"უცებ, კახი ადგა და ამბობს - მოდი, ახლა ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო!...ეს დღე არასდროს დამავიწყდება "
"კვირის პალიტრის" აქრივიდან - თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე პროფესიაზე, მრავალფეროვან საქმიანობასა და თეატრზე გვესაუბრება
- პირველად მარჯანიშვილის თეატრში რომ მიმიყვანეს ჩემმა მშობლებმა. მანამდე თოჯინების თეატრშიც დავდიოდი, მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც, მაგრამ ერთ-ერთი პირველი თეატრალური შთაბეჭდილება იყო მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი, სახელწოდებით - „საპოვნელა“, სადაც მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებდა. როდესაც დავინახე, როგორ თამაშობდა სოფიკო ჭიაურელი ქალბატონი მათიკოს როლს, ავდექი სავარძლიდან, მივედი სცენასთან, სახით ხელებს დავეყრდენი და ვუყურებდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო სივრცე, რომლის გარეშეც მე ვერ ვიცოცხლებდი. და იმ დღიდან, ერთი დღე არ ყოფილა ჩემი ცხოვრება უთეატროდ, ერთი დღე!
- ცნობილია, რომ ყოველთვის ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გქონდათ ლეგენდარულ ქართველ მსახიობებთან. როგორ ახერხებდით მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და მათთან დაახლოებას?
- ეს მათ უნდა ჰკითხოთ (იცინის), არ ვიცი, მართლა ვერ გეტყვით.
- მათგან თქვენზე პროფესიული ზეგავლენა ყველაზე მეტად ვინ მოახდინა?
- ოთარ მეღვინეთუხუცესმა. სპექტაკლზე რომ მიდიოდა, უნდა გენახათ, როგორ ემზადებოდა...
"ანტიგონეში" კრეონტს რომ თამაშობდა, საგრიმიოროში ჩაიკეტებოდა და როგორც დაბმული ლომი, ისე ღრიალებდა ოთარი. დიდი გავლენა მოახდინა, ძალიან დიდი...
- ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გქონდათ ქალბატონ გურანდა გაბუნიასთანაც. მას როგორ გაიხსენებთ?
- გურანდა და ოთარი ერთი დიდი სიყვარული იყო, ერთი დიდი ფერი ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში! თითითითჩაკიდებულნი დადიოდნენ, ხელიხელჩაკიდებულნი კი არა, - თითითით, და ასე დასეირნობდნენ.
ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო გურანდასა და ოთარის სახელები და გვარები. დიდი იუმორით, სიყვარულით სავსე ხალხი და, რაც ყველაზე მთავარია, უამრავ ადამიანს ეხმარებოდნენ. გაჭირვების წლები ძალიან ბევრ ოჯახს გადაატანინეს, სისტემატური დახმარებით.
- კახი კავსაძეს?...
- კახუნია, კახი... (იღიმის) კახი ძალიან მიყვარს. გამორჩეული იყო. პირველად რუსთავიდან მახსოვს. როცა რუსთაველის თეატრში "მოხუცი ჯამბაზები" იდგმებოდა, ჩემს სადიპლომო თემას იქ ვწერდი და რეპეტიციებს ვესწრებოდი, თან ვიღებდი, ჩანაწერებს ვაკეთებდი... რუსთავში საგასტროლოდ რომ წავედით, სუფრაზე კახი იყო თამადა, მე ბოლოში ვიჯექი. რუსთავის მთელი მთავრობა იქ იყო და ცხადია, მთელი ის დასი, რომელიც ამ სპექტაკლში მონაწილეობდა. ამ დროს, უცებ, კახი ადგა და ამბობს - მოდი, ახლა ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო! წარმოიდგინე, მე მგონია, რომ ამ კაცმა მე ვერც კი შემამჩნია მთელი ეს თვეები და ამ დროს, ჩემი სადღეგრძელო შესვა! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება ! საოცარი გულის ხალხი იყო ეს თაობა, ზოგადად, დიდი სიკეთის მატარებელი ხალხი. ნახეთ სტატია სრულად