"აბსოლუტური გამარჯვება?" - ზელენსკის და ბაიდენს უკრაინის შემდგომი წარმატების მიმართ განსხვავებული ხედვები აქვთ"
ამერიკულმა "ვაშინგტონ პოსტმა" (The Washington Post) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "აბსოლუტური გამარჯვება?" - ზელენსკის და ბაიდენს უკრაინის შემდგომი წარმატების მიმართ განსხვავებული ხედვები აქვთ" (ავტორი - დევიდ იგნატიუსი, პოლიტიკური მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
არ შეცდეთ - მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მამაც პრეზიდენტს ამერიკაში გულწრფელად და გამამხნევებლად მიესალმნენ, მისი ვიზიტი და შეხვედრები ვაშინგტონში, უპირველესად, სამხედრო ინტერესებით იყო გამოწვეული და, როგორც ჩანს, ორ მოკავშირეს შორის უთანხმოებით დასრულდა - ომის შეწყვეტის სტრატეგიის საკითხში.
აღვნიშნავ რა ვაშინგტონსა და კიევს შორის უთანხმოების ფაქტს, მე სულაც არ მსურს შევამცირო და დავჩრდილო ვოლოდიმირ ზელენსკის შთამბეჭდავი ვიზიტის მნიშვნელობა. უკრაინის ლიდერმა, დადიოდა რა მოჭიდავის ნაბიჯებით თეთრ სახლში და კაპიტოლიუმში (კონგრესში), თავისი ტრადიციული მწვანე ფორმით და სამხედრო ფეხსაცმლით, კიდევ ერთხელ შეარყია მსოფლიო და ყველას მიანიშნა, რომ იგი არასოდეს არავის დანებდება.
თავის მიმართვაში კონგრესისადმი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მტკიცედ გაიმეორა, რომ იგი ისწრაფვის "აბსოლუტური გამარჯვებისაკენ" რუსეთზე ანუ მას სურს ისეთივე ტრიუმფალური გამარჯვება, რასაც პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი ამერიკელებს დაჰპირდა მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის დროს. "უკრაინელი ხალხიც ასევე გაიმარჯვებს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვა "გამარჯვება" 11-ჯერ ახსენა კონგრესში გამოსვლის დროს და ერთხელ - თეთრი სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ჯო ბაიდენთან ერთად, რომელსაც, სხვათა შორის, ეს სიტყვა არასოდეს წარმოუთქვამს. ამის ნაცვლად ჯო ბაიდენი უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა: "თქვენ მტკიცედ და ურყევად მიჰყვებით თქვენს გზას... ჩვენც თქვენთან ერთად დავრჩებით, რამდენიც იქნება საჭირო".
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ფრანკლინ რუზველტის გახსენებამ მე სხვა სამხედრო სამიტი გამახსენა - კონფერენცია კასაბლანკაში 1943 წელს, როცა ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. სწორედ ამ შეხვედრაზე თქვა რუზველტმა პირველად, რომ მისი მიზანია მტრების - "ღერძის" წევრი ქვეყნების (გერმანისა და იაპონიის) "უსიტყვო კაპიტულაცია": "მშვიდობა მსოფლიოში მხოლოდ გერმანიისა და იაპონიის სამხედრო ძლიერების სრული ლიკვიდაციის შემდეგ დადგება", - თქვა აშშ-ის ლიდერმა.
რუსეთ-უკრაინის ომი კი, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ძლიერების სრული განადგურებით არ დასრულდება, რაც საშუალებას გვაძლევს გავაცნობიეროთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება აქტიურად ჯო ბაიდენი "სრული გამარჯვების" რიტორიკას. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა უკრაინელმა რეპორტიორმა მას კითხვა დაუსვა, მისცემს თუ არა ამერიკა კიევს შორი მოქმედების რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის შიგნით დარტყმების მისაყენებლად და ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ასეთი მძლავრი დამრტყმელი იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, პერსპექტივაში, ნატოს დაშლის საფრთხეს გაზრდიდა. მან ხაზი გაუსვა, რომ "აშშ-ის ნატოელ მოკავშირეებს რუსეთთან ომი არ სურთ. ისინი მესამე მსოფლიო ომისკენ არ მიისწრაფვიან". დავაკვირდეთ: ჯო ბაიდენმა ეს თითქოსდა მესამე მხარის პირით თქვა - ნატოელ მოკავშირეებს არ სურთო, მაგრამ, ცხადია, რეალურად პრეზიდენტის ნათქვამის მთავარ არსს, მთავარ მიზანს აშშ-სა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის არიდება წარმოადგენს - მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი კიევს გულუხვად ეხმარება.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ვაშინგტონ-კიევს შორის არსებულ უთანხმოებაზე მიანიშნებს, ისაა, თუ როგორ აქვს ორივე ლიდერს ეს კონფლიქტი წარმოდგენილი. ჯო ბაიდენისათვის საკითხი ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი, "რომელიც უსამართლოდ და ტოტალურად დაესხა თავს თავისუფალ უკრაინას". "როგორც კი კრემლი გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს", - თქვა ბაიდენმა, - "მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება ომის დასრულებაზე, როგორიც მას სურს, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად".
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგივე საკითხი ცოტა სხვაგვარი ფორმულირებით გამოხატა: იგი უკრაინის მტერს მხოლოდ ვლადიმერ პუტინის სახით კი არ ხედავს, არამედ - მთელი რუსეთის სახით: "რუსებს მხოლოდ მაშინ გაუჩნდებათ თავისუფლების შანსი, როცა ისინი შინაგანად, საკუთარ თავში გაიმარჯვებენ კრემლზე", - განაცხადა მან კონგრესში გამოსვლისას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის [სავარაუდო] გამარჯვება წარმოადგინა ევროპელების წარმატებად - თავისუფალი დასავლური სამყაროს გამარჯვებად, რომლისადმი მიერთება უკრაინას საუკუნეების განმავლობაში სურდა. "რუსულმა ტირანიამ ჩვენზე კონტროლი დაკარგა, კრემლი ჩვენს ცნობიერებაზე და გონებაზე გავლენას უკვე ვეღარასოდეს მოახდენს", - თქვა მან.
ჯო ბაიდენს და ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივაზეც ჰკითხეს. ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ვიცით, თქვენ მშვიდობა გინდათ, ომის გაგრძელება კი პუტინის ბრალიაო. "ჩვენ ორივეს გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ეს დღესვე შეიძლება მოხდეს, პუტინს რომ ღირსება ჰქონდეს. მაგრამ ეს ამჟამად არ მოხდება".
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას აქვს "მშვიდობის ფორმულა", რომელიც შემდეგში გამოიხატება: რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს - ყველა, რომელიც მოსკოვმა 2014 წლიდან უკანონოდ მიიტაცა. "ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს "სამართლიანი მშვიდობა" ან "უბრალოდ, მშვიდობა". ეს პრობლემის ძალიან ფილოსოფიური გამოხატვაა.. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, სამართლიანი მშვიდობა ასე მაქვს წარმოდგენილი: არანაირი კომპრომისი უკრაინის სუვერენეტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. რუსეთმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რაც უკრაინას მიაყენა".
ყველასათვის ნათელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში, ინფორმაციული ომის თვალსაზრისით, სრულ ტრიუმფს წარმოადგენს. მან მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი გმირი. მან შეერთებულ შტატებს, თავის მოკავშირეს, საბრძოლო დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებია - იმათი, რომლებიც იმ ყველაზე საშინელ სახმელეთო ომში იბრძვიან, რომელიც ევროპას უკვე თითქმის ასწლეულია აღარ უნახავს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორად გამოხატა თავისი ამჟამინდელი ამოცანა: დღეს მთავარი ისაა, რომ უკრაინამ როგორმე გადაიტანოს ზამთარი და "ფოლადის ხერხემალი" შეინარჩუნოს, რისთვისაც იგი ჯო ბაიდენმა შეაქო. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რაც შეიძლება მეტი იარაღი უნდა მისცეს, რომ კიევმა პოზიციები შეინარჩუნოს და სადაც შესაძლებელი იქნება, რუსეთის არმიას უკანაც დაახევინოს, დაიცვას თავისი მოსახლეობა რუსული რაკეტებისა და დრონებისაგან.
მომავალ წელს, როგორც ჩანს, დადგება მომენტი, როცა აუცილებელი იქნება ვაშინგტონ-კიევის ხედვების ერთმანეთთან დაახლოება და მეტი სინათლის შეტანა იმაში, თუ როგორ იქნება გამოხატული უკრაინის წარმატება - "აბსოლუტურ გამარჯვებად" თუ მხოლოდ "გამარჯვებად", რომელსაც დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის ვუსურვებთ. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ