუმელები, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, შევარდნაძის ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვდა, ქართულ არმიას საპასუხო დარტყმა მიეყენებინა გუდაუთისთვის, სადაც ადგილობრივი სეპარატისტებისა და ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულთა მთავარი შტაბები და რუსული სამხედრო აეროდრომი "ბომბორა" იყო, იქიდან აფრენილი რუსული მოიერიშე თვითმფრინავების პილოტები კი 250 და 500 კგ. კალიბრის საავიაციო ბომბებს სოხუმის საცხოვრებელ სახლებს აყრიდნენ.
ქართული არმიის არტილერიას არ შეეძლო ჭურვები თუ რაკეტები მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროდან, სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა, მიეწვდინა გუდაუთამდე, სადამდეც პირდაპირი ხაზით მანძილი არანაკლებ 30-32 კმ. იყო, რადგან ქართველი არტილერისტების განკარგულებაში არსებული ყველაზე შორს მსროლელი საშუალების - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, "გრადების", რაკეტების ფრენის მაქსიმალური მანძილი მხოლოდ 21 კმ-მდე იყო.

„..."გრადის" დანადგარი - "ურალის" სამხიდიანი მანქანა, სათევზაო სეინერზე განვათავსეთ, რომელიც სოხუმის პორტიდან ღამით გავიდა და რამდენიმესაათიანი ცურვის შემდეგ, გუდაუთის ტრავერსს მიადგა... ის გუდაუთის სანაპიროდან ოციოდე კმ-ით იქნებოდა დაშორებული და უფრო მიახლოებას ვაპირებდით "ბომბორას" რუსულ სამხედრო აეროდრომთან, როდესაც ჩვენი საზღვაო ძალების სარდლობამ განგაში ატეხა, სეინერი მტერმა რადარზე აღმოაჩინა და სწრაფმავალი კატარღების გაგზავნას აპირებენ მის გადასაჭერად, ამიტომაც, სწრაფად გაისროლეთ და საჩქაროდ უკან დაბრუნდითო... მართალია, "გრადის" 40-რაკეტიანი პაკეტის დაცლას მხოლოდ 20 წამი თუ სჭირდება, მაგრამ ეს - მიწიდან სროლისას, ზღვაში კი, როდესაც დასამიზნებლად თარაზოს ვერ იყენებ და მხოლოდ პანორამით მუშაობ, იძულებული ხარ, ყოველი ახალი ტალღის ჩავლას დაელოდო, რომ მხოლოდ ერთი რაკეტის სტარტი მოასწრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი რაკეტებს ზალპად გავუშვებდით, სამიზნეს შეიძლებოდა კილომეტრებითაც კი ასცდენოდა... სიჩქარის გამო, სამიზნედ გუდაუთამდე მდებარე სატვირთო ავტომობილების საამქრო ავირჩიეთ, რომელიც ნაპირთან შედარებით ახლოს იყო და იქ მოწინააღმდეგე დაზიანებულ სამხედრო ტექნიკასაც არემონტებდა... გრადის 20 რაკეტის გასაშვებად თითქმის ოცი წუთი დასჭირდათ ჩემს არტილერისტებს, ზღვის ტალღების ჩავლის ლოდინის გამო. სეინერის ეკიპაჟიც ნერვიულობდა, უკან წამოსვლას ჩქარობდა, მოწინააღმდეგის სწრაფი "გრიფების" ტყვეობაში აღმოჩენაც არავის სურდა, ამიტომ მხოლოდ ოცი რაკეტის გაშვებით დავკმაყოფილდით, სეინერი სოხუმისკენ სწრაფად გამოემართა და პორტში მშვიდობიანად დაბრუნდა... გუდაუთის მიმდებარედ მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის სარემონტო საამქროს დაბომბვას განსაკუთრებული სამხედრო შედეგი არ გამოუღია, მაგრამ პოლიტიკურად გავამართლეთ - თქვენ რომ სოხუმს გვიბომბავთ, ხომ ხედავთ, გუდაუთის დაბომბვა ჩვენც შეგვიძლიაო...", - გაიხსენა ამ ბლოგის ავტორთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა და არაერთბრძოლაგადატანილმა ქართველმა არტილერისტმა, გენერალ-მაიორმა ემზარ ჭოჭუამ, რომელიც 1993 წლის გაზაფხულზე მე-2 საარმიო კორპუსის სარაკეტო ჯარებისა და საარტილერიო სამსახურის უფროსი იყო, პოლკოვნიკის ჩინით.
თუკი უკრაინელი არტილერისტები ქართველი კოლეგების ამ გამოცდილებას გაიზიარებენ, მცურავ საშუალებაზე განათავსებენ "ჰაიმარსის" დანადგარს და ოკუპირებულ სევასტოპოლთან 80-70 კმ-ის მანძილზე ფარულად მიცურდებიან, წარმატებული შედეგიც არ დააყოვნებს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომლის ხომალდებიდან გაშვებული "კალიბრების" კისერზეა უკრაინის ასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე, უშუალოდ სევასტოპოლის ბუხტაში თავმოყრილ ხომალდებზე ღირსეულ პასუხს მიიღებს - ვწერდი ოთხი თვის წინ და ვუმატებდი - "გრადის" დანადგარისთვის, რომელიც უმართავ რაკეტებს უშვებს და 100-160 მ-ით ისედაც აცილებს წერტილოვან სამიზნეს, ზღვის მცირეოდენ ღელვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსხვავებით "ჰაიმარსისგან", რომელსაც ზღვის ტალღები ვერაფერს უშავებს, რადგან ის მართვად რაკეტებს უშვებს, რომლებიც სტარტის შემდეგ ინერციული სისტემის გარდა, ჯი-პი-ესითაც იმართება და მიზანს სამიოდე მეტრის სიზუსტით ხვდება...
და მხოლდ ახლა ხდება ცნობილი, რომ კუნძულ ზმეინის, რომელიც რუსეთ-უკრაინის დიდი ომის ერთ-ერთი თვალსაჩინო შეიარაღებული დაპირისპირების ადგილად იქცა, უკრაინელი არტილერისტები სწორედ ბარჟაზე დაყენებული საარტილერიო საშუალებიდან ბომბავდნენ...

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტო, რომელზეც გამოსახულია ბარჟაზე მდგარი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რუმინეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ზღვაში, საიდანაც ახორციელებდა 155 მმ კალიბრის ჭურვების სროლას კუნძულ ზმეინისკენ, რომელიც იმ მომენტში რუს სამხედროებს ჰქონდათ დაპყრობილი...
„ნიუ-იორკ თაიმსი“ ამტკიცებს,რომ უკრაინელებმა ბარჟაზე ფრანგების მიერ გადაცემული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Caesar-ი განათავსეს, ზღვაში ათ კმ-ზე გავიდნენ და ასე მისწვდნენ ნაპირიდან 50 კმ-მდე დაცილებულ კუნძულ ზმეინისო...
სინამდვილეში, რუმინეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის სანაპიროდან უახლოესი მანძილით კუნძული ზმეინი მხოლოდ 35 კმ-ითაა დაცილებული და იმავე ფრანგულ Caesar-ებს მსხვრევად-ფუგასური ჭურვის გასროლა მაქსიმალურ, 41 კმ-ზე შეუძლიათ (აქტიურ-რეაქტიული ჭურვის, მაგალითად „ექსკალიბურის“ კი 49 კმ-მდეც) და ისინი ნაპირიდანაც უპრობლემოდ წვდებოდნენ კუნძულ ზმეინიზე შეჭრილ რუს ოკუპანტებს.
ამასთან, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოზე მოჩანს, რომ ზღვაში გასულ ბარჟაზე შეყენებულია არა ფრანგული Caesar-ი, არამედ, უკრაინული ექსპერიმენტული „ბოგდანა“, რომელიც ნატოს სტანდარტის 155 მმ-იან ჭურვს მაქსიმალურ - 42 კმ-მდე ისვრის.
ასე რომ, იმის დიდი აუცილებლობა - ნაპირიდან 35 კმ-ით დაშორებულ კუნძულ ზმეინამდე 42 კმ-ზე მსროლელი საარტილერიო დანადგარები მაინც და მაინც ბარჟაზე შეეყენებინათ, ათი კმ-ით გასულიყვნენ ზღვაში და ისე დაეწყოთ სროლა (როდესაც ზღვის ღელვა სროლის სიზუსტეს მნიშვნელოვნად ამცირებს და ამასთან იმის დიდი საფრთხეა, რომ მოწინააღმდეგემ მცირე სიჩქარით მცურავი ბარჟა აღმოაჩინოს და ჩაძიროს), ნამდვილად არ არსებობდა...
თუმცა უკრაინელმა არტილერისტებმა ეს მაინც გააკეთეს და შეიძლება ამით ძალები და შესაძლებლობებიც მოსინჯეს - შემდეგ ეტაპზე ასეთ ბარჟაზე დაყენებული „ჰაიმარსის“ ზალპმა, ვინ იცის, იქნებ, ოკუპირებული სევასტოპოლის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზამდეც ზუსტად მიაღწიოს?