"ამერიკული "ლენდ-ლიზი" უკრაინისათვის დღემდე არ მუშაობს. რატომ?" - BBC
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი ნიუსმა" (BBC news) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ამერიკული "ლენდ-ლიზი" უკრაინისათვის დღემდე არ მუშაობს. რატომ?" (ავტორი - ოლეგ ჩერნიში), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებული სიტუაცია, ერთმანეთთანაა შედარებული მეორე მსოფლიო ომისდროინდელი და თანამედროვე "ლენდ-ლიზი".
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"თითქმის ნახევარ წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს "ლენდ-ლიზის შესახებ უკრაინისათვის". სიმბოლურია, რომ ხელმოწერის დღედ 9 მაისი იქნა არჩეული, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონი დღემდე არ ამუშავებულა.
რატომ?
დოკუმენტი, რომლის სრული სახელწოდებაა "კანონი ლენდ-ლიზის შესახებ უკრაინაში დემოკრატიის დაცვისათვის 2022 წელს", აშშ-ის კონგრესში განხილვა-დამტკიცებისათვის ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იქნა შეტანილი, 2022 წლის იანვარში. 3 მაისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმების უმრავლესობით (მომხრე - 417, წინააღმდეგი - 10) კანონი დაამტკიცა, მანამდე კი იგივე დაადგინა სენატმაც.
ვარაუდობდნენ, რომ კანონი ისე იმუშავებდა, როგორც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი "ლენდ-ლიზი" მუშაობდა, როცა ამერიკა უწყვეტად ამარაგებდა თავის მოკავშირეებს, კერძოდ, საბჭოთა კავშირს - შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სურსათით, წინასწარი გადახდის გარეშე და ხანგრძლივი გადავადებით.
"კანონი, რომელსაც დღეს ხელი მოაწერეთ, ისტორიულ ნაბიჯს წარმოადგენს. მჯერა, რომ ერთად გავიმარჯვებთ და დემოკრატიას დავიცავთ უკრაინაშიც და ევროპაშიც - ისე, როგორც 77 წლის წინათ", - საჯაროდ მადლობა უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს 2022 წლის 9 მაისს.

მაგრამ აშშ-ში თავისი ვიზიტის დროს, 21 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტს ამ საკითხზე საჯაროდ არ უსაუბრია. ახალი ლენდ-ლიზი ჯერჯერობით ისე არ ამუშავებულა, როგორც მუშაობდა რუზველტის, ჩერჩილისა და სტალინის დროს.
ამ კანონის არსი, ფაქტობრივად, შემდეგშია: აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია ქვეყნის მთავრობას უფლებამოსილება მიანიჭოს - გასცეს იჯარით თავდაცვის საშუალებები უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიით დაზარალდნენ, მათი თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად და სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად.
ასეთი სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიუროკრატიულ პროცესს, რომელიც, ჩვეულებრივ, თან ახლავს იარაღით ვაჭრობას. ამ შემთხვევაში ამერიკული იარაღი, გარკვეული დროით გამოყენების მიზნით, შეიძლება იჯარით გადაეცეთ უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს.
მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის ხელისუფლება, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ არ არის დაინტერესებული "ლენდ-ლიზის" პროცედურის გაშვებით იმდენად, რამდენადაც აშშ-ის ხელისუფლება ჯერჯერობით იარაღს წინასწარი პირობებისა და გადახდის გარეშე არ იძლევა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო განმარტავს, რომ "ლენდ-ლიზის" კანონით მიწოდებული პროდუქციის მოცულობა პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის ფინანსურ შესაძლებლობებზე: "ჩვენი ამერიკელი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ უკრაინელები ამჟამად ყველაზე მაღალ ფასს იხდიან თავისუფლებისათვის ბრძოლაში, იხდიან თავისი სისხლით, არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ - ყოველი ევროპელისთვისაც. არასაკმარისი დახმარება ან მისი არაეფექტიანობა ფატალურ შედეგებს გამოიწვევს მთელი დემოკრატიული მსოფლიოსათვის", - თქვა მან უკრაინის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში.
თეთრ სახლში ადასტურებენ ასეთ პოზიციას: ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ამბობს, რომ ამ დროისთვის ამერიკისთვის პრიორიტეტული ისეთი დახმარებაა, რომლისთვისაც უკრაინის მხრიდან ანაზღაურება არ ხდება.
ამჟამად უკრაინისათვის იარაღის მიწოდება აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან სამი პროგრამით ფინანსდება: "უკრაინის უსაფრთხობის უზრუნველყოფის ინიციატივით" (USAI), "საგარეო-სამხედრო დაფინანსებით" (FMF) და "აშშ-ის იარაღის რეზერვების შევსებით".
USAI-სთვის, რომელიც კიევისათვის იარაღის მიწოდების ძირითად პროგრამას წარმოადგენს, კონგრესმა 23 დეკემბერს 800 მილიონი დოლარი გამოჰყო. საერთო მოცულობით კი ვაშინგტონი უკრაინისათვის 2023 წელს 54 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
ბევრია ეს თუ ცოტა? შედარებისათვის: 2021-22 წლებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინის არმიისათვის (მხოლოდ იარაღისათვის) 12 მილიარდი დოლარი გამოჰყო.
რა ღირს დახმარება?
გასაგებია, რომ სანამ "ლენდ-ლიზის" პროგრამა უკრაინისათვის არ ამოქმედდება, ყოველი ფინანსური პროგნოზი ნაადრევი იქნება. ასევე, ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა სახის იარაღს მიიღებს კიევი.
უკრაინის ხელისუფლება უკვე დღესვე ასახელებს იმ შეიარაღებას, რომლის მიღება ძალიან უნდა - სასურველია "ფანტომის" თვითმფრინავები (F-16 ან F-15), აგრეთვე - "აბრამსის" ტანკები.
აუცილებელია აქვე ვთქვათ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, "ლენდ-ლიზის" კანონის მიხედვით, საბჭოთა კავშირს ამერიკა იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიებით დამზადებულ სამხედრო თვითმფრინავებს აწვდიდა.
ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია "ლენდ-ლიზის" როლის შემცირების მიზნით, მაგრამ კრემლი მაინც იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ჰაერში გაბატონება საბჭოთა ავიაციამ ამერიკული ავიაგამანადგურებლის - "აეროკობრას" (Bell P-39 Aircobra) დახმარებით მოახერხა.
ვაშინგტონმა იმ დროს მოსკოვს ამ ტიპის ყველა თვითმფრინავი - 5 ათასი ერთეული - გადასცა. სწორედ "აეროკობრათი" იბრძოდნენ გერმანული "მესერშმიტების" წინააღმდეგ ცნობილი საბჭოთა "ასები". მაგალითად, მფრინავმა ალექსანდრე პოკრიშკინმა (შემდგომში - ავიაციის მარშალმა) "კობრას" მეშვეობით 48 საჰაერო დუელი მოიგო.

"აეროკობრებს" ამერიკა საბჭოთა კავშირს საკმაოდ ოპერატიულად აწვდიდა - პირველი ამერიკული თვითმფრინავები აღმოსავლეთის ფრონტზე "ლენდ-ლიზის" კანონის მიღებიდან რამდენიმე თვეში, 1941 წლის დეკემბერში გამოჩნდნენ.
თვითმფრინავების გარდა ამერიკა თავის მოკავშირეებს ამარაგებდა ტანკებით, საზღვაო ხომალდებით, ავტომანქანებით, არტილერიით, გზების მშენებლობისთვის საჭირო მასალებით, სამხედრო ტანსაცმლით, სურსათ-სანოვაგით, რადიოსადგურებით, ჩარხებით, ვაგონებით, ნავთობპროდუქტებით, დენთით და სხვა პროდუქციით.
სულ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირს მიაწოდა თითქმის 15 ათასი თვითმფრინავი, 7 ათასი ტანკი და 131 ათასი ტყვიამფრქვევი.

ასეთმა მნიშვნელოვანმა მატერიალურმა დახმარებამ მოკავშირეთა ჯარებს ხელი შეუწყო გერმანიასთან ომში გარდატეხა მოეხდინათ.
როგორ გამოიხატებოდა ფულით აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება? ომის ოთხი წლის განმავლობაში ამერიკამ მოკავშირეებს მიაწოდა თითქმის 50 მილიარდი დოლარის მასალები და იარაღი, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით, 700 მილიარდი დოლარის ტოლფასია.
ყველაზე მეტი დახმარება, ბუნებრივია, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო - 31,4 მილიარდი დოლარის მოცულობით (დღევანდელი კურსით - 440 მილიარდი), საბჭოთა კავშირმა - 11,4 მილიარდი (დღევანდელი კურსით - 159 მილიარდი).
იმდენად, რამდენადაც "ლენდ-ლიზი" თავისი არსით "ანაზღაურებად იჯარას" ნიშნავს, საბჭოთა კავშირი იძულებული იყო, ტექნიკისა და შეიარაღების ნაწილი მოიჯარეებისათვის პროცენტებით უკან დაებრუნებინა.
ომის შემდეგ ვაშინგტონმა მოსკოვს 2,7 მილიარდი დოლარის ანგარიში წარუდგინა, რომელიც საბჭოთა კავშირს უნდა გადაეხადა. ფაქტობრივად, ეს თანხა ყველა მიწოდებული მასალისა და ტექნიკის საფასურის მხოლოდ 20%-ს შეადგენდა, მაგრამ კრემლს ესეც ძალიან ებევრა.
ყოფილ მოკავშირეებს - აშშ-სა და სსრ კავშირს შორის ხანგრძლივი და მძიმე მოლაპარაკებების დროს, რომლებიც "ცივი ომის" დაწყებისას, ფაქტობრივად, უკვე "რკინის ფარდის" სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, ეს თანხა 720 მილიონ დოლარამდე შემცირდა. საბოლოოდ, მეორე მსოფლიოს ომისდროინდელი "ლენდ-ლიზის" ვალი რუსეთის ფედერაციამ 2006 წლის აგვისტოში მთლიანად გადაიხადა.

რაც შეეხება ამერიკის დახმარების ძირითად მიმღებს - დიდ ბრიტანეთს, ამ შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებული იყო: ომის შემდეგ ვაშინგტონმა ლონდონს ვალი ჩამოაწერა და ეკონომიკურად დასუსტებულ მოკავშირეს დამატებით 4,3 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტი მისცა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა, საბოლოოდ, 2006 წლის დეკემბერში გადაიხადა.
სათადარიგო ვარიანტი
"ლენდ-ლიზის" რეალიზების დრო ჯერ კიდევ არ მოსულა", - ამბობს საგარეო პოლიტიკის უკრაინული საბჭოს ექსპერტი, ამერიკანისტი ალექსანდრე კრაევი, - "და თუ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა კიდევ გააგრძელებს ჯო ბაიდენის ინიციატივების დაბლოკვას, შეიძლება, საერთოდ არ დადგეს".
საქმე ისაა, რომ ამერიკული "ლენდ-ლიზის" დღევანდელი პროგრამა თავისი არსით, მნიშვნელოვნად განსხვავდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელისაგან. ამჟამინდელი "ლენდ-ლიზი" დახმარების ძირითად სახეს კი არა, მხოლოდ სათადარიგო ვარიანტს წარმოადგენს. "დღევანდელ ვარიანტში ჩვენ საქმე გვაქვს "დაზღვეულ პაკეტთან" ანუ იმ შემთხვევისათვის, თუ კონგრესი რაღაც მიზეზით უარს იტყვის უკრაინისადმი პირდაპირ დახმარებაზე, მაშინ ეს სათადარიგო ვარიანტი ამუშავდება", - ამბობს ალექსანდრე კარევი.
ჯერჯერობით აშშ-ის ხელისუფლების ყველა სტრუქტურა მთლიანობაში უკრაინის დასახმარებლად ენერგიას არ იშურებს, მაგრამ კონგრესის ბოლო არჩევნების შედეგების ფონზე, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს: მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობა დაკარგა, დღეს იქ "აღლუმი" რესპუბლიკელებს მიჰყავთ.
თუმცა სიტუაცია მაინცდამაინც საშიში არ არის: "ამჟამად ჩვენ ადეკვატური კონგრესი გვყავს და მისი ახალი შემადგენლობა, რომელიც მუშაობას 2023 წლის 3 იანვრიდან შეუდგება, საკმაოდ პროუკრაინულად არის განწყობილი", - ამბობს ალექსანდრე კრაევი და აღნიშნავს, რომ "რამე პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ვთქვათ, თუ დაფინანსებაზე რესპუბლიკელები უარს იტყვიან, ჩვენ გვაქვს "ლენდ-ლიზის" პროგრამა და ის ამუშავდება".
ისე, უკვე დღესვე გაისმის საყვედურები, რომ თეთრი სახლი, თითქოსდა, სპეციალურად ბლოკავს "ლენდ-ლიზს" უკრაინისათვის. ამერიკულ საიტებზე პეტიციაც კი გამოჩნდა ჯო ბაიდენისადმი მოთხოვნით, რომ პრეზიდენტმა პროგრამა განბლოკოს და უკრაინას მეტი დახმარება გაუწიოს. პეტიციას ხელი უკვე რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მოაწერა
"წყალქვეშა ქვები"
ალექსანდრე კალინჩენკო, იურისტი-საერთაშორისო სამართალმცოდნე, თვლის, რომ ამერიკას შეგნებულად არ სურს თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მთელი სიმძლავრით ამუშავება და უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ უკრაინას იარაღი ჩვეულებრივი რეჟიმით მიაწოდოს.
"ჩემი აზრით, მიზეზი აშკარაა: თუ ამერიკა "ლენდ-ლიზის" პროგრამის ამუშავებას გადაწყვეტს, მაშინ აუცილებელი იქნება მთლიანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაშვებაც განსხვავებულ რეჟიმში ანუ საბრძოლო მასალების მწარმოებელი დაკონსერვებული ქარხნების ამუშავება და მათი განახლება, მათი რემონტი, ძველი ტექნოლოგიების შეცვლა ახლით და უამრავი სხვა რამ", - განმარტავს ექსპერტი.
აქვე ისიც არის აღსანიშნავი, რომ "ლენდ-ლიზის" კანონზე ხელმოწერის დროს ცერემონიას თეთრ სახლში უკრაინელი წარმოშობის კონგრესვუმენი - ვიქტორია სპარტციც ესწრებოდა. დღეს კი ეს რესპუბლიკელი ქალბატონი დონალდ ტრამპის ბანაკში გადაბარგდა და მისი თაყვანისმცემელი გახდა, ჯო ბაიდენს მკაცრად აკრიტიკებს. ვიქტორიამ საჯაროდ დაუწყო კრიტიკა უკრაინის ხელისუფლებასაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გავლენიან პიროვნებას, ანდრეი ერმაკსაც გაბედულად "შეუტია".
სხვათა შორის, ვიქტორია სპარტცმა 23 დეკემბერს კონგრესში თავდაცვით ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა, რომელშიც უკრაინისადმი დახმარებაა გათვალისწინებული.
შეუძლიათ თუ არა მას და მისნაირებს "ლენდ-ლიზის" პროგრამის დამუხრუჭება? ამერიკანისტი ალექსანდრე კრაევის აზრით, არ შეუძლიათ. "ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია. ვიქტორია სპარტცი ამ პროგრამის რეალიზებაში არანაირად არ მონაწილეობს და ვფიქრობ, მასზე გავლენას ვერ მოახდენს. მე ამ საკითხში "ღალატის დონის" ძიებას არ დავიწყებდი", - ამბობს ექსპერტი.
კანონის ტექსტის მიხედვით, "ლენდ-ლიზის" მოქმედება ვრცელდება მხოლოდ აშშ-ის 2022-23 ფინანსური წლების განმავლობაში ანუ მისი იურიდიული ძალა მომავალი წლის სექტემბერში უნდა შეწყდეს, თუმცა შესაძლებელია ვადის გაგრძელება ისევე, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა. საკითხავი მხოლოდ ისაა, იქნებიან თუ არა სამომავლოდ მხარეები დაინტერესებულნი, რომ ეს პროგრამა არსებობდეს და მოქმედებდეს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ