"ვლაპარაკობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...“
ურთულესი 2022 წელი მოვიტოვეთ უკან. მსოფლიოს, კორონავირუსული პანდემიის კვალდაკვალ, თავს ახალი უბედურება დაატყდა - 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და ევროპის შუაგულში ომი გააჩაღა. არანაკლებ რთული აღმოჩნდა ეს წელიწადი საქართველოსთვისაც, რომელმაც უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, სწორედ ომით შეცვლილი რეალობის გამო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დაჩქარებული წესით მოითხოვა, თუმცა ამ ორი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველომ უარი მიიღო... მაშ ასე, გადავხედოთ 2022 წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენი რუბრიკის პრიზმაში.
"ვლაპარაკობთ უკრაინაზე, ვგულისხმობთ საქართველოს...“
ხათუნა ლაგაზიძე: - 2008 წლის ომის დასრულებისთანავე ვამბობდი, თუ დასავლეთმა ზუსტად არ შეაფასა ის, რაც საქართველოში მოხდა და თან შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა, ეს უახლოეს წლებში რუსეთის აგრესიას ევროპის მიმართულებით გააფართოებს-მეთქი. სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მოხდა... როცა ვლაპარაკობთ რუსეთ-უკრაინის ომის საერთაშორისო სამართლის განზომილებაზე, შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც აკეთებს რუსეთი, აუხსნელია როგორც სამართლის, ისე საერთაშორისო ურთიერთობის ნორმებით. რუსეთის მოქმედებაში რაციონალური საფუძვლის პოვნა ძალიან ძნელია. არც 2008 წელს ჩანდა საქართველოს ნატოში მიღების ნიშანწყალი, თუმცა საქართველოში შემოიჭრა. გავიხსენოთ პუტინის განცხადება უკრაინაში შეჭრამდე, რომ უკრაინა თურმე ყოფილა ხელოვნური წარმონაქმნი, რითაც მან უკრაინული სახელმწიფოს ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დააყენა. ამ ნარატივის დამკვიდრებას კრემლი წლებია ცდილობს. ეს თავის დროზევე უნდა ყოფილიყო დასავლური ქვეყნებისთვის განგაშის ნიშანი, რადგან ამით, ფაქტობრივად, ამბობდნენ, რუსეთის იმპერია უნდა დაბრუნდესო. აქედან გამომდინარე, რუსეთის გათვლით, უკრაინის მის ორბიტაზე დამაგრებით ან საერთოდ შეერთებით, დაიწყებდა იმპერიის რეანიმაციას… - როგორც ჩანს, კრემლს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი საზოგადოება გაიხლიჩებოდა, აირეოდა; მათ ჰქონდათ 2014 წლის მაგალითი, როდესაც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი გადავიდა რუსეთის მხარეს, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს პირველი შოკის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის დაცვა. როგორც ჩანს, ელოდნენ, რომ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა სიხარულით შეხვდებოდა, რუსულ ტანკებს ყვავილებით შეეგებებოდა, რაც არ მოხდა. როგორც ვხედავთ, უკრაინაში ძალიან მაღალი ყოფილა სახელმწიფოებრიობის განცდა და სამოქალაქო თვითშეგნება. უკრაინის თითოეული მოქალაქე, ეროვნების მიუხედავად, იბრძვის სამშობლოს გოჯი მიწისთვის. ბლიცკრიგი რუსეთს არ გამოუვიდა. რუსეთი აშკარად შეცდა უკრაინელი საზოგადოების შეფასებაში და პირველი, ვისგანაც მიიღო დიდი წინააღმდეგობა, თანაც არმიაზე არანაკლები, ეს იყო სწორედ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი კრიზისი, რასთანაც ევროპასა და მთელ მსოფლიოს უწევს გამკლავება... აქვე ვიტყვი, ვლაპარაკობთ უკრაინაზე, მაგრამ ვგულისხმობთ საქართველოს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, რიკოშეტის პრინციპით ეს ყველაფერი საქართველოსაც აუცილებლად მოსწვდება, მეორეც, თუ უკრაინაში კრემლს ეს ყველაფერი გაუვიდა, შემდგომი სწორედ ჩვენ ვიქნებით და არა მხოლოდ ჩვენ...
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, თუმცა აღიარეს ჩვენი ევროპული პერსპექტივა...“
გიორგი გობრონიძე: - საქართველომ, სამწუხაროდ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, თუმცა აღიარეს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ასევე ცნობილი გახდა, რომ სტატუსის მინიჭებისათვის საქართველომ უნდა შეასრულოს ის ძირითადი 12 რეკომენდაცია, რაც მითითებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ ევროკომისიის დასკვნაში. ევროკომისია 12 პუნქტის შესრულებას არა 2022 წლის დეკემბერში, არამედ 2023 წელს შეაფასებს, რაც საქართველოსთვის სათანადო დროის მიცემის საჭიროებით აიხსნა. ამ 12 პუნქტში უაღრესად ფუნდამენტურ ცვლილებებზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს ვალდებულებები საქართველოს აქამდეც ჰქონდა ნაკისრი, შესაბამისად, მისი შესრულების აუცილებლობა ხელისუფლებას ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერისას უნდა გაეაზრებინა. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველო თავისი მოსახლეობით, პოლიტიკური ელიტით, ეკონომიკითა თუ სოციალური გარემოთი უნდა დაუახლოვდეს და გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, ამ პროცესის გაუაზრებლობა ამდენ ხანს და თითქოს დღეს აღმოჩენა, რომ თურმე საარჩევნო გარემოა შესაცვლელი, სასამართლო რეფორმა გასატარებელი და ასე შემდეგ, არასერიოზულია. ეს აჩვენებს ხელისუფლების დილეტანტობას, მოუმზადებლობას ან რეფორმების გასატარებლად ნების უქონლობას. ყველაფერი: ხელმოწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ვერბალური დაპირისპირება დასავლეთთან თუ ბრალდებები ქმნის დაპირისპირების უზარმაზარ დიაპაზონს საქართველოსა და მის მოკავშირეებს შორის. ამ ყველაფრისგან ძალიან საეჭვოა ევროკავშირი დაზარალდეს, მაგრამ აუცილებლად დაზარალდება საქართველო, რომელსაც გარდა იმისა, რომ ვალდებულებები აქვს ნაკისრი, ამასთანავე, ათობით მილიონი დახმარება გამოეყოფა ევროკავშირისგან არა მარტო რეფორმების გასატარებლად, არამედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თუ დახმარება საქართველოს შეუწყვიტეს, ეს აისახება უპირველესად რიგით მოქალაქეებზე და იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი არა მარტო პოლიტიკური ელიტისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებისთვისაც. თუ გავიხსენებთ ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე შეკრებილთა რაოდენობას და სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს გააზრებული აქვს ევროკავშირის სიკეთე, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ცვლილებებისთვის მოქმედების არეალი თითქოს გადაკეტილი აქვს იმ მწირი და ხშირად მიუღებელი არჩევანით, რასაც დღეს ე.წ. პოლიტიკური ბაზარი სთავაზობს.
"ბირთვული ომის საფრთხით პუტინმა სცადა დასავლეთის დაშანტაჟება...“
თორნიკე შარაშენიძე: - მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორია - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის კუთვნილებად გამოაცხადა და შესაბამის ხელშეკრულებებს 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. პუტინის ქცევა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, მაგრამ მათგან ორი უნდა გამოვყოთ: პირველი - მას მართლაც სურს უკრაინაში ბოლოდროინდელი სამხედრო მარცხი გადაფაროს და საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს, რომ ე.წ. სპეცოპერაცია მაინც წარმატებულია და რუსეთის ტერიტორიას აფართოებს. მეორე და ჩემი აზრით, უფრო სახიფათო მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ნაწილად გამოცხადების შემდეგ პუტინი ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნება. მოგეხსენებათ, რუსული კანონმდებლობით, ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს, თუ მის ტერიტორიას თავს მტერი დაესხმება. მეც იმ სკეპტიკოსთა შორის ვარ, ვინც მიიჩნევს, რომ პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე და ფრონტზე გარდატეხის შეტანა სცადოს. ის ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ამ ვითარებაში მისი კოზირი ის იქნება, რომ კიდევ უფრო თავზე ხელაღებულის იმიჯი შეექმნება. ამან შეიძლება შეაშინოს დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპის ნაწილი, და უკრაინას კომპრომისისკენ უბიძგონ. მოკლედ, პუტინმა სცადა დასავლეთის დაშანტაჟება, თუმცა ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოუვიდა…- თუ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ეს ვერ ჩაითვლება ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება. ამიტომ რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ნატო. ვფიქრობ, ამის შემდეგ კიდევ უფრო უკომპრომისო გახდება დასავლეთი რუსეთის მიმართ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამის პასუხად ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვს ბირთვულ რაკეტას არ ესვრის...
"ხელისუფლების პროპაგანდამ "აბა, ომი გინდათ" გავლენა მაინც მოახდინა ჩვენი საზოგადოების ნაწილზე“
გია ხუხაშვილი: - უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაშივე გამოჩნდა, რომ რუსეთს ეს ომი წაგებული ჰქონდა სამხედრო-სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საინფორმაციო თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც რუსეთს შანსს უტოვებდა, რომ ომი ეწარმოებინა, იყო სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა, რაც დღეს აღარ აქვთ.
რუსეთს ამის მოსაგებად არგუმენტი აღარ დარჩა, ახლა ყველაფერი დროის და რესურსების ამბავია. ჩვენი ხელისუფლების გამო კი ძალიან ვწუხვარ - ის მეტად ტრაგიკულ მდგომარეობაშია. "ქართული ოცნების" პროგნოზით, რუსეთი უკრაინას მალევე დაამარცხებდა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო რისკების თავიდან აცილების მცდელობა, მაგრამ ამგვარი გათვლითა და მასზე დამყარებული პოლიტიკით დაიზიანეს თავი და დააზარალეს ქვეყნის ინტერესებიც. ხელისუფლების ანალიზი და პროგნოზი იმდენად მცდარი და ბრიყვულია, აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც იძულებული არიან სწყინდეთ მოყვასის გამარჯვება. ამ აბსურდულ ვითარებაში ჩაიგდეს თავი, ვეღარ გამოდიან და კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან ჭაობში. გადასხეს დესანტი და რაღაც ანტიდასავლური ბუშტი შექმნეს, რომელიც ჯერ ტრიო იყო, ახლა უკვე ნონეტია.
ივანიშვილი სულ თავს იწონებდა, რომ მოვლენების სწორი ანალიზი შეეძლო, მაგრამ დღეს, ამ ანალიზისა და მცდარი პროგნოზის შედეგად ჩვენი ხელისუფლება სადღაც ჯანდაბაშია... ის, რომ ხელისუფლებამ რუსეთის მარცხთან ერთად შეიძლება პოზიცია შეიცვალოს, რეალურია, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მაქვს განცდა, რომ მათში რუსეთის უძლეველობის მითი ძალიან ღრმად არის გამჯდარი. ეს შეიძლება რაღაც მენტალური ტრავმის შედეგიც იყოს. რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, ჩემი აზრით, პროპაგანდამ "აბა, ომი გინდათ" გავლენა მაინც მოახდინა საზოგადოების ნაწილზე, თანაც ხელისუფლების ანტიდასავლური დესანტის გაძლიერების ახალ-ახალ მცდელობებს ვხედავთ. თუმცა რიტორიკა ოდნავ შეცვალეს, დასავლეთთან რაღაც კომუნიკაციის დამყარებასაც ცდილობენ, მაგრამ ხელისუფლებაში უკვე იმ ტიპის სისტემური პრობლემებია, რომ რუსეთზე დასავლეთის გამარჯვების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ვეღარც წარმომიდგენია.
"არეულობა „ნაციონალურ მოძრაობაში"
ვახტანგ ძაბირაძე: - ის, რომ "ნაცმოძრაობაში"“გავლენის ჯგუფები არსებობს, ახალი არ არის. უბრალოდ, ეს უფრო საჯარო გახდა. "ნაცმოძრაობის" გულშემატკივარი 2004 წლიდან აღარ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის კარგი იქნება, თუ შეინარჩუნებს ერთიანობას. არჩევნები დემოკრატიული პროცესია და ეს პრობლემა არ არის, არც გავლენის ჯგუფების არსებობა მიმაჩნია ტრაგედიად, მით უფრო, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდნენ და, ფაქტობრივად, დამალული აღარაფერია. ყველამ იცის, რომ ხაბეიშვილის უკან კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ჯგუფები დგას, მელიას კი თავისი ჯგუფი ჰყავს, რომელიც შედგება უფრო რაციონალურად მოაზროვნე პირებისგან. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რაც პოლიტიკურ სივრცეში სიახლეც იქნება და წაადგება კიდეც პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას - პარტიაში დაპირისპირებული მხარეები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ, რომ ისინი ენდობიან საარჩევნო კომისიას პარტიაში და დაემორჩილებიან არჩევნების ნებისმიერ შედეგს. თუ ასე მოხდება, პრობლემას ვერ ვხედავ ამ პროცესში. თუ ეს დასრულდა პარტიის გახლეჩით, ამაზე ვერ ვიდარდებ, მაგრამ პოლიტიკურ ვითარებას ნამდვილად არ წაადგება. ზოგადად კი იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემებისადმი მგრძნობელობა. არ ცდილობენ სწორედ ამ გადმოსახედიდან დაინახონ პროცესები და შეაფასონ,…ყველაფერი წყალმაც წაიღოს, თუ ჩემი პოლიტიკური ინტერესი არ კმაყოფილდება - აი, ამგვარია ჩვენი პოლიტიკოსების დამოკიდებულება პროცესებისადმი.
„ის, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, აბსოლუტური ანომალიაა"
თენგიზ ფხალაძე: - ვერ შევაფასებ ვერც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვერც იმ სამართლებრივ გარჩევაში ჩავერთვები, უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა თუ არა... ერთი რამ შემიძლია ვთქვა - სააკაშვილი, მიუხედავად მასთან არსებული უამრავი პრეტენზიისა, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის, რასაც ვუყურებთ, არანაირად არ ამშვენებს საქართველოს. მეტიც, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს საქართველოში მართლმსაჯულების, შერჩევითი სამართლისა და ბევრი სხვა საკითხის შესახებ. მოკლედ, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც საქართველომ ღირსეულად უნდა უპასუხოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არა აქვს უფლება აღძრას საქმე ყოფილ პრეზიდენტზე თუ სხვა თანამდებობის პირზე, მაგრამ ყველაფერს სჭირდება სწორად გაკეთება. საფრანგეთში ექსპრეზიდენტ სარკოზის საქმეზეც იყო სასამართლო პროცესი, მაგრამ არ ყოფილა ასეთი დრამატული, როგორიც სააკაშვილის. არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყველა საქმის წარმოება შეიძლება ისე, რომ ქვეყნის ავტორიტეტი და ღირსება არ შეილახოს. არ შეიძლება საქართველო ამდენი წლის მერეც წარმოადგენდეს სახელმწიფოს, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ვერაფერი ისწავლა. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს დაწყებული პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობით, მისი გაგდებითა და ტრაგიკული აღსასრულით, მეორე პრეზიდენტის, ფაქტობრივად, შინაპატიმრობით და ახლა მესამე პრეზიდენტის ამგვარი პატიმრობით დამთავრებული... მე-4 პრეზიდენტთან დაკავშირებულ ბატალიებზე აღარ ვილაპარაკებთ, აგერ მოქმედი პრეზიდენტის მიმართაც არანაკლებ არასწორ დამოკიდებულებას ვხედავთ - ხელისუფლების სხვადასხვა შტო ხშირად ძალიან ბევრის უფლებას აძლევს თავს და თითქმის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ის, რაც დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, აბსოლუტური ანომალიაა, რაც სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის. გააგრძელეთ კითხვა