დუბლი შესრულდა - რუსულ სტრატეგიულ "ბირთვულ" აეროდრომს უკრაინამ მეორედ დაარტყა, დაველოდოთ ჰეთ-ტრიკს?! - კვირის პალიტრა

დუბლი შესრულდა - რუსულ სტრატეგიულ "ბირთვულ" აეროდრომს უკრაინამ მეორედ დაარტყა, დაველოდოთ ჰეთ-ტრიკს?!

ოც დღეში ორი საჰაერო დარტყმა უკრაინის ფრონტის ხაზიდან არანაკლებ 640 კმ-ით დაშორებულ რუსულ სტრატეგიული მნიშვნელობის საავიაციო ბაზაზე, სადაც ნატოსთვის "გამიზნული" ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტები ინახება და მათი გადამტანი შორი მოქმედების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი თვითმფრინავები აყენია - საჰაერო დარტყმების დუბლი უკრაინის გენშტაბმა მართლაც რომ "ბისზე" შეასრულა...

26 დეკემბრის გამთენიისას, მოსკოვის დროით 01 სთ-სა და 35 წუთზე რუსეთის სარატოვის ოლქის "ენგელსი-2"-ის საჰაერო ბაზის თავზე ორი აფეთქების ხმა გაისმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ჰაერში აფეთქების შედეგად, აეროდრომზე განთავსებული საავიაციო ტექნიკა არ დაზარალებულა, თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე, ავიაბაზის ტექნიკური შემადგენლობიდან, დაიღუპა ნამსხვრევების მოხვედრის შედეგადო.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან მოჩანს, თუ როგორ პიკირებს მანათობელი წერტილი ზემოდან სწრაფად და მიწასთან მიახლოებისას როგორ ფეთქდება - ეს, სავარაუდოდ, რუსული საზენიტო რაკეტაა, რომელმაც უპილოტოს ჩამოგდება ეტყობა, მხოლოდ აეროდრომის თავზეღა მოასწრო...

ფაქტობრივად, განმეორდა 5 დეკემბრის სცენარი - მაშინაც, გამთენიისას, რუსეთის ორ უმნიშვნელოვანეს საავიაციო ბაზაზე - დიაგილევოში (რიაზანის ოლქი) და "ენგელსი-2"-ში (სარატოვის ოლქი), ერთდროულად მიტანილი იქნა საჰაერო იერიშები, სავარაუდოდ, საბჭოთადროინდელი რეაქტიული სადაზვერვო თვითმფრინავებით, რომლებიც უკრაინელებმა კამიკაძე-დრონებად გადააკეთეს.

მაშინ ამ საჰაერო თავდასხმებს დიაგილევოს აეროდრომზე სამი რუსი სამხედრო ემსხვერპლა, ოთხი დაიჭრა და ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენი დაზიანდა, ხოლო "ენგელსი-2"-ზე დაზიანება სტრატეგიულმა რაკეტმზიდმა მიიღო.

დღევანდელი საჰაერო დარტყმის შემდეგ დაზიანდა თუ არა "ენგელსი-2"-ის საავიციო ბაზაზე კიდევ რომელიმე ბომბდამშენი, რუსეთის ოფიციალური წყაროები დუმან, თუმცა დასავლეთის რომელიმე სამხედრო და კომერციული დანიშნულების თანამგზავრს უკვე ექნება გადაღებული 26 დეკემბრის დილის დეტალური ფოტოები ამ რუსული აეროდრომისთვის და ერთ-ორ დღეში, ალბათ, დაიდება ინტერნეტშიც.

საკვირველი ის არის, რომ უკრაინული რეაქტიული დრონის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას რუსეთის ასე ნაქები საჰაერო თავდაცვის სისტემა მხოლოდ სტრატეგიული აეროდრომის თავზე თუ ახერხებს, არადა, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სარატოვის ოლქის ამ აეროდრომამდე მისაფრენად უკრაინულ კამიკაძე-დრონს თითქმის 700 კმ-ის დასაფარად ერთი საათამდე სჭირდება...

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინული სარაკეტო შურისძიების (სწორედ "ენგელსი-2"-დან აფრენილი სტრატეგიული დანიშნულების რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები უშვებენ იმ ფრთოსან რაკეტებს, რომლებმაც უკრაინის ქალაქებში რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოსახლე შეიწირეს და დაჭრეს) დუბლის შემდეგ, მალე შეიძლება ჰეთ-ტრიკიც ვიხილოთ...