ტირებოლუს ციხემდე რომ ავსულიყავით, 120-საფეხურიანი კიბე ავიარეთ - კვირის პალიტრა

ტირებოლუს ციხემდე რომ ავსულიყავით, 120-საფეხურიანი კიბე ავიარეთ

იხილეთ დასაწყისი - აია სოფია - პალმებსა და ქვებში ჩაფლული კულტურებისა და რელიგიების ლაბირინთი

ლაზეთში მოგზაურობა თამთა ჭანტურიას ჯგუფმა გირესუნის პროვინციის ქალაქ ტირებოლუს ციხის მონახულებით განვაგრძეთ. ტირებოლუ შავი ზღვისპირა პატარა ქალაქია და მდებარეობს აიანას ბორცვზე. ქალაქის სახელი ბერძნული სიტყვა "ტრიპოლისიდან" მოდის და "სამ ქალაქს" ნიშნავს. ამ პატარა, ლამაზ ქალაქს პატარა ნავსადგური და სათევზაო ფლოტიც აქვს, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ადგილობრივი ეკონომიკის საყრდენი მაინც თხილის მოყვანაა.

222-2-1672060375.jpg
ციხე სანაპიროდან. თამთა ჭანტურიას ფოტო
333-4-1672060419.jpg
ციხიდან დანახული პორტი და ქალაქი

ძველი ბერძენი ისტორიკოსი - ქსენოფონტე წერდა, რომ კოლხები, დრილები, ჰაბიბები და ტიბერიელები საუკუნეების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. ქალაქი ტირებოლუ უწინ ტრიპოლისად (ტრიპოლად) იწოდებოდა. ამ სახელწოდებით დაარსებულა ეს უძველესი ციხე-ქალაქი ძვ. წ. 656 წელს და ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს - მილეტოსის ერთ-ერთი სავაჭრო კოლონია ყოფილა. ტრიპოლი იყო რომის იმპერიის, შემდეგ - ბიზანტიის იმპერიის ნაწილი და ჰარშიტის ხეობაში გაშენებული სამი ქალაქიდან ერთ-ერთი, დანარჩენ ორს ერქვა ანდოსი (დღევანდელი ესპიე) და ბედრამა. როდესაც 1204 წელს ალექსი კომნენოსმა და მისმა ძმამ დავითმა დააარსეს ტრაპიზონის იმპერია, ტრიპოლიც ამ იმპერიის ნაწილად იქცა. მოგვიანებით უძველესი ქალაქის სახელი თურქულად გადაკეთდა ეწოდა ტირებოლუ.

444-4-1672060468.jpg
ტირებოლუს ციხისკენ - ძველი კედლების და კიბეების ნაშთი დღევანდელ საცხოვრებელზე

ტირებოლუს ციხე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც წმინდა იოანეს ციხე, აგებულია XIII საუკუნის ბოლოს. ციხე აშენდა ბიზანტიის იმპერატორ იოანე II-ის (1280-1297) მმართველობის პერიოდში. ციხის გალავანი ძალიან ლამაზი სანახავია დაბლიდან. ციხის შესასვლელი არის სამხრეთით. იქამდე რომ ავსულიყავით, 120-საფეხურიანი კიბე ავიარეთ. როგორც გვითხრეს, ეს კიბე აუშენებიათ XIX-XX საუკუნეების გასაყარზე, როდესაც ტირებოლუს გამგებელი იყო აიუბზადე იზეტ ბეი.

555-3-1672060512.jpg
ქვემოდან დანახული ტირებოლუს ციხე
66-5-1672060542.jpg
120-საფეხურიანი კიბის ერთი მონაკვეთი

ციხის ტერიტორიაზე სათავსოებია, რომლებიც ოდესღაც აბჯრის, წყლისა და ნივთების შესანახად გამოიყენებოდა. იქვეა პატარა ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ამ ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ ოსმალები თავის მუსლიმანურ სალოცავ ოთახად იყენებდნენ.

777-2-1672060585.jpg
ეკლესიის ნანგრევები ციხეზე
888-3-1672060620.jpg
არტეფაქტები

ციხის ეს ტერიტორია 1916 წლის ომის დროს დაზიანებულა. ციხე თავდაცვითი ფუნქციით გამოიყენებოდა ოსმალეთის ეპოქაშიც, მე-19 საუკუნის ბოლომდე. აქვე ვნახეთ ნაღმტყორცნი, რომელსაც 45 მმ. დიამეტრის ლულა აქვს და რომელიც გამოიყენებოდა ციხესიმაგრის დაცვისას და საზღვაო თავდაცვის გემებშიც.

99-4-1672060675.jpg
ნაღმტყორცნის ლულა

დღეს ტირებოლუს ციხე მხოლოდ ისტორიული ადგილია, რომელსაც ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ჩვენი დიდი სამეგობროც - მოგზაურთა კლუბ "აიას" წევრებიც მათ შორის აღმოვჩნდით. ციხე შავ ზღვას გადაჰყურებს და მისი ყოველი მხრიდან ულამაზესი პეიზაჟი იშლება.

10-1672060713.(7).jpg

11-1672060737.(6).jpg

12-1672060781.(5).jpg

(გაგრძელება იქნება)