ირანული იარაღით, თურმე, უკრაინის არმიაც იბრძვის... - კვირის პალიტრა

ირანული იარაღით, თურმე, უკრაინის არმიაც იბრძვის...

მაშინ, როდესაც რუსები უკრაინულ ქალაქებს ირანული კამიკაძე-დრონებით - "შაჰიდებით" უტევენ, უკრაინელი მებრძოლები ირანული ნაღმსატყორცნებიდან რუსი ოკუპანტების სანგრებს ესვრიან და ზედ ირანში დამზადებულ ტყვიების ჯერებსაც აყოლებენ...

ომებში ბევრი უცნაურობა ხდება, მაგალითად, რუსები და უკრაინელები ბრძოლებში ერთმანეთს არ ინდობენ და, ამის პარალელურად, რუსული ნავთობი უკრაინის გავლით, მილსადენით ევროპაში უპრობლემოდ მიედინება, თანაც ისე, რომ მებრძოლი მხარეები განსაკუთებით უფრთხილდებიან და არ ბომბავენ ამ მილსადენს...

არანაკლებ უცნაურობად მოჩანს ის ფაქტიც, რომ, თურმე, უკრაინის არმია რუსი ოკუპანტების მოსაგერიებლად... ირანული წარმოების შეიარაღებასაც კი იყენებს...

გასული წლის ზაფხულიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო ირანში შესყიდული "შაჰიდის" ტიპის კამიკაძე-დრონების გამოყენება, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის მოულოდნელ, არასახარბიელო სიურპრიზად იქცა, თუმცა თავად რუსი ოკუპანტებიც ძალზე განცვიფრებულნი დარჩნენ, როდესაც უკრაინელების ნასროლ და მათ სანგრებთან აფეთქებულ ნაღმსატყორცნის ნაღმების ნამსხვრევებზე ირანული წარწერები ამოიკითხეს...

საიდან შეიძლება მოხვედრილიყო უკრაინის არმიის შეიარაღებაში ირანული წარმოების ნაღმსატყორცნის ნაღმები, "კალაშნიკოვის" ავტომატების ირანულიასლები და ვაზნები?

ირანი რომ არ მიჰყიდდა უკრაინას თავის შეიარაღებას, ამაში ეჭვის შეტანა ძალზე ძნელია, არც რომელიმე მესამე ქვეყნიდან ირანული იარაღის უკრაინაში რეექსპორტია დასაჯერებელი, გამომდინარე იქიდან, თუ რა დონის სიმკაცრის საერთაშორისო სანქციებია დაწესებული ირანის წარმოების შეიარაღების ექსპორტთან მიმართებაში, მაშინ რა გზით მოხვდა ირანული იარაღი უკრაინაში?

საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის საპატრულო ხომალდებმა არაბეთის ზღვაში რამდენჯერმე დააკავეს თევზსაჭერი გემები და ტანკერები, რომელთა ტრიუმებში გადამალული იყო ირანული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ნაღმსატყორცნები, ავტომატები, ტყვიამფრქვევები, საბრძოლო მასალა, რომლებსაც ირანიდან იემენელ ჰუსიტებს ფარულად უგზავნიდნენ...

მაგალითად, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა არაბეთის ზღვაში, ომანის სანაპიროსთან, დააკავეს და შეამოწმეს თევზსაჭერი სეინერი, რომლის ტრიუმებში გადამალული იყო ირანული წარმოების "კალაშნიკოვის" 1 400 ავტომატი და 226 600 ვაზნა, რომლის ადრესატი იემენში საუდის არაბეთის არმიასთან მებრძოლი ჰუსიტები გახლდნენ.

მანამდე, 2021 წლის 9 თებერვალს, ასევე არაბეთის ზღვაში დაკავებულ ორ ტანკერზე, სამალავებში აღმოაჩინეს "მიწა-ჰაერის" კლასის 171 რაკეტა და რვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა...

ერთი თვის წინ კი აშშ-ის მე-5 ფლოტმა კვლავ გამოიჩინა თავი და ირანიდან იემენში გაგზავნილ სათევზაო სეინერში უკვე მილიონზე მეტი ვაზნა, 7 ათასი ასაფეთქებელი რაკეტის ქობინებისთვის და ორ ტონაზე მეტი თხევადი სარაკეტო საწვავი აღმოაჩინა...

რას უშვებიან ამერიკელი სამხედროები იემენი ჰუსიტებისთვის ირანიდან გაგზავნილ და შემდგომში კონფისკირებულ იარაღსა და საბრძოლო მასალას?

აქამდე, როგორც წესი, ანადგურებდნენ, მაგრამ ერთი წლის წინ მსოფლიოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ამ საუკუნის ყველაზე დიდი ომი წამოიწყო, შესაბამისად, ამერიკელმა სამხედროებმაც შეცვალეს თავისი დამოკიდებულება კონფისკირებულ ირანულ შეირაღებასთან მიმართებაში და მას განადგურების ნაცვლად ახარისხებენ და შემდგომ უკრაინის არმიას უგზავნიან სამხედრო დახმარების სახით, მით უმეტეს, რომ ირანული საბრძოლო მასალა, ძირითადად, საბჭოთა სტანდარტისაა და გამოდგება იმ იარაღისთვის, რომლითაც უკრაინის არმია რუს ოკუპანტებს ებრძვის.