"იმდენად ასოციალური ვიყავი, რომ მერჩივნა უკანა რიგებში ვმჯდარიყავი"
სპორტისა და ინგლისური ენის მასწავლებლის ცხოვრების გზა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დადებითი პიროვნება პედაგოგი ბიჭიკო ოჩიგავაა. მისი მსუბუქი იუმორი, პოზიტიური დამოკიდებულებები ყველასთვის მისაღებია. სპეციალობით ჟურნალისტმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისური ენისა და სპორტის მასწავლებლის ამპლუაში მალე დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული. ბიჭიკო კარგი მთხრობელია. მან ჟურნალისთვის - „გზა“ მიცემულ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
"90-ანი წლების თაობა ვარ და ჩემი ბავშვობაც ამ პერიოდის შესაბამისი იყო: ნაცრისფერი, უღიმღამო და არაფრით გამორჩეული. ისევე, როგორც ჩემი თანატოლების უმრავლესობას, ძალიან ბევრი რამ მენატრებოდა. მართალია, ტანსაცმელი და საჭმელი არასდროს მაკლდა, თუმცა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი სხვა ღირებულებების დეფიციტს ნამდვილად განვიცდიდი..."
"ყინვა, ქარი, წვიმა, ღუმელი და კვამლი. გათოშილი სხეული. სახლებიდან ზურგით მოზიდული შეშა. ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ. არც არაფრით გამორჩეული, თუმცა რადიკალურად განსხვავებული იმისგან, როგორიც დღეს ვარ. იმდენად ასოციალური ვიყავი, რომ მერჩივნა უკანა რიგებში ვმჯდარიყავი. გაკვეთილი რაც არ უნდა მომზადებული მქონოდა, მერჩივნა ინიციატივა არ გამომეჩინა. არ ვიცი, რატომ მქონდა ამის კომპლექსი..."
"სოციალური ქსელი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ამ სივრცემ გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების განვითარებასა და თვითრწმენის ამაღლებაში. იყო სოციალურად აქტიური, ნიშნავს, იყო გამბედავი და გამოხატვის თავისუფლებას აღიქვამდე შენს მთავარ კონსტიტუციურ უფლებად... რომ არა სოციალური ქსელი, კოლეგების არმია არ იდგებოდა ჩემ გვერდით. უბედნიერესი ვარ, რადგან მათ უპირობო სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ..."
"ტიკტოკმა" ჩემში არსებული სხვა შესაძლებლობები დამანახვა. იუმორისტული ვიდეოების გადაღება ორი წლის წინ, მეუღლესთან ერთად დავიწყე და დღეისთვის ჩემი გამომწერთა რაოდენობა 140 ათასს აღემატება. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2022 წლის 29 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
როლანდ ხოჯანაშვილი