"ძალიან დავიღალე ამ ყველაფრისგან. მიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში 14 ფილმში გადამიღეს" - როგორია ყველასათვის საყვარელი ფილმის მთავარი გმირის ცხოვრება? - კვირის პალიტრა

"ძალიან დავიღალე ამ ყველაფრისგან. მიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში 14 ფილმში გადამიღეს" - როგორია ყველასათვის საყვარელი ფილმის მთავარი გმირის ცხოვრება?

ახალი წლის წინა პერიოდი საშობაო ფილმების, განსაკუთრებით კი ფილმის - „მარტო სახლშის“ გარეშე, ალბათ, წარმოუდგენელია. დროთა განმავლობაში, Home Alone და ფილმის მთავარი გმირი - კევინი, რომლის როლსაც მაკოლეი კალკინი ასრულებს, ყველასთვის საყვარელ გმირად იქცა.

ფილმში, რომელიც 1990 წელს გადაიღეს, მთავარი გმირი, პატარა კევინი სახლში მოულოდნელად მარტო რჩება, მშობლები კი დასასვენებლად მიემგზავრებიან. ბავშვი მარტოა და თავისუფლებით ტკბება, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ ორ ქურდს უნდა გაუმკლავდეს.

მაკოლეი კალკინი 10 წლის იყო, ყველასათვის საყვარელ ფილმში რომ მიიღო მონაწილეობა და სულ მალე, ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, წარმატებული ბავშვის კარიერა ისე ვერ გაგრძელდა, როგორც მას უწინასწარმეტყველებდნენ. როგორც ცნობილია, პატარა ბიჭის დიდი შემოსავალი მშობლებმა ვერ გაიყვეს... წლების შემდეგ, ის კინემატოგრაფიაში დაბრუნებას ეცადა, მუსიკალური ბენდიც შექმნა და ასე ცდილობს საკუთარი ნიჭის რეალიზებას.

marto-saxlshi-1672391111.jpg

მაკოლეი 1980 წლის 26 აგვისტოს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე დაიბადა. მისი მშობლები არცთუ ისე შეძლებულად ცხოვრობდნენ, მამა - კიტ კალკინი ეკლესიის მსახური იყო, ასეთი სამსახური მცირეშემოსავლიანი გახლდათ, ამიტომ ოჯახი ნიუ-იორკში, პატარა ბინაში ცხოვრობდა. ბიჭუნა თავიდანვე ნიჭიერებით გამოირჩეოდა, ამიტომ 4 წლის ასაკში მშობლებმა იგი თეატრალურ წრეზე შეიყვანეს. 5 წლის ასაკში კი მან თეატრის სცენაზე პირველ სპექტაკლში ითამაშა.

მოგვიანებით მსახიობი იხსენებდა, რომ თეატრის სცენა იმდენად დიდი ეჩვენებოდა, ეშინოდა, რომ მაყურებელი ვერც კი შეამჩნევდა. სწორედ ამიტომ, სპექტაკლში მის ტექსტს ყველაზე ხმამაღლა კითხულობდა.

მეხუთე კლასამდე ის კათოლიკურ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი ბიჭი ფილმში მიიწვიეს. გადაღებების გამო, იგი მსახიობ ბავშვთა და მუსიკოსთა სპეციალიზებულ სკოლაში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ბიჭის მამას, რომელიც მის მენეჯერად იქცა, ბავშვის წარმატებაზე მეტად ჰონორარები აინტერესებდა, მას საკუთარი პირობები ჰქონდა, რომ ფილმში მაკოლეისთან ერთად მისი და-ძმები, გადაეღოთ.

saxlshie6s9sdsfiu-1672391111.jpg

ასეთმა ულტიმატუმებმა კი პროდიუსერებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ამ მიზეზით ისინი მაკოლეის ახალ როლს აღარ სთავაზობდნენ. მაკოლეის დედა პატრისია კი 1996 წელს ქმარს დაშორდა და შვილის კარიერის დანგრევაში დასდო ბრალი.

კარიერა

მაკოლეის პირველი ფილმი UNCLE BUCK იყო და სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე დაინახა პატარა ბიჭუნა პროდიუსერმა ჯონ ჰიუზმა, რომელიც ახალი ფილმისთვის საინტერესო მსახიობებს და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა.

ამ ცნობილმა ფილმმა სრულიად შეცვალა ბავშვის ცხოვრება. ფილმმა ყველა რეკორდი მოხსნა, მაკოლეი კი უეცრად მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. მან ამ როლის შემდეგ ჯილდოებიც მიიღო, როგორიცაა „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი“ და „ოქროს გლობუსი“ - მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

ფილმის წარმატებული პირველი ნაწილის შემდეგ კი, 1992 წელს, „მარტო სახლში 2“ გამოვიდა, რაც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წარმატებული ფილმის შემდეგ ბიჭი ცნობილი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის კლიპებში - Black or White და Jam-ში გადაიღეს.

macaulay-culkin-opens-up-about-his-relationship-with-michael-jackson-2-1672391111.jpg

ამის შემდეგ მაკოლეი კალკინი რამდენიმე ფილმში გადაიღეს, თუმცა ვარსკვლავად ქცეული ბიჭუნას კარიერა 14 წლის ასაკში შეწყდა.

"ძალიან დავიღალე ამ ყველაფრისგან. მიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში 14 ფილმში მივიღე მონაწილეობა. დიდ დროს ვატარებ სახლიდან და სკოლიდან შორს. ჩემი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა დიდი ხნით დავისვენო", - განაცხადა 1998 წელს კალკინმა, რომელიც როგორც წერდნენ იმ პერიოდისთვის ემოციურად გადაღლილი იყო.

არასრულწლოვან ბავშვს თავად არ შეეძლო კონტრაქტზე ხელი მოეწერა, "მარტო სახლში" ფილმისთვის მას 100 000 დოლარი გადაუხადეს, ფილმის მეორე ნაწილის ჰონორარი კი 4,5 მილიონს შეადგენდა. ეს ყველაზე დიდი ჰონორარია რაც კინოინდუსტრიაში 12 წლის მსახიობისთვის გადაუხდიათ.

მას შემდეგ რაც კალკინი 16 წლის გახდა, მან მშობლებს სასამართლოში უჩივლა, რათა შემოსავალზე თავად ჰქონოდა წვდომა და არა დედ-მამას. ამის შემდეგ მან მშობლებს წაართვა ყველა უფლება და შემოსავლების სამართავად კერძო პირი დაიქირავა. რთული ოჯახური ვითარების შემდეგ, საბოლოოდ ბიჭმა მოახერხა მშვიდად ცხოვრება.

ამბიციური ბიჭის კარიერა მხოლოდ 10 წლის შემდეგ აღდგა, როცა ფილმში ნარკოდამოკიდებულის როლი შეასრულა.

2013 წელს მან როკ-ჯგუფი The Pizza Underground დააარსა. მუსიკოსები ცნობილი ჯგუფის - The Velvet Underground-ის სიმღერებს ასრულებდნენ. ჯგუფი განსხვავებულ სიმღერებს მღეროდა, ისინი ცნობილ ჰიტებზე კითხულობდნენ ტექსტებს პიცაზე, ლაქტოზის აუტანლობასა და ალკოჰოლზე. პირველი ტურნე 2014 წელს მოაწყეს, მაყურებელმა კონცერტის დაწყებიდან 15 წუთში მათ ნაგავი ესროლა. ჯგუფი იძლებული გახდა, სცენა დაეტოვებინა და კონცერტი შეეწყვიტა.

პირადი ცხოვრება

კარიერის მსგავსად, მაკოლეის პირადი ცხოვრებაც განსხვავებული იყო. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მან პირველი ცოლი მოიყვანა. გოგონა მისი თანაკლასელი - რეიჩელ მაინერი იყო. ისინი 2-წელში დაშორდნენ. მაკოლეის დიდი პრობლემები ჰქონდა მშობლებთან. მსახიობის მამა, რომელსაც ბიჭის ქონება სურდა, სასამართლო პროცესებს არ წყვეტდა, დედა კი ამ საკითხს განიცდიდა და ნევრასთენია (ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა) დაემართა.

macaulay-culkin-and-mila-kunis-1672391110.jpg

2003 წლიდან კალკინი ცნობილ მსახიობს - მილა კუნისს ხვდებოდა, თუმცა ისინი 2011 წელს დაშორდნენ. ეს დაშორება მაკოლეიმ ძალიან განიცადა.

მოგვიანებით ყვითელ პრესაში ცნობილი გახდა, რომ მსახიობის ახალი რჩეული ბრენდა სონგი იყო, მათ 2021 წელს ვაჟი შეეძინათ.

უეცარი კარიერული წინსვლისა და დაცემის გამო, მსახიობს პრობლემები ჰქონდა, ის ნარკოდამოკიდებული გახდა და ალკოჰოლსაც მოიხმარდა. 2008 წელს ამ ყველაფერს ოჯახური ტრაგედიაც დაერთო, მსახიობის დას მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა.

პრესა ჯერ კიდევ 2004 წელს წერდა, რომ კალკინი მარიხუანას შენახვის გამო დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კალკინი American Music Awards დაესწრო, სადაც ის სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ამჯამად ის უკვე 42 წლისაა და სხვადასხვა სერიალში იღებს მონაწილეობას.

2017 წლიდან ის მის ახალ ნახევრად კომედიური ჟანრის პროექტზე Bunny Ears მუშაობს, რის ფარგლებშიც ის ცნობილ პირებთან წერს ინტერვიუს. სხვადასხვა პროექტის გარდა, კალკინი მოდის ინდუსტრიაშიც ჩაერთო და პოდიუმზე Gucci-ს შოუში მიიღო მონაწილეობა.