"სანამ გივი ბერიკაშვილი ცოცხალი იყო და აგარაკზე დავდიოდით, ყოველდღიურ სამოსს მაძლევდა" - კვირის პალიტრა

"სანამ გივი ბერიკაშვილი ცოცხალი იყო და აგარაკზე დავდიოდით, ყოველდღიურ სამოსს მაძლევდა"

ქართულ ტელესივრცეში მსახიობ ნიკო ნანიტაშვილის, როგორც ტელეწამყვანის გამოჩენამ, ბევრი მისი თაყვანისმცემელი გაახარა. ამჟამად ნიკო შოუშიც - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს და თავისი ნიჭიერებით კიდევ მეტი გულშემატკივარი შეიძინა...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" თავს კარგად ვგრძნობ. გადაღლილი ვარ, მაგრამ ჯერ ვუძლებ, სხვა გზა არ არის. მთავარი ფინალისკენ სწრაფვის სურვილია, დანარჩენი - იქნება...

- ყველაზე დიდი სიამოვნება რომელი ცეკვის შესრულებისას მიიღეთ?

- როცა "თავისუფალი ტური" იყო, რატომღაც, "ჯაივი" მომივიდა თავში. ყველაზე დიდი სიამოვნებაც ამ ცეკვის შესრულებისას მივიღე და დიდი სიამოვნებით შევასრულებდი კიდევ ერთხელ.

- ყველაზე დახვეწილად რომელი ცეკვა მიგაჩნიათ?

- ლათინურ ცეკვებს შორის, ყველაზე დახვეწილი "რუმბა" მგონია, რადგან თითოეული მოძრაობა ძალიან მკაფიოდ, კარგად ჩანს. იმავდროულად, შესასრულებლად ძალიან რთულია, რადგან ვერაფერს დამალავ, თითოეული ხარვეზი შესამჩნევია.

- თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- მგონია, რომ გემოვნებიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ისე ვიცვამ, როგორც მომწონს და არა ისე, როგორც ყველა (იცინის).

- ვინ ან რამ მოახდინა განსაკუთრებული ზეგავლენა თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- კონკრეტული პიროვნება არ ყოფილა, ვინც ზეგავლენა მოახდინა. საერთოდ, ინგლისური სტილის სამოსი ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვამბობ, - ძველ საუკუნეებში რომ ვცხოვრობდე, კარგი იქნებოდა-მეთქი, რადგან ცოტათი "გამოწკეპილი" სიარული მიყვარს. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ასე ვერ დავდივარ, მაგრამ როცა ფრაკი, პიჯაკი თუ ჟილეტი მაცვია, თავს კომფორტულად ვგრძნობ. ასევე, ჩოხასაც სიამოვნებით ვატარებდი. ის ერთ-ერთ დახვეწილ, ლამაზ, სრულყოფილ სამოსად მიმაჩნია.

- რა გიშლით ხელს, რომ ჩოხა ატაროთ?

- დღეს ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ყოველდღიურად ჩოხაში გამოწყობილმა თავისუფლად იარო. როცა საშუალება მაქვს, თუნდაც - "სუხიშვილების" კონცერტზე ან მაგალითად, ქართული სამოსის დღესთან დაკავშირებულ შეკრებაზე, ჩოხას ყოველთვის სიამოვნებით ვირგებ. უბრალოდ, ჩემი პროფესიის, სამსახურის გამო, ყოველდღიურად ასე ვერ ვივლი.

- როგორ შეიქმნა თქვენი იმიჯი?

- ულვაში ყოველთვის მომწონდა. ბავშვობაში ვცეკვავდი, მაგრამ მაშინ ცხადია, ულვაშის ტარების საშუალება ვერ მექნებოდა (იცინის)... ზრდასრულობისას ულვაშის მოშვება ერთხელ ვცადე, შემდეგ სპექტაკლისთვის მოვიშორე. მერე მეორედ ვცადე, მესამედ... საბოლოო ჯამში, ყველა შეთანხმდა, რომ ულვაშით უფრო საინტერესო იერის ადამიანი ვარ და დღეს ულვაში ჩემი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. სხვათა შორის, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შემოსვლამდე ვფიქრობდი, ხომ არ მოვიშორო-მეთქი? რატომღაც, ამ პროექტშიც არ მოვიშორე. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ჩემს ულვაშს ძალიან ქართული შესახედაობა არ აქვს - ყველაფერს ვარგებ.

- რამდენი ხანია, რაც ულვაშს ატარებთ?

- ალბათ, გადაბმულად 3-4 წელია, რაც ულვაში არ მომიპარსავს. მანამდეც ვატარებდი, თუ კონკრეტულ ფილმში ან რეკლამაში გადაღებას არ მთავაზობდნენ, რომელშიც არ შეიძლებოდა, ულვაში მქონოდა (რაც იშვიათად ხდებოდა).

- ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა არც სპექტაკლი გაქვთ და არც - სატელევიზიო ეთერი, გარეთ გასვლისას მოსამზადებლად რამდენი დრო გჭირდებათ?

- სხვათა შორის, საკუთარი თავი დამიჭერია, რომ შემიძლია, გარეთ გასასვლელად ზუსტად 15 წუთში მზად ვიყო: ყავის დალევასაც მოვასწრებ, ხელ-პირის დაბანასაც... ზოდიაქოს მიხედვით სასწორი ვარ, ამიტომ თუ სადმე მივდივარ, სამოსის შერჩევასთან დაკავშირებით, დიდი წვალება მჭირდება. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ტანსაცმელი 4-5-ჯერ გამომიცვლია... ყოველდღიურად იმას ვიცვამ, რაც ხელში მომხვდება ან წინა საღამოს ვამზადებ, დილით რა ჩავიცვა.

- თმის, ულვაშის მოწესრიგებას რამდენ დროს უთმობთ?

- ჩემი თმა ისეთი ცუდი მოსავლელია, რომ უბრალოდ, შესველებულ ხელს შევივლებ ხოლმე - სავარცხელს ვერ ვიკარებ. ულვაშს რაც შეეხება, ცვილი სულ ჯიბეში მიდევს - ნებისმიერ დროს შემიძლია, ულვაშზე გადავიტარო. ისეთი სიდიდის ულვაში არ მაქვს, რომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდეს.

- ქართულ ტელესივრცეში რა ტიპის გადაცემები მოგწონთ?

- ბევრს არ ვუყურებ. "კაცების შოუს" და "გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს" გამოვარჩევ. მათ სიამოვნებით ვუყურებ, ოღონდ - ინტერნეტში. ძირითადად, სპორტული გადაცემების, ფეხბურთის მატჩების ან ფილმების მაყურებელი ვარ.

- როგორი ქალები იმსახურებენ თქვენს მოწონებას?

- კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს. როგორიც მომწონს, ალბათ, ისეთი ცოლი მყავს... როგორც ქალბატონზე, ნანი ბრეგვაძეზე ვგიჟდები!.. ალბათ ქართველი ქალების სილამაზის მსოფლიოსაც შეშურდებოდა, მაგრამ ახლა კონკრეტულად, ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, თუ ვინ მომწონს...

- არსებობს გარეგნული შტრიხები ან ხასიათის თვისებები, რაც ქალში განსაკუთრებულად მოგწონთ?

- ერთადერთი, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩემს მეუღლეს სპორტი უყვარდეს (იღიმის). სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. ალბათ, ნელ-ნელა შეიყვარებს. ყოველ შემთხვევაში, ხელს ძალიან მიწყობს: როცა იცის, ფეხბურთის სათამაშოდ მივდივარ ან ფეხბურთის მატჩს ვუყურებ, დისკომფორტს წამითაც არ მაგრძნობინებს, პირიქით... იცის, რომ ამ დროს დიდ სიამოვნებას ვიღებ, ყველაზე მეტად განვიტვირთები, მით უმეტეს, როცა სპექტაკლიდან ან გადაცემიდან დაღლილი ვბრუნდები.

- ფეხბურთის რომელ ნაკრებს, კლუბს გულშემატკივრობთ?

- მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთს ვგულშემატკივრობდი: ვიმედოვნებდი, არგენტინას მოუგებდა... საკლუბო ჩემპიონატს რაც შეეხება, იტალიიდან მილანის "ინტერს" ვგულშემატკივრობ, საქართველოს მერე, რა თქმა უნდა.

- ფეხბურთი თქვენი ჰობია? როგორც აღნიშნეთ, თავადაც თამაშობთ...

- კი, ბავშვობიდან. მინდოდა კიდეც, ფეხბურთს გავყოლოდი. უბრალოდ, რაიონიდან (ჭიათურა) ვარ. მოგეხსენებათ, ფეხბურთს სხვაგვარი ხელშეწყობა, რესურსი, ფინანსები სჭირდება. ამიტომ, ამ მხრივ, არა მხოლოდ ჭიათურაში, არამედ მთელ საქართველოში გზების გახსნა ძალიან ჭირს. მიხარია, რომ თუნდაც ერთეულებს უმართლებთ. მათი წარმატებით ვამაყობთ...

- როგორც ვიცი, გივი ბერიკაშვილის სამოსს ხშირად ირგებთ...

- დიახ. პაპას დიდი გარდერობი ჰქონდა. სანამ ცოცხალი იყო და აგარაკზე დავდიოდით, ყოველდღიურ სამოსს მაძლევდა, ასევე - გამოსასვლელ პერანგებს, ჟილეტებს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვირგებდი და დღემდე ვირგებ. მაინც გივი ბერიკაშვილის ნაქონია - მისი წყალი გადმოგვსხმოდეს (იღიმის)...

- გივი ბერიკაშვილის მიერ ნაჩუქარ აქსესუარებსა თუ სამოსს შორის თქვენთვის განსაკუთრებული რომელია?

- მისი ნაჩუქარი საათი და ქამარი მაქვს, რომლებიც განსაკუთრებულად მახსოვს და ჩემს ნივთებს შორის თავისი ადგილი აქვს.

- მეგობრები ყველაზე ხშირად, რასთან დაკავშირებით გეკითხებიან რჩევებს?

- რაკი მსახიობი ვარ და თეატრთან ახლო შეხება მაქვს, მეკითხებიან, სად წავიდნენ, რომელი სპექტაკლი ნახონ. გარდა ამისა, ჩემს სამეგობროში, განხილვის ძირითადი თემა ფეხბურთი და სათევზაო ადგილებია. მეგობრებს რჩევებს იმ საკითხში ვაძლევ, რაშიც თავს კომპეტენტურად მივიჩნევ, მაგალითად - ავტომობილის ხელოსანთან დაკავშირებით... რაც არ ვიცი, იმაზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"