"დიდი ომი ბრუნდება": ხუთი გაკვეთილი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით" - FT - კვირის პალიტრა

"დიდი ომი ბრუნდება": ხუთი გაკვეთილი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით" - FT

"დიდი ომი ბრუნდება": ხუთი გაკვეთილი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით", - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი ჯონ რეთბონი რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე შექმნილ სიტუაციას განიხილავს და გარკვეულ დასკვნებსაც აკეთებს.

"შუა ზამთარი იყო, როცა მოსკოვმა მეზობელი ქვეყნის მთავარ სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე ასეული მედესანტე გადაისროლა და მათ დედაქალაქის დაკავება, პრეზიდენტის მოკვლა და ვასალურ-მარიონეტული რეჟიმის დამყარება უბრძანა. რამდენადაც საზღვარი ტანკებმაც გადაკვეთეს, კრემლი ელოდა, რომ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება სწრაფად დაეცემოდა. ასეთი იყო მოსკოვის გეგმა 1979 წელს, ავღანეთში საბჭოთა კავშირის არმიის შეჭრის დროს. ოთხი ათეული წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის დროს იმავე გეგმით ისარგებლა და ზუსტად ისეთ ფინალს ვარაუდობდა - ხელისუფლების კაპიტულაციას.

"დიახ, არსებობს დამთრგუნველი პირდაპირი პარალელი იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც, ერთი მხრივ, კრემლის ბინადარმა ასაკოვანმა ადამიანებმა მიიღეს ავღანეთში შეჭრის თაობაზე და, მეორე მხრივ, ასევე კრემლელმა ასაკოვნებმა - უკრაინაში შეჭრის თაობაზე", - ამბობს რუსეთის ისტორიის ცნობილი სპეციალისტი, პროფესორი მარკ გალეოთი, - "ორივე შემთხვევაში სამხედროებმა არმიის შეჭრა ცუდ იდეად ჩათვალეს, მაგრამ მათი მოსაზრება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გაზიარებული არ იქნა".

ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრამ 15 ათასი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იმსხვერპლა და მოსკოვი ათწლიან საფლობში აღმოჩნდა, რომელიც, საბოლოოდ, ჯარების გამოყვანით დასრულდა. უკრაინის შემთხვევაში კი, სადაც 10 თვის განმავლობაში, სხვადასხვა შეფასებით, დაჭრილი და დახოცილია 100 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე, კრემლი, ალბათ, უფრო აქტიურად ისარგებლებს ეროვნული განწყობით.

რუსეთის არმიამ ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის - კიევის აღება. მოგვიანებით კი უკრაინის ჯარებმა რუსეთის არმიის მიერ თავდაპირველად დაკავებული ტერიტორიის ნახევარი დაიბრუნეს. მოსკოვს, როგორც ჩანს, ეს არ ადარდებს. უკრაინამ არა ერთხელ განაცხადა მსოფლიოს გასაგონად, რომ რუსეთი მორიგ სახმელეთო შეტევისათვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე, ფაქტობრივად, მსხვილი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა ამოწურული აქვს.

რა გაკვეთილები და დასკვნები შეიძლება იქნას გამოტანილი უკრაინის კონფლიქტისგან და როგორ შეიძლება მისი განვითარება მომავალ 2023 წელს?

პირველი გაკვეთილი, სამხედრო ჩინოვნიკებისა და ანალიტიკოსების თქმით, ის არის, რომ "ევროპაში დიდი ომი დაბრუნდა" და მასთან ერთად ის, რომ აუცილებელია ყველა ქვეყანას ჰქონდეს იარაღის რეზერვი ბრძოლების მაღალინტენსიურად წარმართვისათვის. დასავლეთმა ომის დაწყებისთანავე დაიწყო უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევა. დღეისათვის უკვე კიევს 40 მილიარდამდე ღირებულების საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა გადაეცა. სულ ახლახან ვაშინგტონმა კიევს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მძლავრი სისტემა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ფეთრიოთი" (Patriot) გადასცა.

მეორე გაკვეთილი - იგივე დასავლეთი დღემდე უარს ამბობს უკრაინისათვის მძიმე შემტევი ტექნიკის, შორი რადიუსის მქონე რაკეტების და რეაქტიული თვითმფრინავების მიცემაზე, რასაც კიევი დიდი ხანია ითხოვს - უარს ამბობს ომის ფართო ესკალაციის შიშით, რაც ნატოსა და რუსეთის კონფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს. "2023 წლის მთავარი კითხვა ის იქნება, თუ როგორ სამხედრო დახმარებას გაუწევს დასავლეთი უკრაინას და როგორი ფორმით", - ამბობს დომიტილა საგრამოსო, რუსეთის ექსპერტი ლონდონის სამეფო კოლეჯიდან.

მესამე გაკვეთილი - მოსკოვისათვის იმით გამოიხატება, რომ მნიშვნელოვანია ხარისხი და არა - რაოდენობა. "კარგი ლოჯისტიკა, არმიის საკმარისი რაოდენობა და შესაბამისი სამხედრო ტექნიკა - ან დრონები ან/და ტანკები - არაფერს მოგვცემს, თუ დაზვერვა არ მუშაობს და ჯარების ხელმძღვანელობა ადეკვატური არ არის", - ამბობს დიდი ბრიტანეთის არმიის ბრიგადის გენერალი ბენ ბარი, რომელიც დღეს სტრატეგიული კვლევების სამეფო ინსტიტუტში მუშაობს, - "ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის არმია დაბალ მორალურ სულისკვეთებას ავლენს, ძალზე სუსტია საერთო-საჯარისო ტაქტიკა და ბრძოლის ველზე აუცილებელი ხელმძღვანელობის უნარი".

ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა, სირიის ომის ვეტერანი, რომელიც "ალბათ, ყველაზე კომპეტენტურ მაღალჩინოსან მეთაურად ითვლება მათ შორის, ვინც ამჟამად რუსეთის არმიაში მსახურობს", - ამბობს დარა მასიკოტი, რუსეთის სპეციალისტი Rand Corporation-ის კვლევითი ცენტრიდან, - "სერგეი სუროვიკინმა ფრონტის ხაზი იმ ახალწვეულების მეშვეობით გაამაგრა, რომლებიც ჯარში ამას წინათ გაიწვიეს მობილიზაციით, 300 ათასი ჯარისკაცის რაოდენობით. სერგეი სუროვიკინმა ასევე წარმატებით განახორციელა იძულებითი უკანდახევა ხერსონიდან, სადაც რუსეთის არმიის ნაწილები შეიძლება ტყვედ ჩავარდნილიყვნენ.

დღეს სამხრეთის მიმართულებით რუსეთის თავდაცვითი პოზიციები ისეთია, რომელიც უკრაინის არმიის ზამთრის კონტრშეტევის წარმატების იმედს არ ტოვებს. როგორც ცნობილია, შეტევის მიზანს აზოვის ზღვის ნაპირზე არსებულ იმ ე.წ. სახმელეთო დერეფნის გადაჭრა წარმოადგენს, რომელიც დონბასს ყირიმთან აკავშირებს. თუმცა ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოს-ექსპერტის ვარაუდით, უკრაინის არმიის კონტრშეტევა "დერეფნის" გასარღვევად ჯერ კიდევ შესაძლებელია და ის შეიძლება წარმატებული იყოს. "რასაკვირველია, პრობლემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც ბევრი აქვთ. მათი დანაკარგებიც მაღალია, მომზადების დონეც - გასაუმჯობესებელი, ზოგიერთი ქვედანაყოფი უკიდურესად არის დაღლილი, არმიას სულ უფრო მეტი და მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება, რომლის შევსება და უზრუნველყოფა დროულად და საკმარისი რაოდენობით არ ხდება", - ამბობს დასავლელი მრჩეველი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, - "თუმცა უკრაინელთა საბრძოლო სულისკვეთება რუსებზე უფრო მაღალია, ასევე უკეთესია და ეფექტიანი მათი მობილიზების დონე, რუსებისაგან განსხვავებით".

მეოთხე გაკვეთილი გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში სამხედრო ძალისხმევისადმი. უკრაინელმა პროგრამისტებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც არმიას მტრის - რუსეთის ჯარის პოზიციების წინააღმდეგ შეტევაში დაეხმარება. მზარეულები ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისათვის საკვებს ამზადებენ, მოხალისეები კი სამხედრო ამუნიციის შესასყიდლად თანხების მოგროვებას აგრძელებენ - ჯარისკაცებისათვის ისეთი აუცილებელი ატრიბუტების შესაძენად, როგორებიცაა პირველი დახმარების აფთიაქები და ღამის ხედვის ხელსაწყოები.

"ბრძოლის ველზე უკრაინის არმიის წარმატება ბევრადაა დამოკიდებული სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვაგვარ აქტიურ ხელშეწყობაზე, მათ დახმარებაზე ჯარისკაცებისადმი", - ამბობს ტიმოთი სნაიდერი, ისტორიკოსი იელის უნივერსიტეტიდან.

"გელაპის" მიერ ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უკრაინელთა 70%-ს სურს ბრძოლა გამარჯვებამდე გააგრძელოს, ხოლო 90%-ზე მეტის აზრით, გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს, ყირიმის ჩათვლით, რომლის ანექსია ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს მოახდინა.

რუსეთში კი სიტუაცია პირიქითაა: როგორც ქვეყნიდან გაძევებული რუსული საინფორმაციო სააგენტო "მედუზა" (Meduza) იტყობინება, კრემლმა შიდა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგებით, რუსეთის მოსახლეობაში ომის მხარდამჭერთა რაოდენობა ივნისიდან ოქტომბრამდე ორჯერ შემცირდა, რომელთა რაოდენობა ახლა მხოლოდ 27%-ს შეადგენს.

მეხუთე და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმით გამოიხატება, რომ ომი რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობს და - არა მხოლოდ ტანკების, რაკეტებისა და ქვემეხების მეშვეობით. ვლადიმერ პუტინმა დაიწყო უკრაინის ენერგოსტრუქტურების დაუნდობელი დაბომბვების ტალღა რაკეტებით და დრონებით, მოსახლეობის სულისკვეთებისა და ეროვნული ნების გასატეხად, რათა უკრაინელებს ევროპაში წასვლა აიძულოს და ლტოლვილებად აქციოს. იგი დასავლეთს გაზის მიწოდების სრული შეწყვეტით დაემუქრა, ზამთრის პირობებში. მართალია, უკრაინა ხორბლის ექსპორტს ახორციელებს, გაეროსა და თურქეთის ხელშეწყობით, მაგრამ რუსეთის ფლოტი შავ ზღვას ძველებურად აკონტროლებს და ხორბლის ექსპორტის მარშრუტების დაბლოკვით იმუქრება.

"ვლადიმერ პუტინის მოქმედება იმას ნიშნავს, რომ სროლა და ომი გაგრძელდება, მაგრამ მას არ შეუძლია იომოს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სურს", - ამბობს მარკ გალეოთი, - "ეს მისი პოლიტიკური სტრატეგიაა, რომელიც დასავლეთისგან უკრაინის დისტანცირებას გულისხმობს. ასე რომ, ომის ბედი მხოლოდ სამხედრო ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული, არამედ - ადამიანებზეცაა".

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომით დაქანცულ-დაღლილი მოწინააღმდეგეები მომავალ წელს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, პუტინის აგრესია უკრაინის მიმართ სხვა საშუალებებითაც შეიძლება გაგრძელდეს: "თანამედროვე ომის სახე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ასევე იცვლება მშვიდობის სახეც", - აღნიშნავს მარკ გალეოთი, - "დასავლეთმა ამაზეც უნდა იფიქროს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ