"მეორე პროფესიად სწორედ არქიტექტურას ავირჩევ" - ვინ არის ბათუმელი ბიჭი, რომელმაც 100 ათასი ასანთის ღერისგან გემის მაკეტი შექმნა
„ჩემამდე, ასანთისგან სამ კვირაში თვითმფრინავი არავის გაუკეთებია, არც საქართველოს და არც მსოფლიოს მასშტაბით“, - გვეუბნება 19 წლის ბათუმელი ალექსანდრე აბუსელიძე, რომელმაც თავისი ნამუშევრის, 100 ათასი ასანთის ღერისგან აწყობილი საკრუიზო ლაინერის მაკეტის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. რაც შეეხება ნამუშევარს, ის მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. დღეს ალექსანდრე "კვირის პალიტრის" მკითხველს თავად მოუყვება თავის ნამუშევარზე და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზეც გვიამბობს.

ნახაზის გარეშე შექმნილი მაკეტების უკან, სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი დგას. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო:
"youtube-ზე ნანახი ვიდეოს შემდეგ ვიფიქრე, მეც შევძლებდი ბევრად მასშტაბური მაკეტის შექმნას და ასეც მოხდა. ამ დროისთვის რვა კონსტრუქცია ავაშენე, 100 000 ასანთის ღერისგან შექმნილი საკრუიზო ლაინერი კი მათ შორის ყველაზე დიდია“.
- მაკეტის შექმნის პროცესი საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, როგორ ახერხებ სწავლასთან ერთად მუშაობას?
- მედიტაცია, განტვირთვა - ასე აღვიქვამ მუშაობის პროცესს. დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, დღეში მხოლოდ 2-3 საათს ვუთმობდი კონსტრუქციებს. სწავლის გარდა, მერიაშიც ვმუშაობ ახალგაზრდულ პროექტებზე.
- რა არის მაკეტის შექმნის პროცესში ყველაზე დიდი სირთულე?
- სიზუსტე და ნებისყოფა, პატარა დეტალებიც კი მნიშვნელოვანია, ამიტომ სიმეტრიის დაცვა სრულყოფილი მაკეტის შესაქმნელად აუცილებელია.

- გაქვს თუ არა გამორჩეული ნამუშევარი, რომელსაც ვერასდროს შეელევი?
- ერთ-ერთი ავიაკომპანიის თვითმფრინავზე მუშაობისას მივხვდი, რომ ამ საქმეში ძალიან განვვითარდი. 21 000 ღერისგან შექმნილი კონსტრუქცია სამ კვირაში დავასრულე, ეს ჩემი პირადი რეკორდია.
- გაქვს თუ არა ჰობის პროფესიად ქცევის სურვილი?
- ვფიქრობ, მეორე პროფესიად სწორედ არქიტექტურას ავირჩევ. ჩემი მიზნების ნაწილიც მას უკავშირდება. ვაპირებ SpaceX-ის რაკეტის აწყობას. გეგმა ასეთია: კოსმოსური ხომალდი იქნება ჩემი სიმაღლის - 170 სმ-ის, რაც ამ დროისთვის, რეკორდული ზომაა.
ალექსანდრემ ინტერესთა ობიექტების ძიებისას ბევრი რამ სცადა, მათ შორის - მზარეულობა და მეტეოროლოგია, ბოლოს არქიტექტურაზე შეჩერდა და ახლა ასანთის ღერებით ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მცდელობების უწყვეტ ნაკადში ახალი მიზანი გაუჩნდა - გინესის რეკორდსმენთა სიაში საკუთარი ადგილის მოპოვება. წარმატებებს ვუსურვებთ მას ამ გზაზე.
(სპეციალურად საიტისთვის)
ნინი ქობალია