"მამას და ძმის ტყვეობის შესახებ რუსეთის ტელევიზიიდან გავიგეთ... შეიძლება ითქვას, რომ მამუკამ ბავშვობა გამოტოვა" - ნონა მამულაშვილი ოჯახზე, პირადსა და პოლიტიკაზე
ერთი შეხედვით მომხიბვლელი და ნაზი ქალბატონია, მაგრამ ფლობს საბრძოლო უნარებს, გავლილი აქვს სამხედრო მომზადება და კარგად ისვრის მიზანში. მას დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტი და მიღებული აქვს დოქტორის წოდება, ასევე, დამთავრებული აქვს ვესტმინსტერის უნივერსიტეტი და არის დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი. იგი ფლობს ექვს უცხო ენას, უყვარს მოგზაურობა და ახალი კულტურის გაცნობა, ჰყავს ფრანგი მეუღლე და ორი ქალიშვილი. პოლიტიკით ცოტა ხნის წინ, 2020 წელს დაინტერესდა, უფრო სწორად, პოლიტიკოსები დაინტერესდნენ მისით. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ნონა მამულაშვილი, სხვა ახალ სახეებთან ერთად, პარტიის განახლების მიზნით მიიწვია გუნდში. პოლიტიკაში მისი გამოჩენა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, საზოგადოება არა ერთხელ გახდა პოლიტიკურ ოპონენტებთან მისი დაპირისპირების მოწმე. რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მალევე დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის სტატუსით. 2023 წელს იმედიანად, კარგი ამბების მოლოდინში ხვდება. ამბობს, რომ რუსეთი აუცილებლად დაისჯება და საქართველოს ახალი შესაძლებლობები მიეცემა. უფრო ვრცლად, ცნობილ პოლიტიკოს ქალზე, რომელიც გენერალი მამისა და მეომარი ძმის გარემოცვაში გაიზარდა, მის ფრანგ მეუღლესა და ორ ქალიშვილზე ნონა მამულაშვილთან ინტერვიუში შეიტყობთ.
ნონა მამულაშვილი:
- მხიარული საახალწლო განწყობა ვერ ექნება ქვეყანას, რომელიც ევროპულ პერსპექტივას თვალსა და ხელს შუა კარგავს და რომლის შვილებიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, მაგრამ მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და შესაბამისად, რუსეთი დასავლეთის მხრიდან ძალიან მკაცრად დაისჯება. ეს საქართველოსაც მისცემს რუსეთის კლანჭებისგან დახსნის შესაძლებლობას. ეს არის ჩვენი ისტორიული, იშვიათი შესაძლებლობა, რომ გავთავისუფლდეთ რუსული გავლენებისგან. გაგვიმართლა, რომ ამის მომსწრენი ვიქნებით.
- ახალ წელს სად ან რა ვითარებაში ხვდებით?
- ალბათ, ოჯახურ გარემოში.
- როგორი დიასახლისი ხართ?
- კარგი დიასახლისი ვარ, უბრალოდ, ხშირად არ მეძლევა საშუალება, რომ ვისიამოვნო და ოჯახის წევრებიც ვასიამოვნო ჩემი დიასახლისობით. დედა მეხმარება, მეუღლეც, ჩემი შვილები - ლილი და სესილიც უკვე იმ ასაკში არიან, შეუძლიათ საკუთარი თავის მიხედვა.
- პოლიტიკა მათაც აინტერესებთ?
- პოლიტიკისთვის ჯერ პატარები არიან - 13 და 10 წლის. ის იციან, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, დანარჩენი - ჯერ ადრეა.
- თქვენ როგორი ბავშვი იყავით და როგორი იყო გარემო, სადაც პიროვნებად ჩამოყალიბდით?
- ოჯახური გარემო, სადაც ვიზრდებოდით, იყო ძალიან თბილი და მზრუნველი, ამავდროულად - პატრიოტული სულისკვეთებით სავსე. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვიყავით, როდესაც დედა და მამა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ. ჩვენც ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ქვეყნის სიყვარულს. ორივე 9 აპრილის მონაწილე იყო. მე და ჩემი ძმა, მამუკა მამულაშვილი ვუყურებდით, როგორ იბრძოდნენ ჩვენი მშობლები და ჩვენც ასე გავაგრძელეთ. ჩემი ბავშვობა რთულ 90-იან წლებს დაემთხვა. ჩემს ოჯახში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად განცდილი სიხარული მალე სამოქალაქო დაპირისპირებით გამოწვეულმა სევდამ შეცვალა. ჩემი მშობლები ძალიან განიცდიდნენ რუსეთის პროვოცირებით ქართველების დაპირისპირებას, ზვიად გამსახურდიას მდგომარეობას. მერე დაიწყო ავბედითი ომი აფხაზეთში და ამან მთელი ჩვენი მომავალი განსაზღვრა.
- რა შეგიძლიათ გაიხსენოთ აფხაზეთის ომთან დაკავშირებით?
- როგორც კი ომი დაიწყო, მამა - ზურაბ მამულაშვილი, ასევე ჩემი ორი ბიძა, მაშინვე წავიდნენ საბრძოლველად. სამწუხაროდ, ჩემი ბიძები პირველივე დღეებში დაეცნენ ბრძოლის ველზე. ეს ტკივილი ჩემთვის და ჩემი ძმისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივაცია გახდა.
- თქვენი ძმის მსგავსად, ომში წასვლის სურვილი არ გაგიჩნდათ?
- არა, დედას მარტო ვერ დავტოვებდი.
- მაშინ, როდესაც არც ტელეფონი იყო და სხვა დამაკავშირებელი საშუალება, ალბათ, რთული იყო მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.
- ძალიან რთული იყო. იშვიათად მამა ახერხებდა ფრონტის ხაზიდან დარეკვას. ძირითადად, ინფორმაციას ომიდან ჩამოსული ადამიანებისგან ვიღებდით. მამას და მამუკას ტყვეობის შესახებ სრულიად შემთხვევით რუსეთის ტელევიზიიდან და ისიც - რამდენიმე დღის დაგვიანებით გავიგეთ. მე და დედა ვხდებოდით პოლიტიკოსებს და ვარკვევდით, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა მათი ტყვეობიდან დასახსნელად. ასევე, შეხვედრები გვქონდა წითელ ჯვართან. სწორედ ამ ორგანიზაციის საშუალებით ვუგზავნიდით წერილებს ოჯახის წევრებს. მალე გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ მამა რუს მაღალჩინოსანში გაეცვალათ, მაგრამ ამაზე თავადვე არ დათანხმდა, თქვა, რომ მანამდე დარჩებოდა ტყვეობაში, ვიდრე მისი ბოლო ჯარისკაცი არ განთავისუფლდებოდა. შესაბამისად, როდესაც უკვე სოხუმი დაეცა და ყველა ყველაზე გაიცვალა, მამამაც მაშინ დააღწია ტყვეობას თავი.
- ზურაბ მამულაშვილი გენერალი იყო და ის სრულიად მომზადებული იქნებოდა ომისთვის. როგორი იყო ომიდან დაბრუნებული 14 წლის მამუკა?
- ძალიან შეცვლილი. შეიძლება ითქვას, რომ მამუკამ ბავშვობა გამოტოვა, 14 წლის ასაკში ის უკვე ზრდასრული, პასუხისმგებლობითა და ვალდებულებებით დატვირთული ადამიანი იყო. უკვე თავისი იდეები და მიზნები ჰქონდა.
- მარტივი ბავშვობა არც თქვენ გექნებოდათ.
- რა თქმა უნდა, არც მე მქონდა. ზოგადად, მგონია, ჩემი თაობიდან არავის ჰქონდა ნორმალური ბავშვობა. ან კი, როგორ უნდა გვქონოდა?! 90-იანმა წლებმა ყველა ქართველს დაასვა თავისი დაღი. ომიდან ომში, ქარტეხილიდან ქარტეხილში გვიწევდა გადასვლა და ეს ყველაფერი „ერთმორწმუნე“ რუსეთის „წყალობით“. მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ სიმძიმემ და სირთულემ გაგვაძლიერა, მოტივაცია მოგვცა, გაათმაგებული ძალებით გვებრძოლა იმ ძალის წინააღმდეგ, ვინც ჩვენ ამ დღეში ჩაგვაყენა.
- რთული პერიოდის მიუხედავად მაინც შეძელით განათლების მიღება.
- მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩამინერგეს, რომ თუ მინდოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი ვყოფილიყავი, განათლება უნდა მიმეღო. ჩემთვის და ჩემი ძმისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო განათლების მიღება. ამიტომ ამ საქმეს ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი დავუთმეთ. საქართველოს შემდეგ განათლების მიღება საფრანგეთში გავაგრძელეთ. რატომ ავირჩიე დიპლომატია? პოლიტიკას ორი განშტოება აქვს - დიპლომატია და სამხედრო გზა. ჩვენ ორი დედმამიშვილი ვართ, ჩემმა ძმამ სამხედრო გზა აირჩია, მე - დიპლომატია. ვფიქრობ, დავაბალანსეთ.
- ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალასთან - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა ან შემდეგ ამ გუნდიდან წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- პოლიტიკაში 2020 წელს მოვედი, მანამდე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. პოლიტიკაშიც და „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ჩემი მოსვლის მიზეზი ჩემი ქვეყნის რთული მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა, შემეძლო ქვეყნიდან წასვლა და საქართველოში მიმდინარე პროცესების შორიდან ყურება, მაგრამ მე ავირჩიე დავრჩენილიყავი და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლა.
- პარტიიდან თქვენი წასვლის და შემდეგ დაბრუნების მიზეზი რა იყო?
- პარტია იმიტომ დავტოვე, რომ სტაგნაცია დავინახე, მოძრაობა პოლიტიკისგან სრულიად დაცლილი იყო. როდესაც ვაშინგტონში მომიწია წასვლა, იქ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს შევხდი. მათ მითხრეს, რომ ოპოზიციაში ვერ ხედავენ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის პროდასავლური კურსისა და დემოკრატიული განვითარებისთვის რეალური ბრძოლა. დიახ, დასავლეთმა კარგად დაინახა, რაც არის „ქართული ოცნება“, მაგრამ ვერ ხედავს, ძალას, რომელიც ამ პოლიტიკურ ჯგუფს შეცვლის. ვინაიდან, პარტიაში არჩევნები გამოცხადდა, გადავწყვიტე თავმჯდომარეობისთვის მებრძოლა და გუნდისთვის რეალურ სტრატეგიაზე გათვლილი პოლიტიკა შემეთავაზებინა. საჭიროა რეჟიმის დამარცხების რეალური ხედვა, აპათიაში ჩავარდნილი ამომრჩევლის გააქტიურება და მათი დარწმუნება იმაში, რომ ხმების დაცვაც შეგვიძლია, სააკაშვილის გადარჩენაც და დასავლეთთან უფრო მყარი კონტაქტების დამყარებაც. აი, ეს არის მიზეზი, რის გამოც დავბრუნდი. თუმცა, ახლა საარჩევნო კამპანიაზე საუბარი ცოტა ამორალურად მეჩვენება. სააკაშვილს რომ რამე მოუვიდეს, მხოლოდ პარტიას კი არა, მთელ ქვეყანას შეექმნება ძალიან სერიოზული პრობლემა. ახლა მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ გამოსავალი, რომ სააკაშვილი ქვეყნიდან გავიყვანოთ. ჩემი აზრით, გამოსავალი არის იმაში, რომ უკრაინის ხელისუფლებას ვთხოვოთ, პირდაპირ რუსეთის ხელისუფლებას ელაპარაკოს სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნაზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილის განთავისუფლების გადაწყვეტილებას ზურაბიშვილი კი არა, ივანიშვილიც ვერ მიიღებს, ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა უნდა მიიღოს.
- ეს ინიციატივა უკვე არარეალურად მიიჩნიეს, მათ შორის თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც.
- აბა, ის არის რეალური, რომ სააკაშვილს ზურაბიშვილი გაათავისუფლებს?! ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები ამბობენ, რომ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, იმასაც ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მოსკოვიდან წამოსულ დავალებებს ასრულებს. ახლა თავად განსაჯეთ, ვის შეუძლია სინამდვილეში სააკაშვილის განთავისუფლება. ერთადერთი სწრაფი გამოსავალი არის ის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სააკაშვილი რუს ტყვეებში გაცვალოს. ეს, რა თქმა უნდა, კულუარულად მოხდება და არა - საჯაროდ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! შესაძლოა, უკრაინას ჰყავდეს ისეთი რუსი ტყვეები, რომელთა სააკაშვილში გაცვლა კრემლს უღირდეს. ამ ინიციატივას ჩემს გუნდშიც ჰქონდა მხარდაჭერა და იმ პარტნიორებსა და მეგობრებშიც, ვისაც უკრაინასა და დასავლეთში ველაპარაკებით.
- თქვენი პოლიტიკური ოპონენტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აგრესიული ხართ. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- აგრესიული არ ვარ, ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც უნდა იყოს პოლიტიკოსი. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად, რადგან მე ქალი ვარ, ჩემ მიმართ ხშირად გამოიყენებდნენ ისეთ ეპითეტს, როგორიც არის - აგრესიული. მამაკაცი რომ ვყოფილიყავი, ზუსტად ანალოგიურ ქმედებას ვაჟკაცობად ჩამითვლიდნენ.
- რა არის თქვენი ის თვისებები, რაც წარმატებაში ხელს გიწყობთ ან ხელს გიშლით?
- გულწრფელი ვარ. ბოლომდე მჯერა იმ საქმის სიკეთის, რასაც ვაკეთებ. ეს ძალიან მეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. რაც შეეხება უარყოფით ფაქტორს, ჯიუტი ვარ. თქვენ კი მითხარით, აგრესიული ხართო, მაგრამ სინამდვილეში არც აგრესიული ვარ და არც ფიცხი. მხოლოდ მაშინ გამოვდივარ მდგომარეობიდან, როდესაც რუსეთს დადებით კონტექსტში ახსნებს ვინმე. განსაკუთრებით, ის ადამიანები მაკარგვინებენ წონასწორობას, რომლებიც ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ორი სხვადასხვა რუსეთი არსებობს. რუსეთი არის ერთი და ის ერთი რუსეთი არის იმპერიალისტური, რომელსაც ქართველი ხალხისთვის არასდროს უნდოდა კარგი და არც არასდროს ენდომება.
- ოჯახმა, რომლისთვისაც ეროვნული ღირებულებები ასეთი მნიშვნელოვანია, ფრანგი სიძე როგორ მიიღო?
- ძალიან კარგად. მართალია, ჩემი მეუღლე - ორელიან ჟირო ფრანგია, მაგრამ ძალიან უყვარს საქართველო. უკვე 15 წელია, აქ ცხოვრობს, შესანიშნავად საუბრობს ქართულად და ბავშვებსაც აქ ვზრდით.
- როგორ გაიცანით?
- ჩემს სახლში, ჩემ მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც მეგობრები მყავდა მოწვეული, საერთო მეგობართან ერთად მოვიდა.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე