“როგორ ვტიროდი, არ მოგიყვებით... იცოდეთ, ყველაზე სასოწარკვეთილები რომ იქნებით, სასწაული თქვენს ცხოვრებაში ზუსტად მაშინ მოხდება" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
"კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე გადარჩა კეთილი ადამიანის დახმარებით",- ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახალგაზრდა დედას შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 50 ათას ლარამდე სჭირდებოდა. როგორც ტელეწამყვანი წერს, ამ თანხის შეგროვებას და დახმარებას უახლოესი 2 თვის განმავლობაში თავად ვერ შეძლებდა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ამ ოჯახის დახმარება შეძლო.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
“დაახლოებით ერთი თვის წინ მივიღე მეილი. გოგო შვილის გადარჩენას მთხოვდა. დავურეკე, უარი უნდა მეთქვა, რომ იმ ეტაპზე დახმარებას ვერ მოვახერხებდი და ისეთი სასოწარკვეთილი მომეჩვენა, სათქმელი ვერ ვთქვი.
ყოველდღე ვდებდი შეტყობინების გაგზავნას, რომ უახლოესი ორი თვე თანხის შეგროვებაში ვერ დავეხმარებოდი (50 ათას ლარამდე სჭირდებოდა) და ზუსტად ამ ჭიდილში რომ ვიყავი, მირეკავს ერთი ადამიანი, რომელმაც მთხოვა, ანონიმურად დამეტოვებინა მისი სახელი და გვარი და მეუბნება:
"ნანუკა, მინდა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობა მივიღო და ვინმე ხომ არ იცი, რომ დამაკავშირო."
თან, თითქმის იმ თანხას მისახელებს, რაც სასოწარკვეთილ, ძალიან ახალგაზრდა დედას სჭირდებოდა შვილის სიცოცხლისთვის.
როგორ ვტიროდი, არ მოგიყვებით:))
დედას თანხა ანგარიშზე რამდენიმე წუთის წინ ჩაერიცხა, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე გადარჩა კეთილი ადამიანის დახმარებით.
და უნდა იცოდეთ ყველამ, ყველაზე სასოწარკვეთილები რომ იქნებით, სასწაული თქვენს ცხოვრებაში ზუსტად მაშინ მოხდება! მთავარია არასოდეს დანებდეთ!“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.