სიურპრიზები „ხელმარჯვე ოსტატისგან“ - კვირის პალიტრა

სიურპრიზები „ხელმარჯვე ოსტატისგან“

საახალწლო სუვენირები, კალათები, ხასხასა წიწვებითა და ყვავილებით შემკული მცენარეები, მინიატიურული თოვლის ბაბუები, ფრინველები თუ ცხოველები - ასეთია სამყარო "ხელმარჯვე ოსტატისა", რომელმაც მარცხი წარმატებად აქცია. ჩვენი სტუმარი ანა მოციქულაშვილი თავის კომპოზიციებსა და სუვენირებზე მოგვითხრობს.

ანა მოციქულაშვილი:

- ხელსაქმე ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ნივთების შექმნა ცოტა გვიან დავიწყე და მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო - საქმე, რომელიც მახარებდა. ყველანაირი ნივთი დამიმზადებია: თიხის ნაკეთობით დაწყებული, მძივებით ნაქარგით დამთავრებული. თავიდან ჩემი ნამუშევრები სააშკარაოზე არ გამომქონდა და მხოლოდ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ვჩუქნიდი. მერე ეს საქმე თანდათან ჩემი შემოსავლის წყაროდაც იქცა. ათიოდე წლის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ასე მოხდებოდა. 38 წლის ვარ, საქართველოში დავიბადე, მერე ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და როცა თბილისში დავბრუნდით, ბოლო კლასებში ვიყავი. დიპლომატიის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პროფესიით მხოლოდ ერთ წელიწადს ვიმუშავე, შემდეგაც სხვადასხვა პოზიციაზე, მაგრამ ნებისმიერი სამსახური დადებითი ემოციით კი არ მავსებდა, პირიქით, ენერგიას მაცლიდა.

- ნაკეთობების რეალიზაცია როდის გადაწყვიტეთ?

- შვიდიოდე წლის წინ მეგობარმა შემაგულიანა, არ გაინტერესებს, ხალხი შენს ნამუშევრებზე რას იტყვისო? სწორედ მან გადამაწყვეტინა მაღაზიის გახსნა და ჩემის ნამუშევრები სახალხოდ გამოტანა. ეს იყო პატარა მაღაზია, სადაც მარტო ჩემი ნახელავი არ იყიდებოდა, პროდუქციის ნაწილი უცხოეთიდანაც ჩამოგვქონდა. სამწუხაროდ, პანდემიამ მოგვისწრო და იძულებული გავხდით, მაღაზია დაგვეკეტა და მუშაობა ონლაინრეჟიმში უნდა გაგვეგრძელებინა, რასაც თანდათან შევეჩვიეთ და მაღაზია აღარ გავხსენით. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩBვენი ბიზნესი პანდემიის მერე უფრო განვითარდა. ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული ჩემი უფროსი შვილიც. 13 წლის ნიცა ჩემი ნამუშევრების ყველაზე ობიექტური შემფასებელია, უმცროსი კი 3,5 წლისაა და ისიც თავისებურად არის ჩართული ყველაფერში. რა თქმა უნდა, მეხმარებიან ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლო ნათესავებიც.

xelnaketi2-1672246082.jpg

- თქვენს სადღესასწაულო კალათებს სწრაფად ქმნით თუ დიდხანს ფიქრობთ მათ გაფორმებაზე?

- როდესაც ჩონჩხს ავაწყობ, დრო უნდა გავიდეს, რომ კიდევ შევხედო, მერე ფერადი კომპოზიციის შექმნას ვიწყებ და მანამ არ მოვეშვები, სანამ მე არ მომეწონება. შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაშიც დავაკვირდე, სხვა ფორმა მივცე, ფერები ან ზომები შევცვალო. შეიძლება ორი კალათი ერთნაირი ზომის ან ფორმის იყოს, მაგრამ იმდენად განსხვავებული დეკორაციით გავაფორმო, რომ საერთო აღარაფერი ჰქონდეთ. კალათებს, ყვავილებს, ბაჭიებს თუ საახალწლო სუვენირებს ჩემი დიზაინით ვქმნი სხვადასხვა მასალისგან: თექით, ლითონის ნაწილებით, ხის მასალით, პენოპლასტით, სხვადასხვაფერი ქსოვილით, წებოთი. ამ კომპონენტების გარეშე კომპოზიციების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.

- ნაკეთობებში ბუნებრივი მასალებიც მოჩანს, მათ აგროვებთ?

- დიახ, მცენარეულ კომპონენტებს: გირჩებს, რკოს თუ ბუნებრივ ხავსს ვაგროვებთ და ვამუშავებთ. ყველაფერი საქართველოს ტყეებშია ნაპოვნი. ზაფხულიდან მოყოლებული, სადაც კი წავალ და საინტერესო მასალას ვნახავ, ყველაფერს ვაგროვებ, რომ მერე კომპოზიციებში გამოვიყენო. ყოველთვის ვცდილობ ბუნებრივი მასალების ჩართვას. ნაძვების დასამზადებლად კოტონის ყვავილს ვიყენებ, რომელიც საქართველოში არ ხარობს, ამიტომ უცხოეთში ვუკვეთ. ასევე მარაოს ხეს, რომელიც ძალიან ლამაზი და სურნელოვანია. ბუნებრივთან ერთად ვიყენებ ხელოვნურ კომპონენტებსაც. ექვსი წელიწადია სუვენირებს ვამზადებ და მიხარია, რომ ბევრს მოსწონს. შობა-ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პატარა გალიები და ველოსიპედები. ბაჭიის წელიწადიაო და, ველოსიპედებზე შემომსხდარ ბაჭიებს ხშირად გვთხოვენ. სხვათა შორის, ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა მოიფიქრა და მათ ნაძვის ხის სათამაშოებად იყენებს. შარშან გამომიგზავნა ნაძვის ხის ფოტო, რომელიც ჩემი ველოსიპედებითა და გალიებით ლამაზად იყო მორთული.

- ყველაზე უჩვეულო სუვენირი რისგან შეგიქმნიათ?

- გადაყრილი თიხის ფეხსაცმელებისგან, რომელიც დავამუშავე, შევღებე და ლამაზი დეკორაცია შევქმენი. პატარა ციმციმაც დავამაგრე და მშვენიერი საახალწლო მანათობელი გამოვიდა. ვინც ნახა, ვერავინ მიხვდა, რომ ფეხსაცმელი ძველი და დაზიანებული იყო.

- მუშაობისას რას აქცევთ ყურადღებას?

- ჩვენს საქმეში ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ წინასწარ ვფიქრობ, რომელ ნივთს რა ფერი მოუხდება, როგორი ფოთლები ან ყვავილები. ზოგჯერ ყველაფერს შემკვეთის გემოვნების შესაბამისად ვაკეთებთ. თუ დამკვეთის სურვილია, ნებისმიერი სირთულის მოდელი შეგვიძლია დავამზადოთ: თოჯინებიც შეგვიკერია და სათამაშო სახლის მაკეტიც - გააჩნია, რას მოითხოვენ. ვცდილობთ ფასიც ხელმისაწვდომი იყოს.

წლების წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს უწყინარი ჰობი ჩემს ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცეოდა. ეს საქმე ისე შემიყვარდა, როდესაც ჩემს სუვენირებს ან კომპოზიციებს ვაკეთებ, დროს საერთოდ ვერ ვგრძნობ, შემიძლია ისე გავათენ-დავაღამო, რომ ვერც გავიგო.

- ალბათ, შობა-ახალი წლის დღეები თქვენთვის განსაკუთრებულია...

- რა თქმა უნდა, ამისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებით. სხვათა შორის, ჩვენი მომხმარებლები ემიგრანტებიც არიან, რომლებიც ხშირად გვეხმიანებიან და ვცდილობთ მათი შეკვეთა სწრაფად დავასრულოთ და საჩუქარი ადრესატს მივაწოდოთ.A ასე ულოცავენ ჩვენი ემიგრანტები ნათესავებსა და ოჯახის წევრებს დღესასწაულებს, დაბადების დღეებს, ნათლობას... ერთი შეკვეთა აფხაზეთიდანაც გვქონდა, როცა მასზე მუშაობა დავასრულეთ, არ ვიცოდით, როგორ მიგვეწოდებინა. ვინ არ ჩავრიეთ და მაინც გავგზავნეთ. რაც მთავარია, მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

- ქალბატონო ანა, შეიძლება ითქვას, მარცხი წარმატებად აქციეთ. რას უსურვებთ საახალწლოდ მას, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული და თავს უიღბლო, ხელმოცარულ ადამიანად მიიჩნევს?

- ხელის ჩაქნევა დიდი შეცდომაა. როდესაც ონლაინბიზნესი წამოვიწყეთ, სულ არ გვეგონა, რომ კლიენტებს მოვიზიდავდით. ყველა ნივთს ლამის გამადიდებელი ლუპით რამდენჯერმე ვამოწმებთ, რამე წუნი რომ არ ჰქონდეს, მისამართზე ისე ვგზავნით. ონლაინმუშაობა ბევრად რთული და საპასუხისმგებლოა, მაგრამ სასიამოვნოც: როცა მომხმარებელს შენი ნობათი მოსწონს და დადებით შეფასებას გიწერს, ძალიან სასიამოვნო განცდაა. ჩვენი პატარა გალერეაც გავხსენით, სადაც მსურველს შეუძლია ნამუშევრები დაათვალიეროს. მეამაყება, რომ შარშან პატრიარქის დაბადების დღეზე მისთვის მიძღვნილი საოჯახო კუთხე ჩვენი კომპოზიციებით იყო მორთული.

მინდა ახალი წელი მივულოცო ჩვენს ხალხს და ყველას ვუთხრა: ადამიანი თუ მოინდომებს და გულით იშრომებს, ყველა დაბრკოლებას გადალახავს და მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

ხათუნა ჩიგოგიძე