"ომი უკრაინაში: კონფლიქტის განვითარების ხუთი სცენარი 2023 წლისათვის" - BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი" (BBC News) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სამხედრო ექსპერტ-ანალიტიკოსების თვალსაზრისს რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივის შესახებ, სათაურით - "ომი უკრაინაში: კონფლიქტის განვითარების ხუთი სცენარი 2023 წლისათვის".
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის კონფლიქტი მეორე კალენდარულ წელში გადადის. "ბი-ბი-სი" ეკითხება რამდენიმე სამხედრო ანალიტიკოსს: "თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2023 წელს რუსეთ-უკრაინის ომში? შეიძლება თუ არა ომი გაისად, 2023 წელს დასრულდეს? თუ კონფლიქტი 2024 წლამდე გაგრძელდება?"
"რუსეთის საგაზაფხულო შეტევა საკვანძო იქნება"
მაიკლ კლარკი, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ექსეტერი, დევონშირის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი:
"ისინი, რომლებიც ცდილობენ სხვა ქვეყნებში შეჭრას დიდი ევრაზიული სტეპების ყოველი წერტილიდან, საბოლოო ჯამში, განწირულნი არიან იმავე სტეპებში გამოიზამთრონ.
ნაპოლეონ ბონაპარტს, ადოლფ ჰიტლერს და იოსებ სტალინს თავიანთი არმიებით მანევრირება მოუწიათ სტეპური ზამთრის პერიოდში და ახლაც, როცა უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის ბრძოლები მაინცდამაინც კარგად არ მიდის, ვლადიმერ პუტინსაც მოუწია თავისი ჯარი სტეპში გამოაზამთროს - სავარაუდოდ, სამომავლო საგაზაფხულო შეტევის მოსამზადებლად.
ამჟამად ორივე მხარეს სჭირდება სულის მოთქმა, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ უკრაინელები უფრო კარგად არიან აღჭურვილნი და მათ უფრო მეტი მოტივაცია აქვთ შეტევისათვის. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ისინი გააგრძელებენ რუსეთის არმიის შევიწროებას, ყველაზე მეტად, ალბათ, დონბასის მიმართულებით (კრემენისა და სვატოვოს რაიონში), სადაც შეიძლება რუსულ ჯარს 60 კილომეტრით უკან დაახევინონ ანუ თითქმის იმ ადგილამდე, საიდანაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთის ჯარი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეიჭრა. რასაკვირველია, კიევი არ მოისურვებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და შეტევას გააგრძელებს - ამ მიმართულებით გამარჯვება შესაძლებელია.
რაც შეეხება სამხრეთს: ხერსონის გათავისუფლების შემდეგ სამხრეთის ფრონტზე წინსვლა შეყოვნდა. დნეპრის ფორსირება იმ დროს, როცა სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები ასეთ ფართო და წყალუხვ მდინარეზე აფეთქებულია, ყირიმისკენ უკრაინის ჯარების წინსვლისათვის დიდ ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა შეტევის ბოლომდე გამორიცხვა არ შეიძლება.
2023 წელს საკვანძო ფაქტორის როლს რუსეთის საგაზაფხულო შეტევა შეასრულებს. ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ, დაახლოებით, 50 ათასი ჯარისკაცი, რომლებიც ამას წინათ მობილიზაციით გაიწვიეს, უკვე ფრონტზე იმყოფება, ხოლო დანარჩენი 250 ათასი იწრთვნება და მომზადებას გადის, 2023 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით.
სანამ რუსეთის არმიის ახალი კონტინგენტი თავის ძალას არ აჩვენებს ბრძოლის ველზე, მანამდე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. ზოგადად კი, რა თქმა უნდა, ომის გაგრძელების გარდა, სხვა სცენარი ჯერჯერობით არ არსებობს. ერთადერთი, უკიდურეს შემთხვევაში, რაც შეიძლება მოხდეს - ესაა მოკლევადიანი და არასტაბილური ცეცხლის შეწყვეტა. ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა, რომ იგი არ შეჩერდება. თავის მხრივ, უკრაინის ლიდერმაც მიანიშნა, რომ თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძოლებს".
"უკრაინა თავის მიწებს დაიბრუნებს"
ანდრეი პიონტკოვსკი, მეცნიერი და ანალიტიკოსი:
"უკრაინა გაიმარჯვებს და მთლიანად აღიდგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მოხდება არა უგვიანეს 2023 წლის გაზაფხულისათვის. ჩემი დასკვნა განპირობებულია ორი ფაქტორით:
პირველი - მოტივაცია, რომელიც უპრეცედენტოა თანამედროვე სამხედრო ისტორიაში - უკრაინელი ჯარისკაცების, ოფიცრებისა და, საერთოდ, ხალხის სიმამაცე და გმირობა;
მეორე - დასავლეთი, რომელიც რუსი დიქტატორის მიმართ მხოლოდ დამშვიდების პოლიტიკას ატარებდა, როგორც იქნა, დასერიოზულდა და გააცნობიერა იმ ისტორიული გამოწვევის მასშტაბები, რომლის წინაშეც ბოლო წლებში დადგა. ამას ყველაზე კარგად ნატოს გენმდივნის - იენს სტოლტენბერგის განცხადება გამოხატავს: "ფასი, რომელსაც ჩვენ ომში ვიხდით - ფულია, ის ფასი კი, რომელსაც უკრაინა იხდის - სისხლია. თუ ავტორიტარული რეჟიმები დაინახავენ, რომ მათ მიერ ძალის გამოყენებას შედეგი მოაქვს, ჩვენ უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს. მსოფლიო ყველასთვის უფრო სახიფათო გახდება. ეს არ უნდა დავუშვათ.
რა თქმა უნდა, უკრაინის გარდაუვალი გამარჯვების ზუსტი დრო იმით იქნება განსაზღვრული, თუ რამდენად სწრაფად მიაწვდის ნატო უკრაინას შემტევ ტექნიკას - ტანკებს, თვითმფრინავებს, შორი მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტებს - ყველაფერს, რასაც ფრონტზე ძალთა თანაფარდობის შეცვლა უკრაინის სასარგებლოდ შეუძლია.
ველოდები, რომ უახლოეს თვეებში (ან კვირებში) უკრაინის არმიის საკვანძო მოქმედების სამიზნე იქნება მელიტოპოლი, რომლის გათავისუფლების შემდეგ აზოვის ზღვისაკენ გზა გახსნილი იქნება. ფაქტობრივად, უკრაინის არმია დონბას-ყირიმის დერეფანს გადაჭრის და რუსეთის ჯარებს მომარაგების საკითხში დიდ პრობლემებს შეუქმნის.
რუსეთის კაპიტულაციის პირობები დროებითი ტექნიკური მოლაპარაკების დროს დაზუსტდება - მაშინ, როცა უკრაინის არმია საბოლოოდ გააცამტვერებს მოწინააღმდეგეს. გამარჯვებული სახელმწიფოები - უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას ჩამოაყალიბებენ".
"ომის დასასრული არ ჩანს"
ბარბარა ზანჩეტა, ლონდონის სამეფო კოლეჯის ომის შემსწავლელი ფაკულტეტი, დიდი ბრიტანეთი:
"ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ უკრაინა თავისი დიდი და ერთი შეხედვით ძლიერი მეზობლის ნებას დაჰყვებოდა. გარდა ამისა, კრემლი გამორიცხავდა სხვა ქვეყნების რაიმე მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას უკრაინისადმი, მაგრამ სერიოზულად შეცდა, ვერ გათვალა, რის შედეგადაც მოსკოვმა, საბოლოო ჯამში, ბლიცკრიგის ნაცვლად, გაჭიანურებული კონფლიქტი მიიღო.
ზამთარი უკრაინისთვის მძიმე იქნება - რუსეთი გააგრძელებს დაბომბვებს უკრაინელთა ამტანობისა და სულის გატეხვის მიზნით, მაგრამ ხალხი მაინც მტკიცედ იქნება. მოლაპარაკების პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა. მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ერთ-ერთმა მხარემ თავისი მოთხოვნები შეარბილოს ან შეცვალოს, მაგრამ კომპრომისებზე არცერთი არ მიდის.
როდის დასრულდება ომი? - ძნელი სათქმელია. სამხედრო მოქმედებების გამო დანაკარგებს შეუძლია რუსულ საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს და ომისადმი მხარდაჭერა შეასუსტოს. საბოლოო ჯამში, კონფლიქტის დასრულების გასაღები რუსეთშია.
წინა ომები, რომლის დროსაც ხელისუფლება შეცდომებს უშვებდა (ვიეტნამი აშშ-სათვის ან ავღანეთი საბჭოთა კავშირისათვის), სწორედ ასეთი სახით მთავრდებოდა. იმ ქვეყნის შიგნით შექმნილი ვითარება, რომლის მთავრობა შეცდომებს უშვებდა, ისე იცვლებოდა, რომ ნიადაგს ქმნიდა ომი "საპატიო" ან "ნაკლებად ღირსეული" პირობებით დასრულებულიყო.
მაგრამ დღეს ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ დასავლეთი ბოლომდე მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას, მიუხედავად იმავე დასავლურ საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილებისა, ომთან დაკავშირებული ხარჯების ზრდის გამო.
სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ეს იქნება ხანგრძლივი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირება. და 2023 წლის ბოლომდე ომი, ალბათ, არ დამთავრდება".
"ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება"
ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი:
"კიევში გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ უპირატესობა დღეს აშკარად უკრაინის მხარეზეა. ამიტომ მე ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები ომს მოიგებენ. ეს მოხდება მომავალ 2023 წელს.
ზამთარში საომარი მოქმედებები დაყოვნებული იქნება, თუმცა უკრაინის არმია პრობლემებს უფრო იოლად უმკლავდება, ვიდრე რუსი ჯარისკაცები: უკრაინელები უფრო კარგად არიან ჩაცმულები, აღჭურვილები... ზამთრის ფორმა მათ დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და გერმანიიდან მიიღეს. მომავალი წლის იანვრის ბოლოსათვის, ვფიქრობ, უკრაინის არმია სამხედრო კამპანიის ბოლო ფაზას - ყირიმის გათავისუფლების ოპერაციას დაიწყებს.
ისტორია გვასწავლის, რომ ომი ნებისა და ლოჯისტიკის გამოცდას წარმოადგენს. თუ მხედველობაში მივიღებთ უკრაინელი ჯარისკაცის ნებისყოფას და მოტივაციას, აგრეთვე მომარაგების საკითხის გაუმჯობესებას, მაშინ რუსეთის მარცხი გარდაუვალია.
მე ასეთი დასკვნა ხერსონიდან რუსეთის ჯარის უკანდახევის შემდეგ გავაკეთე. რა მნიშვნელობა ჰქონდა ხერსონს? პირველი - ეს იყო უკრაინელი ხალხის ფსიქოლოგიური გამარჯვება, მეორე - ეს იყო ღრმა კონფუზი კრემლისათვის და მესამე - უკრაინის არმიამ საკვანძო უპირატესობა მიიღო: ყირიმის ტერიტორია უკრაინის შეიარაღების სისტემებისათვის სრულიად მისაწვდომი გახდა.
მე ვთვლი, რომ 2023 წლის ბოლოსათვის ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იქნება. მხარეები ხელს მოაწერენ რაღაც ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, რუსეთი გარკვეული დროის განმავლობაში სევასტოპოლიდან თავის ბაზას გაიყვანს (ალბათ, 2025 წლამდე). იქნება ძალისხმევა უკრაინის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით აზოვის ზღვის ნაპირზე - განახლდება მნიშვნელოვანი ნავსადგურების ბერდიანსკისა და მარიუპოლის მუშაობა, ძველებურად მოირწყვება ყირიმის მიწა-წყალი ჩრდილოეთ ყირიმის არხით და დნეპრის წყლით..."
"ველოდოთ უფრო მეტს..."
დევიდ გენდელმანი, სამხედრო ექსპერტი, ისრაელი:
"გეტყვით ჩემს თვალსაზრისს, თუ რის მიღწევა სურთ დაპირისპირებულ მხარეებს მომდევნო ეტაპზე.
მობილიზაციის დროს გაწვეული 300 ათასიანი კონტინგენტის დიდი ნაწილი ამჟამად იწრთვნება. თუ ამას დავუმატებთ ხერსონიდან ევაკუირებულ სამხედრო დაჯგუფებას, მაშინ ეს შესაძლებლობას აძლევს რუსეთის სარდლობას ახალი შეტევა დაიწყოს.
დონბასის ოკუპაცია გაგრძელდება, მაგრამ ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მსხვილი გარღვევა რუსეთის არმიის მიერ მოსალოდნელი არ არის. შეტევის მეტი ალბათობაა დონბასის სამხრეთში, ალბათ, სვატოვთან და კრემენნისთანაა. გაგრძელდება უკრაინის ენერგოსისტემის წერტილოვანი და მასიური დაბომბვები, რომელიც ამჟამად რუსეთის სარდლობის ტაქტიკას წარმოადგენს.
რაც შეეხება უკრაინის არმიას: მისთვის ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა მელიტოპოლი და ბერდიანსკი, დონბას-ყირიმის დერეფნის გადაჭრა. თუ კიევი ამას მოახერხებს, ეს იქნება უკრაინის დიდი გამარჯვება. ამიტომაც რუსები სასწრაფოდ ამაგრებენ მელიტოპოლს.
უკრაინის არმიის შეტევა დიდად არის დამოკიდებული ახალი სამხედრო შენაერთების ფორმირებაზე, მათ საბრძოლო მომზადებასა და მზადყოფნაზე. ამჟამად უკრაინის ჯარების სარდალს, გენერალ ვალერი ჟალუზნის მაგიდაზე უდევს ახალი ქვედანაყოფების ფორმირების გეგმა და გრაფიკი. რასაკვირველია, იბადება კითხვა - როდის იქნებიან ისინი მზად თავიანთი აღჭურვილობით და საშტატო შეიარაღებით? ამაზე პასუხს, ალბათ, მაშინ მივიღებთ, როცა ყინვები დაარტყამს და მოძრაობა იოლი გახდება. ალბათ, მაშინ უფრო მეტად გასაგები იქნება, თუ რით დასრულდება ომი". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ