„ჯადოსნური სოფელი“ შატო-შაპიტო ფონაში - კვირის პალიტრა

„ჯადოსნური სოფელი“ შატო-შაპიტო ფონაში

"შატო-შაპიტო" მასშტაბური იდეიდან დაიბადა, რომელიც რუსეთიდან წლების წინ წასულ და დღეს უკვე ისრაელის მოქალაქე ივან მიტინს ეკუთვნის. იდეის ხორცშესხმა 2019 წელს ლაგოდეხში, სოფელ ფონაში დაიწყო. "შატო-შაპიტოს" კონცეფცია ბუნებასთან ჰარმონიაა - არ ანადგურებ, უვლი და ცხოვრობ. თავისუფლების სურნელი აქ უამრავმა ადამიანმა შეიგრძნო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. "შატო-შაპიტოში" მოდიან განტვირთვისთვის, დადებითი ენერგიით დასამუხტავად.

"შატო-შაპიტო" ჯადოსნური ტყეა. აქ ნებისმიერს შეუძლია ჩამოსვლა და საკუთარი ნიჭისა და ნებისმიერი უნარის გამოვლენა - ხატვის, აშენების, ბაღ-ბოსტანში სამეურნეო საქმიანობის... ეს სივრცე ღიაა თვითრეალიზაციისთვის. საქართველოს თავიდან ფოტოებით ვიცნობდი, მერე დასასვენებლად ჩამოვდიოდი და კიდევ უფრო მომეწონა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემს პროექტში მონაწილეობს, საქართველოზე, აქ ყოფნაზე, დასვენებაზე გიჟდება. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ რუსეთიდან წამოსულმა აქ რაღაც გავაკეთო... გოგონები მეურნეობაში მუშაობენ, ბიჭები სახლებს აშენებენ", - გვეუბნება ეკოსამოთხის შემქმნელი ივან მიტინი. მისი თქმით, იქ ადამიანებს კონკრეტული რამეების სწავლაც შეუძლიათ, მათ შორის ისიც, რომ უკეთესი გახდნენ.

shato2-1672509294.jpg

ივან მიტინი:

- მოსკოვში დავიბადე. ისრაელის მოქალაქე ვარ. წლების განმავლობაში ვიყავი დაკავებული მსგავსი სათემო პროექტებით, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით (უკრაინა, ინგლისი, სლოვენია, მონღოლეთი) უსასყიდლოდ ვაკეთებდი.

ნინი ხუროშვილი, "შატო-შაპიტოს" პროექტის კოორდინატორი:

- "შატო-შაპიტოს" პროექტს კონკრეტული კონცეფცია აქვს, მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანები, რომლებიც ღირებულებებით ახლოს არიან ამ ყველაფერთან.

ივანი:

- ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას ვაერთიანებთ, ვსწავლობთ ერთად ცხოვრებასა და მუშაობას. მიწა სულ 12 ჰექტარია, რომელიც ტყესა და მდინარესაც მოიცავს. ვაშენებთ პატარა სახლებს, სადაც ცხოვრობენ როგორც სტუმრები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოხალისეები. ნაწილი ფერმაში, მშენებლობაზე მუშაობს. ამოცანა ასეთია, შეიქმნას საერთაშორისო პროექტი, ამასობაში კი ადამიანები სწავლობენ, იძენენ მეგობრებს, ეხმარებიან მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში.

- რატომ აირჩიეთ კახეთი?

- მთელ საქართველოში ვეძებდი დიდ, ლამაზ ადგილს და ის ლაგოდეხში აღმოვაჩინე.

shato5-1672509294.jpg

ნინი:

- "შატო-შაპიტო" სააქციო საზოგადოებაა. აქ არის უძველესი ლაფნის ტყე, თავისი წყაროთი და ლაგუნებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მიმართულება. ველურ ჰაბიტატებს - მცენარეებს, ხეებს არ ვკაფავთ. ჩვენთან არის ტყის ეკოლოგიური სასტუმრო, მოდიან სტუმრები, ოღონდ ეს კერძო საკუთრებაა და შემოსვლის უფლება ყველას არა აქვს. თუმცა ცოტა ხნის წინ ფესტივალი გავმართეთ, რათა ხალხი მეტად მოვიდეს და გაეცნოს ჩვენი ცხოვრების წესს.

- სულ რამდენ კაცს აერთიანებს?

ივანი:

- დაახლოებით 300-მდე კაცია, ვინც აქ განსაზღვრული თანხა ჩადო და იშრომა, მოხალისედაც 300 ადამიანი ჩაერთო. იყვნენ ისინი, ვინც გვეხმარებოდნენ. სულ, ალბათ, 700-მდე კაცი იქნება.

ნინი:

- დასაქმებულია 10-12 კაცი და თან მშენებლობასა და სხვადასხვა საქმეში აქაურებიც გვეხმარებიან, ასევე მოხალისეები და სტუმრები.

ივანი:

- ყველას სურს თავი როგორც სახლში, ისე იგრძნოს, თანამოაზრეებთან ერთად გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისთვის და სამყაროსთვის. ერთად ვმუშაობთ, ღონისძიებებს ვატარებთ, ადამიანები აქ ერთმანეთს უმეგობრდებიან, ნახულობენ კოლეგებს, შეუღლებულან კიდეც. ჩვენ "შატო-შაპიტოთი" ვაჩვენეთ, რომ მსოფლიოში არის ადგილი, სადაც შეიძლება წასვლა და იქ როგორც სახლში, ისე ყოფნა, რომ ეს ადგილი მათთვის და სამყაროსთვის სარგებლის მომტანია.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს აქ შემოსვლის მსურველი?

ნინი:

- აქ არ განირჩევიან ადამიანები კანის ფერის, რელიგიის მიხედვით. გამოცდილება უნდა ჰქონდეთ იმ სფეროში, რომელშიც დაასაქმებენ. მოხალისეობა სამკვირიანია და მერე განვიხილავთ, უნდათ თუ არა დარჩენა. წინასწარ იმასაც ვიკვლევთ, უცხოვრია თუ არა სოფელში, რადგან კომფორტულად არ ვცხოვრობთ - ხან შუქი არ არის, ხან სხვა პრობლემაა.

shato4-1672509294.jpg

- ნინი, თქვენ როგორ აღმოჩნდით "შატო-შაპიტოში"?

- ვიცოდი ამ პროექტის შესახებ, საერთოდ ქომუნითიში დიდი ხანია მიწევს სიარული, სადაც ვმუშაობ და ვიკვლევ. აქ ივნისიდან ოფიციალურად დავიწყე მუშაობა. მანამდე გავეცანი, როგორი სიტუაცია იყო. საცდელი ვადა მეც მქონდა.

- ვიცი, რომ მიწას ამუშავებთ.

- წელს ბაღში კარგად ვიმუშავეთ. არის თხილის ხეები, გვაქვს ბიომეურნეობა, მოგვყავს ორგანული პროდუქცია, მერე კი მოყვანილი პროდუქტით სტუმრებს ვუმასპინძლდებით. მეურნეობის საფუძველი პერმაკულტურაა. ორგანულ მეურნეობაში კოორდინატორიც გვყავს. სათბურიც გვაქვს და გაზაფხულიდან ისევ შევუდგებით საქმეს. გვაქვს საბოსტნე კვლებიც.

- მოხალისეთა შორის ქართველები არიან?

- ბაღის კოორდინატორი ქართველი გოგონა იყო, მაგრამ მასობრივად ქართველები ჩამოდიან-მეთქი, ვერ ვიტყვი. ახლა ვცდილობთ ჩვენი სამზარეულო მთლიანად ადგილობრივ პროდუქციაზე გადავიყვანოთ.

shato3-1672509294.jpg

- ფონის მოსახლეობა თუ აქტიურობს?

- ბევრი არა, მაგრამ ჩვენთან დასაქმებული მოსახლეობიდანაც არიან. ერთი ბიჭი ხშირად მოდის, სკოლის მოსწავლეა და ბაღში გვეხმარება. ახლა ფონის საჯარო სკოლაში გვინდა სახელოვნებო ვორქშოპები­ დავიწყოთ.

- ივან, კმაყოფილი ხართ თქვენი პროექტით?

- საქმე პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ და ამიტომ 2 წელი როგორც შეგვეძლო, თავი ისე გაგვქონდა. ბოლო ნახევარი წელია უკეთესი სიტუაციაა. სულ უფრო ბევრი ადამიანი მოდის, უნდათ დაგვეხმარონ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.

- თავად რას საქმიანობთ "შაპიტოში"?

- საუბრები, შეხვედრები მაქვს ახალი გუნდის ახალ წევრებთან, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგალითად, კაკლის შეგროვება. ტყეში წაბლსაც ვაგროვებ. საქართველო სტუმართმოყვარე და ლამაზი ქვეყანაა. ამასთან, ჩვენც სტუმართმოყვარე პროექტი გვაქვს და საქართველო ამიტომაც ავარჩიეთ.

ნინი:

- დასანანია, რომ ქართველი მოხალისეები გვაკლია. თუ ინტერესს მეტი ქართველი გამოავლენს, შეძლებს ბუნებასთან ასეთ თანაცხოვრებას, მზად ვართ მათ მისაღებად.