"ძველად, ახალი წელი აგვისტოში, მარტშიც კი აღინიშნებოდა... სუფრაზე განსაკუთრებით პოპულარული იყო კაკლის მურაბა და ღორის თავი" - უცნობი საახალწლო ტრადიციები თბილისსა და საქართველოში
"ვისი კვერიც მობრაწულად, მადისაღმძვრელად გამოცხვებოდა, იმ ოჯახის წევრს ეტყოდნენ, რომ წარმატებული წელი ექნებოდა"
"... ქართველებისთვის ახალი წელი ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაული იყო, რომელსაც მრავალი რიტუალი უკავშირდებოდა, რიტუალები კი ადამიანთა თვითშეგნებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს! ეს ყოველივე ქართველების თვითიდენტიფიკაციასთან პირდაპირ კავშირშია..." - საქართველოს მივიწყებულ საახალწლო ტრადიციებზე ეთნოლოგი, დოქტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე - მირიან ხოსიტაშვილი "კვირის პალიტრას" ესაუბრება:
- შეიძლება ითქვას, რომ თბილისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაული იყო და შესაბამისადაც აღინიშნებოდა... ეს გახლდათ ერთ-ერთი დიდი საერო დღესასწაული. ჩვენს ისტორიაში დიდი ხნის განმავლობაში ახალი წელი სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ახალ წელს VI-VII საუკუნემდე აგვისტოში აღნიშნავდნენ. შემდეგ იყო 2-3-საუკუნოვანი ციკლი, რა დროსაც ახალ წელს მარტში აღნიშნავდნენ. ეს ყველაფერი იმ დროინდელ კალენდარს უკავშირდებოდა... რასაკვირველია, იულიუსის კალენდრის შესახებ იცოდნენ, თუმცა გარკვეული შიდაქართული კალენდრის ცნობაც არსებობდა, რის მიხედვითაც ახალი წლის თარიღს ცვლიდნენ. XII საუკუნის შემდეგ უკვე იულიუსის კალენდარი დამკვიდრდა და ახალ წელს სწორედ რომ დეკემბრის ბოლოს- პირველი იანვრისთვის აღნიშნავდნენ.
ჩვენი დედაქალაქი განსაკუთრებით ემზადებოდა ამ დღესასწაულისთვის, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა მტრის მიერ იყო დაპყრობილი. მოგეხსენებათ, თბილისმა უამრავ შემოსევას გაუძლო და თბილისის ისტორიკოსების ცნობით, 18-ჯერ არის მიწასთან გასწორებული და ახლიდან აშენებული. შესაბამისად, ამ მძიმე მდგომარეობაშიც აქ ახალი წელი მაინც ყოველთვის დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა.
ჩვენ უფრო გვიანდელი პერიოდის ცნობები გვაქვს, რის მიხედვითაც, ახალი წელი იყო სახალხო დღესასწაული. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი მულტიკულტურული ქალაქი იყო, აქ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ისინი, როგორც წესი, ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ქართველის მეკვლე შეიძლებოდა ყოფილიყო ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და - პირიქითაც.
დღესასწაულის აღნიშვნა, დაახლოებით, ისეთივე ტრადიციით ხდებოდა, როგორც დანარჩენ საქართველოში. განსაკუთრებით საზეიმო სუფრისთვის ემზადებოდნენ.
საახალწლო სუფრა უამრავი ნუგბარისგან შედგებოდა, სუფრაზე უხვად იყო ტკბილეული - ჩურჩხელა, მურაბები...
- მურაბა დღეს აღარ არის შემორჩენილი საახალწლო სუფრაზე და განსაკუთრებით საინტერესოა, რომელი ხილის მურაბა იყო ყველაზე მიღებული?
- სხვადასხვა ხილის მურაბა... ძალიან პოპულარული იყო კაკლის მურაბა, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ახალი წლისთვის საგულდაგულოდ ინახავდნენ. გარდა ამისა, საგანგებოდ კვერებს აცხობდნენ. ორნაირი კვერი იყო: ტკბილიც და მარილიანიც. კვერებს სხვადასხვანაირი ფორმა ჰქონდა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში იყო კაცის ფიგურის მსგავსი კვერები, რომელსაც ბასილას უწოდებდნენ, ვინაიდან პირველი იანვარი წმინდა ბასილის ხსენების დღეს ემთხვევა და მას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ... თბილისში, გარდა საახალწლო სუფრისა, მთელი რიგი ოჯახები პირველი იანვრისთვის იმდენად საგანგებოდ ემზადებოდნენ, ხშირად, ახალ ტანსაცმელსაც კი იკერავდნენ და ახალ წელს იცვამდნენ. მათი რწმენით, ახალი ტანსაცმლით შეგებება, მხიარულ გარემოში შეხვედრა, იმას ნიშნავდა, რომ მთელი წლის განმავლობაში, სიახლეები და სიკეთე ელოდათ.
კიდევ ერთი განსაკუთრებული თბილისური წესის შესახებ უნდა ითქვას... მოგეხსენებათ, თბილისში უამრავი ამქარი იყო, პროფესიული გაერთიანებები - მჭედლები, ხელოსნები, ოქრომჭედლები, ქვით ხუროები, კალატოზები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ამქრებში ერთიანდებოდნენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი თავიანთ სამუშაო ადგილზე მიდიოდნენ, ასე ვთქვათ, იმ ადგილს ახალ წელს ულოცავდნენ და სიკეთეს დაიბედებდნენ. ღმერთს შესთხოვდნენ, დალოცვილი ყოფილიყო მათი სამუშაო სივრცე, სადაც მათ სამჭედლო თუ სხვადასხვა ტიპის საწარმო ჰქონდათ. წარმატებული წელი რომ ჰქონოდათ, ახალ წელს მოილოცავდნენ, სადღეგრძელოსაც იტყოდნენ.
დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, რაც თბილისს უკავშირდება, ეს არის ქუჩაში გამოსვლა, შეკრება და სეირნობები... ახალ წელს შეხვდებოდნენ და უკვე პირველი იანვარი რომ დადგებოდა, მეკვლეს მიიღებდნენ, რომელსაც განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა. ტკბილეულით შეეგებებოდნენ, ისიც, რა თქმა უნდა, ოჯახში ტკბილეულით შემოდიოდა... ხშირ შემთხვევაში, საქართველოში და მათ შორის, თბილისშიც, მეკვლემ ოჯახში მარცვლეულის შემოყრა იცოდა, რაც ოჯახში ბარაქის შეტანას ნიშნავდა. მარცვლეულის შეყრის შემდეგ, მეკვლე შევიდოდა და ოჯახის თითოეულ წევრს დალოცავდა.
მეკვლეობის ორი ფორმა არსებობდა... ერთის მიხედვით, წინასწარ შეთანხმებული იყო ოჯახის ახლობლის, ნათესავის, მეგობრის მისვლა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ამ ოჯახში მეკვლედ სისტემატურად დადიოდა, რადგან ქართველების წარმოდგენით, თუ კარგი წელი დაებედებოდათ, მომდევნო წლებშიც იმავე ადამიანს ეძახდნენ მეკვლედ.
მეკვლეობის მეორე ფორმა შემთხვევითი ადამიანის მისვლა იყო ანუ წინასწარ არავინ ჰყავდათ შეთანხმებული და ვინც ოჯახის კარს პირველი შეაღებდა, შევიდოდა, მის ბედზე დაილოცავდნენ. ვინაიდან, თბილისი ოდითგანვე მულტიკულტურული ქალაქი იყო, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ერთად აღნიშნავდნენ ახალ წელს. ერთმანეთის ოჯახში მეკვლედ გადასვლაც ხშირი მოვლენა იყო.
გვიან პერიოდში, საქართველოში ნაძვის ხე შემოდის და ეს ერთმნიშვნელოვნად რუსეთის იმპერიას უკავშირდება. პირველად, XIX საუკუნის II ნახევარშია ნაძვის ხე საქართველოში დაფიქსირებული, რომელიც ფოტოებზეც აისახა, შემდეგ კი საქალაქო ცხოვრებაში ჩნდება. ქალაქის ცენტრში, რამდენიმე ადგილას საზოგადოებრივი ნაძვის ხე იდგმებოდა.
პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს ქალაქის ცენტრში დადგმულ ნაძვის ხეზე საახალწლო კონცერტები იმართებოდა. პრესაში ქვეყნდებოდა სტატიები საახალწლო ღონისძიებების შესახებ, მაგალითად, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ერთ-ერთ ნომერში წერია, რომ ნაძვის ხეზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება... თბილისელებს მოუწოდებდნენ, რომ მისულიყვნენ კონცერტზე და შემოსული თანხა მარტოხელა დედებს გადაეცემოდათ, რომლებსაც მარჩენალი არ ჰყავდათ.
გარდა ამისა, ნაძვის ხეები სხვადასხვა ორგანიზაციაში იდგმებოდა... მოგეხსენებათ, პირველი რესპუბლიკის დროს, საქართველოს სოციალისტური მთავრობა ჰყავდა და ის დარგობრივი მიმართულებით პროფესიული კავშირების შექმნას ხელს უწყობდა. სწორედ პროფკავშირების მუშაკთათვის კლუბებში დგამდნენ ნაძვის ხეს და საგანგებოდ საახალწლო კონცერტები, სპექტაკლები იმართებოდა.
XX საუკუნის დასაწყისში, იმ სამ წელიწადში, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი იყო, ძალიან ბევრი საახალწლო, საზეიმო კონცერტი გაიმართა. ეს ახალი სიტყვა იყო ქართული რეალობისათვის. მანამდე ასეთი ორგანიზებული, საახალწლო კონცერტები არ არსებობდა. მსგავსი ტიპის ორგანიზებულ ღონისძიებებს საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა.
- საახალწლო სუფრები როგორ იცვლებოდა?
- საახალწლოდ აუცილებელი ატრიბუტი მოხარშული ღორის თავი იყო, რაც მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. არსებობს დოკუმენტი - ხელმწიფის კარის გარიგება, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება და ერთ-ერთი თავი დღესასწაულთა აღნიშვნას ეთმობა - როგორ აღინიშნოს ესა თუ ის დღესასწაული, როგორ შეხვდნენ, როგორ შეადგინონ პროტოკოლი და სხვა... ამ შემთხვევაში, იქ არის აღნიშნული, რომ ხელმწიფისთვის ანუ მეფისთვის საახალწლოდ გარეული ტახის მოხარშული თავი უნდა მიერთმიათ. ეს პატივისცემის ნიშანი იყო. მთლიანად საქართველოში, განსაკუთრებით ბარში, ფიქსირდება, ღორის თავის მირთმევა საახალწლო სუფრაზე. ამის საფუძველი შეგვიძლია უფრო წინარე ქრისტიანულ ხანაში ვეძიოთ. ტრადიცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და დღესაც კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში რჩება.
50-60 წლის წინ, ბევრი ოჯახი ახალ წელს პირველი იანვრის ნაცვლად, 14 იანვარს აღნიშნავდა... ეს ყოველივე კალენდრის ცვლილებით იყო განპირობებული. მეოცე საუკუნემდე საქართველოში იულიუსის კალენდარს მიჰყვებოდნენ, გრიგორიანული კალენდარი ჩვენთან გვიან შემოვიდა.
მეოცე საუკუნეში გრიგორიანული კალენდრის შემოსვლამ საერო და საეკლესიო დღესასწაულების ერთმანეთთან აცდენა განაპირობა. ამიტომაც გვაქვს ორი შობა, ორი ახალი წელი და სხვა დღესასწაულები. ეკლესია იულიუსის კალენდარზე დარჩა, ხოლო საერო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა. ეს კალენდარი საჭირო იმისთვის გახდა, რომ დიდი ხნის მანძილზე იულიუსის კალენდარს ცდომილება ჰქონდა, რაც დაგროვდა და, საბოლოო ჯამში, 13 დღე შეადგინა. ამიტომაც მეთხუთმეტე საუკუნეში რომის პაპმა – გრიგოლმა ახალი კალენდარი შექმნა, ბევრი ქვეყანა ამ კალენდარზე გვიან გადავიდა და მათ შორის - საქართველოც. გრიგორიანული კალენდარი უფრო ზუსტია, ვიდრე - იულიუსის. თუმცა ცდომილება მანდაც არის, რადგან ეს ყველაფერი მზის, მთვარის ფაზებს უკავშირდება, რაც ცალკე სასაუბრო თემაა...
1923-24 წლებში იყო მცდელობა, ეკლესიაც გრიგორიანულ კალენდარზე გადასულიყო, შობა კი 25 დეკემბერს აღენიშნათ. ამ პერიოდში საქართველო უკვე გასაბჭოებულია, ეკლესიაში ძალიან რთული სიტუაციაა, დაპატიმრებულია კათალიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია. მისი მოვალეობის შემსრულებელი და სხვა სასულიერო პირების ჯგუფი რეფორმას ამზადებდნენ კალენდრის ცვლილებასთან დაკავშირებით, რეფორმის მონახაზი ციხეში შეუტანეს ამბროსი ხელაიას, მან მოიწონა მომზადებული დოკუმენტი, რომელიც გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას გულისხმობდა, მაგრამ იქვე კითხვა დასვა, შეამზადეს თუ არა ამისთვის ხალხი. მას უთხრეს რომ მოსახლეობამ ეს ცვლილება მოიწონა, მაგრამ რეალურად ასე არ იყო და ახალი კალენდარი ხალხმა არ მიიღო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი ინფორმირებული არ იყო. ვერ აუხსნეს, ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა.
ისევ ახალი წლის ტრადიციებზე საუბარს რომ დავუბრუნდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ წელს საჩუქრების ჩუქება. ეს თბილისშიც იყო გავრცელებული, ვინაიდან სიმბოლური საჩუქარიც კი ადამიანის კეთილ სურვილებს, სიკეთის, სიახლის დაბედებას ნიშნავდა.
კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია არის, რაც სხვაგანაც იყო გავრცელებული. ოჯახის წევრების სახელზე სხვადასხვა ტიპის კვერებს აცხობდნენ.. რომლის კვერიც მობრაწულად, მადისაღმძვრელად გამოცხვებოდა, იმ ოჯახის წევრს ეტყოდნენ, რომ წარმატებული წელი ექნებოდა. რომლის კვერიც კარგად ვერ გამოცხვებოდა, დაიწვებოდა, ფორმას შეიცვლიდა, მას აფრთხილებდნენ, რომ წარმატებული წელი ვერ ექნებოდა, რადგან ბედის კვერი კარგად ვერ გამოცხვაო... ჩვენში სამყაროს მიმართ წარმოდგენები ამდაგვარი იყო. ყველა სიმბოლოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაც კი ახალ წელს უკავშირდებოდა. ამიტომაც, ახალ წელს მისტიკურ, განსაკუთრებულ დღედ აღიქვამდნენ.
თბილისში ძალიან ბევრი სავაჭრო ადგილი არსებობდა და ვაჭრები, სხვადასხვა ამქრების წარმომადგენელთა მსგავსად, სავაჭრო ადგილებზე მიდიოდნენ და იქ აღნიშნავდნენ, რათა წარმატება მოეტანა ახალ წელს...
რეგიონებში ადამიანები კრუხ-წიწილს, ხარ-კამეჩს დალოცავდნენ, ახალ წელს მიულოცავდნენ და ღმერთს ბარაქას შესთხოვდნენ - ცხოველი, ფრინველი გამრავლებულიყო. დიდი ტრადიცია იყო ბაღ-ვენახში გასვლა, იქაც შეავედრებდნენ ღმერთს თავის სარჩო-საბადებელს.
უმნიშვნელოვანესი იყო საახალწლო და საშობაო სიმღერები, რომელთაც მხოლოდ ამ დღესასწაულებზე მღეროდნენ და არც ერთ შემთხვევაში, სხვა დღესასწაულებზე, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მხოლოდ ახალ წელს, შობას ეკუთვნოდა... დღეს შემორჩენილია საშობაო ალილო, ალილოს რამდენიმე ფორმა.
ჩვენში ძალიან გავრცელებული იყო მოწყალების გაღება. ადამიანები კარდაკარ დადიოდნენ და უპოვრებისთვის სხვადასხვა ნივთს, საკვებს აგროვებდნენ, ახალ წელს რომ ყველა ბედნიერად შეხვედროდა.
როგორც ვხედავთ, ქართველებისთვის ახალი წელი ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაული იყო, რომელსაც მრავალი რიტუალი უკავშირდებოდა, რიტუალები კი ადამიანთა თვითშეგნებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს, ეს ყოველივე კი ქართველების თვითიდენტიფიკაციასთან პირდაპირ კავშირშია.
მინდა, ამ შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს დამდეგი ახალი წელი მივულოცო, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2023 წელი ჩვენი ქვეყნისთვის.
(სპეციალურად საიტისთვის)