პუტინისთვის ბახმუტის "საახალწლო საჩუქრად" მირთმევას "ვაგნერი" მოასწრებს თუ საერთოდ ვერ შეძლებს?! - კვირის პალიტრა

პუტინისთვის ბახმუტის "საახალწლო საჩუქრად" მირთმევას "ვაგნერი" მოასწრებს თუ საერთოდ ვერ შეძლებს?!

საახალწლოდ ქალაქის შეტევით დაკავება და შემდგომ მისი "ხონჩით" მირთმევა სახელმწიფოს მეთაურისთვის, არა ერთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრსა თუ გენერალს დაუკვეხნია...

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ 1995 ახალი წლის ღამე, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა დაიკვეხნა გროზნოს მხოლოდ ორი საპარაშუტო-სადესანტო პოლკით დაპყრობა და რა კატასტოფადაც გადაიქცა ის ახალი წლის ღამე გროზნოში შეჭრილი რუსული არმიისთვის, მთელმა მსოფლიომ იხილა...

თუმცა რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრიც ხომ გრაჩოვზე არანაკლებ იკვეხნიდა, 2006 წლის ახალი წლის ღამეს ცხინვალში ქართულ დროშას ააფრიალებდა... მას საბედნიეროდ არ დასცალდა დიდი სისულელის ჩადენა (როდესაც წინასწარ აანონსებ შეტევის თარიღს, მიმართულებასა და მიზანს), მაგრამ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა არანაკლები სამხედრო-პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს ორიოდე წელში...

რუსეთ-უკრაინის 10-თვიანი ომი პირველ ახალ წელს უახლოვდება და "საახალწლო საჩუქრების" მიძღვნის მცდელობები არც ახლა იკლებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები ყველა ძალის კონცენტრაციას ახდენენ, რათა ახალ წლამდე, როგორმე ბოლომდე დაიპყრონ ქალაქი ბახმუტი (ან ის ნანგრევები, რაც ამ უკვე ყოფილი ქალაქის ადგილზე დარჩა ოთხ თვეზე მეტი ხნის განუწყვეტელი დაბომბვების შემდეგ) და ეს "საახალწლო საჩუქრად" უძღვნან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს...

ბახმუტის დაკარგვა, მართალია, გააადვილებს რუსი ოკუპანტების შემდგომ შეტევებს კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ, მაგრამ უკრაინის არმიისთვის რამე ძალზე სერიოზულ დამარცხებას არ გამოიწვევს, რადგან ბახმუტიდან 30-იოდე კმ-ით დაშორებულ კრამატორსკამდე უკრაინელებმა უკვე მოასწრეს სათადარიგო თავდაცვის ზღუდეების მოწყობა.

მიუხედავად ამისა, უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა არ ფლობს ბახმუტს და მის დამცველებს რეზერვს რეზერვზე ახმარს. რატომ უღირს უკრაინის გენშტაბს ბახმუტის დაცვა ამ ფასად?

საქმე ის არის, რომ ხარკოვისა და ხერსონის განმათავისუფლებელი კონტრიერიშების შემდეგ, საბრძოლო ინიციატივა უკრაინის არმიის მხარეს გადავიდა და ამ დროს დონბასში ბახმუტის დათმობა, რომლის შემდგომ დასაბრუნებლად უკრაინელებს შეიძლება ათჯერ მეტი დანაკარგი ჰქონდეთ, არ ჯდება ოფიციალური კიევის გეგმებში.

ბახმუტზე იერიშების გაძლიერებით რუსეთის გენშტაბმა, პრინციპში, გეგმის ერთი ნაწილი შეასრულა - ბახმუტის დასაცავად მიიზიდა უკრაინის არმიის ის მნიშვნელოვანი რესურსები, რომელიც გვიან შემოდგომაზე, წვიმების სეზონის დაწყებამდე, კიევს შეიძლება მელიტოპოლის გასათავისუფლებლად და ანექსირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად ჰქონდა მობილიზირებული...

ბახმუტზე რუსი ოკუპანტების ძირითადი შეტევა ბოლო თვეების განმავლობაში აღმოსავლეთიდან მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დღეებში შეტევების ძირითადმა მიმართულებამ სამხრეთ-დასავლეთისკენ, გორლოვკასა და ტორეცკისკენ გადაინაცვლა.

2-baxmuti-1672138526.png
პრიგოჟინის „ვაგნერს“ კი რუსული არმიის მიერვე ნანგრევებად ქცეული ბახმუტის „საახალწლო საჩუქრად“ მირთმევა სურს „მეფისთვის“ - პუტინისთვის...

ამასთან, შეიცვალა თავად შეტევების ტაქტიკაც - თუკი აქამდე ძირითადი აქცენტი უკრაინელების თავდაცვის ზღუდეებზე დიდი ძალებით იერიშებზე კეთდებოდა, ახლა ოცკაციანი მოირიშე ჯგუფებით ცდილობენ, სხვადასხვა მიმართულებიდან დაარტყან უკრაინელების პოზიციებს და ამ საიერიშო მოქმედებებს, ძირითადად, პუტინის "პირადი მზარეულის" - პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ჯგუფები ახორციელებენ.

პუტინის "პირად მზარეულად" მიჩნეულ პრიგოჟინს კრემლიდან დიდი უფლებები აქვს მიცემული და ლოგიკურია, თუკი ის პუტინის გულის მოგებას ახალ წლამდე მისთვის ბახმუტის "ხონჩაზე" მირთმევით ეცდება...

აქამდე კრემლში იმედოვნებდნენ, რომ ახალ წლამდე ისინი შეძლებდნენ არა მარტო ბახმუტის, არამედ - კრამატორსკისა და სლოვიანსკის დაპყრობასაც და დონეცკის ოლქის ადმისტრაციულ საზღვრებზე გასვლას, რათა რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობისთვის (რომლის მცირე ნაწილი მაინც უკვე ფხიზლდება და ნელ-ნელა ბედავს ხმამაღლა დასვას კითხვა - რისთვის დაიწყო კრემლმა ეს ომი?) დაემტკიცებინათ, რომ ხელისუფლება იცავს მიერთებულ "რუსულ მიწებს"...

ახალ წლამდე კრემლის ეს ოცნებები, საბედნიროდ, ვერ ახდება, ეს კი არა, დიდი ალბათობით რუსი ოკუპანტები ვერც ბახმუტს დაიკავებენ ბოლომდე და უფრო მეტიც - უკრაინის არმიამ შეიძლება თავად "შესთავაზოს" დიდი სიურპრიზი ახალი წლის დღეებში რუს დამპყრობლებს ისე, რომ პუტინის არმიას ბახმუტისთვის კი აღარ ეცალოს, არამედ...