"რუსეთს ამ შემთხვევაში აღმოაჩნდა იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ეს არის დასავლეთი და სხვა ნებისმიერი ძალა - ეს იყო თავად რუსეთი" - კვირის პალიტრა

"რუსეთს ამ შემთხვევაში აღმოაჩნდა იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ეს არის დასავლეთი და სხვა ნებისმიერი ძალა - ეს იყო თავად რუსეთი"

2022 წლის 24 თებერვალი, დღე, როცა რეგიონი, მსოფლიო, არსებული დღის წესრიგი, უსაფრთხოების არქიტექტურა... და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ამ დღეს რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და წამოიწყო მასშტაბური, 21-ე საუკუნის აქამდე არნახული ომი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედია, წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციები თუ სხვები ავრცელებდნენ პროგნოზებს, რომ კიევი სულ რამდენიმე დღეში დაეცემოდა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. რუსული ბლიცკრიგი, უკრაინული მთავრობის მარიონეტული რეჟიმით ჩანაცვლება და ქვეყნის მიერ არჩეული კურსის ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევდა უარყოფით ძვრებს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არ წარიმართა რუსული სცენარით.

2023 წელიც დადგა და უკრაინა კვლავ აგრძელებს თავისი ქვეყნის არჩევნის, არსებობის, სახლმწიფოებრიობის დაცვას, საკმაოდ ეფექტიანად, რასაც უამრავი ფაქტი ადასტურებს: ოკუპაციისგან დახსნილი ათასობით დასახლება, ქალაქი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პერიოდულად, რუსულ სტრატეგიულ თუ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანა, მრავალი წარმატებული კონტრიერიში თუ ოპერაცია, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" აფეთქება, ანექსირებული ყირიმის ხიდის დაზიანება, დარტყმა რუსეთის სიღრმეში, 640 კმ-ით დაშორებულ სტრატეგიული მნიშვნელობის საავიაციო ბაზაზე... რაც მეხივით გავარდა კრემლის ბინადართა თავზე.

პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ესაუბრა "კვირის პალიტრას" რუსეთის თავდაპირველ მიზნებზე, პუტინის ელიტაზე, სამხედრო მაღალჩინოსნებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებში არსებულ კორუფციაზე, რუსეთის, როგორც იმპერიის თავდაპირველ ამბიციებსა და მათ სავარაუდო კრახზე, არასწორ გათვლებზე და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალ რეალობაში საქართველოს როლზე:

gobronidzee.jpg

რა სურს რუსეთს?

რუსეთის ფედერაციის მოქმედებები უკრაინაში, შეიძლება ითქვას, იყო ის ფინალური აკორდი, რითაც უნდა დასრულებულიყო ან დაწყებულიყო რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰეგემონიისთვის ბრძოლის ერთგვარი დასკვნითი ეტაპი, იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2008 წელს ნათლად გააგებინა ყველას, რომ არ აპირებდა, უბრალოდ შეჩერებულიყო მხოლოდ საქართველოზე. რუსეთს ჰქონდა სურვილი, გადაედგა დამატებითი ნაბიჯები, რათა გაემყარებინა თავისი ყოფნა პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაეხადა ეს სივრცე მთლიანად მასზე დამოკიდებული, დამკვიდრებულიყო ერთგვარი ჰეგემონიით. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან რუსეთის ფედერაციას აქვს თავისი ეროვნული პროექტი. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინდელი ელიტა, ბორის ელცინის თამადობით, თითქოს ცდილობდა, ეს გაესაღებინა, როგორც რუსეთის პოლიტიკური გამარჯვება, თითქოს რუსეთის ახალმა ელიტამ დაამარცხა კომუნისტური მონსტრი და დაიწყო რუსეთის ცხოვრებაში ახალი ეტაპი, მაგრამ, სინამდვილეში, ბევრის მიერ ეს იყო აღქმული, როგორც ერთგვარი მარცხი რუსეთისა, მარცხი, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ რუსეთის იმპერიის დაშლად.

elcini-1672650493.jpg
ვლადიმერ პუტინი და ბორის ელცინი

თუ ჩვენ ვსაუბრობთ საბჭოთა კავშირზე, იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის დღეს რუსეთის მოქმედებების მიზანი, კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის რუსეთის მთავარი მამოძრავებელი. საბჭოთა კავშირი, რეალურად, არ ყოფილა არაფერი სხვა, თუ არა რუსეთის იმპერია, რომელმაც შეიცვალა სახე ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად და შეძლო გარკვეული ცვლილებების მოხდენა, შეცვალა მმართველი რეჟიმი, პოლიტიკური ორგანიზმი, მაგრამ საგარეო პოლიტიკური ინტერესები, მისი ასე ვთქვათ, ნაციონალისტური მისწრაფებები არსად წასულა. ამდენად, საბჭოთა კავშირის დაშლა რუსების მიერ იყო აღქმული, როგორც იმ იმპერიის რღვევა, რომელსაც მათივე წარმოდგენით, ჯერ კიდევ პეტრე პირველი ქმნიდა. ამიტომ, მათ დღის წესრიგში ამ იმპერიის აღდგენის სურვილი გაჩნდა.

წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი იყო ეს კატასტროფა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფაო. ის იყო მართალი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთის ლიდერის პოზიციიდან.

ქართველებისთვის შეიძლება დაშლა კი არა, შექმნა ყოფილიყო ტრაგედია, და არა მარტო ქართველებისთვის. საქართველოსაც და დასავლეთსაც სწორედ ეს უნდა გაეცნობიერებინა, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის კოლაფსს არ უყურებდა, როგორც რაიმე ცვლილებას, მოსკოვი ამას განიხილავდა, როგორც იმპერიის რღვევას და, შესაბამისად, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს დაკარგული ტერიტორიების ჭრილში ზომავდა. ამიტომ, რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ დანაკარგის დაბრუნების საკითხი აქტიურდებოდა. ამდენად, საქართველო იქნება, სომხეთი თუ აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა თუ იგივე, უკრაინა, მოლდოვა და მათ შორის - ბალტიისპირეთის ქვეყნები, კრემლისთვის დაკარგული ტერიტორიებია.

null

თუ დააკვირდებით, მოსკოვს არასდროს, არც ერთი წამით არ შეუხედავს ამ ქვეყნებისთვის, როგორც თანასწორი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ის მათ უყურებს, როგორც უმცროს ძმებს, როგორც დაქვემდებარებულ აქტორებს. რუსეთმა მათ იმთავითვე შესთავაზა არა პოზიტიურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული დღის წესრიგი, არამედ - ჰეგემონიაზე დამყარებული და შექმნა ერთგვარი მართვადი კრიზისების კასკადი, დაწყებული ტერიტორიული კონფლიქტებით, დამთავრებული სხვა დაძაბულობებით, სადაც რუსეთი ცდილობდა, ეთამაშა წამყვანი როლი კრიზისის მართვის საკითხში. ასე იყო საქართველოში, აფხაზეთის და ცხინვალის შემთხვევაში, ბოლომდე იყენებდა ყარაბაღის საკითხს, ასევე იყენებდა სხვა პრობლემურ მომენტებსაც მოლდოვაში და სხვა. შესაბამისად, დღეს რასაც რუსეთი აკეთებს, არის ლოგიკური გაგრძელება იმ საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის, რაც დადგა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

putin.jpg

პუტინმა ცალსახად თქვა ჯერ კიდევ 2008 წელს, რომ უკრაინა არის ხელოვნური სახელმწიფო. რატომღაც ამ ნათქვამს ახლა მივაქციეთ ყურადღება. პრაქტიკულად, საქართველოში ომის დაწყებამდე მან დააყენა არა მარტო საქართველოს სუვერენული არჩევნის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ უკრაინის სახელმწიფოს არსებობის საკითხიც, მაგრამ, რატომღაც ეს გამორჩა დასავლურ დიპლომატიასაც და ექსპერტებსაც და - საერთოდ ყველას. იმიტომ, რომ ხედვა არის ასეთი - არ უნდათ დაიჯერონ, რომ მოხდება ის, რაც არ უნდათ რომ მოხდეს. "რუსეთი ამას არ იზამს" - ფიქრობდნენ დასავლეთში.

2014 წელს მე, პირადად, ვამბობდი, რომ უკრაინას რუსეთი დაშლის სამ ნაწილად, საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა კიდეც - ყირიმი ცალკე წაიღო, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნა კონფლიქტი და დარჩა ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ტერიტორია - ცალკე. 2014 წელს ამბობდნენ, რომ კრემლი ამას არ იზამდა... ზუსტად მაშინ უნდა დაწყებულიყო რუსეთის შემაკავებელი ღონისძიებები ან უფრო ადრე - საქართველოში შემოჭრის შემდეგ. გაიხსენეთ 2014 წელს მინსკის დოკუმენტი, სადაც უკრაინის მთლიანობაც კი არ იყო ნახსენები. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, შექმნა დაუსჯელობის სინდრომი, რუსეთმა ირწმუნა, რომ მას ყველაფერი გაუვა.

რუსეთში არსებული განწყობები 24 თებერვლამდე (უკრაინაში შეჭრის დღე)

null

რუსეთს ჰქონდა მუდმივი განწყობა, არაფერი არ იცვლებოდა, ის მიყვებოდა თანმიმდევრულად სამოქმედო გეგმას, რაც უნდა დასრულებულიყო ლოგიკურად, რუსეთის უპირობო ჰეგემონიის დამყარებით პოსტსაბჭოთა რეგიონში. ეს იყო რუსეთის ამოცანა. საბოლოო ჯამში, რუსეთი ამას მიყვებოდა ძალიან გეგმაზომიერად, რადგან, დააკვირდით, როგორ მოხდა: პირველი საერთაშორისო სამიზნე იყო საქართველო. რა შედეგი დადგა რუსეთისთვის 2008 წლის მოვლენების შემდეგ? ვინმემ სერიოზული სანქციები დაუწესა რუსეთს? ან ჩვენ თუნდაც იმის მეათედი დახმარება მივიღეთ, რაც მიიღო უკრაინამ? - არა. ამ შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია რომ ყოფილიყო იმის ნახევარი მაინც, რაც არის დღეს, დამიჯერეთ, უკრაინა არ აღმოჩნდებოდა ამ სიტუაციაში.

omi-1672650493.jpg
2008 წელი, აგვისტოს ომი

60 დღე შეჩერდა ბიზნესურთიერთობები და რუსეთ-ნატოს კომისიამ შეწყვიტა მოქმედება - ეს იყო საერთაშორისო შედეგი რუსეთისთვის. ეს იყო ის ფასი, რომლის გადახდაც რუსეთს უღირდა ანუ მას შეუძლია შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში, დაიპყროს მისი ორი რეგიონი, მოაწყოს ეთნიკური წმენდა, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული და სანამ უკრაინაში არ დაიწყო რუსეთმა მოქმედებები, ჰააგის სასამართლომ ვერ აღირსა დამატებითი დასკვნის გამოტანა და ამდენი წელი მიდიოდა კამათი იმაზე, ვინ დაიწყო ომი საქართველოს ტერიტორიაზე. იმისთვის რომ მწვადი და შამფური არ დაეწვათ, მოგვცეს ტალიავინის სამარცხვინო დასკვნა, სადაც, რეალურად, თავს და ბოლოს ვერ გაიგებ. პირველი, რაც ქართულ დიპლომატიას უნდა გაეკეთებინა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს ტალიავინის დასკვნა პირველივე ევროპარლამენტის შეკრებაზე უნდა გადაეხია თავზე ევროპელი კოლეგებისთვის.

რუსეთის მტერი რუსეთი

რუსეთს ამ შემთხვევაში აღმოაჩნდა იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ეს არის დასავლეთი და სხვა ნებისმიერი ძალა - ეს იყო თავად რუსეთი, იმიტომ, რომ ჩაკეტილ სისტემებს ახასიათებს ის პრობლემები, რაც ახლა რუსეთშია, მაგალითად, რუსული სპეცსამსახური, რომელიც ფლანგავდა თანხებს ბევრი მიმართულებით, არწმუნებდა რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, რომ ეს თანხები იყო დახარჯული მიზანმიმართულად, უკრაინაში ყველაფერი იყო მომწიფებული ხავერდოვანი თუ სისხლიანი გადატრიალებისთვის და რუსეთის არმია უბრალოდ იქნებოდა მხარდამჭერი ამ საჯარო სახალხო ამბოხებაში. როგორც კი კრემლის მიერ ორკესტრირებული ჯარები იქ გამოჩნდებოდნენ, გულმოცემული ოპოზიცია დაამხობდა ზელენსკის.

ukrainisomi-1648968124.png

თუმცა ეს რომ დავუშვათ, შეუძლებელია 200 ათასი კაცით გინდოდეს ევროპის ყველაზე დიდი ფართობის მქონე ქვეყნის ანექსია ან 25 ათასი კაცით შეძლო და კიევზე მიიტანო იერიში, 4-მილიონიან ქალაქზე. როგორც ჩანს, არსებობდა სხვა გათვლები, რომელიც, საბედნიეროდ, არ გამართლდა, ანუ იმის მოლოდინი, რომ რუსეთი გაიჭედებოდა გრძელვადიან კონფლიქტში და ამას მოჰყვებოდა დასავლეთის ასეთი რეაქცია, არ არსებობდა. ეს რუსეთმა ვერ გათვალა და ეს არ არის პირველი შეცდომა რუსეთის პოლიტიკური ელიტის.

null

წარმოიდგინეთ, რუსული სცენარები დასავლეთშიც ისე იყო გაზიარებული, რომ კიევი, თითქოს, 4 დღეში დაეცემოდა, მაგრამ კიევი არ დაეცა, ხარკოვი არ გადავიდა რუსების მხარეს, რისი მოლოდინიც ჰქონდათ. ხარკოვში მოსახლეობამ გაუწია ოკუპანტ ძალას წინააღმდეგობა, ამას არ ელოდებოდნენ და რაც შეეხება მეორე - კორუფციულ საკითხს, არმიაში ამაზე ადრეც არსებობდა მოსაზრებები, რომ სამხედრო ბიუჯეტის დაახლოებით ერთი მესამედი იფლანგებოდა და იხარჯებოდა არამიზნობრივად. როგორც გაირკვა, არსებობენ გენერლები, რომელთაც 600 მილიონად ღირებული იახტები ჰყავთ. თუ გენერალს 600 მილიონი შეუძლია იახტაში დახარჯოს, იმ გენერალს, ალბათ, სახლიც აქვს სადმე, ალბათ, ჰყავს ცოლიც, რომელსაც უყვარს ბრილიანტები და ა.შ. ანუ 600 მილიონს თუ ის ხარჯავს საზღვაო ტრანსპორტში, მას, სავარაუდოდ, მილიარდზე მეტი აქვს მოპარული არმიის ბიუჯეტიდან. ასეთი მხოლოდ ერთი გენერალი არ არის და მივიღეთ ის, რომ რუსეთს ფურცელზე ჰქონდა ერთი მდგომარეობა, ბრძოლის ველზე კი - სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინისთვის ბრძოლა იქნებოდა ან იქნება ადვილი, ან მალე დამთავრდება, რადგან მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთს აქვს საკმაოდ დიდი ძალა.

რუსეთი სახმელეთო ძალებში, ალბათ, ყველაზე მოცულობითი სამხედრო ტექნიკის მქონე ქვეყანაა. ძველია ეს ტანკი თუ ახალი, მათი რიცხვი 23 ათასია, მაშინ, როცა საფრანგეთს და ბრიტანეთს ერთად 600 ტანკი აქვთ... შესაბამისად, განუზომლად დიდი სამხედრო მანქანაა და ეს რომც იყოს ჯართი, ამ ჯართს ბრძოლის ველზე სჭირდება მიხედვა და ეს უკვე პრობლემაა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არ ერიდება სტრატეგიული დაბომბვის ტაქტიკის გამოყენებას, რაც სამოქალაქო ობიექტების განადგურებას გულისხმობს, საზოგადოების დაშინების მიზნით. ის არ ერიდება პარამილიტარისტული აგრესიული ჯგუფების შექმნას, როგორიც არის „ვაგნერის“ ბატალიონი, რომელიც ჟენევის კონვენციების მიღმა მოქმედებს. კიდევ არ ვიცით, რა სიმახინჯეს შემოგვთავაზებს რუსეთი ამ ომის განმავლობაში, ამდენად, ის, რომ რუსეთს გაუჭირდა ბრძოლა, არ ნიშნავს რომ ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოგებულია და ჩვენ აბსოლუტურად სრული ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.

პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა შექმნა თავისი მოქმედებებით, მათ შორის, რაღაც ფაქტორების გაუაზრებლობით, ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე, აქედან გამომდინარე, რუსეთი უნდა შეჩერდეს, უნდა შეაჩერონ.

(ვერ) გათვლა

რუსეთს, მიუხედავად ყველაფრისა, ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინელების წინააღმდეგობა საბოლოოდ გაეტეხა, მაგრამ დასავლეთის დახმარებამ ამის საშუალება არ მისცა. რუსეთმა ეს ვერ გათვალა. რუსეთში იყო კორუფცია, დიდი პრობლემები, არასწორი სადაზვერვო ინფორმაცია და ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, დასრულდა იმით, რომ მივიღეთ დროში გაწელილი, ძალიან სისხლიანი კონფლიქტი, სადაც რუსეთს, პრაქტიკულად, არ აქვს არაფერი დასათმობი, რადგან თუ რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს, ეს იქნება მძიმე შედეგების მომტანი რუსეთის ელიტისთვის.

მთავარი პრობლემა, რაც რუსეთს აქვს, როგორც თვითონ ამბობენ, ეს არის ნატოს და ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით, აქვს არა იმიტომ, რომ რუსეთში სჯერათ, თითქოს პორტუგალია დღეს ან ხვალ მოინდომებს რუსეთზე სამხედრო თავდასხმას, არავის არ უნდა მსოფლიოს ნომერ მეორე ბირთვულ სახელმწიფოსთან ომი, არამედ ეშინიათ იმის, რომ შესაძლებელია პოსტსაბჭოთა რეგიონის დემოკრატიზაცია, ეს მთლიანობაში დააყენებს რუსეთის რეჟიმის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა დემოკრატიულია და წარმატებულია, თუ ხალხი კარგად ცხოვრობს და ეს ამ ქვეყნების დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრირებამ მოიტანა, გაჩნდება კითხვა, რატომ ვცხოვრობთ რუსეთის შიგნით ამ ნაგავში?

null

რუსეთში მთავარია, ტირანიამ შეინარჩუნოს წვდომა სიმდიდრისა და ძალაუფლების ბერკეტებზე. იქ მმართველი რეჟიმი არსებობს დაუცველობის დილემის პარადიგმაში, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთში მმართველი რეჟიმი სვამს ტოლობის ნიშანს ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის გეოპოლიტიკურ ინტერესებსა და მათ არსებობას შორის. ანუ, პრაქტიკულად, პუტინთან დაახლოებულ პირებს უსაფრთხო რუსეთი წარმოუდგენიათ პუტინთან და მის გარემოცვასთან ერთად, ამ ომში მარცხი კი ამ პარადიგმას რადიკალურად შეცვლის და წერტილს დაუსვამს პუტინს. ანუ კაცმა, რომელმაც 200 მილიარდი იშოვა, დადგება იმის წინაშე, რომ დაამთავროს, როგორც მოამარ კადაფმა. რუსეთი უკან არ დაიხევს, ის უნდა გააჩერონ ძალით და რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

პუტინის რეპუტაცია რუსეთში

ქვეყნიდან ვინც გამორბის, იმათთვის, ალბათ, პუტინის რეპუტაცია შეილახა, მაგრამ ვინც ქვეყანაში ნებაყოფლობით რჩება, იმათთვის არ შელახულა. საქმე ისაა, რომ პუტინს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის შიგნით და ვინც არ უნდა გამორბოდეს რუსეთიდან, ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობის 75 % ამ ომს გამართლებულად მიიჩნევს.

rusebi-1664722985.jpg
რუსეთის მოქალაქეები ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან

ამაზე ყოველ დღე მუშაობდნენ. როცა მოსახლეობას ეუბნები, რომ ან ეს მოხდებოდა, ან ამერიკული ტანკები იგრიალებენო, საზოგადოებას ეს სულელური ტყუილი სჯერა და რუსული ფედერალური არხები ამ მითზე მუშაობდნენ. ჩვენ მივდივართ იმ მოცემულობამდე, რომ ეს საზოგადოება ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას, რადგან არ იყენებენ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს, ეს ხალხი მოქცეულია რუსული საინფორმაციო ველის ტყვეობაში ეს ყველაფერი კი ქმნის სერიოზულ ბაზას იმისთვის, რომ რუსეთის რეჟიმმა გამოთქვას პრეტენზია, რომ ის არის ლეგიტიმური და გამოხატავს ხალხის აზრს.

კადიროვი, პრიგოჟინი და სხვები...

null

- ეს არის ზუსტად იმ რეჟიმის შემანარჩუნებელი წერტილები, რომლებზეც დგას, საბოლოო ჯამში, რუსეთი. ეს არის ის გარემოცვა, რომელიც არ დაუშვებს, რომ პუტინი მარტივად გაქრეს პოლიტიკური არენიდან, რადგან მათთვის პუტინის არსებობა ნიშნავს მათ არსებობასაც. ეს ხალხი პუტინთან ერთად გამდიდრდა, პუტინთან ერთად მოიპოვეს გავლენები, აქედან გამომდინარე, ეს საზოგადოება ქმნის ზუსტად იმ მანკიერ რეჟიმსა და სისტემას, რომელიც დღეს იბრძვის გადარჩენისთვის. საქმე უკრაინაში გამარჯვებას არ ეხება, საქმე ეხება უშუალოდ ამ საზიზღარი რეჟიმის გადარჩენას, რომელიც დღეს რუსეთის საზოგადოების თავზეა წამომჯდარი.

prigojin.jpg
"პუტინის მზარეული - ევგენი პრიგოჟინი

კადიროვი ქმნის იმის ილუზიას, რომ თვითონ რაღაც წარმატებებს აღწევს. იძლევა მოწოდებებს, მე დამნიშნეთ თავდაცვის მინისტრადო. ამ შემთხვევაში, კადიროვი უფრო მეტად არის ერთგვარი სახე, რომელიც ჩრდილოკავკასიური მებრძოლი სულის იმიჯს ამტკიცებს და ეს სჭირდება იქაურ საზოგადოებას. ის არის ერთგვარი მორალური მხარდაჭერისთვის, რადგან კავკასიური ელემენტი ამ ფორმითაა წარმოდგენილი. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს კავკასიელი ხალხის მძიმე ისტორიას, რომ ისი, პრაქტიკულად, სხვის ომში დასახოცად არის ისევ განწირული. თუ დააკვირდებით, რუსებისთვის ყველა არარუსული მსხვერპლი მისაღებია. მსხვერპლის უდიდესი ნაწილი არა ეთნიკური რუსებით დასახლებული რეგიონებიდან, არამედ - იმ რეგიონებიდანაა, სადაც ეთნიკური რუსები არ ცხოვრობენ. უნდა დავინახოთ, რომ რუსეთი „მეორეხარისხოვან“ მოქალაქეებს პირველ რიგში წირავს.

kadirovi 2.jpg

საქართველოს როლი

ამ ვითარებაში საქართველოს დიდი როლი არ აქვს. ჩვენ გაგვიმართლა ისტორიულად, თუ რუსები წააგებენ, და ისინი აუცილებლად წააგებენ, ჩვენ მოვიშორებთ მტერს სხვისი ხელით. შეიძლება ცოტა არაეთიკურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ დამოუკიდებლად დავასრულოთ ქვეყანაში რუსეთის ოკუპაცია. შესაბამისად, თუკი უკრაინაში წააგებს რუსეთი ომს და ის წააგებს ძალიან მძიმედ, ეს იქნება საქართველოსთვის საქმე, რომელიც გაკეთდება სხვისი ხელით. ჩვენ გადამწყვეტ როლს ვერ ვითამაშებთ. მესმის საქართველოს პოლიტიკური ელიტის პოზიცია, რომ ყველანაირად უნდა იყვნენ დამკვირვებლის პოზიციაში, მაგრამ არ შეიძლება ისე ვილაპარაკოთ, რომ ქვეყანა, რომელიც უკრაინის პირველ სიტუაციურ მოკავშირედ მოიაზრება, აღქმული იყოს უკრაინისგან, როგორც მტერი.

მიზანი ერთია, რუსეთი უნდა დამარცხდეს. ამხელა ინვესტიციას დასავლეთი იმიტომ არ დებს, რომ ეს ომი რუსეთმა მოიგოს. თუ ამ ომს რუსეთი გაყინავს, წარმოიდგინეთ, როგორ წარმოაჩენს ამას რუსული პოლიტიკური ელიტა, რომ მათ მთელი კოლექტიური დასავლეთი და მსოფლიო შეაჩერეს. ეს არ უნდა დაუშვან. დასავლეთისთვისაც არ იქნება ადვილი გადაწყვეტილება, რომ ამ ომში რუსეთის რაიმე გამარჯვებას შეეგუოს. აქ არის ინტერესი, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. რაც შეეხება ზელენსკის ფიგურას, ბევრია აღფრთოვანებული ზელენსკის ფიგურით, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ზელენსკი არ არის აპრიორი გმირი, ის საინტერესო ლიდერია, რომელმაც მთავარი შეძლო, როგორც პოლიტიკოსმა, კარგად შეეფუთა თავისი პოზიცია დასავლეთისთვისაც და ეჩვენებია მათთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა.