"ბავშვს ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა, გულყრებიც. ხელში რომ მეჭირა, უცებ შავდებოდა... არ ვიცოდი, გამოსავალი როგორ მეპოვა" - პატარა თამუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"ბავშვს ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა, გულყრებიც. ხელში რომ მეჭირა, უცებ შავდებოდა... არ ვიცოდი, გამოსავალი როგორ მეპოვა" - პატარა თამუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება

მარტოხელა დედა, ქრისტინე გაბუნია თავისი 13 წლის ავადმყოფი შვილისთვის, თამუნა მექვაბიშვილისთვის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. მას ისევ ხალხის გვერდზე დგომის იმედი აქვს.

ქრისტინე გაბუნია:

- არ ვიცი, როგორ დავიწყო. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. 37 წლის მარტოხელა დედა ვარ და წლებია, ჩემი სადარდებელი და საფიქრალი ჩემი შვილის ჯანმრთელობაა. ორი გოგონა მყავს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთ მძიმე მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდებოდი. შვილის დაბადება ყველა დედას უხარია, მეც ბედნიერი ვიყავი. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჩემი უმცროსი შვილი 7 თვის რომ გახდა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო. ბავშვს ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა, გულყრებიც. ხელში რომ მეჭირა, ისე უცებ შავდებოდა, რომ ძალიან ცუდად ხდებოდა. არ ვიცოდი, გამოსავალი როგორ მეპოვა.

გამოკვლევები რომ ჩავუტარეთ, ბავშვს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, ასევე, თავში კისტა აღმოაჩნდა. მითხრეს, რომ გონებრივად განვითარების პრობლემაც ექნებოდა. ეს დიდი სადარდებელი იყო ჩემთვის, ამას ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად ქმარმა მიმატოვა და დავრჩი ასე, ორი ბავშვით, მარტო. ასეთ მძიმე დღეებში, ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოვჩნდი. მან მიმატოვა სწორედ მაშინ, როცა არ ვიცოდი, გამოსავალი სად და როგორ უნდა მომეძებნა.

ქმარი გურული მყავდა, ამ ამბის შემდეგ მას შვილები არც კი მოუკითხავს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ბავშვი რეანიმაციაში იწვა და მაშინ მოვიდნენ ის და მისი ოჯახის სხვა წევრები, ერთი შეკვრა ბავშვის ჰიგიენური საფენები და ერთი მაწონი მოიტანეს, მას შემდეგ ჩვენკენ არც კი გამოუხედავთ.

როგორც ვიცი, მერე მან სხვა ოჯახი შექმნა და ეს შვილები აღარ ადარდებს.

არადა, ისეთ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში ვიყავი, ისე მიჭირდა, ჩემი ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო. ჩემს ავადმყოფ შვილზე სტატიებიც დაიწერა, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვიყავით და ვითხოვდით ხალხის დახმარებას. ეს ამბავი მათაც გაიგეს, მაგრამ არც მაშინ უცდია მამას თავის შვილს თუნდაც ერთხელ სიმბოლურად მაინც დახმარებოდა.

- ალიმენტს არ გიხდით?

- საქმე სასამართლოშიც შევიტანე განქორწინებაზე, მინდოდა, ალიმენტი მაინც დაჰკისრებოდა, მაგრამ განაცხადა, შემოსავალი არ მაქვს და თუ რამე მექნება, დავეხმარებიო, მაგრამ ერთი თეთრითაც არ დახმარებია ბავშვს. მე და ჩემი შვილები ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, თან დამლაგებლად ვმუშაობ და ასე ვარჩენ მათ, ასევე, ხალხის დახმარებით. სოციალური სტატუსიც მქონდა, მაგრამ ბინა გამოვიცვალე და მას მერე, დახმარება მომიხსნეს, ახლა ისევ ვაპირებ შეტანას, რომ ისევ დამინიშნონ. ჩემს შვილს პენსია აქვს და ერთჯერადი დახმარება გაგვიკეთეს.

ქუთაისის მერი მოვიდა და ეტლი გადმოგვცა, რაც დიდი შეღავათი იყო, რადგან გადაადგილება თამარს არ შეუძლია. ძალიან მადლიერი ვარ.

- უფროსი შვილი რამდენი წლის არის?

- უფროსი შვილი 18 წლის არის, მან ერთხელ დაურეკა მამამისს, ჰკითხა, თუ იცი, რამდენი წლის ვარო, შვილს ასაკიც კი ვერ უთხრა. ესაუბრა მამას და მას არანაირი რეაქცია რომ არ ჰქონდა, ამის მერე ჩემს გოგონას დარეკვაც აღარ უცდია. ის ძალიან განიცდის თავისი დის მდგომარეობას. თვითონ ძალიან კარგად სწავლობს, წარმატებული მოსწავლეა. ჩემი უმცროსი შვილი კი უკვე 13 წლის არის, ჩვეულებრივი ზრდა აქვს ბავშვს, მაგრამ არც გადაადგილება შეუძლია და არც საუბარი. ცოტათი დაჯდომა ისწავლა. მასაჟისტთან დამყავდა, დღის ცენტში, მაგრამ იქ ბევრჯერ მისცა შეტევა და ამის გამო, ვეღარ ვატარე. მერე მასაჟისტი სახლში დამყავდა, თუმცა არანაირი შედეგი არ მაქვს.

ახლა მინდა, გერმანიაში წავიყვანო, ეს არის ჩემი ოცნება, მაგრამ ამისთვის სახსრები არ გამაჩნია. ისევ ხალხის იმედად ვარ დარჩენილი, იქნებ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, შევძლო ამ სურვილის ასრულება და ჩემი შვილის მდგომარეობის ცოტათი შეცვლა. ძლივს გაგვაქვს თავი. თუ ვინმე რაიმეთი დაგვეხმარება, მაშინვე მასაჟისტთან გავრბივარ ან ბავშვისთვის წამალს ვყიდულობ, ან საჭმელს.

- თქვენ არ გყავთ მშობლები? არავინ გეხმარებათ?

- მყავს დედა და ის მეხმარება შვილის მოვლაში. ჩემთან ერთად, ნაქირავებში ცხოვრობს. ძმა მყავდა და 6 თვის წინ დამეღუპა, ეს ტკივილიც დაგვემატა. მამა გარდაცვლილი მყავს, წლების წინ თავიანთი პრობლემების გამო, ჩემმა მშობლებმაც გაყიდეს ბინა და დარჩნენ ისინიც უბინაოდ.

დედა სასაფლაოზე მუშაობს, საფლავებს ალაგებს და ის მეხმარება.

მუდმივად მე ვარ ბავშვთან, როცა სამუშაო, დასალაგებელი გამოჩნდება, ბავშვს დედასთან ვტოვებ და მე მივდივარ. ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს.

საზოგადოებას მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი დახმარებისთვის. 3 წელია, ჩემი გასაჭირი ყველამ გაიგო და როგორც შეუძლიათ, ისე მეხმარებიან. უფალმა ყველას ათასად დაუბრუნოს უკან ეს სიკეთე.

ახალი წელი მოდის და ყველა ამ ადამიანს მინდა, მადლობა ვუთხრა და მივულოცო ახალი წელი. ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა ყველას. ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს გასაჭირს და კიდევ დაგვეხმარება, ყველას ღმერთმა შეუწიროს ეს მადლი. მადლიანი ქართველების წყალობით, იქნებ შევძლო ჩემი თამარის ფეხზე დაყენება.

p.s. 13 წლის თამარ (თამუნა) მექვაბიშვილის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ამ ანგარიშებზე, ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში

GE05BG0000000746245000

თიბისი: GE28TB7388145064300016

მიმღები გაბუნია ასმათი.

პირადი ნომერი 60001048060

საქველმოქმედო ნომერი 0901701183 მხოლოდ ბილაინის აბონენტებს შეგიძლიათ ზარის გახორციელება.

(სპეციალურად საიტისთვის)