ვინ და როგორ აცოცხლებს წყალსაცავებს თევზით
ბუნება რომ მხოლოდ მარჩენალი არ უნდა იყოს და ჩვენც უნდა მოვუაროთ, ამის მისახვედრად ჩვენს საზოგადოებას, ალბათ, კიდევ დიდი დრო დასჭირდება. თუმცა, საბედნიეროდ, ისეთებიც არსებობენ, ვისაც ეს ესმით და ყველას სანაცვლოდ მოქმედებენ, ამასთან, ხშირად საზღაურის გარეშე. სწორედ საზღაურის გარეშე წყალსატევებში თევზის გამრავლების იდეა შოთა კვარაცხელიას ეკუთვნის, კაცს, რომელმაც ემიგრაციიდან დაბრუნებისთანავე, წლების წინ, საქართველოში მეთევზეთა პირველი კლუბი შექმნა (დღეს მისი პრეზიდენტია) და წყალსატევების თევზით შევსება დაიწყო. ბატონ შოთასა და მისი კლუბის წევრებს უბრალოდ სურთ საქართველოს ტბებში თევზი იყოს და ამ საქმის კეთება ბედნიერებას ანიჭებთ. რა თქმა უნდა, შესაბამისი ლიცენზიით, რათა წყალსატევებში გარემოს მორგებული თევზი გამრავლდეს.
შოთა კვარაცხელია: - 2009 წელს ემიგრაციიდან დავბრუნდი, რის შემდეგაც, ასე ვთქვათ, "უცხო თვალით", ალბათ, უფრო კარგად დავინახე, როგორი არაორგანიზებული და მიტოვებული იყო ჩვენში მეთევზეობის საქმე. ქვეყანაში 27 ათასამდე მდინარე, ტბა და ხელოვნური წყალსაცავია, ყველა სოფელში გვაქვს მდინარე, უამრავია ტბა და ზღვებიც კი გვაქვს და თევზს რატომ უნდა ვყიდულობდეთ? საქართველოში ყოველწლიურად 35 მილიონი დოლარის თევზი შემოდის იმპორტით, არადა, წყლის ბევრად ნაკლები რესურსის მქონე ქვეყნებში მეთევზეობა ისეა განვითარებული, რომ იმპორტს აღარც მიმართავენ. გარდა ამისა, ქვეყნისთვის ერთ-ერთი შემოსავლის საშუალებაა სათევზაო ტურიზმიც. ამ დროს ჩვენს სათევზაო საშუალებების სფეროშიც კი დაბალ დონეზე ვიყავით - საქართველოში მთელი ცხოვრება ბამბუკით ხომ არ უნდა გვეთევზავა, როდესაც მსოფლიოში ანკესის ინდუსტრიაც უმაღლეს დონეზეა განვითარებული.
შოთა კვარაცხელია:
- მოკლედ, ვითარების ცოტათი მაინც შეცვლის სურვილითა და ბავშვობაში დაწყებული მეთევზეობის სიყვარულით საქართველოში მეთევზეობის კლუბის შექმნა გადავწყვიტე. თავიდან მხოლოდ 50 კაცი ვიყავით, დღეს კი 34 ათასი ვართ და მეთევზეთა ფედერაციები თითქმის მთელ საქართველოში გვაქვს. სწორედ ამ ფედერაციებთან ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც მეთევზეობის განვითარება ჰქვია. მათ შორის ვიქტორინებს, შეჯიბრებებს ვაწყობთ, სემინარებს ვმართავთ. მეთევზეებს ვასწავლით, სად, რა დროს არის თევზაობა ნებადართული, სად შეიძლება თევზის დაჭერა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაუშვა. ასეთია, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს წყალსაცავებში მოშენებული ზუთხი - შეგიძლია დაიჭირო, მაგრამ აუცილებლად უნდა გაუშვა. კლუბის წევრები იკვლევენ წყალსაცავებსა და ტბებს: სად რა თევზია დარჩენილი და რა დონემდეა განადგურებული. მერე კი ვცდილობთ ეს მარაგი შევავსოთ. ამ წყალსაცავების დიდი უმრავლესობა სახელმწიფოსია, სადაც კერძო საკუთრებაა, იქ მესაკუთრეებს ვუთანხმდებით თევზის კვლევასა და ტბის თევზით განაშენიანებაზე. ვყიდულობთ თევზსაშენებში ლიფსიტებს და შემდეგ ტბებში ვუშვებთ. სახელმწიფოსაც შევუძინეთ ჭანარი, რომელიც…კრწანისის წყალსაცავში გაუშვეს.
- ასეთი საქმიანობის დროს აუცილებლად ჩნდება კითხვა, რა კომპეტენცია გაქვთ, რომ ისეთი თევზი არ მოაშენოთ, რომელიც ადგილობრივ ჯიშებს გაანადგურებს?
- წლებია, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, თანაც მავნებელი თევზი როგორ უნდა მოვაშენოთ, როდესაც ხელოვნურ ტბებში მხოლოდ საქართველოს თევზსაშენების ლიფსიტები შეგვყავს, სადაც ასევე ხელშეკრულებით გვიდასტურებენ, რომ თევზი ჯანმრთელია! თანაც, ჩვენ ხომ მდინარეებში არ ვამრავლებთ, სადაც აუცილებლად კონკრეტული, ბუნებრივი თევზის შეყვანაა აუცილებელი. იმავდროულად, ყველა წყალსაცავში თევზის გაშენების ისტორიაც შევისწავლეთ. თავიდან ზოგან ისეთი თევზიც იყო, რომელსაც წყალსაცავში გამრავლება არ ახასიათებს და ყველა სეზონზე ახალი ლიფსიტებით უნდა ჩაგენაცვლებინა. ცხადია, ასეთ ადგილებში გამრავლების უნარის მქონე თევზს ვაშენებთ.
- ლიფსიტებს საკუთარი ფულით ყიდულობთ. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დახარჯო საკუთარი ფული "არავის" ტბის გასათევზიანებლად.
- ეს ყველაფერი "არავის" კი არა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება. როდესაც ტბებში თევზი დახვდებათ, მათაც უნდა უხაროდეთ, უნდა იცოდნენ, რომ ვიღაცამ მათთვისა და ქვეყნისთვის იზრუნა. მერე თავადაც გააკეთებენ იმავეს.
ბევრს მინდა ავუხსნა, რამხელა პოზიტივია, როდესაც მკვდარ ტბას ლიფსიტებით აცოცხლებ, მერე მიდიხარ სანახავად და ხედავ, რომ იქ უკვე თევზები ხტუნავენ. როდესაც ლიფსიტის შესაძენად გასვლას ვაცხადებთ, ვისაც რა გააჩნია, გადმორიცხავს - ზოგი 2 ლარს და ზოგი კიდევ 20-ს. 34 ათასი კაცი ვართ და ამ საქმეში დროისა და შესაძლებლობის მიხედვით ვაქტიურობთ. ხან 500 ლარს ვაგროვებთ, ხან კიდევ 2.000-ს, რომლითაც შემდეგ ლიფსიტებს ვყიდულობთ. ძირითადად, ლიფსიტებისთვის კახეთის თევზსაშენებში მივდივართ.
- ვინმეს უთქვამს, რომ ამ საქმით დიდ სიკეთეს სჩადიხართ?
- დიახ. თუმცა ეს ნაკლებაღსანიშნავად მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც ახლა უნდა ვთქვა: ჩვენს წყალსაცავებში თევზის განადგურების ერთ-ერთი მიზეზი ბრაკონიერობაც არის, ამიტომაც ყველას ვთხოვ, ფხიზლად იყვნენ, როდესაც აკრძალული საშუალებით მეთევზეს შეამჩნევენ. ამას მეთევზეთა კლუბის წევრები ყველგან ებრძვიან, მაგრამ საზოგადოებასაც მინდა ვთხოვო, რომ იგივე გააკეთონ, მათ შორის საქართველოს მეთევზეთა კლუბის სახელით დარეკონ გარემოს დაცვის სამინისტროში, ცხელი ხაზის ნომერია 153. მათ წარმომადგენლებს, დიდი ალბათობით, ბრაკონიერი გაასწრებს, მაგრამ ფაქტს აღრიცხავენ. სხვა დროს კი მსგავს შემთხვევაში ბრაკონიერს შესაბამის სასჯელს დაუწესებენ, რის შემდეგაც ბრაკონიერობის სურვილი დაეკარგება.