"ჩემს მოტყუებაში მამუკაც იყო ჩართული და მახსოვს, როცა ეს გავიგე, ნაწყენი დავრჩი მასზე - როგორ, შენც მომატყუე-მეთქი?" - თაკო ჩარკვიანის ახალი წელი და სასიამოვნო მოგონებები - კვირის პალიტრა

"ჩემს მოტყუებაში მამუკაც იყო ჩართული და მახსოვს, როცა ეს გავიგე, ნაწყენი დავრჩი მასზე - როგორ, შენც მომატყუე-მეთქი?" - თაკო ჩარკვიანის ახალი წელი და სასიამოვნო მოგონებები

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი პარლამენტარი, პარტია "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანია. 2022 წელს ქალბატონი თაკო ძალიან აქტიური იყო და ხშირად აკეთებდა მწვავე და ხმაურიან განცხადებებს, ხშირად უწევდა ოპონირებას "ქართულ ოცნებას".

როგორია პოლიტიკის მიღმა ქალბატონი თაკო, რა ტრადიციები აქვთ ოჯახში, როგორ ხვდებიან ახალ წელს - ამ და სხვა საინტერესო ამბებზე იგი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.

- ქალბატონო თაკო, როგორ შეაფასებთ 2022 წელს?

- ვისურვებდი, უკეთესი ყოფილიყო და ეს უკეთესობა უკავშირდება ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგებას. ჩვენ ერთმანეთი თუ არ შევიყვარეთ, არაფერი გამოვა. უნდა მოვინდომოთ მაინც, პატივისცემით ვესაუბროთ ერთმანეთს, სხვანაირად არ გამოვა ქვეყნის კარგ მომავალზე საუბარი.

მინდა, 2023 წელი უკეთესი იყოს, მივიღოთ სტატუსი, რომ საქართველო დაბრუნდეს თავის დიდ ოჯახში, რასაც ევროპა ჰქვია. გამიხარდებოდა და ვინატრებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს ადამიანური ღირებულებებით ეფიქრა და მიშა სააკაშვილი გაეთავისუფლებინა, შეეწყალებინა ან გადაევადებინა სასჯელი, გადაეყვანათ უცხოეთში სამკურნალოდ მიშა.

ეს ყველაფერი ისევ დეესკალაციამდე მიდის, ამიტომ, ასეთი ნაბიჯი აუცილებელია და დიდი შერიგებისკენ იქნება მიმართული.

- ვნახეთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა და მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, რომ არ შეიწყალოს სააკაშვილი, მათ რას ეტყვით?

- მათ ვეტყოდი, როცა სიტყვა შეწყალება შემოდის ფრაზეოლოგიაში, ეს ისეთი დატვირთვის სიტყვაა, ასეთი ჯოჯოხეთური წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო. მით უმეტეს, თუ დაინახე, რომ იმ საქმეზე, რისთვისაც სააკაშვილს ასამართლებენ, ხელი აქვს მოწერილი მურუსიძეს. იმ საქმეებზე ხელისმომწერი მურუსიძე ხომ დააწინაურა ამ ხელისუფლებამ და პირველი კაცია! შენ ეჭვი მაინც ხომ უნდა შეიტანო, რომ აქ რაღაც ისეთი ხდება? ამ სასამართლოს წინაშე ნუ დავდებთ ნურავის ქეისს, მოდი, ნუ გავასამართლებინებთ ნურც სააკაშვილს მურუსიძეს, ახალმა სასამართლომ გაასამართლოს.

მე 7 ნოემბრის მონაწილე ვარ, მაგრამ 26 მაისს არ გავედი აქციაზე, რადგან ვიცოდი, ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, იქ რუსეთის ბევრი მომხრე იდგა. ამის შემდეგ იყო 20 ივნისიც და 5 ივლისი. როგორ ხდება, მარტო ის ძველი გამოიძიო და 20 ივნისი არ უნდა გამოიძიო? ეს ხომ შერჩევითი სამართალია. 20 ივნისსაც ხომ დათხარეს თვალი ადამიანებს, 5 ივლისსაც ხომ მოკლეს ლექსო ლაშქარავა, მათი მშობლებიც ხომ მშობლები არიან. მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის საქმეც გამოუძიებელია. ბევრი შვილმოკლული მშობელი შეგროვდა ჩვენი უტვინობით და არასწორად მართვის გამო. მგონია, რომ გამოსავალი რეფორმირებული სასამართლო სისტემაა, ის, რასაც გვთხოვს კიდეც ევროპა. სიმულაციას უწოდებენ სააკაშვილის მდგომარეობას, ამ დროს, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში შავით თეთრზე წერია, თუ რა მძიმე მდგომარეობა აქვს მას.

ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის რეფორმები, აქედან მიღებული გარკვეული სიმშვიდე, მერე კი ის საქმეებიც განიხილოს რეფორმირებულმა სასამართლომ და სხვა ბევრიც.

გირგვლიანის მკვლელობის ბრძანება პრეზიდენტს ხომ არ გაუცია? აქ საუბარია ბრალდებულების შეწყალებაზე.

- თუმცა ყველა ცალსახად ამბობს, რომ სისტემა კლავდა ადამიანებს.

- ეს სისტემა დღეს ხომ არავის შეუცვლია. ახლაც ხომ იგივეა? ის კაცი, ვინც ამის ხელის მომწერი იყო - მურუსიძე, პირველი კაცი ხომ გახადეს? ვერ მიწევენ ოპონირებას, რადგან მართალი ვარ. მე ოპოზიციაში ვიყავი ყოფილი ხელისუფლების დროსაც, მაგრამ 2012 წლიდან სისტემა მთლიანად გახრწნეს. ახლა ისე აქოთქოთდნენ "ოცნების" წარმომადგენლები, ეტყობა, აქვთ ინფორმაცია, რომ შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა გადადგას სამართლებრივად სწორი ნაბიჯი... ჰააგაში სრულად ჩვენი ქვეყანა რომ გაამართლეს, ამას უნდა აღვნიშნავდეთ ჩვენ დღეს და არა ის ხდებოდეს, რაც ხდება. საქართველოს არანაირი ბრალი რომ არ აქვს, ეს ცალსახად ითქვა. სადაც ღირებულებების აღრევაა ერთმანეთში, იქ ჩნდება უთუოდ ნიჰილიზმი. გაჩნდა კიდეც, მელიამ ბევრჯერ დაშალა პარტია... განსხვავება ვერ ვნახე კობახიძესა და ბურჯანაძეს შორის. არ უნდა აფიქრებინო ხალხს, რომ ერთი დიდი ნაგავია პოლიტიკურ სპექტრში. არადა, ოპოზიციაში ღირსეული ადამიანებიც არიან, ამას უნდა მობილიზება... ჯერ სიჩუმე უნდა ისწავლო ადამიანმა, სიტყვის გაკონტროლება, მერე უკვე, სიჩუმეში აუცილებლად სხვა რამესაც გაიგონებ, მაგრამ თუ არ იყუჩებ, სანამ სიტყვას გამოისვრი, არ დაფიქრდები, მანამდე ბოროტება გაჯობებს უთუოდ.

- ქალბატონო თამარ, ახალი წელია და მოდი, სხვა თემებზეც ვისაუბროთ. როგორ ხვდებით ხოლმე ოჯახი ახალ წელს, რა ტრადიცია გაქვთ?

- ტრადიციულად, ყოველთვის ახალ წელს აუცილებლად სახლში ვხვდებით. ჯანსუღი რომ ცოცხალი იყო, ყველანი მასთან გადავდიოდით და იქ ვხვდებოდით. 2017 წლის შემდეგ, მე დედასთან გადმოვედი. მამას გარდაცვალების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. გონებრივად, საბედნიეროდ, კარგად არის, მაგრამ სრული სიბრმავე აქვს, ამიტომ, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.

ყოველ ახალ წელს ჩემი შვილი, ირმა აუცილებლად ჩამოდის. მე და ირმა ერთად ვაწყობთ ნაძვის ხეს. წელს 30 დეკემბერს ავაწყვეთ, რადგან ირმა 29 დეკემბერს ჩამოვიდა. იქიდან მეკითხებოდა, ნაძვის ხე ხომ არ აგიწყვიაო? ეს ლამაზი პროცესია და ერთად ვრთავთ ხოლმე. ჩემს მეუღლეს, ჯონის საბედნიეროდ დედასთან ყოფნა ძალიან უყვარს, ისინი მეგობრობენ. დედა 31 დეკემბერს არის დაბადებული, მაგრამ ყოველთვის ჩვენს სახლში დედას დაბადების დღეს 1-ელ იანვარს აღვნიშნავდით. დედას და მამას მეგობრები 1-ელ იანვარს მოდიოდნენ ჩვენთან. არავის ეპატიჟებოდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ დედაჩემის დღე აღინიშნებოდა და მოდიოდნენ. ახლა როცა ამ ოთახში დავდივარ, სადაც სუფრა იშლება, ადგილებიც კი მახსენდება ვინ სად იჯდა. კადრებად მომდის ეს სახეები. მამას ძალიან საინტერესო კლასი და კურსი ჰყავდა, დიდი და კარგი სამეგობრო. მისი უპირველესი ძმაკაცები სულ ჩვენთან იყვნენ. ელდარ შენგელაიას გარეშე 1-ელი იანვარი არ არსებობდა. დედა ხუმრობდა, კაკუნზე ვხვდებოდი ვინ მოვიდაო. არჩილ ასათიანი, ტარიელ ჭანტურია, გურამ ფანჯიკიძე, ზურიკო ჩილაჩავა, პოეტი გივი გეგეჭკორი, ნოდარ დუმბაძე, ოტია პაჭკორია, ოთარ ჭილაძე ნათლიაა ჩემი ძმისშვილის. მამუკას გოგოს, ირინას მან დაარქვა სახელი მამაჩემის ლექსის - "ირინოლადან" გამომდინარე. თქვა შენი ლექსის სახელს დავარქმევო და მონათლა. თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ ირინას მონათლავდა ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურიას შვილის, ირაკლის ნათლია არის მამუკა, დათო გომართელის მამა, კოია მამას მეგობარი იყო და დათოს ნათლია დედაჩემი და მამაჩემია. ჩემი შვილის ნათლიები პოეტი დათო მაღრაძე და იოსებ ნონეშვილის მეუღლე, მედიკო ნონეშვილი არიან. დათო ჩემი მეჯვარე იყო. ასე გადავიდა მეგობრობა ასეთ მყარ ურთიერთობაში, ნათელ-მირონობაში . რაც შეეხება ქეიფს, მართლა კონცერტები იმართებოდა ჩვენთან. ერთხელ მამუკას ჰკითხეს, გვიან რატომ გამოჩნდი სცენაზეო? ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ მას სულ პროფესიონალების გვერდზე უწევდა ყოფნა და მაღალი დონის შემსრულებლები მღეროდნენ ჩვენთან. ანზორ ერქომაიშვილი მამას უახლოესი მეგობარი იყო და მისი ანსამბლი - "რუსთავი", ზაურ ბოლქვაძე, ჯანსუღ კახიძე, ბიძინა კვერნაძე... აუდიტორია მართლაც დიდებული იყო, მაღალი გემოვნების და ნიჭის მქონე ადამიანები იყვნენ ისინი, როგორც ლიტერატურაში, მხატვრობაში, მუსიკაში.

დიმა ერისთავი მამას ძალიან ახლო მეგობარი გახლდათ. ჯანსუღი 15 წელი "ცისკრის" რედაქტორი რომ იყო, იქ ჟურნალის მთავარი მხატვარი დიმიტრი ერისთავი იყო. როგორც აღვნიშნე, საოცარი ურთიერთობები იყო ამ ადამიანებს შორის, აუდიტორიაც საინტერესო და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გემოვნების თამასაც მაღალი იყო. დიდი სიყვარულიც იყო ერთმანეთის სტრიქონების მიმართაც.

საერთოდ, ლიტერატურა ძალიან მიყვარს, არა მხოლოდ ქართული, კარგად ვიცნობ მწერლებს და ხშირად მეუბნებიან, ზეპირად იცი ყველაფერიო. ამ ყველაფერს ერთი კაცი მაყვარებდა, თავისი სამეგობროს ფრაზებს მაყვარებდა, ეს კაცი მამაჩემი, ჯანსუღ ჩარკვიანი იყო.

ასეა, ნიჭს ნიჭი უყვარს. სხვისი სტრიქონი უნდა გიყვარდეს, სხვისი ფრაზა უნდა მოგწონდეს.

მინახავს, როგორ მოსწონდა ბიძინა კვერნაძეს გია ყანჩელის ფრაზა და მისი აღფრთოვანებული თვალებიც მინახავს ამ დროს.

მინახავს რეზო ლაღიძის აღფრთოვანება.

მახსოვს, ღამის 2 საათზე ოთარ ჭილაძის სატელეფონო ზარი, როცა ჯანსუღის ერთ-ერთი ლექსის წაკითხვის შემდეგ დარეკა და უთხრა, მე შენ მიყვარხარო!

ეს წაიკითხე, ნახეო, მეტყოდა ჯანსუღი და მაწვდიდა მურმან ლებანიძის, ოთარ ჭილაძის და სხვა დიდი მწერლების, მისი მეგობრების ფრაზებს, რომ წამეკითხა.

ხშირად მეკითხებიან, "ნაცი" ხარ თუ "ქოცი" ხარო, მე არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ ჩემს სიცოცხლეში და ამიტომ შევქმენი "სამართალი და სამართლიანობა". როგორ მოვირგებთ ყველაფერს კანონით და სამართლით, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ამიტომ მინდა გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრები. წესი და რიგი იმ რეფორმებში, იმ კანონებში და სამართალშია.

- მამის გარდაცვალების შემდეგ, ისევ თქვენი მშობლების სახლში იკრიბებით ახალ წელს?

- დიახ, დედის დაბადების დღეები, ახლანდელი, სევდიანია. დედა ამბობს, სამეგობრო გაიკრიფაო, ბევრი აღარ არის, მაგრამ ამ დღეს აუცილებლად მოდის დედას ორი მეგობარი. მამას მეგობრებიდან ზოგი ფიზიკურად ვეღარ ახერხებს, მაგრამ არ არსებობს, ელდარ შენგელაიამ არ დარეკოს. მამუკა გადმოდის ხოლმე და ვცდილობთ, ეს სახლი ისევ გავაცოცხლოთ იმ ხუმრობებით, რომელიც აქ ხშირად ისმოდა. ჯანსუღის და ნოდარის იუმორი ხომ საოცარი იყო... მაინც ვახერხებთ, ახალ წელს ასეთი ხმები ისმოდეს აქ.

- თქვენ რა ასაკამდე გჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის?

- მამუკა ჩემზე დიდია და ჩემს მოტყუებაში ისიც იყო ჩართული, მახსოვს, რომ გავიგე, მერე ნაწყენი დავრჩი მასზე, როგორ, შენც მომატყუე-მეთქი? როცა ვიღვიძებდი, დილით მხვდებოდა საჩუქრები და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემს ბავშვობაში, დედა და მამა აუცილებლად თავიანთი ხელით, მძივებით რთავდნენ ნაძვის ხეს და ლამაზი ნაძვის ხე გვქონდა. როგორც ყველა ბავშვს, მეც გარკვეულ ასაკამდე მჯეროდა თოვლის ბაბუს არსებობის.

- საახალწლოდ კერძების მომზადება თქვენ გიწევთ ხოლმე?

- განაწილებული გვაქვს საქმეები. გოზინაყს აუცილებლად მე ვამზადებ, დედაჩემის რეცეპტით. არ მიყვარს მკვრივი გოზინაყი და არაჩვეულებრივი გამომდის. ძალიან უყვართ ჩემი ხაჭაპურები და ამასაც მე ვაკეთებ, ბებიაჩემის რეცეპტით. ჩემს იმერულ ხაჭაპურებს მეორე დილითაც გათბობის გარეშე მიირთმევენ ჩემი მეუღლე და შვილი, რადგან ძალიან გემრიელია. ბადრიჯანი და ფხალეული, რაც ნიგვზიანია, ყველაფერი კარგად გამომდის. ერთადერთი, ნამცხვრებში ვარ ცოტა სუსტი, თორემ იმერული საჭმელების კეთება კარგად ვიცი. ჩვენ სახლში გვყავს ქალბატონი რიტა, უსაყვარლესი ადამიანი, რომელსაც დას ვეძახი. არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს. საცივს დედაჩემის რეცეპტით ის ამზადებს და სხვა რაღაცებს. ერთმანეთის უზარმაზარი სიყვარული გვაქვს.

რაც შეეხება ირმას, შესანიშნავი კერძების კეთება იცის. როგორ არაჩვეულებრივადაც უკრავს, ისე აკეთებს საჭმელსაც. მრავალმხრივი ნიჭი აქვს ამ ბავშვს.

- როგორი იყო თქვენი ქალიშვილისთვის 2022 წელი?

- ირმასთვის 2022 წელი იყო უმნიშვნელოვანესი. საფრანგეთში კლასიკური მუსიკის უზარმაზარი პლატფორმაა და უკვე დაიგეგმა სამომავლო კონცერტები. რამდენიმე კონცერტი ჰქონდა საფრანგეთში, ვენაში, რუმინეთში, გერმანიაში. ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. ორჯერ გაიმარჯვა, გრან-პრი და პირველი პრემია აიღო, ლაურეატი გახდა, პირველი პრემიის მფლობელი.

ირმა ძალიან ხშირად ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ამას დიდი ხნით ვერ ახერხებს, რადგან სულ კონცერტები აქვს. ახალ წელს აქ შეხვდა. მერე ორი კონცერტი აქვს - საფრანგეთში და ბულგარეთში. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ძალიან ვუგებთ ერთმანეთს. ასე მგონია, რომ სწორად გავიარე დედობის გამოცდა. არ შემიზღუდავს, არც რაღაცები მომიხვევია თავზე. ვგრძნობ, რომ კარგად გამოვიდა ყველაფერი, არ მსაყვედურობს რაღაცებს. ირმას პირველი კონცერტი 5 წლის ასაკში ჰქონდა, მან დაუკრა ბახი ორკესტრთან ერთად. 4 წლისა პიესებს უკრავდა და შოკი იყო, მაშინ "სიენენმა" ფილმი გააკეთა ვუნდერკინდ ბავშვებზე და ირმა მოხვდა ამ ფილმში.

მე არ მინდოდა მისთვის რაიმეს თავს მოხვევა. როცა წამოიზარდა, გარდატეხის ასაკში რომ იყო, დავსვი და ვუთხარი, ეს ამბავი მარტო არ მატვირთვინო, მოდი, გავარჩიოთ-მეთქი, ეს პროფესია მისთვის ძალიან ორგანულია, ამის გარეშე ვერ სუნთქავს და არჩევანიც თავად გააკეთა - დღეს კარგი პიანისტია. დიდი სიხარული და ბედნიერებაა, დარბაზი რომ ფეხზე დგება, ფანები გყავს, მაგრამ მთელი შენი პირადი ცხოვრება მიაქვს ამ ყველაფერს, ამას ძალიან დიდი შრომა უნდა და ამის აღება ჩემს თავზე ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ეს იმდენად მისია, სხვანაირად არ შეიძლებოდა. მე მუსიკოსი ვარ, ცუღლუტი ვიყავი, ჩვენთან სულ გრიალი იყო, დილის 6 საათამდე ხან ჩემი მეგობრები იყვნენ, ხან - მამუკასი, ხან მამას მეგობრები და კარგი სიმღერა, დაკვრა, პოეზია, ლიტერატურა მუდმივი მდგომარეობა იყო. იქ სტაბილური ვარჯიში არ გამოდის. თან დედა სულ მეუბნებოდა, რომ მე კარგად უნდა მესწავლა, ყველაფერი უნდა მომესწრო. ხუთიანები გყავდეს ყველაფერში და მერე კიდევ 8 საათი ინსტრუმენტთან იჯდე, ასე არ გამოდის, რაღაც ყოველთვის ეწირება. თან კითხვა მიყვარდა, ახლაც დგას ოთახში ის მაგიდა, რომელზეც ზემოდან გეოგრაფის წიგნი მედო და ქვევით სხვა წიგნი, რასაც რეალურად ვკითხულობდი. ირმასთან ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ვიცოდი, სულ დროის დეფიციტი იქნებოდა და მე თვითონ ჩავერთე. მაგალითად, რუსულის პედაგოგი მუდამ გვყავდა, ირმა ვერ ხვდებოდა, რატომ გვყავდა ამდენ ხანს, რადგან მან უკვე ძალიან კარგად იცოდა რუსული, მაგრამ მე ამ მეთოდებს ვიყენებდი იმისთვის, რომ ირმას დრო ჩემსავით არ დაეკარგა. მასაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და კითხვა, ზუსტად ვიცოდი, იგივე მოხდებოდა, რასაც მე ვაკეთებდი და ამას ვარეგულირებდი. ყველაფერი კარგად გამოვიდა.

მოკლედ, ახალ წელს ირმა ჩვენთან ერთად იყო, მამუკაც და ერთად ვიქეიფეთ.

- როგორ მიულოცავთ შობა-ახალ წელს საზოგადოებას?

- ყველას სიყვარულს ვუსურვებ, ნამდვილს, გულწრფელს. საქართველოს ვუსურვებ რუსეთის ბოლომდე, გასრესამდე დამარცხებას. ეს საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოიტანს სიმშვიდეს, როცა ჩვენი ბოროტი მეზობელი დამარცხდება. ალბათ, ამის მერე საქართველოში კიდევ უფრო სხვა მომავალი გამოიკვეთება და კიდევ, ჩვენს ქვეყანას დასავლურ ღირებულებებს ვუსურვებ. დასავლურ ღირებულებებში არ შეიძლება გვყავდეს პოლიტპატიმრები და არ შეიძლება უდიერად მოეპყრა საპრეზიდენტო ინსტიტუციას.

(სპეციალურად საიტისთვის)