„ბუხრიდან რომ კვამლი გამოვა, ის ბუხარი აღარ არის“ - კვირის პალიტრა

„ბუხრიდან რომ კვამლი გამოვა, ის ბუხარი აღარ არის“

საქართველოში ბუხრის მსურველების რიცხვმა ძალიან მოიმატა და მებუხრეებსაც კარგი დრო დაუდგათ საკუთარი ხელობისა და მოგიზგიზე ბუხრების წარმოჩენისთვის. მებუხრის პროფესიაც პრესტიჟული ხდება. იმავდროულად, "ჭირი მოგჭამათ" ძველი ბუხრების ნგრევის ეპოქამაც.

მცხეთაში თითქმის 4 ათასწლეულის წინანდელი თიხის კერიებია აღმოჩენილი, სადაც კიდეც თბებოდნენ და კერძებსაც ამზადებდნენ. შემდეგ შუაცეცხლი ბუხრად გადაკეთდა, რომელიც უფრო კომფორტულიც იყო და კვამლითაც ნაკლებად შემაწუხებელი. დღეს ბუხარი კომფორტულობის სიმბოლოა, მით უფრო, რომ აშენება საკმაოდ ძვირია, 2-დან 50 ათას აშშ დოლარამდე ჯდება. შემკვეთს გააჩნია. თუმცა, როგორსაც უნდა ვიშენებდეთ, ყველა ბუხარს სჭირდება შეშა, რაც ასევე მეტად დაფასდა დღეს.

ახალგაზრდა მებუხრეები სანთლით ეძებენ ხანდაზმულ ოსტატებს, რათა მათგან ეს პროფესია უკეთესად შეისწავლონ. ასაკოვანი და გამოცდილი ოსტატები ბუხრის პროპორციებს თვალის შევლებითაც ადგენენ იმგვარად, რომ ბუხრიდან კვამლი არ გამოდიოდეს და არავის აწუხებდეს, ახალგაზრდებს კი ამისთვის ნახაზები სჭირდებათ, რაზეც მოხუცი მებუხრეები, ცოტა არ იყოს, ულვაშში იღიმიან. ასე ისწავლა საჩხერის სოფელ შალაურში მებუხრეობა რევაზ ბუსხრიკიძემაც. დღეს მას უამრავი ბუხრის შეკვეთა აქვს, მათ შორის თანასოფლელებისგან, რომლებმაც ოდესღაც ბუხრები დაანგრიეს და ახლა ძალიანაც ნანობენ. რევაზის "ხელში ჩაგდება" არც ისე ადვილია - საქართველოში ახალ მშენებლობებზე ყოველი მეოთხე ოჯახი ბუხარს იშენებს.

buxari2-1672245419.jpg

- როდესაც ხალხი ბუხრებს ანგრევდა, ასეთი ახსნა ჰქონდათ: ბუხარი ჭუჭყიანი და ზედმეტიც არის, ან სად უნდა ვიშოვოთ ამდენი შეშა, გარდა ამისა, ადგილს იკავებსო. ახლა ბუხრის ხელახლა აშენებაზე რას ამბობენ?

- არა მგონია, ბევრი ფიქრი იხარჯებოდეს იმის გაცნობიერებაზე, რატომ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა ბუხრის აშენება. მთავარია, მსურველს ფული ჰქონდეს, თორემ ბევრი მოფიქრებისთანავე მზად არის მიზიდოს აგური და ცემენტი და რამდენიმე დღე ბუხრის შენებისას მტვერში გაატაროს. დღეს კორპუსებშიც ბევრი აშენებს ბუხრებს, ზოგი რემონტის დაზიანებასაც არ ერიდება. რა თქმა უნდა, ჯობს ბუხარი სახლის აშენების პარალელურად გამართო, მაგრამ თუ ასე ვერ გაკეთდა, არც ბუხრის შემდეგ აშენებაა პრობლემა. ბუხრის გამართვას მხოლოდ 4-5 დღე სჭირდება.

- ბუხრებს ქალაქებში უფრო აშენებენ, ვიდრე სოფლებში?

- ერთნაირად. თუმცა საბოლოოდ დასრულებული ბუხრის ნახვა და ცეცხლის დანთების "ტესტი" ქალაქელ ბავშვებს უფრო ახარებთ. როდესაც კორპუსის სასტუმრო ოთახში ცეცხლი აგიზგიზდება, პატარებს ისეთი გაოცებული და გახარებული სახე აქვთ, ალბათ, იმიტომ, რომ ზოგიერთს აგუზგუზებული ცეცხლი მანამდე არ უნახავს.

- თუმცა ბავშვებს ბუხრის კვამლი არ უყვართ.

- ბუხრიდან რომ კვამლი გამოვა, ის ბუხარი აღარ არის. ჩემს პროფესიაში თუ გინდა საქმის შენარჩუნება, შენს აშენებულ ბუხარში კვამლი არ უნდა გამოდიოდეს. კვამლი ბუხრის ყელში უნდა ადიოდეს და იქიდან ზეცაში მიფრინავდეს.

- კლიენტი წინასწარ რით უნდა მიხვდეს, რომ მებუხრე სწორად არ აშენებს? ბუხარში კვამლი გამოვა და სახლში დადგება. ასეთ ბუხარს სჯობს არ გქონდეს...

- ცუდი ის არის, რომ ვერც ერთი კლიენტი მებუხრის შეცდომას წინასწარ ვერ მიხვდება, სანამ ბუხარში ცეცხლს არ დაანთებს. მებუხრე უნდა იყოს მცოდნე და პატიოსანი, თორემ ბუხარი დასანგრევი გახდება. თუ შემკვეთს მებუხრის აშენებული ბუხარი ნანახი არა აქვს, მის შენებაზე არავის ხელი არ უნდა მოაკიდებინოს.

- საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ბუხარს საახალწლოდ მისტიკური დატვირთვაც ჰქონდა. მაგალითად, გურიაში მეკვლე ბუხრიდან შეშას გამოიღებდა, ჩინჩხლებს დააყრევინებდა და იტყოდა, ღმერთო, იმდენი პირუტყვი და ფრინველი მოგვეცი, რამდენიც აქ ნაპერწკალიაო.

- ბუხარი, ალბათ, სწორედ მსგავსი ამბების გამო "ბრუნდება". რასაკვირველია, ყველამ მშვენივრად იცის, რომ ბუხრის ნაპერწკალივით ბევრი პირუტყვი ვერ ეყოლება, მაგრამ სიტყვასაც ხომ აქვს რაღაც ძალა! მე ასე მჯერა, თორემ იმდენი კომფორტული ტექნიკაა შემოსული, ბუხარი აღგვილი უნდა იყოს პირისაგან მიწისა. სამაგიეროდ და სამწუხაროდ, აღიგავა ქართული აგური. ბუხარი მხოლოდ აგურისგან შენდება, მაგრამ ქართულ აგურს აღარავინ აკეთებს. არადა, როგორც ვიცი, ქართული აგური ბევრ კუთხეში მზადდებოდა. ულამაზესი იყო აგურისგან აშენებული სახლებიც. დღეს ბუხარზე მოთხოვნის გაზრდის მიუხედავად, ქართული აგურის წარმოება არ აღორძინებულა.

- აბა, ბუხრებს რით აშენებთ?

- მეორადი ქართული აგურით. თუ ვინმემ რომელიმე აგურის ნაგებობა დაანგრია და იცის, რომ აგურს ფასი აქვს, ინახავს და ყიდის. ამასობაში, მეორადი აგურის ფასიც იზრდება და ბუხრისაც, ან უცხოეთიდან ჩამოტანილი აგურით ვაშენებთ,M მაგრამ ქართულთან ხარისხით ახლოს ვერ მივა.

- მგონი, ხანდახან გადაჭარბებით ვაქებთ ყველაფერს ქართულს.

- არა, ასე არ არის, ქართული აგური ბევრად ხარისხიანია. ცეცხლში კიდევ უფრო გამოიწვება და მყარდება. ქართველებს თიხის დამუშავების უძველესი ტექნიკა გვქონდა და რატომ არის გასაკვირი ქართული აგურის ხარისხიანობა?

- აღარ გავიკვირვებ. როგორც მებუხრე, ოდესმე თუ დაუპატიჟებიხართ თქვენს ნახელავ ბუხართან საქეიფოდ?

- თუ კლიენტის ოჯახს ვუახლოვდები, ასეთი რამეც ხდება. თუ არადა, შინ, საკუთარ ბუხართან თავად ვპატიჟებ ხალხს საქეიფოდ.

- ბუხართან ქეიფი დაბალ მაგიდას, ტაბლასაც ხომ ითხოვს?

- კარგია, ეგ თუ იქნება, მაგრამ მაღალი მაგიდაც გამოდგება. მთავარია, ბუხარი ღუღუნებდეს და შიგ მწვადი იწვებოდეს. ბუხართან ქეიფს განსაკუთრებული განწყობა სჭირდება. მთელი გულით და სულით უნდა გიხაროდეს ეს მომენტი, იმიტომაც არის ახალ წელიწადს ბუხართან ჯდომა კარგი. ამ დროს მთელი ოჯახი ჟრიამულობს. მიხარია, როცა ამ სურათს წარმოვიდგენ ხოლმე. იმიტომ კი არა, რომ ბუხრის სპეციალისტი ვარ, არამედ იმიტომ, რომ თუ ადამიანი ბუხარს აიშენებს, ესე იგი, სიმშვიდის მოყვარულია.

- რომელი შეშა იწვის ყველაზე კარგად ბუხარში?

- ჩემი აზრით, ბუხარში ყველაზე კარგად ხმელი კუნძი იწვის, რომელიც ნელა ღუღუნებს. ამ ღუღუნში თითქოს იმაზე ფიქრობ, როგორ უნდა შევირგოთ ცხოვრებისგან ჩვენი წილი სიხარული.